ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 27 წლის. 1 წლის ასაკიდან მაქვს ნეიროდერმიტი. ხშირად გამონაყარის მიდამოებში მაქვს პატარა ღია ჭრილობები. შეიძლება თუ არა ამ ჭრილობებში რაიმე ინფექციის შეჭრა, მაგალითად, C-ჰეპატიტის და შესაძლებელია თუ არა ნეიროდერმიტის მემკვიდრეობით გადაცემა?
პასუხი: C-ჰეპატიტით დაინფიცირება ღია ჭრილობიდან შესაძლებელია, ამიტომ, ფრთხილად იყავით. მშობლების ალერგიული დაავადებების მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ, მომავალი ბავშვი უნდა მოარიდოთ იმ გავლენებს, რომლებსაც ალერგიული რეაქციების პროვოცირება შეუძლია.
კითხვა: ვარ 22 წლის, 18 წლიდან დამეწყო ტკივილები წელის არეში. სხვადასხვა დიაგნოზს მისვამდნენ, ბოლო იყო ვერტებროგენული ლუმბალგია. რა არის ეს და როგორია მისი მკურნალობა?
პასუხი: ეს იგივეა, რაც ოსტეოქონდროზი ლუმბალგიის სინდრომით. ოსტეოქონდროზი უფრო ასაკში ვითარდება. შესაძლოა, თქვენ ხერხემლის რაიმე თანდაყოლილი პათოლოგია გაქვთ, ან – შეძენილი გამრუდება. უნდა გაკეთდეს რენტგენოგრამები ორ პროექციაში და მერე კონსულტაცია მიიღოთ ნევროლოგისგან.
კითხვა: მეორე დღეა ხმა დავკარგე. რა ვქნა?
პასუხი: პირველ ყოვლისა, 10-14 დღის განმავლობაში შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოთ. თუ აუცილებლობა იქნება, ილაპარაკეთ „ჩვეულებრივი“ ხმით, ჩურჩულით ლაპარაკი ამ სიტუაციაში ტიპური შეცდომაა. შეგიძლიათ, გაიკეთოთ ინჰალაციები ევკალიპტის ან გვირილის ნაყენით.
კითხვა: შეიძლება თუ არა თაფლის ჭამა ბავშვისთვის, რომელსაც გასტროდუოდენიტი აქვს?
პასუხი: გასტროდუოდენიტის დროს კვების რეჟიმს განსაზღვრავს გამწვავების ქონა-არქონის საკითხი. გამწვავების დროს არ არის მიზანშეწონილი ნახარშები, შემწვარი, ცხარე, მარილიანი კერძები, კონსერვები, ძეხვეული, გაზიანი სასმელები, უმი ხილ-ბოსტნეული. დანარჩენი პროდუქტები დასაშვებია ამტანობის მიხედვით, ანუ, უნდა გამოირიცხოს ალერგიული რეაქციის გამომწვევი პროდუქტები.
კითხვა: ჩემს მეუღლეს ხშირად აქვს ცხვირიდან მოჭარბებული სისხლდენა. წნევა ნორმაში აქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ცხვირის ძგიდის ლორწოვანზე არის სისხლძარღვებით მდიდარი არე (კისელბახის ზონა). ძალიან ხშირად სწორედ ის არის ცხვირიდან სისხლდენების მიზეზი. მაგრამ, მაინც, ეს სიმპტომი უფრო სერიოზული დაავადების გამოვლინებაა (ცხვირის ძგიდის გამრუდება, სისხლის, კუჭ-ნაწლავის ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები).
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი