მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ეკლესიურ ცხოვრებას ახლა შევუდექი. მინდა ისეთი მოძღვარი შევარჩიო, ვისთანაც გულის გახსნას შევძლებ. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, მოძღვარს რომ ვარჩევ?
პასუხი: თქვენი სურვილი აბსოლუტურად გასაგებია და ამით არანაირად არ სცოდავთ. უფალმა ყველას მისცა თავისუფალი არჩევნის უფლება და ეს მოძღვრის შერჩევასაც ეხება. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ისეთი მოძღვარი, ვინც აღსარების თქმას გაგიიოლებთ და ეკლესიის კარს გაგიღებთ. ადამიანურ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ჭეშმარიტი გზა იპოვოთ. შეგიძლიათ, წირვა-ლოცვას რამდენიმე ტაძარში დაესწროთ და იქაურ მოძღვრებს გაესაუბროთ ან თქვენი ახლობლების რჩევებს მიჰყვეთ. მთავარია, თქვენსა და თქვენს სულიერ მამას შორის ურთიერთგაგება და ნდობა ჩამოყალიბდეს.
კითხვა: ჩვენს სოფელში არის წმიდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები. გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ დანგრეული ტაძარი. ვის უნდა მივმართოთ?
პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი რეგიონის ეპისკოპოსს. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესია დაყოფილია ეპარქიებად და ყველა ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი.
კითხვა: ტრადიციული ჯვრის გარდა რამდენნაირი ქრისტიანული ჯვარი არსებობს?
პასუხი: უფლის ჯვარცმის შემდეგ, ქრისტიანებმა რამდენიმე ფორმის ჯვარი შექმნეს: ზოგზე თვით მაცხოვარია გამოსახული, ზოგზე – არა. არსებობს ანდრია პირველწოდებულის X-ის ფორმის ჯვარი; აგრეთვე, არის ამობრუნებული ჯვარი პეტრე მოციქულისა (პეტრე მოციქულმა თავი ღირსად არ ცნო, ჯვარზე ისეთი წესით გაეკრათ, როგორც მაცხოვარი გააკრეს, ამიტომ ის ამობრუნებულ ჯვარზე აწამეს). მნიშვნელობა არ აქვს, მართლმადიდებელი რომელ ჯვარზე ილოცებს, მთავარია, მას ეკლესია კანონიკურად აღიარებდეს.
კითხვა: მარხვის გარდა, როდის არ შეიძლება ჯვრისწერის რიტუალის აღსრულება?
პასუხი: საეკლესიო კანონიკით, ჯვრისწერის რიტუალი არ აღესრულება სამარხვო დღეებში, ასევე, აღდგომის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში – ბრწყინვალე შვიდეულში და შობის მარხვის მომდევნო კვირაში.