კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უპატრონა გრიგოლ რობაქიძემ მოძრაობა და მეტყველებაწართმეულ მეუღლეს 7 წლის განმავლობაში

მწერალი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, რადგან პოლიტიკას ვერაფერს შეჰმატებს და სულ ტყუილად დაზარალდებაო, უთქვამს გრიგოლ რობაქიძეს... თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ჩართული აღმოჩნდა საუკუნის ორომტრიალში. მწერლის ცხოვრებაზე ჩვენს ინტერვიუში პროფესორი სოსო სიგუა გვიამბობს:

– გრიგოლ რობაქიძე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ აღტაცებას ჰგვრიდა განსაკუთრებული, უჩვეულო პიროვნება, ვინც ისტორიასა და ბედისწერის ბორბალს ატრიალებს. იოლად იცვლიდა პოლიტიკურ სიმპათიებს და კერპებს... ამიტომ აღუვლენდა ხოლმე ხოტბას ჟორდანიას, ლენინს, მუსოლინსა და ჰიტლერს.
– ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ჟორდანიას ხანიდან დავიწყოთ რობაქიძის შესახებ საუბარი.
– რობაქიძე ნოე ჟორდანიას მთავრობის კანცელარიაში მუშაობდა სტილისტად. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას პენსია დაენიშნა და ხელოვნების კომიტეტი ჩააბარეს. მართალია, თავად ბოლშევიკი კი არა, სოციალისტიც არ ყოფილა, მაგრამ არ გასჭირვებია ახალ ხელისუფლებასთან შეგუება. მაგრამ, 1924 წელს განვითარებულმა მოვლენებმა მას თვალსაზრისი შეუცვალა. აგვისტოს აჯანყების ჩახშობით შეძრულმა დაწერა „ლამარა”, შემდეგ „გველის პერანგი”... ამ ორი ნაწარმოებით რჩება გრიგოლ რობაქიძე ლიტერატურის ისტორიაში... იგი ახალ ასპარეზს ეძებდა, რადგან საბჭოთა სივრცე მისთვის მიუღებელი ხდებოდა.
– როგორც ცნობილია, მან მოახერხა კიდეც საბჭოთა საზღვრის გადალახვა.
– დიახ, 1927 წელს, როგორც მწერალთა ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ და სანდო პიროვნებამ, მოახერხა გერმანიაში გამგზავრება, სადაც საკუთარი ხარჯებით ცხოვრობდა. მომდევნო წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მისი „გველის პერანგი” სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. ეს მაშინ, როდესაც ქართველ მწერალს რუსულადაც კი არავინ გამოსცემდა, არათუ გერმანულად...
შემდეგში რობაქიძე კვლავ საქართველოში ბრუნდება, წერს ბოლშევიკებისადმი მაამებლურ ნარკვევებს, თუმცა, თვალი ისევ უცხოეთისკენ უჭირავს.
გრიგოლ რობაქიძე სამი სამყაროს შვილი იყო: ქართულის, რუსულისა და გერმანულის. რუსულად წერდა, კითხულობდა ლექციებს, მეგობრობდა რუს კოლეგებთან, სწავლობდა რუსეთის იმპერიის უნივერსიტეტებში, უყვარდა რუსული კულტურა... მეტსაც გეტყვით, როგორც პირველი, ისე მეორე ცოლი რუსი ჰყავდა. არც ერთ მათგანს ქართული არ სცოდნია. მაგრამ, გრიგოლ რობაქიძის იდეალი გერმანული ენა და გერმანული აზროვნება იყო. წლების განმავლობაში გერმანიაში სწავლობდა, თაყვანს სცემდა გერმანულ კულტურას... აქედან იღებდა სათავეს მისი ჰეროიკა. ამ სულისკვეთებით დაიწერა „ლამარა”, რომელიც წარმატებით იდგმებოდა თბილისისა და მოსკოვის სცენებზე და რომელიც ასე მოსწონდათ სტალინსა და ორჯონიკიძეს.
– როდის იწყება გერმანული პერიოდი გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებაში?
– 1931 წელს გრიგოლი 2 წლით გერმანიაში გაემგზავრა. თან ახლდნენ მეუღლე – ელენე და ელენეს დისწული – ალა. მას შემდეგ რობაქიძეს საქართველო აღარ უნახავს. 1933 წელს იენაში, გამოიცა გერმანულად დაწერილი რომანი „ჩაკლული სული”. ასეთი წიგნის ავტორს საბჭოეთში აღარ ჩამოესვლებოდა. ვინ აპატიებდა ბოლშევიზმისა და სტალინის კრიტიკას?! ამბობენ, მწერალმა უცხოეთში ყოფნის ვადის გაგრძელება ითხოვაო, მაგრამ ურჩიეს, ჯერ დაბრუნდი და შემდეგ ისევ გაგიშვებთო. გრიგოლი აღარ ენდობოდა ბოლშევიკებს, თავის მხრივ, კი ხელისუფლებაც უჩვეულო მოთმინებას ავლენდა. რობაქიძე ბერიას გამო არ აპირებდა ჩამოსვლას, უთქვამს, ჩემს სიცოცხლეში პირველად მოხდა, კაცს თვალი რომ ვერ გავუსწორე. ეგ ნამდვილი სატანააო.
ძნელი სათქმელია, სწორი იყო თუ არა გრიგოლის ეს ნაბიჯი...
ბოლშევიზმის ბანაკიდან იგი ნაციონალ-სოციალიზმის მხარეს გადავიდა. კაცობრიობა კი ორივე მათგანს გმობდა. ესთეტი და აბსტრაქტულად მოაზროვნე მწერალი, ქართველ ნაციონალისტად იქცა, ვისაც უნდოდა, საქართველოს ლიდერად ისეთი ზეკაცური უნარით ძალმოსილი პიროვნებები ეხილა, როგორებიც იყვნენ – ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი. მთავარ საძულველ პიროვნებად კი სტალინი ექცა, მწერლის თანამემამულე, რომლის ინიციატივითაც დაამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ქვეყანა ისევ რუსეთს შეუერთეს.
– რა მოჰყვა რობაქიძის ამგვარ საქციელს?
– მის წინააღმდეგ დაიწყო სახელმწიფო კამპანია – გადაუდგნენ გუშინდელი თანამოაზრენი და მოსწავლენი: პაოლო, ტიციანი, ვალერიანი, ნიკოლო. ლადო გუდიაშვილმა კარიკატურები დაუხატა, გუშინ რომ ღმერთკაცად მიიჩნევდა. კონსტანტინე გამსახურდიამ ძველი შუღლი გააგრძელა. 1935 წელს მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ფაშისტად და მოღალატედ გამოაცხადეს. 1987 წლამდე მის სახელს ტაბუ ედო.
– რა ხდება ამ დროს გერმანიაში?
– მაშინ, როდესაც მესამე რაიხიდან გარბოდნენ მწერლები, როცა, ჰებელსი და როზენბერგი წვავდნენ მათ წიგნებს, რობაქიძისადმი ყურადღება დღითი დღე იზრდებოდა. იგი ცხოვრობდა ბერლინში. მუშაობდა საქართველოს გადარჩენის კომიტეტში. ლექციებს უკითხავდა ქართველ ტყვეებს. პოპულარობა მოიპოვა მწერლის ესეისტურმა ნაშრომმა „ადოლფ ჰიტლერი”, რომელიც, თავად რობაქიძის ცნობით, 80-მილიონიანი ტირაჟით დაბეჭდილა. ფიურერზე დაწერილ წიგნთა შორის ჯარისკაცებისთვის ვერმახტი, მხოლოდ ამ ნაწარმოებს უწევდა რეკომენდაციას.
რობაქიძეს, ისევე როგორც ქართველ ემიგრანტთა დიდ ნაწილს, ეგონა, რომ ჰიტლერი სძლევდა სტალინს და საქართველოს თავისუფლება ეღირსებოდა, მაგრამ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკას ადევნებული მწერალი წაგებულია და ისჯება კიდეც. მართალია, გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკოსი არ ყოფილა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური ალღოც აკლდა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 1944 წლის 23 ოქტომბერს ვრცელი წერილით მიმართავს ჰაინრიხ ჰიმლერს, უმტკიცებს ერთგულებას ფიურერის მიმართ – „რაიხის გიგანტური ბრძოლის შუაგულში ვდგავარო”... ეს მაშინ, როდესაც თითქმის ყველას მოეხსენებოდა, რომ კატასტროფა გარდაუვალი იყო.
– რა მოხდა, მას შემდეგ, როდესაც უკვე ნებისმიერი მოკვდავისთვის გახდა ნათელი, რომ ფიურერი მარცხდებოდა და საბჭოთა ჯარები მიადგნენ ბერლინს?
– ამ დროს გრიგოლიც ბერლინში იყო და იქ ელოდა სიკვდილს. მხოლოდ 23 აპრილს გაიყვანა ის და მისი ოჯახი უცნობმა ქართველმა შვეიცარიაში.
– ამ „ქართველის” ვინაობის შესახებ არაფერია ცნობილი?
– აკაკი ბაქრაძე აღნიშნავს, მწერალი მას არსად ასახელებსო. თუმცა, ცნობილია ასეთი ფაქტი: კონსტანტინე გამსახურდიამ მწერლები მიიყვანა ილია თავაძესთან, რომელიც ოფიციალურად კურირებდა ეროვნული განძის დაბრუნებას პარიზიდან, გრიგოლ რობაქიძე და მიხაკო წერეთელი გერმანიაში ჩარჩნენ და რამე ვუშველოთო. სავსებით შესაძლებელია, რომ ბერიას დავალებით გადაურჩა მწერალი დაღუპვას. ეს ის დრო იყო, როდესაც ეროვნული განძი დააბრუნეს და სტალინს დროებით გული მოულბა მათზე. ზოგიერთს, მათ შორის ნოე ჟორდანიასაც, სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს. მალე, საბჭოთა ბელადი ჩვეული სისასტიკით გაუსწორდა შემორიგებულ ემიგრანტებს. ამიტომ, ერიდებოდა გრიგოლ რობაქიძე თავისი მხსნელის ხსენებას. იქნებ, ამის გამო, საბჭოეთში ხიფათს გადაჰყროდა მისი კეთილისმყოფელი. მართლაც, გრიგოლის მხსნელი – შალვა ოდიშარია მალე გადაიბირა საბჭოთა კონტრდაზვერვამ და იგი სიკვდილით დასაჯეს. რაც, ალბათ, არ იცოდა მწერალმა.
– როგორ გრძელდება მწერლის ცხოვრება შვეიცარიაში?
– გრიგოლმა მძიმედ განიცადა გერმანიის კატასტროფა. მან დაკარგა უკანასკნელი იმედი. დაეწყო დეპრესია, გაუძლიერდა მელანქოლია, ერთხანს დევნის მანიამ შეიპყრო. არ უცემდნენ წიგნებს, არ აძლევდნენ ლექციებს, არც პრესა უღებდა კარს. უსახსროდ დარჩენილი შვეიცარიის დახმარების ფონდით არსებობდა. ბოლშევიზმს გამოექცა, ამიტომ საბჭოეთში დახვრეტა, ან ციმბირი არ ასცდებოდა. აღაც ის ახსოვდათ, რომ ის ემიგრანტი იყო და ბოლშევიზმს ამხელდა. სამაგიეროდ, არ უვიწყებდნენ, რომ ჰიტლერისა და მუსოლინის მაქებარი იყო.
მწერლის გაუსაძლის მდგომარეობას ისიც დაერთო, რომ მის მეუღლეს დამბლა დაეცა და მეტყველებისა და მოძრაობის უნარი წაერთვა. 7 წლის განმავლობაში, როგორც მოწყალების და, ისე უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს. მისი გაზრდილი ალა კი ავსტრალიაში იყო გათხოვილი და დეიდის საფლავი არც უნახავს...
– თავად მწერალი სად განისვენებს?
– „როცა მე ამ სოფლად უკვე აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთაში, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს”... ეს იყო სასოწარკვეთილი მოხუცის ბოლო ნატვრა.
უკანასკნელ გზაზე მწერლის ცხედარს რვა კაცი მიაცილებდა. იგი დაკრძალეს ჟენევაში, ელენეს გვერდით. მოგვიანებით, მისი ფერფლი ლევილის მიწას მიაბარეს, სადაც სამშობლოდან განდევნილი პირველი რესპუბლიკის მესვეურნი განისვენებენ.

скачать dle 11.3