რის სანაცვლოდ მიიღო ნიკო დადიანმა რუსეთის ხელისუფლებისგან მილიონი მანეთი და როგორ იქცა ის ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად
დადიანთა სამეფო სახლის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ძემ, ნიკო დადიანმა-მინგრელსკიმ საინტერესო ცხოვრება განვლო. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მისი ბიოგრაფიიდან ისაა, რომ ის ბულგარეთის ტახტის მმართველად წამოაყენა რუსეთის იმპერატორმა. თუ როგორ შეხვდა ამ ფაქტს ქართული და ევროპული საზოგადოება და საბოლოოდ, ერგო თუ არა ქართველ თავადს ბულგარეთის ტახტი, ამას, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ პაპასქირი გვიამბობს:
– ნიკო დადიანი – ოფიციალურად ოდიშის უკანასკნელი მთავარი, დაიბადა 1847 წელის 4 იანვარს ქალაქ ზუგდიდში.
– როგორ და სად იზრდებოდა ნიკო დადიანი?
– მას საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. 1853 წელს მალარიით გარდაიცვალა დავით დადიანი. ამ ფაქტის შემდეგ, 7 წლის ნიკო დადიანი სამეგრელოს მთავრად გამოაცხადეს და სრულწლოვანებამდე რეგენტად დედამისი – ეკატერინე დაუნიშნეს. ეკატერინემ ერთგვარი მეურვეთა საბჭო შექმნა, მცირეწლოვანი მთავრის ბიძების – გრიგოლ და კონსტანტინე დადიანების, აგრეთვე სამეგრელოს ეპისკოპოსის ზაქარია ჭყონდიდელის (დგებუაძე) შემადგენლობით.
ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ, ეკატერინე მეორე შვილებთან ერთად, მიიწვიეს პეტერბურგში იმპერატორ ალექსანდრე მეორის კორონაციაზე დასასწრებად. სამეგრელოს მცირეწლოვანი მთავრის პეტერბურგში ჩაყვანას სხვა მიზანიც ჰქონდა.
– რა მიზანი?
– იქ მას მომავალი მთავრისთვის „შესაფერისი აღზრდა” უნდა მიეღო.
ნიკო დადიანს იმპერატორის კარზე ფლიგელ-ადიუტანტის ტიტული ებოძა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში ჩაირიცხა. ამის შემდეგ იგი იმპერატორის ლეიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში გაამწესეს. სამოციანი წლების დასაწყისში ეკატერინემ, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი სამეგრელოს მთავარი, საფრანგეთში, კერძოდ პარიზში წაიყვანა სწავლა-განათლების დასასრულებლად.
1867 წელს უკვე სრულწლოვან ნიკო დადიანს რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად ათქმევინა უარი სამთავრო ტახტზე. ამის სანაცვლოდ მან მიიღო „სვეტლეიში კნიაზ მინგრელსკის“ ტიტული და ფულადი კომპენსაცია მილიონი მანეთის ოდენობით. გარდა ამისა, მას კერძო მფლობელობაში დაუტოვეს კუთვნილი მამულები სამეგრელოში – ზუგდიდსა და გორდში.
– ამის შემდეგ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება?
– ნიკო დადიანი კვლავ პეტერბურგში განაგრძობს ცხოვრება-მოღვაწეობას. აქვე, 27 წლის ასაკში ქორწინდება იმპერატორთან დაახლოებული პირის, სამეფო კარის მინისტრის, გრაფ ალექსანდრე ადლერბერგის ასულ მარიაზე. ეს ქორწინება სამეგრელოსთვის დიდი მოვლენა იყო, რომელიც, ალბათ, 1981 წელს ბრიტანეთის პრინც ჩარლზისა და ლედი დაიანა სპენსერის ქორწინებისადმი მასმედიის მიერ გამოჩენილი ყურადღების მასშტაბს თუ შეედრება. ნიკო დადიანისა და მარია ადლერბერგის ქორწილი ევროპაში გაიმართა, ხოლო სამეგრელოში მათი სტუმრობა დიდ ეროვნულ დღესასწაულად იქცა. წყვილს 3 შვილი შეეძინათ: ვაჟი – ნიკოლოზი და ქალიშვილები – ეკატერინე და სალომე.
– ნიკო დადიანი დაოჯახების შემდეგაც რუსეთის სამსახურში დარჩა?
– დიახ და მას საკმაოდ წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა, რომელიც 1878 წელს გენერალ-მაიორის ჩინით დაასრულა. ნიკო დადიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. იბრძოდა ბალკანეთში და თავი გამოიჩინა შიპკის უღელტეხილისთვის გამართულ ბატალიებში, რისთვისაც წმიდა ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენითა და ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.
1886 წელი უაღრესად მნიშვნელოვანია ნიკო დადიანის ბიოგრაფიაში.
– რა მოხდა ამ წელს?
– ამ წელს რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე მესამის ზეწოლის შედეგად, ბულგარეთის მმართველი პრინცი – ალექსანდერ ფონ ბატენბერგი გადადგა. გადადგომის მიზეზი შიდა პრორუსული ფრაქციების შეტევაც იყო.
– რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ნიკო დადიანის ბიოგრაფიასთან?
– პირდაპირი. საქმე ისაა, რუსეთის ხელმწიფემ არჩევანი ნიკოზე შეაჩერა. რუსეთის საიმპერატორო კარმა ნიკო დადიანი ბულგარეთის სამეფო ტახტზე ასვლის კანდიდატად წამოაყენა. ის უნდა გამხდარიყო ბატენბერგის შემცვლელი. ამ სიახლეს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მთელ ევროპაში. რუსეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წამყვან გაზეთებში იბეჭდებოდა მასალები ნიკო დადიანზე. ყურადღება ექცეოდა მის წარმომავლობას, განათლებას, განსაკუთრებით ენების (რუსული, ინგლისური, ფრანგული) ბრწყინვალე ცოდნას. ნიკო დადიანი ცნობილი, თანაც საკამათო პოლიტიკური ფიგურა გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ერთადერთი კანდიდატურა არ ყოფილა, რომელიც ბატენბერგის შემცვლელად მოიაზრებოდა.
– ვინ მოიაზრებოდა ბულგარეთის სამეფო ტახტზე ნიკო დადიანის კონკურენტად?
– ავსტრიელი პრინცი. საქმე ისაა, რომ ევროპის ქვეყნებს არ სურდათ, ბულგარეთის ტახტზე რუსეთის პროტეჟე ასულიყო. ბუნებრივია, ქართველი თავადის ბულგარეთში გამეფების პერსპექტივას, ქართული საზოგადოებაც გამოეხმაურა. გაზეთ „ივერიაში” დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „მეთაური წერილი”, რომელშიც ავტორი დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდა ნიკო დადიანისათვის ამ მაღალი პოსტის შეთავაზების გამო და მიაჩნდა, რომ მას უპირატესობა ჰქონდა ტახტის მეორე პრეტენდენტთან, ავსტრიის პრინც ფერდინანდ კობურგთან შედარებით. მაგრამ, რუსეთის მცდელობას, თავისი კანდიდატი დაესვა ბულგარეთის ტახტზე, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ავსტრიის, გერმანიის, ინგლისისა და ოსმალეთის მხრიდან. საბოლოო ჯამში, მათ მოახერხეს კიდეც ავსტრიელი პრინცის გამეფება. ბულგარეთის ტახტი ფერდინანდ პირველს, საქს-კობურგთა დინასტიის წარმომადგენელს ხვდა წილად.
– კიდევ რა არის ნიკო დადიანის შესახებ ცნობილი?
– ცნობილია ის, რომ ნიკო დადიანი საერთო-ეროვნული მასშტაბის საზოგადო მოღვაწე იყო, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად, პეტერბურგში ცხოვრობდა, საქართველოზე ფიქრი არასდროს არ შეუწყვეტია. „ის, თუმცა არაოფიციალურად, – წერდა გიორგი თუმანოვი, – იყო ნამდვილი წარმომადგენელი თავის ხალხისა. იგი... გულდასმით უკვირდებოდა თავის სამშობლოს და დიდი ცოდნის პატრონიც იყო მის შესახებ. თუ სათანადო შემთხვევა ხელთ ეძლეოდა, მან იცოდა სამშობლო ქვეყნის ინტერესების დაცვა”. ამის მკაფიო დადასტურებაა თუნდაც მისი მკვეთრად გამოხატული ეროვნული პოზიცია რუსეთის ხელისუფლების მიერ სამეგრელოს სამრევლო სკოლების პროგრამიდან ქართული ენის ამოღებასთან დაკავშირებით. ის აღუშფოთებია სტატიებს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მეგრულ ენასა და ქართულ ენას შუა მსგავსება არ არისო. „ჩემი ამბავი ხომ იცი“, – წერდა ის ვასო მაჩაბელს 1885 წლის 17 აპრილს (მოგვიანებით, ეს პირადი წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაში” 1904 წელს), „მე ვერაფერი გამაკვირვებს!... ოღონდ ამას ვიტყვი, რომ ის გარეშე ქვეყნის ფილოლოგები, რომელნიც სწერენ მეგრულსა და ქართულს ენებზედ, არიან სრულიად დაბნეულნი. ჯერ ჩვენი ენა ისწავლონ და მერმე სწერონ... ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს აქვს საკუთარი აზრი და რწმუნება, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა საკუთარმა ისტორიამ და ახლა ვერა კაცი ვერ დაგვაჯერებს იმას, რომ ნამდვილი არ არის ჩვენთვის და არც ავნებს ჩვენს წინ წაწევას. ხალხს მაშინ გაიცნობს კაცი, როდესაც იმ ხალხში ცხოვრობს ან იმ ხალხის ენას ლაპარაკობს. ამას გარდა, ხალხის ისტორია და სურვილი უნდა შეიტყოს კაცმა და შემდეგ ილაპარაკოს. მე სამეგრელოს, იმერეთს და გურიას ვუყურებ როგორც საქართველოს პროვინციებს. ჩვენ შუა განსხვავება არ არის და არც უნდა იყოს. ეს არის ჩემი აზრი და ამ აზრით მოვკვდები”.
ნიკო დადიანი იყო ქართული კულტურისა და სულიერების დიდი მოამაგე და ქომაგი. 1885 წელს მან დადიანთა სამთავრო კარის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, მათ შორის 169 ხელნაწერი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ ამ ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად შექმნა კომისია თვით ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, ხოლო ბიბლიოთეკის კატალოგი შეადგინა აკაკი წერეთელმა. ნიკო დადიანი აქტიურად გამოეხმაურა ქართლ-კახეთისა და იმერეთის თავადაზნაურობის ინიციატივას ქართველებისთვის ათონის ივერთა მონასტრის დაბრუნების თაობაზე და დავით ჩუბინაშვილთან და ალექსანდრე ცაგარელთან ერთად, ეს საკითხი სინოდის ობერპროკურორის, კონსტანტინე პობედონოსცევის წინაშე დააყენა.
ნიკო დადიანი გარდაიცვალა 1903 წლის 24 იანვარს, პეტერბურგში. მადლიერმა ქართველმა ხალხმა დიდი პატივი მიაგო სამეგრელოს სამთავრო სახლის უკანასკნელ წარმომადგენელს. ის დაკრძალულია დადიანთა საგვარეულო განსასვენებელში – მარტვილის ტაძარში.