სად არის დაცული ქალისთვის განკუთვნილი სამკერდულიანი ჯაჭვის პერანგი და ვინ გადასცა მუქარის შიშით რუსებს „ჭოლაურის“ დამზადების ტექნოლოგია
საქართველოში საბრძოლო ხელოვნება და იარაღის დამზადების ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობს, რაც ჩვენთვის დიდი სიამაყის საგანია. იარაღი ლითონის მოპოვების კვალდაკვალ ვითარდებოდა, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი ისტორიული ნივთი საქართველოდან გატანილი და დაკარგულია. ქართული იარაღის ისტორიის შესახებ „შავფაროსნების“ წარმომადგენელი ბაქარ ნათენაძე გვიამბობს.
– ის მონაპოვარი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობის, მოწყობილი ექსპედიციის დამსახურებაა. ჩვენ მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო, დავდიოდით ოჯახ-ოჯახ, რომ შეგვეგროვებინა როგორც ინფორმაცია, ფოტოები და სხვა, ასევე, გვენახა თავად იარაღი. ჩვენთან ერთად დადიოდნენ ჩვენი მასწავლებლებიც, მაგრამ... სამწუხაროდ, აღმოჩნდა, დიდი ნაწილი ამ განძისა გაყიდულია, ძირითადად უცხოელებზე: კერძო კოლექციონერებზე, ტურისტებზე, მოგზაურებზე… იმიტომ, რომ უცხოელებმა კარგად იციან ამ იარაღების ფასი და საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიან. ძალიან დიდი ოდენობით იარაღია გაზიდული ევროპაში, რუსეთში, აზიაში...
მე პირადად შენახული მაქვს პაპისეული სატევარი, რომელიც თბილისშია დამზადებული და „ცერღარას” უწოდებენ.
– რატომ ჰქვია ასე?
– ღარების ისეთი განლაგება აქვს (ცერად არის განლაგებული), რომ ცერღარად იწოდება. ჩემმა დიდმა პაპამ ორი რუსი განგმირა ამ სატევრით, იუნკერები რომ დაეცნენ, სწორედ მაშინ. ასე რომ, ჩემთვის ძალზე საამაყო რელიკვიაა.
ძირითადად, ნაპოვნი იარაღის სპეციფიკა ასეთი იყო: ვპოულობდით ხმლებს, სატევრებს, უფრო იშვიათად – ფარებს. ერთ ოჯახში სურათებზე წავაწყდით მშვილდს და ისრების ჩასადებ ბუდეს – კაპარჭს. ზოგი კერძო კოლექციაში აღმოვაჩინეთ, ზოგი – ოჯახებში, მუზეუმებში... მესტიის მუზეუმში დაცულია რამდენიმე სახის მშვილდი, რომლებიც იმ დროისთვის ძალიან მაღალი ტექნოლოგიით არის დამზადებული და, თქვენ წარმოიდგინეთ, აზიურ, კერძოდ კი თურქულ და მონღოლურ მშვილდებს დამზადების ტექნოლოგიით არ ჩამოუვარდება. ეს მშვილდები უნდა მიეკუთვნებოდეს დაახლოებით მეთხუთმეტე საუკუნეს, თუმცა, ზოგადად, თარიღების დადგენა რთული საქმეა.
– არბალეტის მსგავსი იარაღი თუ მოგვეპოვება?
– დიახ, სვანებს აქვთ ასეთი იარაღი და მას „ცხემადს” უწოდებენ. სვანები უფრო კარგად გამოთქვამენ ამ სიტყვას თავიანთ კილოკავზე. არბალეტს აქვს სასხლეტი და გრძელი, მძიმე ისარი. ჩვენი აზრით (და ამაში მკვლევრებიც გვეთანხმებიან), როდესაც მთიან რეგიონებში კოშკების მშენებლობა დაიწყო, არბალეტი კოშკთან ერთად განვითარდა. მე პირადად, უშგულში ვარ ნამყოფი და სვანური კოშკის ბოლო სართულზე რომ ავედი, მივხვდი, რატომ არის მოსახერხებელი არბალეტი: კოშკებს დატანებული აქვს პატარა ხვრელები ანუ „სათოფურები”, საიდანაც ხდებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, ასევე, ისრის სროლა.
რაც შეეხება სხვა იარაღებს, ძირითადად გვხვდება ხანჯალი, ხმალი და, უფრო იშვიათად – ფარი. შევხვედრივართ მათრახსაც, კერძოდ საცხენოსნო მათრახებს, მაგრამ, ვიცით, რომ იყო საბრძოლო მათრახებიც. თუნდაც „ვეფხისტყაოსნიდან” ეპიზოდი რომ გავიხსენოთ – ტარიელს რომ ეპყრა ხელთ მაჯის სიმსხო ტარით. ამ მათრახის სიგრძე იყო 7 მხრის სიგრძის, ანუ, დაახლოებით 3-4 მეტრი და ჰქონდა დიდი, მსხვილი ტარი, რომელსაც ხისგან ამზადებდნენ. მე მაქვს ბზისგან დამზადებული ტარიანი მათრახი, მას ამზადებენ თხილისგან, მუხისგანაც და ასე შემდეგ. მე ბზაზე ვმუშაობდი საპატრიარქოში და, აქედან გამომდინარე, მასზე ხელი მიმიწვდება. ზოგჯერ ტარს რკინაში სვამდნენ ან თითბრით მოჭედავდნენ, ან კიდევ, ხდებოდა ძვირფასი თვლებით მოოჭვა, ესთეტური თვალსაზრისით ლამაზი რომ ყოფილიყო. თვითონ მათრახი მზადდებოდა საქონლის დამუშავებული ტყავისგან. დღევანდელ პირობებში გვაქვს მხოლოდ საქონლის ქიმიურად დამუშავებული ტყავი და მას ვიყენებთ. ძველი, ბუნებრივი ტექნოლოგიით დამზადება ჭირს, რადგან ტრადიცია უკვე დაკარგულია.
არსებობს მათრახის დაწნის რამდენიმე პრინციპი: შუაში და ბოლოში აყოლებდნენ რკინის ფირფიტებს, ფოლადის ბურთულებს, გალესილ ისრის პირებს, დანის პატარა, დაახლოებით 5-6-სანტიმეტრიან პირებს, რაც ადამიანს სასიკვდილო ჭრილობას აყენებდა და მოქმედებდა საკმაოდ შორ დისტანციაზე. მოქნევისას გამოსცემს ზებგერითი სიჩქარის ხმას. იმდენად ძლიერი ხმა აქვს, რომ, ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი იპოდრომზე უბრალოდ ვატლაშუნებდით და პატრული მოვიდა – იარაღის გასროლის ხმად ჩათვალეს (იცინის). დაახლოებით 3-4 მეტრ მანძილზე გამოიყენებოდა როგორც ქვეითი, ასევე ცხენოსანი მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად. ამ იარაღებს საკმაოდ გვიან პერიოდამდე იყენებდნენ.
– პირველი საბრძოლო იარაღი რომელია?
– შუბი. ქვის ხანაში ჩვენი წინაპრები ქვისგან ამზადებდნენ პატარა დანებს, ხელცულებს. აღმოჩენილია, მაგალითად, კოლხური ხელცული, რომელიც ჩვენი დიდი სიამაყოს საგანია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უძველეს იარაღად ითვლება მშვილდი, საქართველოში მშვილდოსნობის კულტურა ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული. იქიდან გამომდინარე, რომ აღმაშენებლის პერიოდიდან ჩამოდიან ევროპელები – როგორც წყაროებიდან ვიცით, დიდგორის ბრძოლაში 100 ფრანგი ჯვაროსანი მონაწილეობდა; თუმცა, აქ 100 ზუსტი რაოდენობით არ იგულისხმება, რადგან მათ ჩამოჰყვებოდათ საჭურველმტვირთველები, მსახურები, მხლებლები, ანუ, აქ არის საუბარი დაახლოებით 500-600 ევროპელზე, რომლებმაც ჩამოიტანეს საბრძოლო იარაღის ნაირსახეობა და მოხდა უდიდესი კულტურის გაცვლა. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობდა, სადაც უამრავი ერი მიედინ-მოედინებოდა.
არ არსებობს სუფთა გაგებით ქართული, სპარსული ან რომელიმე სხვა ერის იარაღი. მაგალითად, სულხან-საბას აქვს აღწერილი ტაბარი, იგივე ტაბარძენი – ორპირა და ცალპირა ნაჯახი, უნაგირზე დასაკრავი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაბარი ცხენოსანი მეომრების იარაღი იყო, თუმცა მას საკმაოდ კარგად იყენებდნენ ქვეითებიც. რომ აღვადგინეთ ეს იარაღი, ტიპური აზიური საბრძოლო იარაღი გამოვიდა. შემდეგ იაკაშვილების ოჯახში მივაკვლიეთ მათ საგვარეულო იარაღს – ტაბარძენს; ქუთაისის მუზეუმშიც ვნახეთ ცალპირა ტაბარი, შუბის პატარა წვერითა და რკინის ტარით; მესტიის მუზეუმშიც, სიღნაღის მუზეუმშიც და, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ მუზეუმში. მაღალმთიან საქართველოში გავრცელებული იყო უნიკალური საბრძოლო იარაღი – ღაჯია, რომელიც ძირითადად „ხევსურული ღაჯიის” სახელით არის ცნობილი, თუმცა, ეს არასწორია. ღაჯიას იყენებდნენ ფშავლებიც, თუშებიც და სხვანიც, დღევანდელი გაგებით, ეს არის კასტეტი. არსებობს ღაჯიის რამდენიმე სახეობა, დაახლოებით 10 თუ 12: ხვეულა, სავარცხელა, საბღოჯი, ორ თითზე ან სამ თითზე ჩამოსაცმელი... დღეს რასაც ვამზადებთ, არის სავარცხელა, ხვეულა და სხვა; კიდევ რამდენიმეს უახლოეს მომავალში აღვადგენთ. ასე რომ, საკმაოდ დიდი საბრძოლო კულტურა და დანატოვარი გვაქვს ქართველებს.
„ნეშენალ გეოგრაფიკი” და „თრეველ ჩენელი“ აპირებდნენ ჩამოსვლას 2008 წელს სწორედ ამის შესახებ საკმაოდ ვრცელი სიუჟეტის გასაკეთებლად, თუმცა, ომის გამო გადაიდო მათი ჩამოსვლა და ისინი 2009 წლის ზაფხულში გვესტუმრნენ. ქართველები ხომ ისეთი ხალხი ვართ, თუ უცხოელმა არ გვიქო, საკუთარ განძს ვერ ვაფასებთ. სწორედ „თრეველ ჩენელის“ კორესპონდენტმა, რომელიც საკმაოდ განათლებული ადამიანია, ჩემდა სასიხარულოდ, აღნიშნა, რომ უამრავ ქვეყანაში ყოფილა და ასეთი მაღალი დონის საბრძოლო კულტურა მხოლოდ ორ-სამგან თუ უნახავს. პოპულარიზაცია სჭირდება ამ საქმეს და ხელშეწყობა, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ჩემთვის ამით თენდება და ღამდება. დღე არ გავა, სახელოსნოში არ შევიდე ან რამე არ დავწერო ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ. „შავფაროსნებთან” არსებობს ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელსაც ქალბატონი ნონა უგრეხელიძე ხელმძღვანელობს; ასევე არის ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი, სადაც ქორეოგრაფიაში საბრძოლო ელემენტების უკეთესად წარმოდგენაზე მუშაობენ. გარდა ამისა, ვდგამთ წარმოდგენებს და, ვფიქრობ, კარგ საქმეს ვემსახურებით.
– აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, ან მთისა და ბარის საბრძოლო იარაღები ძალიან განსხვავებულია?
– განსხვავებულია, რა თქმა უნდა. მაგალითად, ხევსურული ფარი პატარა ზომის, მოსახერხებელი და მსუბუქია, მთაგორიანი რელიეფისთვის შესაფერისი. გვხვდება მრგვალი, ოვალური. ბარში – ქართლში, კახეთსა და მესხეთში გავრცელებული იყო უფრო დიდი ზომის ფარები, რომლებიც ფარავდა მხარს, ოვალური, ფოთლისებრი, მრგვალი. მოიპოვებოდა ხეზე გადაკრული ტყავით შესრულებული, ასევე, ნაწრთობი ლითონის ფირფიტებით დამზადებული. მესტიის მუზეუმში ვნახეთ სხივებიანი ფარი. ფარის ცენტრიდან მთელ პერიმეტრზე სხივებია გატყორცნილი და ძალიან ლამაზი სანახავია. ასეთივე ფარი დაცულია ეროვნულ მუზეუმში, თუმცა, შელახულ მდგომარეობაშია, მესტიის მუზეუმში დაცული ექსპონატი გაცილებით კარგად გამოიყურება. გადმოცემით ვახტანგ გორგასალს, ჰქონდა ნიანგის ტყავისგან დამზადებული ფარი, რომელიც ვერ იქნებოდა საქართველოში დამზადებული, ალბათ, რომელიმე აზიელმა მბრძანებელმა მოართვა ან ნაალაფარი იყო. როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ, ოს ბაყათართან ბრძოლისას (რომელსაც 12 მტკაველი სიგრძის ისარი ჰქონია) ვახტანგ მეფეს სწორედ ეს ფარი ეჭირა.
ფარების ასეთი ნაირსახეობა, სავარაუდოდ, აზიიდან შემოვიდა საქართველოში, რადგან აზიის ქვეყნებში მრავალგვარ ფარს ამზადებდნენ. იყო დრო, როცა აზია ბევრად უსწრებდა ამ მხრივ ევროპას, თუმცა, ევროპამ შემდგომ განავითარა ტექნოლოგიები. ძალიან დიდი ზომის ფარები, როგორიც, ვთქვათ, რომაელ ლეგიონერებს ჰქონდათ, ან კელტებს, ჩვენთან არ მოიპოვება. ყოველ შემთხვევაში, ამის ამსახველ ფაქტებს ჩვენამდე არ მოუღწევია.
– რა იყო ფარებზე ძირითადად გამოსახული?
– საგვარეულო გერბები, მტაცებელი ცხოველები, ასევე, წმიდანების გამოსახულებები, მაგალითად წმიდა გიორგი, რომელიც მეომართა მფარველ წმიდანად ითვლება; ასევე, ჯვრის ფორმები: ბოლნური, სწორკუთხოვანი, სამკუთხოვანი ჯვრები. დადიანების სასახლეში საკმაოდ დიდი რაოდენობის იარაღი იყო დაცული და თან – მრავალფეროვანიც. ერთ-ერთ ფოტოზე მინახავს ინგლისური დაშნა, რომელიც, სავარაუდოდ, დადიანებს რომელიმე დიდგვაროვანმა უცხოელმა აჩუქა, ან, ნაალაფარია. თუმცა, ამ განძის დიდი ნაწილი გაზიდულია. ჩვენთან არის ერეკლეს ხმალი, სამუზეუმო საცავებში, ზოგადად იარაღის განყოფილებაში, არავის უშვებენ; ასევეა ეროვნულ მუზეუმშიც და ეს სწორი მიდგომაა, რადგან ბევრს უნდა, ხელით შეეხოს, ნახოს, ასე კი ექსპონატი ზიანდება, მას ხომ ისედაც მრავალი საუკუნე აქვს გამოვლილი.
– შუბებზე რას გვეტყვით?
– საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელებული იყო შუბების მრავალი სახეობა: სამკაპა, ორკაპა, სანადირო და სასროლ-საბრძოლო შუბები. განსხვავდება საბრძოლო და სანადირო შუბის პირები: საბრძოლო უფრო წვრილია, რადგან მას აბჯარი უნდა გაეხვრიტა. გვაქვს ალებარდას ტიპის შუბებიც. ამ პრინციპით განსხვავდება საბრძოლო და სანადირო ისრის პირებიც. საბრძოლო ისრის პირებს ქართველები შხამსაც უსვამდნენ.
ძირითადად, იარაღის 5-6 სახეობა ყველა კუთხეში ერთნაირი იყო. მაგალითად, ხმლის ტიპი „ჭოლაური“, რომელსაც მეორენაირად „შაშკასაც” უწოდებენ, გავრცელებული იყო მთელ კავკასიაში. ამ ტიპის ხმალი გურიაშიც მინახავს, კახეთშიც, ქუთაისშიც და მრავლადაა რუსეთსა და ჩრდილო კავკასიაში. სხვათა შორის, რუსები იჩემებენ, ჩვენიაო, მაგრამ, ამის დამადასტურებელი საბუთებიც არსებობს და ინფორმაციაც, რომ ის ოჯახი, რომელიც ამ იარაღის დამზადების საიდუმლოს ფლობდა, ქართული ოჯახი იყო და მუქარის ძალით გადასცა რუსებს ტექნოლოგია. თუმცა, რაც იმდროინდელი მიდგომით ღალატად ჩაითვალა, დღეს, შესაძლოა, გმირობაც არის, რადგან ეს ტექნოლოგია საერთოდ დაიკარგებოდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენია და, რაც უნდათ, თქვან.
– ხევსურეთსა და სვანეთზე ვისაუბრეთ. რაჭა-ლეჩხუმში რა იარაღებია აღმოჩენილი?
– რაჭაში მე ვნახე დაახლოებით 3-4 ულამაზესი ფორმის სატევარი. სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო დამღებიც ჰქონდა, ცოტა აბსტრაქტული. ალბათ, რომელიმე იქაური ცნობილი ოსტატის მიერ იყო დამზადებული. დამღის შინაარსს ნამდვილად ვერ გეტყვით, ქართული იარაღის დამღები მაინცდამაინც კარგად ცნობილი და შესწავლილი ჯერჯერობით არ არის. იყო საკმაოდ საინტერესო გრძელწვერიანი, სამღარიანი სატევარი, რომელიც გამიზნული იყო ჯაჭვის პერანგის გასარღვევად და მოწინააღმდეგის დასაზიანებლად.
– „შავფაროსნები“ რა იარაღს ამზადებთ?
– სატევრებს, მათრახებს, ღაჯიას... ჯაჭვის პერანგის დამზადება მე თვითონ ვისწავლე. ხეზე მუშაობის გამოცდილება მქონდა და, რომ ვთხოვე ამ საქმის ოსტატებს, ესწავლებინათ ჯაჭვის პერანგის დამზადება, უარი მითხრეს. ალბათ, მართლები იყვნენ – ასეთ ტექნოლოგიას ახალმისულს ვერ მანდობდნენ. გავბრაზდი, დავჯექი, მოვიძიე წყაროები და თვითონ ვისწავლე, სურათებიდან აღვადგინე. ჯაჭვის პერანგის დაწვნის რამდენიმე პრინციპი, არსებობს – დაახლოებით ოთხი-ხუთი, აქედან სამს უკვე ვფლობ. საქართველოში ყველა არც იყო გავრცელებული, უფრო ფარეშიანი ჯაჭვი გვხვდება, ერთმანეთზე რგოლებით გადაბმული. სოლომონ მეფის მუზეუმში დაცულია ფარეშიანი ჯაჭვის პერანგი, ძვირფასი თვლებით გაწყობილი, ხოლო მკერდზე გამოსახულია ოქროს მზე და მთვარე. მალბორკის ციხესიმაგრეში, რომელიც პოლონეთშია, ვნახე ფურცლოვანი ჯაჭვის პერანგი, რომელიც საქართველოშიც იყო გავრცელებული, მაგრამ ჩვენთან ერთიღაა შემორჩენილი, ისიც ეროვნულ მუზეუმში.
– ქალებისთვის თუ მზადდებოდა აბჯარი და იარაღი?
– კი, როგორ არა, როგორც ვიცი, დადიანების სახლ-მუზეუმში ინახებოდა ქალის საკმაოდ დიდი დანა და ფურცლოვანი ჯაჭვის პერანგი, რომელსაც გამოყვანილი აქვს სამკერდული და ყელის ადგილი, ქალის აღნაგობიდან გამომდინარე. ეს დანა იმდენად მსუბუქია, რომ, ფაქტია, ის მამაკაცის კუთვნილება ვერ იქნებოდა, ქალისთვის იყო გამიზნული. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, არაოფიციალური ცნობებით, ახალციხესთან 500 ლაზი ქალი იბრძოდა. თუმცა, დანამდვილებით არაფერია ცნობილი.
– ამჟამად თუ ინტერესდებიან ქალები ამ საქმით?
– კი, არიან და ბევრმა გაცილებით მეტი ქართული საქმე გააკეთა, ვიდრე მამაკაცებმა. თუმცა, იარაღის დამზადებას, ბუნებრივია, მათ ვერ ვანდობთ. (იცინის).