სად გაშენდება ქართული „ოლიმპიური სოფელი“ და ვის არ ექნება იქ ცხოვრების უფლება
2015 წელს თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. დედაქალაქის მერიამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო – თბილისის ზღვაზე აშენდება „ოლიმპიური სოფელი“, რომელიც თბილისში ჩამოსულ 3 500 სპორტსმენს უმასპინძლებს. როგორ განხორციელდება თბილისის ზღვის რეკონსტრუქცია და „ოლიმპიური სოფლის“ მშენებლობა, ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარეს, გიორგი საბანაძესა და ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტს, რამაზ გოგლიძეს გავესაუბრეთ.
– ბატონო გიორგი, როგორ ხდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია და მისი მომზადება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის?
გიორგი საბანაძე: ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის თბილისის ზღვა რამდენიმე ფაქტორით შეირჩა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი ადგილმდებარეობაა ძალიან მოსახერხებელი: ის ახლოსაა ქალაქთან, არ არის მჭიდროდ დასახლებული, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არის არაჩვეულებრივი ლანდშაფტი და რეკრეაციული ზონა. თბილისის ზღვაზე არის ისეთი თავისუფალი სივრცე, რაც იძლევა საშუალებას, რომ განვითარდეს ოლიმპიური თამაშებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ თბილისის ზღვის ინფრასტრუქტურა, რომელსაც გამოიყენებს როგორც მოსახლეობა, ასევე, „ოლიმპიური სოფელი“ ახალგაზრდული თამაშებისთვის. 50-იან წლებში, როდესაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება დაიწყო, მთავარ მიზნად დაისახა, რომ ის ყოფილიყო რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი. მაშინ ტერიტორია შიშველი იყო, დაიწყეს ლანდშაფტის შექმნა და მასობრივად ხეების ჩაყრა. რეკრეაციული ფუნქცია თბილისის ზღვას დღემდე აქვს შენარჩუნებული, თუმცა, გავიდა წლები და დღეს ყველამ კარგად იცის, როგორი გაპარტახებულია იქაურობა – შენარჩუნებულია მხოლოდ ლანდშაფტი, ინფრასტრუქტურა კი აბსოლუტურად მოშლილია. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისის ზღვის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია უნდა დაწყებულიყო, იყო მანამდეც, სანამ გადაწყდებოდა ჩვენთან ოლიმპიური თამაშების ჩატარება. გქონდეს ქალაქში პატარა ზღვა კარგი ლანდშაფტით და იყოს გამოუყენებელი მოსახლეობის კულტურული და აქტიური დასვენებისთვის, დამეთანხმებით, აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია. დღეს ზღვის ტერიტორიას აქტიურად იყენებს მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობა, მაგრამ, ფაქტია, რომ იქაურობა მოუწესრიგებელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. უპირველესად, გაკეთდა გეგმარებითი პროექტი, ტერიტორიის ზონირება. პროექტის ავტორი გახლავთ შ.პ.ს „გეოგრაფიკი”, რომელმაც მოახდინა ტერიტორიის ზონირება, რის მიხედვითაც ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
– როგორ დაიყო ზონებად ეს ტერიტორია და რა გაშენდება იქ?
– თბილისის ზღვის გარშემო 21-კილომეტრიანი ზოლია, რომელიც დაიყო რამდენიმე ზონად. პირველი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ის უკავშირდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას. ეს საკმაოდ რთული საკითხია და არცთუ იოლად გადასაწყვეტი ტექნიკური თვალსაზრისით. აქ არ არსებობდა ზღვამდე მისასვლელი კარგი გზა, არც საკანალიზაციო და არც სადრენაჟე სისტემა; არ იყო განათება, ამიტომ, ამ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა საკმაოდ რთულ და დიდ სამუშაო პროცესს მოიცავს. ახალი პროექტით, განაშენიანება მოხდება ზღვის მთელ პერიმეტრზე, შენარჩუნებული იქნება რეკრეაციული ზონები, რომლებიც უფრო გაუმჯობესდება კიდეც. შესაძლოა, რეკონსტრუქციამ მოითხოვოს რომელიმე ხის სხვა ადგილას გადარგვა, მაგრამ, არ მოხდება ხეების მოჭრა. ზღვის მიმდებარე აქტიური დასვენების ზონაში მოეწყობა ბილიკები – როგორც სარბენი, ასევე, ფეხმავალი და ისინი პარალელურად გაუყვება ერთმანეთს; მოხდება ზღვის წყლის ფილტრაცია, რაც დღესაც ხორციელდება; მოგვარდება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, მოეწყობა ლამაზი ნიჟარები, განათდება აქტიური დასვენების ზონა, სადაც გაკეთდება მოსასვენებელი ადგილები, კვების ობიექტები, კაფეები, ბარები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ, ისინი ვერ აკმაყოფილებენ ვიზუალურ მოთხოვნებს. ჩვენ დავეხმარებით არსებულ კერძო სეგმენტს, რომ გადააკეთონ უკვე მოქმედი ობიექტები და პროექტის მთლიან ასპექტში მოაქციონ ისინი. ტერიტორიაზე გაკეთდება გასართობი ცენტრები, ჯიხურები, სადაც იქნება ველოსიპედები მათთვის, ვისაც ტერიტორიის შემოვლა ველოსიპედით სურს.
– როგორც ამბობენ, ზღვაზე გაკეთდება ორიგინალური ხიდი და აშენდა სასტუმროები.
– ხიდი იქნება, ოღონდ, არა ზღვაზე, არამედ, პატარა ყურეებზე, რაც თბილისის ზღვაზე საკმაოდ ბევრია. ეს იქნება ლამაზი დიზაინის პატარა ხიდები. აქტიური დასვენების ზონაში გაკეთდება სპორტული მოედნები მინიფეხბურთის, ქვიშის ფრენბურთისა და სპორტის სხვა სახეობებისთვის; გაკეთდება კორტი. ალბათ, დრო მოიტანს იმასაც, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდეს პატარა სასტუმროები, მაგრამ, ეს იქნება კერძო სექტორის ინტერესის საგანი, ჩვენ მხოლოდ ზღვის ინფრასტრუქტურის შექმნით ვართ დაკავებულები.
– როგორც ჩანს, ეს იქნება ძალიან ძვირადღირებული პროექტი. რა ინვესტიციით მოხდება მისი განხორციელება?
– თბილისის ზღვის განაშენიანების პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო, მომავალში მოსალოდნელია დამატებითი, კერძო ინვესტიციების ჩადებაც. ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული: მუშაობენ გეოლოგები, ვიკვლევთ გრუნტებს, პროექტის ღირებულების დადგენას კიდევ ბევრი დამატებითი დეტალის კვლევა სჭირდება, ამიტომ ბიუჯეტი გათვლილი არ არის. მუშა პროცესს პროექტის კორექტირება ყოველთვის ახლავს თან და შესაბამისად, ამ ეტაპზე გამიჭირდება ღირებულებაზე საუბარი.
– რიგითი თბილისელები ისარგებლებენ იმ კომფორტით რაც თბილისის ზღვაზე გაკეთდება?
– ეს ყველაფერი კეთდება თბილისის და არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისთვის. ზღვის მიმდებარე ტერიტორია ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც დღესაც სარგებლობს, მაგრამ, იქნება გაუმჯობესებული, აბსოლუტურად ახალი და მაქსიმალურად კომფორტული.
რამაზ გოგლიძე: მინდა გითხრათ, რომ, ისეთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ჩატარება, როგორიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებია, თბილისისა და საქართველოსთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ყველას კარგად ახსოვს, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლების მოპოვება საკმაოდ რთული და ძნელი იყო, თუმცა, ჩვენ საერთო ძალისხმევით მოვახერხეთ ამ კენჭისყრის მოგება. შესაბამისად, დახვედრა უნდა იყოს ისეთი საპატიო, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ოლიმპიური ფესტივალი საკმაოდ რთული ღონისძიებაა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო, მსოფლიო და ევროპული მასშტაბის ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ასეთი დიდი მასშტაბის სპორტული ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებს 49 ქვეყანა, თბილისში ჩამოვლენ 3 500 სპორტსმენი და მწვრთნელები და, თუ ამას ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებსა და სპორტსმენების მშობლებსაც დავამატებთ, დაახლოებით 100 000-მდე სტუმრის მასპინძლობა მოგვიწევს, რაც იოლი ნამდვილად არაა. სპორტული ღონისძიებები თბილისში ივლისის ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება სპორტის ცხრა სახეობაში: მძლეოსნობა, ძიუდო, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ტანვარჯიში, ველოსპორტი, ჩოგბურთი.
– სად გაიმართება სპორტული ღონისძიებები?
– ერთადერთი ობიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო სტანდარტებს, ეს არის სპორტის სასახლე. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ ამ ფესტივალმა კარგად ჩაიაროს: პირველ ყოვლისა, ყველა სპორტული დარბაზი უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ინვენტარით, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს; სპორტის რამდენიმე სახეობაში გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე დარბაზები გვინდა; საერთოდ არ გაგვაჩნია ტანვარჯიშის დარბაზი და ესეც მოსაგვარებელია... ამ თამაშებისთვის ძალიან ბევრი და რთული სამუშაოა ჩასატარებელი, რაც უკვე დაწყებული გვაქვს.
– როგორი იქნება ქართული „ოლიმპიური სოფელი“?
– „ოლიმპიური სოფელი“ აშენდება თბილისის ზღვაზე. უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც სოფელში მოეწყობა ისეთი ინფრასტრუქტურა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. „ოლიმპიური სოფლის“ ტერიტორიაზე აშენდება ალბათ, 4-5-სართულიანი კოტეჯები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს სამვარსკვლავიანი დონის სასტუმროს პირობებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი კოტეჯები ბევრად უკეთესი იქნება. ამ კოტეჯებში ერთდროულად დაბინავდებიან 3 500 სპორტსმენი და მათი მწვრთნელები. მშობლებსა და ოფიციალურ პირებს „ოლიმპიურ სოფელში“ ცხოვრების უფლება არ აქვთ, მაგრამ, საბედნიეროდ, თბილისში სასტუმროების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ასე რომ, სტუმრების დაბინავების პრობლემა არ შეგვექმნება. „ოლიმპიურ სოფელში“ იქნება სასადილო, სადაც მომზადდება მაღალი დონის საკვები და გათვალისწინებული იქნება ყველა რელიგიური მიმდინარეობის ტრადიცია; სოფლის ტერიტორიაზე იქნება პრესკლუბი, შეხვედრების ოთახი, კლუბი, პატარა სპორტული მოედნები და დარბაზები, ჩოგბურთის კორტი და საცურაო აუზი. ბუნებრივია, საუბარი არაა იმაზე, რომ კარგად უნდა გაკეთდეს „ოლიმპიურ სოფლამდე“ მისასვლელი გზა, უზრუნველყოფილი იყოს ტრანსპორტისა და გიდების მომსახურება, „ოლიმპიური სოფლის“ მომსახურე პერსონალის გადამზადება მოხდება ტრენინგებით. მე საკმაოდ ბევრ „ოლიმპიურ სოფელში“ ვარ ნამყოფი – ნანახი მაქვს ბარსელონის, ვანკუვერისა და ათენის „ოლიმპიური სოფლები“, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული „ოლიმპიური სოფელი“ მათ ტოლს არაფერში დაუდებს. ჩვენი სოფელი იქნება უფრო კომპაქტური, სპორტსმენებს სოფლიდან სპორტულ ღონისძიებებამდე ასობით კილომეტრის გავლა არ მოუწევთ. ჩვენ დავიცავით „ქარტიის“ მოთხოვნა და სპორტსმენებს მაქსიმუმ 15 წუთში შეეძლებათ დარბაზამდე და მოედნამდე მისვლა. სწორედ ამ ფაქტორით იქნა შერჩეული ოლიმპიური სოფლისთვის თბილისის ზღვა, რომლის რეკონსტრუქციაც მერიამ უკვე აქტიურად დაიწყო.