რომელი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ ძალიან ახლოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებასთან
ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც ადამიანები მოელიან ან წინასწარმეტყველებენ. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პირველკაცობასთან, თუმცა, განგებამ ისინი „თამაშგარე” დატოვა და დღეს მათ შესახებ თითქმის აღარ ლაპარაკობენ. ამჯერად შეიტყობთ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობასთან.
თომას დიუი
თომას დიუი 1940 წლის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიიდან, თუმცა, წინასწარ არჩევნებზე უენდელ უილკთან დამარცხდა, რომელმაც შემდგომ ფრანკლინ რუზველტს დაუთმო გამარჯვება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დიუი პრეზიდენტობის უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ, მისი პოზიციები 1940 წლის გაზაფხულზე შეირყა, როდესაც ფაშისტური გერმანია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს დაესხა თავს. 1948 წელს დიუიმ ხელმეორედ სცადა ბედი და ისევ ფავორიტად ითვლებოდა. ჩიკაგოში გამომავალმა გაზეთმა, „ჩიკაგო დეილი ტრიბიუნმა”, იგი ნაადრევადაც კი გამოაცხადა პრეზიდენტად, მაშინ, როცა ხმების დათვლა ჯერ არ იყო დასრულებული. მოგვიანებით ახლად გაპრეზიდენტებულმა ჰარი ტრუმენმა გაზეთის ამ ნომრით ხელში გადაიღო ფოტო.
ნელსონ როკფელერი
ნელსონ როკფელერი პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელსაც ძალიან უნდოდა პრეზიდენტობა და 1975 წლის სექტემბერში მან თითქმის მიაღწია კიდეც მიზანს. იმ თვეში, მოქმედ პრეზიდენტზე, ჯერალდ ფორდზე, ორი კვირის ინტერვალში, ორჯერ განხორციელდა თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით, მაგრამ ფორდი ორჯერვე გადარჩა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტ როკფელერის საპრეზიდენტო ოცნება დაიმსხვრა.
გარეტ ჰობარტი
გარეტ ჰობარტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვიცე-პრეზიდენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პოსტსაც დაიკავებდა, რომ არა მისი მოულოდნელი გარდაცვალება 1899 წელს.
სპირო აგნიუ
სპირო აგნიუ რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, 1968 და 1972 წლის არჩევნებში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, ხოლო 1976 წელს მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა, ეცადა ბედი არჩევნებში, მაგრამ, პრესის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ იგი ფინანსურ მაქინაციებში იყო შემჩნეული და საბოლოოდ, სასამართლოზე აგნიუმ მართლაც აღიარა, რომ 1967 წელს ქრთამი ჰქონდა აღებული. საბოლოოდ, აგნიუმ დაკარგა ყოველგვარი მხარდაჭერა და პოლიტიკიდან სამუდამოდ წავიდა.
ჰანიბალ გემლინი
გემლინი გავლენიანი და პოპულარული პოლიტიკური ფიგურა იყო ლინკოლნის პრეზიდენტობის პერიოდში – მას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და ბევრი მას მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევდა, თუმცა პარტიაში სხვაგვარად ფიქრობდნენ – ლინკოლნის ხელმეორე კენჭისყრის დროს გემლინი დააქვეითეს და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტად ენდრიუ ჯონსონი გაუშვეს, რომელმაც ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიც დაიკავა და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი გახდა, ხოლო გემლინი, რომელსაც ამერიკისთვის გაცილებით მეტი ჰქონდა გაკეთებული, დავიწყებას მიეცა.
ბენჯამინ უეიდი
1868 წელს ბენჯამინ უეიდს ერთი ხმა დააკლდა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. მას უნდა შეესრულებინა პრეზიდენტის მოვალეობა მას შემდეგ, რაც ენდრიუ ჯონსონი სენატმა თანამდებობიდან მოხსნა. უეიდს შეეძლო, ხუთი თვის განმავლობაში ყოფილიყო პრეზიდენტი, მანამ ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, რადგან ჯონსონს არ ჰყავდა ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ, სენატში კენჭისყრის დროს მას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა პრეზიდენტის პოსტამდე.
თომას რეილი მარშალი
მარშალს ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეჭირა და ყველა უფლება ჰქონდა, მაღალი თანამდებობა დაეკავებინა, რადგან 1919 წელს ვილსონს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა და იგი ვერ ახერხებდა მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას. თუმცა, მარშალს, ვილსონის მეუღლის ედიტ ვილსონის სახით, სერიოზული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომელმაც საზოგადოებისგან დამალა ქმრის ავადმყოფობა და თავად ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად.
ჰენრი უოლესი
ჰენრი უოლესი 1933-1940 წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ხოლო 1941-1945 წლებში ფრანკლინ რუზველტის აპარატში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. იგი რუზველტის კურსის ღირსეულ გამგრძელებლად ითვლებოდა ამერიკაში და 1948 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა, თომას დიუის მსგავსად, იგი ჰარი ტრუმენთან დამარცხდა და საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან.
სემუელ ტილდენი
1876 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, დემოკრატმა სემუელ ტილდენმა გაიმარჯვა. მას გამარჯვება უშუალო კონკურენტმა – რატერფორდ ჰეიზმაც კი მიულოცა, თუმცა, მოქმედი რესპუბლიკელი გრანტის ადმინისტრაციამ სამხრეთ შტატებში, რომელთა უმეტესობამ ტილდენს მისცა ხმა, ფედერალური ჯარების შეყვანა და ხმების გადათვლა დაიწყო, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ტილდენის გაპრეზიდენტება. საბოლოოდ, ხმების ხელმეორე დათვლის შედეგად, პრეზიდენტად რატერფორდ ჰეიზი გამოცხადდა, ხოლო ტილდენი „ოფსაიტში” დარჩა.
ალბერტ გორი
ალბერტ გორი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელსაც ეს თანამდებობა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ეკავა. გორს ნობელის პრემია აქვს მიღებული მშვიდობის დარგში, თუმცა მისი მთავარი ოცნება მაინც განუხორციელებელი დარჩა. ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას მთელ მსოფლიოში „ინტერნეტის მამას” უწოდებდნენ და ამერიკელთა უმეტესობა მისი მადლიერი იყო, რომ 90-იან წლებში ეკონომიკის ზრდაში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, მაგრამ ამერიკელებმა ეს შრომა გორს ყველაზე საჭირო დროს არ დაუფასეს, როდესაც 2000 წლის არჩევნებზე ჯორჯ ბუშ-უმცროსს დაუჭირეს მხარი. გორმა რამდენჯერმე მოითხოვა ხმების გადათვლის პროცედურის დაწყება, ზოგიერთ შტატში მართლა აღმოჩნდა შეცდომები, თუმცა, საბოლოოდ, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა ხმების გადათვლის პროცედურა და ალბერტ გორი არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადა.