კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კახა თარგამაძე: „იარაღის სროლა ბევრს შეუძლია, მისი მართვა – ძალიან ცოტას. მე ეს შემეძლო“

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავის დროზე, თითქმის შეუძლებლად მოსაპოვებელი რესპონდენტი იყო, თუმცა, რაკი „დრონი მეფობენ“, ყველაფერი იცვლება. მართალია, კახა თარგამაძე სრულიად განსხვავებული ნიშნით მოექცა ქართული ელმედიისა და ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავედით და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა (რასაც გეტყვით, დაიმახსოვრეთო, მე კი საოცრად კარგი მეხსიერება აღმომაჩნდა), საქართველოს უახლოესი ისტორიის მისებური ვერსიის მოყოლა ვთხოვეთ. რა ხდებოდა გასული საუკუნის 90-იან წლებში პანკისის ხეობაში, რატომ იტაცებდნენ ადამიანებს ან შემდეგ რატომ ათავისუფლებდნენ ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე; რატომ დასეირნობდნენ ჩეჩენი „ბოევიკები“ საქართველოს ტერიტორიაზე უპრაგონოდ და ვინ შექმნა აბსურდული მითი ჩეჩნების მიერ აფხაზეთის ქართველებისთვის დაბრუნებაზე; – ამ საკითხებზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე გვესაუბრება.



– რატომ იყო თქვენი მინისტრობისას მოდური ადამიანების გატაცება?

– არც ერთი ადამიანის გატაცება, რომელიც ჩემს დროს მოხდა, მხედველობაში მაქვს პანკისში გატაცებები, არ იყო დაკავშირებული ფულთან. ჰკითხეთ იმ ვაჟბატონ ცისკარიშვილს, ფული გადაიხადა?! ან ფადი ასლი რომ ბოდიალობს რაღაცეებს, ფული გადაიხადეს?! ვერ გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამით იპარავდა ამ ხალხს და დილით ათავისუფლებდა?!

– აბა, რა ხდებოდა? მართლაც ხომ იტაცებდნენ ადამიანებს?

– გატაცებები ხდებოდა იმის გამო, რომ პანკისში იყო დაჯგუფება, მარგოშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მომხდარიყო შეტაკება ჩეჩნებსა და ქართველებს შორის.

– ანუ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა?

– მე არ ვიცი, მაგრამ პანკისის ხეობა არ იყო რუსული სპეცსამსახურების ინტერესი, პირიქით მაშინ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების საწინააღმდეგო მოქმედება და რუსეთი ამის გამო გვიპირისპირდებოდა და ჩვენ უნდა გაგვევლო დანის პირზე: არც ჩეჩნები დაგვეპირისპირებინა და არც რუსები. ოპერატიული მუშაობა და ტვინი ადამიანს იმისთვის სჭირდება, რომ არ უნდა აჰყვე ემოციებს, თუმცა მეც ემოციური კაცი ვარ. შემიძლია, დავიფიცო, რომ 1995 წელს ქვეყანა გადავარჩინე იმ უბედურებას.

– 1995 წელში „მხედრიონის“ ალაგმვას გულისხმობთ?

– სიტყვის მასალად ვახსენე, ჯერ პანკისის თემა დავასრულოთ. როდესაც პანკისში პირველად შემოვიდნენ ჩეჩნები, არსებობს დოკუმენტური მასალა, როგორ შევაჩერე მათი შემოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. სასაზღვრო ჯარი მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნოდა, დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო. მაინც მე დამავალეს ჩეჩნების შემოსვლის აღკვეთა და ისიც ჩემი უბედურება იყო, ისეთ რამეებს რომ მავალებდნენ, რაც მე არ მეხებოდა, მაგრამ, როდესაც კარგად აკეთებ საქმეს, სხვა რამესაც გავალებენ.

– ესე იგი ვანო მერაბიშვილი კარგი მინისტრია, რაკი მას ლამის ყველაფერს ავალებს პრეზიდენტი?

– ეს არ ვიცი, თან მე არ ვლაპარაკობ ვანო მერაბიშვილზე. სხვათა შორის, თვითონ არ ილაპარაკა ჩემზე და არც მე ვაპირებ მასზე ლაპარაკს. თუმცაღა იმოქმედა ჩემ წინააღმდეგ, მე არც მიმოქმედია. იმდენი რამ ვიცი ახლანდელი, ნეტავ მაგათ იცოდნენ იმის მეათედი. ახლა თქვენც გისმენენ, მაგრამ მე ისეთ რამეს არ ვიტყვი, თავი უხერხულობაში ჩავიგდო. მოკლედ, შევაჩერე ჩეჩნური ძალების შემოსვლა და უკან დავახევინე.

– თუ რუსეთის არა, ვისი ინტერესი იყო ჩეჩნების პანკისში შემოსვლა? ამას მხოლოდ მარგოშვილის კრიმინალური ინტერესი ედო საფუძვლად?

– გილაევის ჯგუფს ჩეჩნეთში არ დაედგომებოდა და ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთში მყოფ საველე მეთაურებთან. ძნელი სათქმელია, ვისი ინიციატივა იყო მათი შემოსვლა, მაგრამ შემდგომ ისინი, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს. როდესაც უკან დავახევინეთ, დატოვეს დაჭრილები.

– რას ნიშნავს, „უკან დავახევინეთ“? ბრძოლით დაახევინეთ უკან თუ მოილაპარაკეთ?

– ჩვენ შევედით პანკისში შეიარაღებული ძალებით, მძიმე ტექნიკით. ეს ყველაფერი გადაღებულია. დავიკავეთ პოზიციები და ვუთხარით, მზად ვართ ბრძოლისთვის და იმ შემთხვევაში, თუ გადმოდგამთ ნაბიჯს, გავხსნით ცეცხლს.

– რამდენი იყვნენ?

– ძალიან ბევრნი იყვნენ. მათ დატოვეს დაჭრილები.

– ძალიან უცნაურია, ჩეჩნები ცნობილი არიან იმით, რომ დაჭრილებს არ ტოვებენ, ჩვენგან განსხვავებით. ესე იგი, მოილაპარაკეთ?!

– არა, დაგვიტოვეს, ხომ იცოდნენ, რომ არ ჩავხოცავდით, მხეცები ხომ არ ვიყავით?! დაჭრილები გადმოვიყვანეთ, თან დავაკავეთ, გავაფორმეთ ოქმებიც. ხვდებით თუ ვერა, რატომ გავაფორმეთ ოქმები?!

– მე არ ვარ ოპერმუშაკი. იმიტომ დააკავეთ, რომ შეგენიღბათ მოლაპარაკება?

– არა, გენაცვალე, იმიტომ დავაკავეთ, რომ ვინმეს არ მოეთხოვა მათი გადაცემა. გივი თარგამაძე რომ გყავთ, იმან განაცხადა, თარგამაძემ გადასცა ჩეჩნები რუსეთსო, არადა ერთი კაციც კი არ გადაგვიცია რუსეთისთვის. ყველა დაჭრილი დავაკავეთ და ისე მოვათავსეთ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

– თუ მეხსიერება არ მღალატობს, შემდეგ რამდენიმე ჩეჩენი გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას, გადიოდა ეს კადრები ტელევიზიით? მეშლება?

– ჩემი მინისტრობისას არ გადაცემულა. „მაწვებოდნენ“, მაგრამ მე ვამბობდი, მათ დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ისინი გასამართლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე-მეთქი.

– ვითომ საფუძვლიანი იყო ასეთი პრინციპულობა რამდენიმე ჩეჩენის გამო, თან გილაევის რაზმიდან, რომლებმაც ჩვენი სისხლი სვეს აფხაზეთში და ამის გამო რუსეთის განაწყენება?

– რამდენიმე ჩეჩენი არაფერ შუაშია, არ უნდა შექმნა პრეცედენტი. თუმცა შეიძლებოდა, ისეთ სიტუაციაში მოხვედრილიყავი, რომ გადაგეცა კიდეც, თუ დაკავებული მკვლელი ან ბანდიტი აღმოჩნდებოდა, მაგრამ მაშინ სხვა რამ ხდებოდა: დასავლეთს ჰქონდა პოზიცია, რომ ის ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის და დასავლეთი მხარს უჭერდა მათ იმ ბრძოლას. ასე რომ, ჩვენ არც დასავლეთი უნდა დაგვეზიანებინა, არც რუსეთი და არც ჩეჩნები გადაგვეკიდებინა. ერთი სიტყვით, ჩეჩნებმა უკან დაიხიეს, დაგვიტოვეს დაჭრილები, მე გამოვიყვანე ხეობიდან გია გულუას სპეცდანიშნულების რაზმი, ჩამენაცვლა თავდაცვის სამინისტრო და რაღაც პერიოდის შემდეგ ვიღებ ინფორმაციას, რომ იმ ხალხს იუსტიციის სამინისტრომ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. როდესაც ცისკარიშვილი გაიტაცეს, ბატონი მიხეილი იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდა, გავარდა ახმეტაში და ამბობდა, იუსტიციის სამინისტროს სპეცრაზმით გავათავისუფლებ ცისკარიშვილსო. ასეთი პასუხი გავეცი მაშინ: თუ მოკვლა უნდოდა ცისკარიშვილის, მოეკლა, რა საჭირო იყო ოპერაცია?! ცისკარიშვილი სამხედრო ოპერაციით კი არა, ოპერატიული მუშაობის შედეგად გავათავისუფლეთ. გამოვნახეთ ერთ-ერთი პიროვნება, პოლიციელი, რომელიც მარგოშვილის ძუძუმტე ყოფილა, გავატანე სატელიტური ტელეფონი და ვუთხარი, პირადად მე დამაკავშირეთ-მეთქი. დაველაპარაკე მარგოშვილს და პირდაპირ განვუცხადე: თუ სასწრაფოდ არ გამოუშვებდა ცისკარიშვილსა და მის თანმხლებ გოგონას, შევიდოდი და ჩავატარებდი სპეცღონისძიებას და ცოცხალს არ გავუშვებდი, რომც დახოცილიყვნენ მძევლები. ეს უბრალოდ სიტყვის მასალა იყო. მარგოშვილი დაიმუქრა, ამათ უბრალოდ კი არ გავანადგურებთ, სხვა რამესაც გავუკეთებთო. შემდეგ მითხრა, მხოლოდ ცისკარიშვილს გამოვუშვებთ და გოგონას დავიტოვებთო. ამაზე გავგიჟდი, ვერ მამაგრებდნენ. მეც დავემუქრე და შეეშინდა. ბოლოს, უშიშროებას გადასცა მძევლები. მაშინ ჩვენ და უშიშროება ერთად ვმუშაობდით. მაგრამ მეორე დღეს, ცისკარიშვილი გამოვიდა ტელევიზიით და ჩვენი დედის გინება დაიწყო.

– რატომ? ვის-ვის და ცისკარიშვილს ხომ ზუსტად უნდა სცოდნოდა, რა მოხდა?

– დააჯინა მიშამ და ალანძღინებდა. ერთხელ, მიშამ, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო, მთხოვა, სპეცრაზმი მათხოვე რაღაც ღონისძიებაზეო, ვათხოვე და შემდეგ გამოვიდა ტელევიზიით, თარგამაძე ამდენი ხანია, მინისტრია და სპეცრაზმი არ შეუქმნია, მე კი ნახეთ, რა სპეცრაზმი მყავსო. ჩემს სპეცრაზმზე ამბობდა. თუმცა, რა, უჩემოდ არ იცით, რა ფიარშიკებთან გაქვთ საქმე?! ისევ პანკისს რომ დავუბრუნდეთ, იქ ერთი ტყვია რომ გავარდნილიყო, დიდი კავკასიური ომი დაიწყებოდა, ამიტომაც იუველირულად ვმუშაობდით. სულ ბოლოს იქ გაიტაცეს ორი პიროვნება, რომლებსაც ერთი ცენტიც არ ებადათ. მივხვდით, რომ კატასტროფა მოახლოვდა, ამ დროს მე იქ ვარ, ფორმა მაცვია და თოფი მიჭირავს ხელში. ჩეჩნებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სერიოზული შეტაკება მზადდება. აი, მაშინ მიხვდნენ ჩეჩნები, ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი და მარგოშვილის ჯგუფის განადგურება არ დაიბრალოს არც ერთმა ქართველმა, ეს გააკეთეს რუსებმა (იცინის).

– მკითხველს გავახსენებ, მარგოშვილი ააფეთქეს, ტუალეტში.

– რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა „ბოევიკებზე“, „იხ ბუდუ მოჩიტ ვ სარტირეო“ და შემდეგ ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა, „ია ნე ტებე პორუჩალ ვ სარტირე მოჩიტ ბოევიკოვ, სვოიმ პორუჩალო“. „შაყირობდა“... მოკლედ, ის ორი ქართველი რომ გაიტაცეს, ქართველებმა საპასუხოდ ავტობუსი დაიჭირეს, მივხვდი, რომ შეტაკება გარდაუვალი იყო, ამასობაში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რის მიხედვითაც ძალის გამოყენებით უნდა შევსულიყავით ხეობაში. ჩამოვფრინდი ვერტმფრენით, შევედი პარლამენტში, დავახურინე პარლამენტის სხდომა და შევთავაზე პარლამენტის წევრებს: რადგანაც ომს ვიწყებთ, მე ვიღებ იარაღს ხელში და მივდივარ პირველი, როგორც ყოველთვის-მეთქი და პარლამენტის წევრ ყველა მამაკაცს, ასევე, ვთხოვე, იარაღის აღება. მაგრამ მათ უცბად შეცვალეს გადაწყვეტილება (იცინის). იარაღის სროლა ბევრს შეუძლია, მისი მართვა – ძალიან ცოტას. მე ეს შემეძლო. მე „ბოევიკად“ შეიძლება, დიდად არ გამოვმდგარიყავი, თუმცა წინ მივდიოდი, „დუხი“ მქონდა, ბევრი კი კურდღელივით ცახცახებდა. კახა თარგამაძე წილს იღებდა პანკისში ნარკოტიკების ვაჭრობიდანო, კარგით რა?! სად გაქრა ის ნარკოქარხნები?!

– მე იმ პერიოდში ვიყავი პანკისის ხეობაში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ იდგნენ იარაღიანი და სათვალიანი კრიმინალური ჰაბიტუსის ჯეელები, ზოგი ნარკოტიკს ჰყიდდა, ზოგი – ყიდულობდა.

– გეთანხმები. ჩეჩნების შემოსვლას გგონია, არაფერი მოჰყვა?! ხომ გახსოვთ რა ხდებოდა იმ პერიოდში ჩეჩნეთში?! იქ იტაცებდნენ ხალხს და აქ არ მოიტაცებდნენ?! ჩეჩნეთში არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო მაშინ?

– მერე რატომღა ჩატარდა პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია?

– 11 სექტემბრის შემდეგ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება ამ პირების მიმართ და ყველა აღიარეს ტერორისტად. ჩატარდა ღონისძიებები, მაშინაც ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ იმ დროისთვის „ბოევიკების“ ძირითადი მასა იქ უკვე აღარ იყო.

– კოდორისკენ გადავინაცვლოთ.

– პანკისის ხეობაში ყველაფერი ჩაწყნარდა და ამ დროს ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩეჩნები არიან ზუგდიდში და მოძრაობენ კოდორის მიმართულებით. რა თქმა უნდა, მათი ეს გადაადგილება თარგამაძის გარეშე მოხდა, დავადგინეთ, ვის მიერ იყო ორგანიზებული. „რუსთავი 2-მა“ გაახმოვანა ამ ხალხის გადაადგილება და თითქოს ისინი აპირებდნენ აფხაზეთზე თავდასხმას. ჩეჩნების ჯგუფი კოდორიდან ვეღარ გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან, როდესაც რუსეთმა შეიტყო მათი გადაადგილების შესახებ, საზღვარი გაამაგრა. არავინ თქვას, ჩვენები ვერც მაშინ და ვერც დღეს ვერ აკონტროლებენ საზღვრის იმ 85-კილომეტრიან მონაკვეთს. ერთი სიტყვით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩეჩნები აფხაზეთის გასათავისუფლებლად მიდიოდნენ და აფხაზებმა დაიწყეს თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. სხვათა შორის, ჩეჩნების იმ ჯგუფს გაჰყვა ჩემი, შინაგანი ჯარის, 30-მდე თანამშრომელი, ეგრეთ წოდებული ტყიბულის ბატალიონის წევრები, აფხაზეთიდან დევნილი ბიჭები, რომლებმაც დაიჯერეს, რომ ჩეჩნები აფხაზეთის გასათავისუფლებლად მიდიოდნენ. სისულელე დაემართათ: არც ერთ ჩეჩენს არ უბრძოლია აფხაზეთში ჩვენს სასარგებლოდ. დღეს აცხადებენ, რომ მაშინ, 2001 წელს, თარგამაძემ გადაიყვანა ჩეჩნებიო, რაც სრული აბსურდია. როდესაც ჩვენი შინაგანი ჯარის ბიჭები იქიდან დაბრუნდნენ, მოვაყოლინე ყველაფერი და ყველა დოკუმენტური მასალა მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო უდიდესი ავანტიურა და სწორედ მაშინ იყო დაგეგმილი რუსეთ-საქართველოს ომი. ერთი სიტყვით, როგორც კი ჩეჩნები გამოჩნდნენ კოდორის ხეობაში, აფხაზებმა სერიოზულ ძალას მოუყარეს თავი, მძიმე ტექნიკიანად და წამოვიდნენ კოდორის მიმართულებით. შეიქმნა კოდორის ხეობის დაკარგვის რეალური საფრთხე. მეც დავიწყე შინაგანი ჯარის მობილიზაცია, თუმცა უკვე ვიცოდი, რითაც დამთავრდებოდა ის შეტაკება. ამ დროს დაიკარგა კომუნიკაცია მოსკოვთან, შევარდნაძე ვერავის უკავშირდებოდა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ომი იწყებოდა. შევარდნაძე ურეკავს არსენიშვილს და ავალებს, დაუკავშირდეს კასიანოვს, რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. ისინი ეუბნებიან, ჩვენ არაფერი ვიცითო. იკრიბება უშიშროების საბჭო და იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს პროცესი უნდა შეაჩეროს თარგამაძემ, თორემ ვებმებით ომში რუსეთთან. გავემგზავრე რუსეთში, ვერ მოვყვები რა საშუალებებით, მაგრამ ლამის მუხლებზე დამდგარმა მოვახერხე, რომ შევარდნაძე და რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ერთმანეთს დავალაპარაკე და ეს პროცესი შეჩერდა.

– რაზე ილაპარაკეს პუტინმა და შევარდნაძემ? რა შესთავაზა კოდორის სანაცვლოდ?

– ვიცი მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ ვერ ვიტყვი. თუმცა ეს საკითხი მათ დალაპარაკებამდე გადავწყვიტე. გავაჩერე საქართველო-რუსეთის ომი და აი, ამას მოჰყვა ჩემ მიმართ აგრესია „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთის მხრიდან. წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა, როგორ გაბედე და გააჩერე ის ომიო. გადმოვფრინდი მოსკოვიდან, ვიცი, რომ არც სიმღერებს დამიწერენ და არც ლექსებს მომიძღვნიან, მაგრამ მხოლოდ იმას ვითხოვ, ნუ მაგინებთ მაინც-მეთქი. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ, რაკი თარგამაძემ შეაჩერა კოდორის დაკარგვა, ხვალ შეიძლება, დაიბრუნოს აფხაზეთი, ამიტომ თარგამაძე შეიძლება, გახდეს პრეზიდენტი და რად გვინდა ასეთი აფხაზეთიო. რასაც ვამბობ, ამის ოფიციალური საბუთები არსებობს, ამოიღეთ მათი იმდროინდელი განცხადებები და თავად დარწმუნდებით. აქედან გამომდინარე, დაიძაბა ჩემთან ურთიერთობა, დაიწყეს ჩემი პარლამენტში გამოძახებები. სხვათა შორის, როდესაც მოსკოვიდან ჩამოვედი, ჩამოვიტანე რუსეთ-საქართველოს შორის დიდი ჩარჩო-ხელშეკრულების პროექტი, რომლის პირველი პუნქტებიც შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არათუ პუნქტები შეეხებოდა, უკვე დავიწყე მოძრაობა აფხაზეთში, ჩავდიოდი, მქონდა მოლაპარაკებები, ყინული დაიძრა.

– იმ ჩარჩო-ხელშეკრულებაში, თუ არ ვცდები, რუსეთი მოითხოვდა, რომ მესამე ქვეყნის ჯარები არ განთავსებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე?

– ნუღარ მალაპარაკებთ ამაზე, რაც მთავარია, ყინული დაიძრა.

– იმიტომ გეკითხებით, რომ სწორედ ეს არის არსებითი საკითხი, რასაც მოჰყვა ის, რაც დღეს ხდება?

– საქართველოში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი ქვეყნის ჯარი. ამას გარდა, იმ ჩარჩო-ხელშეკრულებაში იყო სხვა საკითხებიც. არ უნდა ჩამეყო ცხვირი ამ საქმეში, მაგრამ რა მექნა?! შევძელი, გამომდიოდა, უნდა მეთქვა უარი? ალბათ, უნდა მეთქვა. როდესაც ასეთ ნაბიჯზე მიდიხარ, უნდა იცოდე, რომ დედას გიტირებენ. არავინ გაპატიებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს. პროქართულად მოაზროვნე კაცი არავის სჭირდები, რომელიმე პოლუსზე უნდა იყო, არადა დღეს ქვეყნისთვის ორივე დამღუპველია. ჩემი გადადგომის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი შეწყდა. მეტსაც გეტყვით, დასავლეთმა შევარდნაძე სწორედ ამ მოლაპარაკებების გამო გაწირა.

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3