რას ითვალისწინებს პატიმრის კვების რაციონი ახალი „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით და რა იგულისხმება „ჰიგიენის პირობებში“
ჯერ ერთი, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო პატიმართა უჩვეულო სიმრავლით გამოირჩევა (იმას გარდა, რომ 300 000 პრობაციონერიც გვყავს) და, რაც მთავარია, ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ადამიანის, მით უფრო, გისოსებს მიღმა მყოფი ადამიანის უფლებების დაცვაა. ამიტომაც, საიას ადვოკატ გაგი მოსიაშვილთან გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, თუ რა გარანტიებსა და უფლებებს სთავაზობს ქართული კანონმდებლობა (და არა რეალობა) მსჯავრდებულ პირებს.
– ჩვენი კანონმდებლობით, რის უფლება აქვს საქართველოში მსჯავრდებულ პირს?
– ახალი „პატიმრობის კოდექსი“ 2010 წლის 9 მარტიდან ამოქმედდა. ამ კოდექსმა შეცვალა ის, რომ გაათანაბრა მსჯავრდებულისა და ბრალდებულის უფლებები და პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკმაოდ გაუზარდა უფლებები. აქვე განვმარტავ, რომ მსჯავრდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ის კანონიერ ძალაშია შესული და მას სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ვადიანი ან უვადო პატიმრობა. მსჯავრდებული კი არის პირი, რომლის მიმართაც სასამართლო განაჩენი ჯერ არ გამოტანილა. ამას გარდა, ადრე მოქმედი კანონმდებლობა პიროვნების სტატუსის განსაზღვრისას ცნობდა ოთხ ეტაპს: ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელსა და მსჯავრდებულს. დღეს უკვე აღარ არსებობს ეჭვმიტანილისა და განსასჯელის სტატუსები და არიან მხოლოდ ბრალდებული და მსჯავრდებული.
კანონმდებლობაში მოცემულია, თუ რა უფლებები აქვთ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ისინი ჩამოთვლილია „პატიმრობის კოდექსის“ მე-14 მუხლში.
– კერძოდ?
– ისინი უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომისა და პირადი უსაფრთხოების ან სამედიცინო მომსახურებით.
– რაღაც, უკეთესი პირობები ჩანს, ვიდრე გარეთ?
– კანონით, ასეა. ასევე, ახლო ნათესავებთან შეხვედრით, დამცველთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრის უფლებით, თუ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ანუ დიპლომატიური წარმომადგენელი იმ შემთხვევაში დაიშვება კონკრეტულ პატიმართან, თუ ის არის იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე. როდესაც შეხვედრის უფლებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ნათესავებთან შეხვედრა და კანონმა გამოყო როგორც პაემანი, ისე ხანგრძლივი პაემანი. ეს საკანონმდებლო ნოვაციაა და, იმედი გვაქვს, რომ პრაქტიკაში წარმატებით დამკვიდრდება.
– სამვარსკვლავიანი სასტუმროს დონის შეხვედრების სახლზეა, არა, საუბარი?
– დიახ. ამას გარდა, მსჯავრდებულსა და ბრალდებულს აქვთ სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. ასევე, ამანათისა და ფულის მიღებისა და გაგზავნის უფლება; უფასო იურიდიული და სამართლებრივი კონსულტაციის უფლება ადგილზე; ზოგადი და პროფესიული განათლების მიღების უფლება; უფლება, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში; მიიღონ ინფორმაცია პრესითა და მასობრივი მედიასაშუალებებით; ისარგებლონ მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ასევე, შეუძლიათ, შეიტანონ მოთხოვნა-საჩივარი, თუ მათი უფლებები ირღვევა; ყოველდღიურად, არანაკლებ ერთი საათისა, იმყოფებოდნენ სუფთა ჰაერზე. განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით, დროებით დატოვონ თავისუფლების აღკვეთის ადგილი. სწორედ ახალი კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ პიროვნებამ, რომელსაც მისჯილი აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, დროებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება.
– მითითებულია, კონკრეტულად რა შემთხვევაში?
– განსაკუთრებულ პირობებში. განსაკუთრებულ პირობებში კი იგულისხმება ოჯახის წევრის გარდაცვალება ან დაოჯახება, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს.
– მხოლოდ მსჯავრდებულს აქვს ეს უფლება?
– ორივეს: ბრალდებულსაც და მსჯავრდებულსაც.
– საპატიმროს დატოვების ვადა მითითებულია?
– ეს ინდივიდუალურია. ძირითადად, 2-3 დღით.
– ხარჯებს ვინ ფარავს?
– ბადრაგირებისთვის განკუთვნილი ხარჯები, შესაძლოა, დაფაროს სახელმწიფომაც ან ოჯახმა, შეთანხმებით. მაგალითად, როდესაც ხორციელდება ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება გეგმური შემოწმებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს თავისი ბიუჯეტი და ის აფინანსებს ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, მაგრამ თუ ეს არ ხდება გეგმურად და მსჯავრდებულს ან ბრალდებულს აქვს სურვილი, სამედიცინო მომსახურება მიიღოს დროულად, შესაძლოა, რომ ეს ხარჯი დაფაროს ოჯახმა. ანუ, მიდგომა ინდივიდუალურია – შესაძლოა, მოხდეს როგორც სახელმწიფოს, ისე ოჯახის ხარჯით.
ისევ უფლებებს რომ დავუბრუნდეთ: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსჯავრდებული სარგებლობს სახელმწიფოს რეაბილიტაციის პროგრამით.
– ჩვენ გავეცანით ზოგად ჩამონათვალს, მაგრამ, თუ არის განმარტებული კანონში, კონკრეტულად რას ნიშნავს კვება, ჰიგიენის უფლება და ასე შემდეგ? რადგან, შავი პურით კვებაც კვებაა და შავი ხიზილალითაც.
– კანონმდებლობა დეტალურად განმარტავს ამ უფლებების ჩამონათვალს. მაგალითად, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართის ნორმა არ უნდა იყოს 2 კვადრატულ მეტრზე ნაკლები; დახურული ტიპის დაწესებულებაში – 2,5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები; ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები; არასრულწლოვანთა დაწესებულებაში – 3,5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ერთ ბრალდებულზე კი ეს საცხოვრებელი ნორმა არ უნდა იყოს 2,5 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ახალმა კოდექსმა გარკვეული ნოვაცია განიცადა საპატიმრო დაწესებულებებთან მიმართებაშიც. განისაზღვრა სამი ტიპის საპატიმრო დაწესებულება: ნახევრად ღია, დახურული და არასრულწლოვანთა სპეციალური და ქალთა სპეციალური დაწესებულებები. რას ნიშნავს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება? ეს არის სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, სადაც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებულნი არიან საერთო საცხოვრებლებში, სადაც მათზე შესაძლებელია ვიზუალური დაკვირვება. იცით, რომ დამცველთან ურთიერთობა კონფიდენციალურია, ამიტომ, კანონმა აღიარა, რომ ეს ურთიერთობა კონფიდენციალურია, თუმცა, დატოვა ვიზუალური დაკვირვების შესაძლებლობა.
დახურული ტიპის დაწესებულება კი არის დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული, სადაც უზრუნველყოფილია ვიზუალური მეთვალყურეობა. მსჯავრდებულები იქ სპეციალურ საკნებში არიან განთავსებულნი. ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულებები კი არის ნახევრად ღია ტიპის.
– არ გეჩვენებათ, რომ ფართის სტანდარტი მაინც მცირეა?
– ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს სტანდარტიც არ არის დაცული. ინდივიდუალურ საკნებში მეტ-ნაკლებად დაცულია, მაგრამ, საერთო საკნებში გაცილებით მძიმე ვითარებაა. კანონით, ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საწოლი და, თავისთავად, საპატიმროების გადატვირთულობა უშლის ხელს იმ უფლებების რეალიზაციას, რაზეც ვისაუბრეთ.
ამას გარდა, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს აქვთ შეუზღუდავი მიმოწერის უფლება. რაც შეეხება პაემნის უფლებას: ხანმოკლე პაემანი გრძელდება ერთიდან ორ საათამდე.
– შეზღუდულია ხანმოკლე პაემნების რაოდენობა?
– თვეში ერთხელ – დახურული ტიპის დაწესებულებაში და თვეში ორჯერ – ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. ამავე დროს, 2011 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ვიდეოპაემნები, თუმცა, არ ვიცი, რამდენად მოქმედებს ეს ნოვაცია პრაქტიკაში. მაგრამ, ზოგადად, ვიდეოპაემნის უფლებას კანონმდებლობა 2011 წლის პირველი იანვრიდან ცნობს.
– კვების რაციონი როგორია?
– მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა უნდა მიიღონ ისეთი სახეობის საკვები, რომელიც არ იქნება მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო. კოდექსის 23-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კვების პროცედურას. გვიწერია, რომ საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის ან მსჯავრდებულისთვის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. კვების ნორმები კი ცალკე განისაზღვრება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვება. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და ხანდაზმულებს კი უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. ჩვენ ვიცით, რომ მსჯავრდებულს უწყდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება. ამას გარდა, მსჯავრდებულსა და ბრალდებულს აქვთ უფლება, თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში შეიძინონ დამატებითი კვების პროდუქტები და პირადი ჰიგიენის ნივთები. ზოგადად, კანონმდებლობით, განმარტებულია, რომ მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შენახვა სახელმწიფოს ეკისრება, მაგრამ, მათ აქვთ დამატებითი პრივილეგიებით სარგებლობის უფლებაც.
– ჰიგიენის პირობებში რა იგულისხმება, მხოლოდ წყალი?
– დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. როგორც წესი, ბრალდებულები და მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შხაპის მიღებით კვირაში ორჯერ.
– მხოლოდ ორჯერ?
– კანონში არის დათქმა, რომ კვირაში ორჯერ, რაც ნიშნავს, რომ კვირაში არანაკლებ ორჯერ, თუმცა ეს ორჯერაც რამდენად სრულდება, სხვა საქმეა.
– კანონის გამკვირვებია, ორჯერ რომ უწესებს დაბანის ნორმას ადამიანს.
– ასევე, ისარგებლოს საპარიკმახერო მომსახურებით, არანაკლებ თვეში ერთხელ. ადმინისტრაციას ეკრძალება, მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის მთლიანად გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. რაც მთავარია, პატიმარს წყალი შეუზღუდავად უნდა მიეწოდებოდეს.
– ცივი თუ ცხელიც?
– კანონმდებლობაში განმარტებული არ არის, ცივი თუ ცხელი, მაგრამ, ისეთი სახით უნდა მიეწოდებოდეს წყალი, რომ მას შეეძლოს წყურვილის დაკმაყოფილება. თუ წყალს არ მიაწოდებ, ეს უკვე შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა.
– „დისქავერზე“ ვნახე, როგორ დასაჯეს ამერიკის მოქალაქე მამლებისადმი არაჰუმანურ მოპყრობაში იმის გამო, რომ წყალს არ ასმევდა, რადგან იმ მამლებს ბრძოლებისთვის იყენებდა და უწყლობით აბოროტებდა. რა უფლებები ერთმევათ მსჯავრდებულსა და ბრალდებულს?
– როდესაც პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ის არის პენსიონერი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მას უწყდება ყველა სოციალური დახმარება და მასზე უკვე ზრუნავს სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი ორგანო. რაც შეეხება სხვა უფლებებს: მსჯავრდებულს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა, ეს უფლება აქვს ბრალდებულ პირს.
– პრობაციონერს აქვს ხმის მიცემის უფლება?
– პრობაციონერს აქვს ხმის მიცემის უფლება, ეს საგამონაკლისო უფლებაა. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ძირითადი ვალდებულებაა, რომ მოახდინოს იმ უფლებების რეალიზაცია, რაც კანონითაა განსაზღვრული. ამ უფლებების ხელყოფა კანონმდებლობის დარღვევაა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვალდებულებაა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების რეალიზაცია.
– იმ შეფასებებით, რასაც სახალხო დამცველი და უცხოური სამონიტორინგო ჯგუფები აკეთებენ, ნაკლებად უნდა სრულდებოდეს საპატიმრო ადგილებში ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები. თქვენ როგორი შთაბეჭდილება გაქვთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის არის „პატიმრობის კოდექსი“ სახელმძღვანელო თუ იქ ცხოვრება თავისთვის მიედინება, კანონი კი თავისთვისაა?
– ეს სისტემა საკმაოდ რთულია გამოსასწორებლად, თუმცა, კანონმდებლობა საკმაოდ დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული. ერთი მხრივ, მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების მიერ, მეორე მხრივ კი, ადმინისტრაციის მიერ „პატიმრობის კოდექსით“ გაწერილი უფლება-მოვალეობების შესრულება შესანიშნავ ატმოსფეროს შექმნიდა საპატიმრო ადგილებში. სამწუხაროდ, იმ მონიტორინგის შედეგები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხორციელდება, ასევე, სახალხო დამცველის ანგარიში, იმის თქმის სამართლებრივ საფუძველს გვაძლევს, რომ კანონმდებლობაში გაწერილი სამართლებრივი ნორმები, რბილად რომ ვთქვა, ვერ სრულდება. მე მინდა, რომ ვერ სრულდებოდეს და არა – არ სრულდებოდეს.
– ნება არ არსებობს ამ კანონის შესრულების თუ რა არის მიზეზი?
– თუ პოლიტიკური საფუძველი იქნება, სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ კანონით გათვალისწინებული ნორმების შესრულება თავისთავად გამოიწვევს ვნებათა დაცხრომას და ეს უკვე იქნება იმის საფუძველი, რომ ვისაუბროთ დემოკრატიულ და ჰუმანურ პრინციპებზე, რაც უნდა სუფევდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.