„მაშასადამე ევროპელი“
მჯობნის მჯობნი
თავი მოგვწონს, რომ ჩვენ გარდა არც ერთ სახელმწიფოს არ გაუზრდია პენსიები ამ გაქანებული კრიზისის პერიოდშიო (თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში ყოველთვიური პენსიის ოდენობა 5 000-8 000 ევროა, მე რომ მკითხოთ, ამ კრიზისის პერიოდში და მესამე სამყაროს ბედკრულ პენსიონერებთან სოლიდარობის ნიშნითაც, საკუთარი ნებითვე უნდა შეემცირებინათ), მაგრამ, მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ჰოდა, რაკი არ დაილევა, გაირკვა, რომ ლონდონის ბირჟის FTSE-ის მონაცემებით, 2002 წლიდან მოყოლებული, წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერებს ბონუსები 187 პროცენტით გაეზარდათ და, რაც მთავარია, ეს, თურმე, ამ კომპანიების აქციებზე ფასის ზრდას სულაც არ უკავშირდება. სახელდობრ კი, ბოლო 9-10 წლის განმავლობაში, ფირმების დირექტორებს ხელფასები 63 პროცენტით, ხოლო თანამშრომლებს 27 პროცენტით მოემატათ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მატებას თავად კომპანიების მოგების ზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მიზეზი კი ჩვენი ყოფისთვის ერთობ უცნაურია: ექსპერტების აზრით (ბუნებრივია, დასავლელი ექსპერტების აზრით), ბიზნესმიღწევებისთვის ფულადი ჯილდოების დაწესება აუცილებელია.
შორეული შედარება რომ არ გამოგვივიდეს, აქვე ვიტყვით: 2010 წლის მონაცემებით, ამერიკის ბანკებმა და საინვესტიციო ჯგუფებმა თავიანთ თანამშრომლებს ბონუსების სახით რეკორდული ოდენობის თანხა – 144 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყვეს.
ამის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში კვლავაც ძალაშია „შრომის კოდექსი“, რომლის ძალითაც, როგორც ჩვენივე პრემიერ-მინისტრი შენიშნავს, ინვესტორებს (მარტივად რომ ვთქვა, ადგილობრივ თუ უცხოელ დამქირავებლებს) მხოლოდ იმიტომაც შეუძლიათ დაქირავებულების (ბონუსს ვინ ჩივის) გარეთ გამოძახება, თუ ცუდ ხასიათზე გაეღვიძებათ.
მე მინდა, ვიყო, მაშასადამე, ევროპელი (თუ ქართველი ვარ), თქვენ?!