დაობლებული
„ბაბილონის გოდოლი“
მართალია, ჯერ ჩვენ, ქართულენოვნებსაც, ისიც ვერ გაგვირკვევია, რომ არც აღმაშენებელია ფსევდონიმი და არც – წამებული, თუმცა, ევროინტეგრაციის ეგიდით ევროსაბჭოს წინაშე კარგა ხნის წინათ ავიღეთ ვალდებულება, რომ რეგიონულ ენათა ქარტიას ვარატიფიცირებდით. იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ ევროსაბჭოს წინაშე არაერთი ვალდებულება აგვიღია, რომელთა ნაწილი არ (ან ვერ) შეგვისრულებია (თუნდაც, მესხეთელი თურქების დაბრუნების შესახებ), რეგიონულ ენათა ქარტიის რატიფიცირებამ აქტუალობა „ვიკილიკსის“ წყალობით შეიძინა (რომელმაც გასული კვირა ლამის მხოლოდ საქართველოს მოუძღვნა). სწორედ ამ სკანდალური საიტის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის ელჩი ბ-ნი ტეფტი ჯერ კიდევ 2008 წელს აცნობებდა ზემდგომებს, რომ „საქართველოში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადება სამართლიანი და კანონიერია (თუმცა ბ-ნი ტეფტის სამშობლოში ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, თუკი აშშ-ის მოქალაქეობა გსურს).“ ხოლო, რაკი ჩვენს სამშობლოში არცთუ უმნიშვნელო რაოდენობის აზერბაიჯანელი მოსახლეობაა, მართალია, ბ-ნი ელჩი ამ საკითხზე დუმს, თუმცა აშკარაა, რომ რეგიონული ენის სტატუსზე აზერბაიჯანულსაც ექნება პრეტენზია (ან კი რატომ არ უნდა ჰქონდეს, თუკი ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვბრძანდებით?!) და, შესაძლოა, რუსულსაც ან იქნებ რომელიმე სხვასაც. თუ ამას დავამატებთ ოსურსა და აფხაზურს (ეს უკანასკნელი ისედაც სარგებლობს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსით და სავსებით სამართლიანადაც), აქ ამბავი იქნება, „ბაბილონის გოდოლს“ შეშურდება (თანაც, ზედაც საკაზმად გაინგლისურენოვნებაც ემატება). ამბავი კი იმ მარტივი მიზეზით შეიქნება, რომ სახელმწიფო ენა საქართველოს არაქართველი მოქალაქეების უმეტესობამ არ იცის (მათი ერთ-ერთი არგუმენტი ასეთია – არ გვჭირდება).
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავ-რე, ბ-ნი დარჩიაშვილი გვაიმედებს, რომ „ქართული მხარის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი იმ ვალდებულების საკითხი, რომელიც რეგიონულ ენათა ქარტიის რატიფიცირებას უკავშირდება, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია (რა თქმა უნდა, მსჯელობის საგანია, რადგან, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია ვერ შევძლოთ).“
ამის პარალელურად, „მრავალეროვანი საქართველო“ აცხადებს, რომ, იმედია, ახლა მაინც ესმით რეგიონული ენის მნიშვნელობაო (სავარაუდოდ, იმიტომაც უნდა ესმოდეთ, რომ ამის შესახებ თვით ბ-ნ ტეფტს უთქვამს). თუმცა, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ენა ვერ ასრულებს საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ფუნქციას (რადგან საქართველოს ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების უმეტესობას, რაკი არ სჭირდება, არ სცოდნია), იქნებ (თუმცა, რაღა იქნებ, ეჭგარეშე!) თავდაპირველად სახელმწიფო ენის მნიშვნელობა გაგვეგო და ამის შემდეგ – რეგიონულის?!