კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პოლიტიკური საფუძველი აქვს რომის კათოლიკური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაახლოებისა და თანამშრომლობის მცდელობას

რომის პაპმა, ალბათ, მას შემდეგ, რაც ის სავალალო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რის მიხედვითაც, ევროპის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ათეისტია, რომის კათოლიკური ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოების პროცესი დაიწყო. თუმცა არც ისაა გამორიცხული, ამ რელიგიური ნიშნით თანამშრომლობას პოლიტიკის სუნიც ასდიოდეს. რატომ გადაწყვიტეს კათოლიკურმა და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაახლოება? – საკითხს მამუკა გიორგაძე განგვიმარტავს.

– რის მანიშნებელია დაახლოების განაცხადი და რა პროცესების შედეგად შეიძლება, მივიჩნიოთ ის?
– რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მოიმკო ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში თესავდა. მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფა გახდა მისი არასწორი მიმართულებით სვლის საფუძველი, ისევე, როგორც კოსმოსში მიმავალი რაკეტის რამდენიმე წამით ან მილიმეტრით არასწორად გაშვება, კოსმოში შეპირისპირებისას კილომეტრობით სხვაობას იძლევა. 1054 წელს დაწყებულმა არასწორმა სვლამ ათი საუკუნის შემდეგ რომის კათოლიკური ეკლესია სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. თუნდაც, ავიღოთ რეფორმაციის თემა, რომელიც ეხება რომის პაპის უცოდველობის საკითხს. ამ რეფორმაციის შედეგად მივიღეთ ის, რომ პროტესტანტულმა ეკლესიამ უფრო კომფორტული გახადა რელიგიური ცხოვრება. თუკი მანამდე ერთი ადამიანი გამოდიოდა ქრისტეს მეგობარი და უცოდველი, პროტესტანტებმა განავითარეს ეს ხაზი და დღეს პროტესტანტული ეკლესია ისეთ კომფორმისტულ გზაზე დგას, რომ ძალიან ბევრი მრევლი წაართვა კათოლიკურ ეკლესიას. მართლმადიდებლები დარჩნენ რა თავიანთ პრინციპულ პოზიციაზე, მეორე მხრიდან უტევენ კათოლიკობას. ამას ემატება მუსლიმანური აგრესია დასავლეთ ევროპაში. ამიტომაც ყველაზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა რომის კათოლიკური ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეზრდილი იყო სახელმწიფო ხელისუფლებასთან. მაგრამ იმ ქვეყნების სეკულარიზაციამ გამოიწვია ის, რომ ყველაზე მოუმზადებელი ოცდამეერთე საუკუნეს სწორედ კათოლიკური ეკლესია დახვდა. ამან განაპირობა ის, რომ საკმაოდ ხნიერი, მაგრამ კონსერვატიული აზროვნებით გამორჩეული ადამიანი აირჩიეს რომის პაპად, რათა მან როგორმე ტრადიციებისკენ შეაბრუნოს კათოლიკური ეკლესიის ცხოვრება. როდესაც კათოლიკური ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტი იყო და სასულიერო პირები პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენდნენ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას უჩნდებოდა სურვილი, წასულიყო ამ მიმართულებით, მაგრამ დღეს, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ კათოლიკურ ქვეყნებში დაკარგა ძველებური სტატუსი და პატივისცემა, ახალგაზრდა კაცისთვის სასულიერო ცხოვრების არჩევა მძიმე ტვირთად იქცა. შესაბამისად, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა მიდის კათოლიკურ ეკლესიაში სასულიერო პირად.
– სასულიერო პირების სიმცირეს უჩივის კათოლიკური ეკლესია?
– რა თქმა უნდა, რადგან იქ არაბუნებრივი ვითარებაა. ჩვენთან არის ეგრეთ წოდებული თეთრი სამღვდელოება, ანუ ცოლიანი მღვდლები, და თუ ვინმეს აქვს სურვილი, იცხოვროს განდეგილად, ამისთვის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მონასტრები, სადაც სასულიერო პირები ცხოვრობენ უბიწოების აღთქმის ქვეშ. მაშინ, როდესაც დღევანდელ დღეს ძალიან დიდი პრობლემაა, იცხოვრო რომში, პარიზში, მადრიდში და ახალგაზრდა კაცს ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა გქონდეს აკიდებული. დამთავრდა დიდი ორდენების პერიოდი, როდესაც ისინი წარმართავდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ ორდენებსა და კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდათ თავიანთი მისია: იერუსალიმის გამოხსნით დაწყებული და ლამის ევროპის გადარჩენით დამთავრებული. მათ დღეს ეს მისია დაკარგეს. ამას ემატება დამატებითი პრობლემები: ყველას კარგად გვახსოვს პედოფილიის შემთხვევები და, ბუნებრივია, კათოლიკური ეკლესია ეძებს ხსნასა და კონტაქტებს. ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ მის ძირითად სამწყსოს, ევროპაზე აღარ ვსაუბრობ, სამხრეთ ამერიკას, ფაქტობრივად, მუსლიმანებმა და პროტესტანტებმა მას მრევლი წაართვეს. დღეს მაღალი მატერიებისგან დაცლილ ევროპაში ადამიანის შინაგანი ცხოვრება კრიზისშია, იმიტომ რომ სულიერება გამოირიცხა მათი ცხოვრებიდან, ადამიანი კი სულიერების გარეშე ვერ ძლებს. ღმერთის გარეშე სამოთხის შექმნის მცდელობა ევროპაში კრახით დასრულდა. სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიდის ან ისლამის, იმიტომ რომ ისლამი უფრო აქტიური რელიგიაა, ან პროტესტანტიზმის მიმართულებით, სადაც მეტი შინაგანი კომფორტია. მართლაც, თუ ცოდვაში ვართ, ბარემ კომფორტულ ცოდვაში ვიყოთ. ჩვენ რატომღაც არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სახელმწიფო მოწყობის ყველა სფეროში აღმსარებლობა დიდ როლს ასრულებს. თუნდაც ისეთ, თითქოს განყენებულ საკითხში, როგორიც ეკონომიკაა. ჩინეთმა, იაპონიამ, პროტესტანტულმა ქვეყნებმა მოძებნეს თავიანთი ძირითადი აღმსარებლობის შესაბამისი ეკონომიკური მოდელი: თუ პროტესტანტული სამყაროსთვის კონკურენცია იქცა ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად, გამომდინარე რელიგიური აღმსარებლობიდან, ჩინეთში მთავარ პირობად წამოაყენეს თანამშრომლობა. კათოლიკური სამყარო ამ მხრივაც კრიზისშია. ის ვერ სთავაზობს ახალ იდეებს თავის მრევლს და გახდა ნაკლებ კონკურენტუნარიანი იმ სამყაროში, სადაც თვითონვე დაუშვა კონკურენცია.
– მაგრამ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მოკავშირედ აირჩია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე, სახელმწიფოსთან შეზრდილი ეკლესია და არა მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროსთან თანამშრომლობა?
– სწორედ იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი ქვეყნების რიცხვი ძალიან მცირეა. მაგალითად, კონსტანტინოპოლის, იერუსალიმისა თუ ანტიოქიის საპატრიარქოები თავიანთ სახელმწიფოებში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ, მოკლებული არიან პოლიტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობას. ბუნებრივია, თურქეთში – კონსტანტინოპოლის პატრიარქს, სირიაში – ანტიოქიის პატრიარქს არ აქვთ ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც რუსეთში – რუსეთის პატრიარქს. შესაბამისად, კათოლიკური ეკლესიის ინტერესებს რუსეთში უფრო კარგად გაიგებენ. სამწუხაროდ, საქართველო და სერბეთი, რომლებიც, ასევე, მართლმადიდებელი ქვეყნები არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ ასრულებენ ისეთ მნიშვნელოვან როლს, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს კათოლიკურ სამყაროსთან პოლიტიკური თანამშრომლობის პლანში, ამიტომაც არჩეულ იქნა რუსეთი.
– მაგრამ არც რუსულ ეკლესიას აქვს კათოლიკურ ეკლესიაზე ნაკლები პრობლემები?
– თითქმის მსგავსი პრობლემები აქვთ და ამიტომ უფრო იოლად გაუგებენ ერთმანეთს. როდესაც რუსეთის ეკლესიაზე ვსაუბრობთ, თვალი უნდა გადავავლოთ რუსეთის მართლმადიდებლურ წარსულს და დავრწმუნდებით, რომ რუსეთის პოლიტიკური რენომეს ზრდასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მეტად ებრძოდა რუსულ ეკლესიას. სწორედ იმ პერიოდში იდევნებოდა რუსული ეკლესია, როდესაც უფრო ძლიერი იყო რუსეთის სახელმწიფო. იქნებოდა ეს პეტრე პირველის, ეკატერინე მეორის, სტალინისა თუ ივანე მრისხანეს პერიოდი. ფაქტობრივად, რა ხდება? რუსეთის პოლიტიკური ელიტის და ჩვეულებრივი რუსი მორწმუნის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში სწორედ სახელმწიფოს ძლიერების ხანაში იყო ეს ურთიერთობა ჰარმონიზებული. ესე იგი, ქართველი ერი და ელიტა ქრისტეს მისტიკურ ქსოვილში ერთნაირად იყო შეზრდილი. თუკი პეტრე პირველი რუსულ ეკლესიას აიძულებდა პროტესტანტული ჩვევების დანერგვას, ვახტანგ გორგასალი მასზე ათი საუკუნით ადრე ითხოვდა: თუ გინდა საუკუნო დიდება, ეძებე ქრისტესთვის სიკვდილიო. თავისი ბუნებით საქართველო ჰარმონიულ ეროვნულ-მართლმადიდებლური ქვეყანაა, რასაც ვერ იტყვი რუსეთზე. ყველას კარგად ახსოვს, როგორ სთხოვდნენ არარუს რიურიკებს, მოდით და გვიხელმძღვანელეთო.
– ეს ჩვეულია რუსული სახელმწიფოსთვის.
– დიახ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ძალიან დიდი მამები ჰყავდა და დღესაც ჰყავს, რუსეთში ძალიან დაბალია მოწამეების რიცხვი. მაშინ, როდესაც საქართველოში დიდმოღვაწე მამებთან ერთად, შესაძლოა, უხეში სიტყვაა, არის მოწამეობრიობის ინსტიტუტი, რაც რუსეთში არ არის. ეს ყოველივე მიუთითებს ერთ რამეს: ეროვნულობა და მართლმადიდებლობა ჩვენთან განყენებული ცნებები არ არის. ამიტომ ძალიან ძნელია, ვთქვათ, ქეთევან წამებული, ბიძინა, შალვა და ელიზბარი, დემეტრე თავდადებული სარწმუნოებისთვის დაიღუპნენ თუ ქვეყანას შესწირეს თავი, იმდენად შესისხლხორცებულია ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან. რუსული ცხოვრება კი განსხვავებულია. რუსული ეკლესიის სულისკვეთება განსხვავდება ქართული ეკლესიის სულისკვეთებისგან, თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში რუსული ეკლესია მაინც დომინანტად გამოიყურება თავისი რესურსების, სახელმწიფოს მხარდაჭერის, მრევლის სიდიდის თვალსაზრისით. ამიტომ, ბუნებრივია, კათოლიკური ეკლესია და რუსული ეკლესია უფრო მეტ საერთოს მოძებნიან ერთმანეთთან არსებული, შიდა თუ გარე, პრობლემების დასაძლევად. საქართველოს კი, ეს პრობლემები, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ჩვენ სულ სხვა ტიპის პრობლემები გვაქვს: ის, ვინც ხელს უნდა უწყობდეს ეკლესიის განვითარებას, პირიქით, ხელს უშლის და, თუ ეს პრობლემა მოიხსნა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისუფლების მაქსიმალური ხარისხით და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად ახმარდა ერის განვითარებას.
– რეალურად როგორ შეიძლება განხორციელდეს მათი თანამშრომლობა?
– კათოლიკური ეკლესია მიხვდა, რომ დასავლური სამყაროს სვლა ღმერთის გარეშე მიწიერი სამოთხის შექმნისა, კრახით დასრულდა. ამიტომ მათი სურვილია, რომ ყოფა-ცხოვრება გაიმდიდრონ სულიერებით. ამისთვის მათ სჭირდებათ პარტნიორი, ახალი ხედვები, ახალი იდეები.
– და რუსეთის ეკლესიას აქვს ახალი ხედვების და იდეების პოტენციალი?
– ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ დაინტერესებული ვართ, მოიძებნოს გზები, რაც ორივე ეკლესიას განვითარების სწორ გზაზე დააყენებს. ვიმეორებ, რუსულ ეკლესიას დღესაც ჰყავს უდიდესი მამები, იქ განვითარებულია „სტარეცობის ინსტიტუტი“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი გავლენას ვერ ახდენს რუსეთის ეკლესიის მაგისტრალურ ხაზზე. ამიტომ კირილი, რუსეთის პატრიარქიც, მიხვდა, რომ შეუძლებელი იქნება, დამატებით სულიერი პოტენციალის გამოვლინების გარეშე, რუსეთის ეკლესიის გადარჩენა. რუსეთის ეკლესიას, ასევე, პრობლემა აქვს „სტაროვერებთან“, ლამის ოთხი საუკუნე გავიდა უკვე და ვერ მოიძებნა შეხების წერტილები. საქართველოს ეკლესიისგან განსხვავებით, რომელშიც არ ყოფილა განხეთქილება, რუსული ეკლესია ორჯერაა გახლეჩილი: თავდაპირველად, „სტაროვერების“ დროს და, მოგვიანებით, მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიასთან. ამიტომ კირილი და სასულიერო იერარქები ნამდვილად ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. სახელმწიფო კიდევ შეიძლება, იტანდეს ოლიგარქობას, მაგრამ ეკლესია ვერ გახდება ოლიგარქი. ეკლესიისთვის ამ მიმართულებით სვლა დამღუპველია. დღეს ორივე ეკლესია, როგორც კათოლიკური, ისე რუსული, მიხვდა, რომ კრიზისი აშკარაა. მაგრამ ამავე დროს მათ შორის კონკურენცია მაინც გაგრძელდება. რუსეთი, როგორც მართლმადიდებელი სამყაროს წევრი ეკლესია, ვერ გადალახავს საუკუნოვან წინააღმდეგობას კათოლიკურ ეკლესიასთან. საქართველო, თავისი ღირებულებათა სისტემით და ევროპა ძალიან ბევრ რამეში, რუსეთისგან განსხვავებით, იდენტურია. ჩვენ უფრო ევროპეიზებული ტიპაჟები ვართ, ვიდრე რუსები და მათ ეს პრობლემაც აქვთ. არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ თანამშრომლობას, მაგრამ ერთი კი ფაქტია, კათოლიკური სამყარო მიხვდა, რომ უნდა გადადგას ნაბიჯები, თუმცა რამდენად სწორ გზას აირჩევენ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
– დაახლოების გადაწყვეტილება მხოლოდ სულიერების კრიზისთანაა კავშირში? ცნობილია, რომ ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს ამერიკულ გავლენას, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ევროპა კათოლიკური და რუსეთის ეკლესიების თანამშრომლობითაც ამ პოლიტიკურ მიზანს ისახავს?
– როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საქართველოში რატომღაც მიჩნეულია, რომ პოლიტიკა ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, არადა პოლიტიკა არის ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ბრძოლა და, ამდენად, შეუძლებელია, რელიგიური თემატიკა არ იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან. ძალიან ლოგიკურია კათოლიკური და რუსული ეკლესიების მჭიდრო თანამშროლობა ანგლოსაქსური, ანუ პროტესტანტული სამყაროს წინააღმდეგ.
– დავაზუსტებ: ამერიკულ-ბრიტანული გავლენის წინააღმდეგ?
– რელიგიურად ეს არის პროტესტანტული სამყარო. ანგლოსაქსური განვითარების არეალი მთლიანობაში ემთხვევა პროტესტანტული სამყაროს საზღვრებს. ამდენად, ბუნებრივია, რომ ამ პოლიტიკური შემადგენელის გარეშე, ვერ მოხდება კათოლიკური და რუსული ეკლესიების ურთიერთობა. დღეს ყველაზე პროზელიტიზმის აქტიური პროპაგანდისტები, რასაც პოლიტიკურ ენაზე საკუთარი ღირებულებების ექსპორტირება ჰქვია, არიან პროტესტანტული ეკლესია და ისლამი. ამიტომ, ბუნებრივია, კათოლიკურ და რუსულ ეკლესიებს ორივე მხრიდან აქვთ საფრთხე და ამის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედებენ ამ არეალში, რაც თავისთავად პოლიტიკურ მოვლენებთანაც არის დაკავშირებული. იმიტომ რომ ისლამი რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანი პრობლემაა და არც პროტესტანტობაა ხელწამოსაკრავი თემა მისთვის. ასე რომ, ეს ევროპის რელიგიურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მსოფლიოში შემთხვევითი პროცესები არ ხდება: ერთი პატარა გუნდაც კი ზვავად შეიძლება, ექცეს მსოფლიოს.
– ჩვენთვის რა უფრო ჯობდა: როდესაც ითანამშრომლებენ თუ, როდესაც დანასისხლად იყვნენ?
– ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: თუ საქართველოს ეკლესია მაგისტრალურ ხაზს არ გადაუხვევს, ჩვენ უფლის მფარველობის ქვეშ ვიქნებით. პირიქით, ჩვენ იმდენად კონკურენტუნარიანი ერი და ეკლესია ვართ, თუ სწორ გზას დავადგებით, აუცილებლად გამარჯვებული გამოვალთ. ამას გარდა, ჩვენ უნდა მივიღოთ კიდეც ამ პროცესებში მონაწილეობა, მაგრამ ამავე დროს მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე და უნდა მივისწრაფოდეთ საუკუნო დიდებისკენ, მსოფლიოში ჩვენი განსაკუთრებული ადგილის დაკავებისკენ. ამის ფორმულა დაგვიტოვა ვახტანგ გორგასალმა. მით უფრო, რომ ჩვენს ეკლესიაში იზოლაციონიზმი არასდროს ყოფილა. ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესებში ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად, რადგან ჩვენ ჩვენი სამეუფეო, სწორი ქართული გზა გვაქვს.

скачать dle 11.3