კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განიცდის ყველა ადამიანი ექსორიობას, ანუ პირველი სამშობლოდან გამოდევნას და როდის არის ის ტყუილი ქრისტიანი

ნებისმიერი ქრისტიანისთვის, ვინც ეკლესიაში დადის, უფლის საიდუმლოებებში იღებს მონაწილეობას, ცხონების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხონების გზაზე სიარული ძალიან რთულია და ამას, როგორც ფიზიკური, ასევე დიდი სულიერი გარჯა სჭირდება. რა არის ცხონება, შეიძლება თუ არა ადამიანი ამქვეყნად ცხონდეს, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– ცხონების არსი ერთი სიტყვით შეიძლება ძალიან მარტივად გამოითქვას – ეს არის მადლის მოხვეჭა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე, ანუ ცხონებამდე. როდესაც პიროვნება იღვწის ცხონებისთვის, ის გადის მთელ პროცესს, მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ცხონდა, ამ დროს ეს პროცესი უკვე დასრულებულია. ცხონება არა მხოლოდ მადლის მოხვეჭაა, არამედ იმ უხილავი ნიჭის მოხვეჭაც, რასაც ჩვენ სულიწმიდის ნიჭს ვუწოდებთ. ადამიანს თავისი ცხოვრების გზაზე მიემადლება ეს ნიჭი, რაც მასში სულიერ ფერისცვალებას ახდენს. ეს თავისთავად იწვევს ადამიანის შეცვლას – ოღონდ არა ბუნებით, არამედ მადლით, რადგან ადამიანი ბუნებით ყოველთვის ადამიანად რჩება, მაგრამ ის სულიწმიდის ნიჭის მოხვეჭითა და საკუთარ თავში დატევნით, მიემსგავსება უფალს. მაგრამ, სანამ ადამიანი აქამდე მივა, მას სჭირდება ერთი რამ – რწმენა. ცხონება და რწმენა ერთმანეთზეა დამოკიდებული – ცხონების საწინდარი, პირველი გასასვლელი ეტაპი, ცხონებამდე მისასვლელი გზა და ამ გზაზე ორიენტირი სწორედ რწმენაა.
– რა არის რწმენა, ამ საკითხის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.
– სარწმუნოება და რწმენა არის ის, რასაც ადამიანი საკუთარ თავში განახორციელებს, აამოქმედებს, აამუშავებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს – ეს არის მოსალოდნელის განხორციელება. ანუ, განხორციელება და რეალიზება მოსალოდნელისა, რომელიც ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ანუ, ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი შრომითი, წესიერი-ზნეობრივი ქრისტიანული ცხოვრებით, ქრისტიანული დოგმების შესრულებით ვცხონდებით, ეს არის სარწმუნოება. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის რეალიზება უხილავისა და დაჯერება უხილავის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ადამიანი ჯერ სარწმუნოებაში უნდა გაიზარდოს და თუ ის რწმენით ივლის ამქვეყნად, უფლის მცნებებს სწორად დაიცავს, შეძლებს ოდესმე ცხონდეს.
– შესაძლებელია, ადამიანი ამქვეყნადაც ცხონდეს, თუ ეს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხდება?
– არ არის აუცილებელი, ადამიანი გარდაიცვალოს და შემდეგ ცხონდეს, ეს ამქვეყნადაც არის შესაძლებელი. სულიწმიდა ადამიანებს ასწავლის სამგვარ მიდგომას, თუ როგორ უნდა გააცნობიეროს მან ეს ყველაფერი. ანუ, პირველი – ადამიანმა სწორად უნდა აღიქვას ღვთაებრივი მადლი, ღვთაებრივი სამყარო. თუ ადამიანი ეკლესიის წიაღში არ არის, მართლმადიდებელიც რომ იყოს, წმიდა სამების სახელზე მონათლული, ის მაინც ვერ ცხონდება. მესამე საუკუნის დიდი მამა, კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა: შეიძლება, ადამიანი მონათლული იყოს წმიდა სამების სახელზე, ქრისტიანის სახელს ატარებდეს, მაგრამ მისი ქრისტიანობა ტყუილია, სახელიც ზერელეა, როცა ის არ იღებს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას, რომლის მეშვეობითაც უნდა მიიღოს სულიწმიდის ნიჭი. ურწმუნო ადამიანებიც განიცდიან რელიგიურობას, რომ მათთვის სარწმუნოება, რაღაცის რწმენა მაინც საჭიროა. უბრალოდ, ადამიანის გადასაწყვეტია, დაადგება თუ არა ის სწორ გზას. ასევე, ყველა ადამიანი განიცდის ექსორიობას, ანუ დევნილობას პირველი სამშობლოდან. მეორე – ადამიანმა უნდა გაითავისოს და უნდა ისწავლოს საკუთარი თავის შემეცნება. ამის გარეშე ადამიანის ფერისცვალება ვერ მოხდება. თუ ადამიანი საკუთარ თავს, ცოდვებს, მიდრეკილებებს, დაცემულ მდგომარეობას არ უკვირდება, ვერ ამჩნევს, მაშინ მასში სულიწმიდა არ არის, ან პატარა ნამსხვრევის სახით არის შემორჩენილი, რომელიც ადამიანს უბიძგებს, რომ გახდეს უკეთესი, რაღაცაზე დაფიქრდეს, მაგრამ ის მაინც ვერ ახერხებს საკუთარი სულიერი რეალობის, დაცემული მდგომარეობის დანახვას. და მესამე – ადამიანისთვის აუცილებელია ღვთისა და საკუთარი თავის შემეცნების შემდეგ, უკვე სამყაროს შემეცნება, ანუ იმის შემეცნება, რაც მის გარშემო ხდება. ადამიანი სულიერად როგორ მდგომარეობაშიც არის, ისევე აღიქვამს გარე სამყაროს. ანუ, სულიერად, ინტელექტუალურად, ზნეობრივად როგორი მომზადებულიც არის, ისეთ ფერებში წარმოუდგება გარე სამყარო. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, მაგრამ სულიწმიდის ნიჭის მოხვეჭით, ადამიანს სულიწმიდა ასწავლის, როგორ უნდა მოიქცეს და გახდეს უკეთესი, როგორ მოახდინოს საკუთარ თავში ფერისცვალება. ბევრჯერ ადამიანებს უთქვამთ – მომბეზრდა ერთი და იგივე ლოცვების კითხვა, წირვაზე დგომაც მოსაწყენიაო. ადამიანი, როცა ყურადღებით არ ლოცულობს, მასში მადლი არ არის დავანებული და შესაბამისად, მას ლოცვა, მსახურება ერთფეროვნებად ეჩვენება. ვინც ერთხელ მაინც გულისყურით წაიკითხავს სახარებას, მრავალჯერაც რომ ჰქონდეს გადაკითხული, მისთვის უკვე წაკითხული სახარება ახალი იქნება. ლოცვებს, რომელსაც ადამიანი ყოველდღე კითხულობს, თითქმის ზეპირად იცის, ერთხელ მაინც თუ წაიკითხავს გულისყურით, აუცილებლად ახალ რამეს აღმოაჩენს, კარგად ნაცნობ სიტყვებში აუცილებლად იქნება რაღაც ახალი, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვის შინაარსი იქნება მისთვის ახალი. ასე რომ, ცხონება, ეს არის მუდმივი ღვაწლი ადამიანისა, ცხონებისთვის მუდმივი ბრძოლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვა, მარხვა, ეს აუცილებელი საშუალებებია, რასაც ცხონებამდე მივყავართ, მაგრამ არა გადამწყვეტი. მთავარი, პირადი ღვაწლია, რადგან, თუ ადამიანს ღვაწლი არ გააჩნია, არ გააჩნია პირადი ბრძოლა ემოციური, სულიერი, ფიზიკური, ხშირად სისხლის წვეთებამდე და თუ ამ ყველაფერს არ გადალახავს, ის ვერ ცხონდება. ამისთვის კი ძალიან დიდი შრომაა საჭირო: უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარი თავის უარყოფა. თუმცა, ადამიანები ხშირად საკუთარი თავის უარყოფაში გულისხმობენ ყველაფერზე უარის თქმას. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. საკუთარი თავის უარყოფაში იგულისხმება პირად „მე-ზე“ უარის თქმა, რომელიც არ გვჭირდება, ანუ ჩვენს ცოდვებზე, მიდრეკილებებზე, ყველა იმ სიბილწეზე უარის თქმა, რომელიც ადამიანს აზიანებს სულიერად და ფიზიკურად, ამონებს ცოდვებზე. თუ ადამიანი ამაზე შეძლებს უარის თქმას, ის დაადგება ცხონების გზას.
– შეიძლება, მადლმა ადამიანი დააბრკოლოს, თუ ის მას მოზომილად ეძლევა – იმდენი, რის ატანაც მის სულს, სხეულს შეუძლია?
– არ შეიძლება, ადამიანს, რომელსაც მადლი ეძლევა, სულიერად საქმე ცუდად წაუვიდეს. მე არ ვგულისხმობ მატერიალურ მდგომარეობას. დღეს ადამიანები ხშირად იმიტომ მიდიან ეკლესიაში, რომ ამით მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეკლესიას ასე არ უნდა შევხედოთ, ასე მადლი არ მოიპოვება. პირიქით, შეიძლება, ადამიანს ისიც წაერთვას, რაც აქვს. მადლის მოპოვებას შრომა სჭირდება, ეს მხოლოდ ლოცვის კითხვით არ ხდება. თანაც, თუ ადამიანი ლოცვებს გულით არ კითხულობს, ის უფლის წინაშე, როგორც წმიდა მამები ამბობენ, არაა ცოცხალი, როგორც მკვდარი ისე დგას. აქედან გამომდინარე, ის მადლსაც ვერ იღებს. უფალი, ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს: თქვენი დღესასწაული, თქვენი ლოცვა ჩემთვის საძაგელიაო. ეს ებრაელების მისამართით არის ნათქვამი, მაგრამ დღესაც აქტუალურია. ხშირად უთქვამთ ადამიანზე, ის 10 წელია, დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მაგრამ პიროვნულად საერთოდ არ იცვლებაო. ანუ, მის ტაძარში დგომას, ლოცვს, აკლია მადლი. ის არ იბრძვის მადლის მოხვეჭისთვის, რაშიც მხოლოდ ღვთის ნება არ კმარა. აქ საჭიროა ადამიანის თავისუფალი ნებაც, ღვაწლიც. მადლი ყველა ადამიანს ეძლევა, მაგრამ მეორე საკითხია, ადამიანი ამ მადლს როგორ გამოიყენებს. მადლი არ ამოიწურება, არ იკლებს, ამიტომ ადამიანზეა დამოკიდებული, მას რა რაოდენობით მიიღებს, როგორ განავითარებს საკუთარ თავში.
– როგორია ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ცხონდება. ბევრისთვის ასეთ ადამიანად მხოლოდ სასულიერო პირი მიიჩნევა.
– ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თუ ადამიანი სასულიერო პირია, ბერია, ის აუცილებლად ცხონდება. ჯოჯოხეთი სავსეა სასულიერო პირებით, რადგან ადამიანს, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, უფრო მეტი მოეთხოვება. ცხონება არის მადლით ეკლესიაში და არა პიროვნებებში, შესამოსელში, ან მოწოდებაში. მღვდლების, ეპისკოპოსების გარეშე, არ არსებობს ეკლესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ისინი სასულიერო პირები არიან, ამიტომ ცხონდებიან და თუ ადამიანი საერო პირია, მდაბიოა, ვერ ცხონდება. ცხონების გზაზე სიარული ყველას უჭირს, თუმცა სასულიერო პირს უფრო მეტი ბრძოლა აქვს, რადგან ჩვენ ხალხზეც ვიღებთ პასუხისმგებლობას და უფრო მეტი მოგვეთხოვება. ადამიანი ამ ქვეყანაზე უნდა გახდეს უკეთესი, გამოსწორდეს, რადგან იმქვეყნად ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ, ადამიანი ამ ქვეყანაზე უნდა იყოს ცხონებული, რომ იქაც ცხონდეს.

скачать dle 11.3