როდის გაივლის „ბერლინალეს“ წითელ ხალიჩაზე ნატო დუმბაძის ქალიშვილი და რატომ ვერ უმხელს ის მამას პირად ამბებს
ნატო დუმბაძის უფროსი ქალიშვილი, სოფო ქარცივაძე პრაღაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიურად ატარებს დროს. გარდა იმისა, რომ სწავლობს, ერთ-ერთ სამოდელო სტუდიასთანაც გააფორმა ხელშეკრულება და ფილმშიც მიიწვიეს გადასაღებად. მართალია, პრაღელები ბუნებით ცოტა ცივი ხალხია, მაგრამ ეს მას დისკომფორტს სულაც არ უქმნის. პირიქით, ის თავისი თავდაჯერებულობითა და შრომისმოყვარეობით, ასევე, ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით, საქართველოდან შორს, უცხო მხარეში, წარმატებებს აღწევს და კარიერაში წინ მიიწევს.
– სოფო, ახლახან მიგიწვიეს ერთ-ერთ ფილმში სათამაშოდ, რომლის გადაღებებიც უცხოეთში მიმდინარეობს. როგორ მოხვდი ამ ფილმში და სად მიმდინარეობს გადაღებები?
– ახლა, ჩეხეთში, კერძოდ, პრაღაში ვიმყოფები. სწორედ აქ მიმდინარეობს ფილმის გადაღებები, სადაც მეც მიმიწვიეს. ამ ფილმს ქართველი რეჟისორი, გიორგი ხეჩუაშვილი იღებს, პროდიუსერი კი, ასევე ქართველი – გიორგი ჟღენტი გახლავთ. რეჟისორმა თავად დამირეკა და შემომთავაზა როლი. ბევრი არც მიფიქრია, რადგან ჩემი მეგობრები მონაწილეობენ და როცა სცენარიც წავიკითხე, მივხვდი, ფილმი მართლაც კარგი გამოვიდოდა. ამ დეტექტიურ ფილმში, შვიდი ქართველი ახალგაზრდა მეგობარია, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და სწავლობენ. ფილმის გადამღებ ჯგუფში დანარჩენები ჩეხები არიან. მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო ფილმი გამოვა და ჩემი აზრით, დიდი წარმატებაც უნდა მოიპოვოს. მოკლედ, ამ შვიდი მეგობრიდან ერთ-ერთი მე ვარ. ძალიან საინტერესოა გადასაღებ მოედანზე მუშაობა. ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა ამ მხრივ. ხმამაღლა ვიტყვი, რომ მსგავსი ფილმი საქართველოში ჯერ არ გადაღებულა. გადაღებები კი, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება.
– ფილმის პრემიერა საქართველოშია დაგეგმილი თუ უცხოეთში? რა ჰქვია ფილმს?
– ფილმს ჰქვია „გეიმ-შოუ” და მისი პრემიერა პრაღაშია დაგეგმილი. იმედია, ოქტომბერში ამ ფილმს ქართველი მაყურებელიც იხილავს. ასევე, აპირებენ მის „ბერლინალეზე” გატანას და ვნახოთ, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
– ესე იგი, წითელ ხალიჩაზე გასავლელად ემზადები?
– (იცინის). ნამდვილად, ამ ფილმმა დიდი ამბიციები გაგვიჩინა და აუცილებლად გავივლით წითელ ხალიჩაზე ამაყი ქართველები. თუმცა, ფილმი რომ მორჩება, სანამ წითელ ხალიჩაზე გავივლი, დასასვენებლად ესპანეთში ვაპირებ წასვლას, მეგობრებთან ერთად.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთ სამოდელო სტუდიასთანაც გააფორმე ხელშეკრულება. თავად აირჩიე ამ სფეროში მოღვაწეობა?
– ეს არის ჩეხური სამოდელო სტუდია. სიმართლე გითხრათ, თავად არც კი მიფიქრია იქ მისვლა და ბედის ცდა. დედაჩემს გაუგზავნია ჩემი ფოტოები და „ქსივა”. არადა, ადრე, სულ მეუბნებოდა, იქნებ გეცადა იქ მისვლაო, მე კი ნეგატიურად ვიყავი გაწყობილი. ერთ დღესაც, მივუჯექი კომპიუტერს, გავხსენი საიტი და მხვდება წერილი ამ სამოდელო სტუდიიდან – მოგვეწონა თქვენი ფოტოები და თუ შეგიძლიათ, მობრძანდითო. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. ეგრევე დედაჩემს დავურეკე. მითხრა, მე გავაგზავნე ფოტოები და კოორდინატებიო. ახლა ვეხუმრები ხოლმე, ჩემი პირადი პროდიუსერი ხარ-მეთქი (იცინის). მოკლედ, შეხვედრაზე შევთანხმდით, მივედი, გავაფორმე ერთწლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი და დავიწყე თანამშრომლობა. ძირითადად, სარეკლამო სახეებს ირჩევენ და იღებენ. მე არც მსახიობობას და არც მოდელობას არ ვაპირებ მომავალში. ჟურნალისტობა მინდა და იმედია, უცხოეთიდან მოგაწვდით ახალ ამბებს.
– ესე იგი, მომავალში უცხოეთის შოუ-ბიზნესის ჭორებს შენ მოგვაწვდი ხოლმე?
– (იცინის). არა, მე პოლიტიკით ვარ დაინტერესებული და ამიტომ, ამას ვერ შეგპირდებით. აი, თეთრ სახლში თუ მომიწია შესვლა, მაშინ იქიდან ცხელი ამბების გამხელა, ჩემზე იყოს (იცინის).
– ქართველი მოდელები ცოტა არ იყოს, მორცხვები არიან. თავად თუ მოიხსენი კომპლექსი?
– სიმართლე გითხრათ, ქართული მენტალიტეტი ჩემშიც მყარადაა გამჯდარი და საცურაო კოსტიუმში, ვერც რეკლამისთვის და ვერც ჟურნალის გარეკანისთვის ვერ გამოვეწყობი.
– იქნებ, იმას აქცევ ყურადღებას, რას იტყვიან ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და ასე შემდეგ. ქართველი მამებიც ხომ აზიატები არიან? იქნებ, მათ უწევ ანგარიშს და მენტალიტეტი არაფერ შუაშია?
– სხვათა შორის, თავიდან მამაჩემიც, როგორც ყველა მამა, წინააღმდეგი იყო, მაგრამ რომ ავუხსენით კონტრაქტის პირობები – შეიძლება შამპუნის, კოსმეტიკის ან რომელიმე ტკბილეულის რეკლამაში გადამიღონ და არ მომიწევს, „ბიკინში” პოზირება, მხოლოდ სარეკლამო კლიპებზეა საუბარი-მეთქი, მერე დაგვთანხმდა მე და დედას. მამას, ისევე როგორც დედას, ძალიან უნდა დამოუკიდებელი ვიყო. მანამდე, ორი წელი სტამბულში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ახლა პრაღაში ვარ. მაგრამ, ორ თვეში ერთხელ დედა ჩამოდის და დიდხანს რჩება ხოლმე. ასე რომ, მარტოობის განცდა არც აქ მაქვს.
– უცხო მხარეში დამოუკიდებლად ყოფნა არ გაგიჭირდა?
– ერთი მხრივ, უცხო მხარეში დამოუკიდებლად ყოფნა მიჭირს, თან, თავად მიწევს რეცხვა, ლაგება, საჭმლის კეთება. მაგრამ, აქ, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩემს პროფესიას ვეუფლები და ჩემთვის, ამ ეტაპზე, მთავარი ესაა.
– ნატოს, რა ჩამოაქვს ხოლმე შენთან?
– როგორც ყოველთვის, ქართული საჭმელები, ტყემალი და სუნელები (იცინის). აქ გაიხსნა ქართული რესტორანი, სადაც მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე და რომ გითხრათ, ქართული კერძები მომენატრა-მეთქი, მოგატყუებთ.
– სოფო, შეყვარებული თუ გყავს და ეგუება ის შენს სამოდელო საქმიანობას? ხომ არ ეჭვიანობს?
– მყავს და უკვე ერთი წელია, რაც ერთმანეთი გვიყვარს. გიორგიც ჩეხეთში ცხოვრობს და ქართველია. ის დედაჩემის და მამაჩემის შემდეგ, ერთადერთი ადამიანია, ვინც მამხნევებს და სტიმულს მაძლევს. მეუბნება, აქტიურად უნდა იმოქმედო, ახლა გაქვს შანსი ბევრი იშრომო, რომ მომავალში წარმატებული იყოო. მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ. ისე, გიორგი ეჭვიანია, მაგრამ ჩვენს შორის ნდობაა და არც ეჭვიანობის საბაბს ვაძლევთ ერთმანეთს.
– მშობლებმა თუ იციან შენი სიყვარულის ამბავი?
– დედამ იცის, მაგრამ აი, მამა რომ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, მერე გაიგებს. მამასთან პირად თემებზე საუბარი ყოველთვის მერიდება.
– ოჯახის შექმნას არ გეგმავთ?
– ჯერ არა, რადგან გაგვიჭირდება – თან სწავლა და თან, ოჯახური თანაცხოვრება. გიორგი ძალიან თბილი ადამიანია და მანებივრებს საჩუქრებით. 4 აგვისტოს კი, ჩემს დაბადების დღეზე, გადასაღებ მოედანზე ვიყავი. გიორგიმ კი ნამდვილი სიურპრიზი – დაბადების დღე მომიწყო შუა გადასაღებ მოედანზე. ისე ვიყავით რეპეტიციით გართული, ვერც კი გავიგეთ, როგორ გავიდა დრო და გახდა 12 საათი. უცებ, გამოჩნდა გიორგი ტორტით, ყვავილებითა და საჩუქრით ხელში. კინაღამ გადავდექი ჭკუიდან სიხარულით (იცინის). ეს ის ადამიანია, ვისაც ვენდობი, შემიძლია, რჩევა ვკითხო და ყველა ჩემი ნაფიქრალი გავუზიარო.
– ქეთა თოფურიასთან მეგობრობ. მან თუ მოგილოცა დაბადების დღე?
– ქეთას არ დაურეკავს და არ მოულოცავს, რადგან გასტროლებზე იყო. მაგრამ, დედას ბევრი მეგობარი ჰყავს რუსეთში და ქეთას დედისა და კიდევ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლისგან მოლოცვა სწორედ ნატომ გადმომცა.
– საქართველოში არ აპირებ დაბრუნებას?
– ჯერჯერობით, ვერ დავბრუნდები, რადგან აქ ვაპირებ კარიერის აწყობას. მართალია, ჩეხები ისეთი თბილი და ყურადღებიანები არ არიან, როგორც ქართველები ვართ, მაგრამ ამასაც შევეგუე. სხვათა შორის, განსაკუთრებით ცივები ქართველების მიმართ არიან. ამათ თუ თავიანთ ენაზე არ ელაპარაკები, აგრესია უჩნდებათ. თუ რუსულად დაელაპარაკე, ხომ სულ გიჟდებიან. ხშირად მეკითხებიან, საიდან ხარო, რომ ვეუბნები ჯორჯიიდან-მეთქი – უი, ამერიკა, ჯორჯიაო?! ვუხსნი, ეს ის ჯორჯია არაა, საქართველოა-მეთქი (იცინის). მერე მეუბნებიან, გაგვიგია, ქართველები თბილი ხალხია, სტუმართმოყვარეო. ერთხელ, სუპერმარკეტში ვიყავი შესული და გამყიდველს ყველი მოვთხოვე. მითხრა, ჯერ ჩეხური ისწავლე და მერე მომაკითხეო. აი, ასეთი ხალხია და ძნელია, მათ გვერდით დიდხანს ცხოვრება. თუმცა, გამონაკლისებიც არის და ბევრ ჩემს ჩეხ კურსელს უთქვამს, არ მინდა ჩეხი ვიყოო. პირადად მე, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი საფრანგეთში. იქ ხალხიც თბილია და გარემოც.