რატომ დაიწყო ანა რეხვიაშვილისა და ლევან ხურციას სიყვარულის ისტორია უსიამოვნო გარემოში
ამ ისტორიის შესახებ წერა პირველწყაროებთან ინტერვიუს თხოვნით დავიწყე, თუმცა, მათი მხრიდან მიღებული არგუმენტირებული უარი ვერ გახდა იმის მიზეზი, რომ არაფერი დამეწერა. „არ მინდა პრესასთან ჩემს პირადზე საუბარი”, „ჯერ ისეთი არაფერი ხდება, რომ ამაზე ასე საჯაროდ ლაპარაკი ღირდეს”... მსგავსი ბევრი რამ მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ, ანა რეხვიაშვილისა და ლევან ხურციას სიყვარულზე უკვე მთელი თბილისი ლაპარაკობს.
ჩვენი ინფორმაციით, ანამ და ლევანმა ერთმანეთი არცთუ სასიამოვნო ატმოსფეროში გაიცნეს. ანა ახალი რუსულ-ქართული ერთობლივი ნაწარმის, ფილმ „მოსკოვი-თბილისის” პროდიუსერია, ხოლო ლევანი – მთავარი როლის შემსრულებელი. გადამღებ ჯგუფთან ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე ანა საკმაოდ მკაცრ შენიშვნებს გამოთქვამდა და სწორედ აქ ნახა პირველად ლევანიც. თუმცა, მათი ურთიერთობა მალე დათბა. „გოლდენ ტალანტის“ შესარჩევ კონკურსზე, რომელიც ლევანს მიჰყავდა, ანა პირველ რიგში იჯდა, ულამაზესი, ზურგამოჭრილი კაბით. წყვილი რამდენჯერმე მეგობრების გარემოცვაშიც ნახეს ერთად ბათუმში.
სანდო წყაროს ინფორმაციით, დასასვენებლად წასულ ანას ლევანმა ჩააკითხა და მათ ულამაზესი დღეები გაატარეს თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ კურორტზე. როგორც მეგობრები ამბობენ, წყვილის ურთიერთობა უკვე საკმაოდ სერიოზულია, ისინი ხშირად ლაპარაკობენ ქორწინებაზე, შვილებზე და, ზოგადად – მომავალზე. პარალელურად კი მიმდინარეობს ფილმზე მუშაობაც, რომელიც სულ ცოტა ხანში დასრულდება. იგეგმება ფილმის თბილისური და მოსკოვური პრემიერა, სადაც ანა და ლევანი უკვე წითელ ხალიჩაზე გაივლიან ერთად.
აქვე ორი სიტყვით ფილმზეც მოგიყვებით, სადაც ზაზა მერაბიშვილისა და ჯაბა რუაძის ორი ფილმი ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთ მთლიან, ულამაზეს სანახაობას ქმნის. ზაზა მერაბიშვილის ნაწილში ფილმის მოქმედება ხდება ჩვენს თანამედროვეობაში, რუსულ-ქართული სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიები ძალიან სევდიანად და ემოციურად კვეთს ერთმანეთს და, ასევე, ჯაბა რუაძის ნაწილს, სადაც მოთხრობილია წმიდა გიორგის ხატის ისტორია. ფილმში ლევან ხურციასთან ერთად თამაშობენ: ნატო გაგნიძე, ნიკა თავაძე; რუსული კინოს ვარსკვლავები: ეკატერინა რედნიკოვა, ვლადიმირ ვდავიჩენკოვი, ნინა კნიაზევა, ბორის შერბაკოვი, ანდრეი პანინი, ანატოლი პაშინინი და სხვები. ფილმის გადაღებები ამ თვის ბოლოს უკვე დასრულდება.
რაც შეეხება ანას და ლევანის სიყვარულის ფილმის პარალელურად მიმდინარე ისტორიას, ისე ჩანს, რომ გადაღებებთან ერთად ნამდვილად არ დასრულდება. მართალია, ანა მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობს და პარალელურად მუშაობს, ლევანი კი რუსთაველის თეატრის დასის წევრი და უამრავ პროექტში ჩართული მსახიობია, მათი ურთიერთობა დისტანციურად, მაგრამ, აუცილებლად გაგრძელდება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ანა დაბრუნდება თბილისში თუ ლევანი მოსინჯავს უფრო ღრმად ძალებს რუსულ კინოში, მაგრამ, როგორც სანდო წყაროებიდან გავიგეთ, ამაზე აქტიური მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. ფაქტია, რომ „მოსკოვი-თბილისი” მათი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა, იმ სიყვარულისა, რომელიც მათ ამ მარშრუტით ხშირად ამგზავრებს და, რომელიც, ფილმის სევდიანი დასასრულისგან განსხვავებით აუცილებლად ამ სიტყვებით დამთავრდება: და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად...