კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩასვა ალექსანდრე ანქვაბმა საკუთარი მამა წინასწარი დაკავების საკანში და რა ლეგენდები დადის მასზე აფხაზეთში

ალექსანდრე ანქვაბი 1952 წლის 26 დეკემბერსაა დაბადებული ქალაქ სოხუმში. 1974 წელს როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. განათლება კი ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში გაიმდიდრა. 1975-1981 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. გუდაუთის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანიც გახდა და გუდაუთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ხელმძღვანელადაც მოასწრო მუშაობა.
1981-1993 წლებში ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორი გახდა, ხელმძღვანელობდა მეცნიერების სექციასა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ანალიზის განყოფილებას. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. 1984-1990 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა პოლიტაპარატის ხელმძღვანელად მინისტრის მოადგილის უფლებებით.
1991 წელს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა, 1992-1993 წლებში კი – აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1994 წლიდან ბიზნესს მოჰკიდა ხელი და ამ საქმეს 2000 წლამდე ეწეოდა. 2000 წლიდან აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „აიტაირას“ (აღორძინება) ერთ-ერთი ლიდერია. 2005 წლიდან 2010 წლამდე თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, 2010 წლის თებერვლიდან კი – ვიცე-პრეზიდენტის. ამჟამად ის თვითგამოცხადებული და რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებული აფხაზეთის „პრეზიდენტია“.
ალექსანდრე ანქვაბის პიროვნების ოფიციალური ბიოგრაფიის მიღმა დარჩენილ დეტალებზე კი გურამ ოდიშარიას დახმარებით შეგიქმნით წარმოდგენას.
– როდის გაიცანით ალექსანდრე ანქვაბი?
– დავიწყოთ იმით, რომ მე სოხუმში დავიბადე და იქ ვიყავი, სანამ 1993 წლის 27 სექტემბერი არ მოგვადგა კარს. ალექსანდრე ანქვაბი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებდით, ალიკა ანქვაბი 70-იანი წლების მეორე ნახევარში გავიცანი. ჩვენ ერთი თაობის ვართ და შეუძლებელია, ერთმანეთი არ გვცნობოდა. მე სოხუმის ინსტიტუტი დავამთავრე, შემდეგ ჩემი პირველი წიგნი გამოვიდა, მაშინ ახალგაზრდა პოეტი ვიყავი. მართალია, პოეზიით დავიწყე, მაგრამ ომის შემდეგ ლექსები აღარ დამიწერია. როდესაც გავიცანი, ალიკა ანქვაბი კომკავშირის საოლქო კომიტეტში მუშაობდა. მოგეხსენებათ, მაშინ კომკავშირი მართავდა შეხვედრებს ახალგაზრდებთან, აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებას. სოხუმში ბევრი რამ ტარდებოდა და კომკავშირი ამას თაოსნობდა, დრო იყო ასეთი. თავისთავად, კომკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში ახალგაზრდა მწერლები და პოეტებიც ვიღებდით მონაწილეობას როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან. ალიკა ანქვაბს კომკავშირის მუშაკები „კნიჟნიკს“ უწოდებდნენ, ანუ მწიგნობარს, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა წიგნები და ხშირად მინახავს, როგორ დაატარებდა დიდ ჩანთას, რომელიც წიგნებით ჰქონდა სავსე. ძირითადად, მხატვრული ლიტერატურით, თორემ თვითონ განათლებით იურისტია. ყოველნაირად განვითარებული იყო. ამას გარდა, ძალიან შრომისმოყვარე კაცია და ძალიან დიდი ნებისყოფა აქვს. მაშინაც ამბობდნენ, რომ მას შეუძლია, იმუშაოს 24 საათის განმავლობაში. ძალიან მიზანდასახული ადამიანია. წარმოშობით გუდაუთიდანაა, ფესვები იქიდან აქვს და გუდაუთაში კომკავშირის რაიკომის პირველ მდივნადაც მუშაობდა და გუდაუთის მილიციის განყოფილების უფროსადაც. მოგვიანებით, თბილისში გადმოიყვანეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და აქ მუშაობდა რამდენიმე წლის განმავლობაში. როდესაც მის თანამშრომლებს ან მეზობლებს შევხვედრივარ შემთხვევით ან სუფრასთან, ისინი ამბობდნენ, ანქვაბი იმდენად კეთილსინდისიერი მუშაკი იყო, რომ მისი რიდი და შიშიც კი ჰქონდათ.
მოუსყიდველი კაცი იყო, იმ გაგებით, რომ არ ყოფილა კორუმპირებული და აფხაზები მას სწორედ ასეთად იცნობდნენ და იცნობენ. პირიქით, ის ამბობდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორიაო. ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც ლეგენდასავით დადიოდა აფხაზეთში. როდესაც გუდაუთაში მუშაობდა მილიციის უფროსად, თითქოს მამამისმა მიაკითხა და ერთ ახლობელ კაცზე სთხოვა.
– დაწინაურება?
– არა, რაღაც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და სთხოვდა, ეპატიებინა. აფხაზებმა მითხრეს, რომ ალიკა ანქვაბმა რამდენიმე საათით გააჩერა მამამისი წინასწარი დაკავების საკანში და ამით აგრძნობინა მამასაც და სხვებსაც, არ გაბედოთ და არავითარ შემთხვევაში, არ მოხვიდეთ პროტექციის სათხოვნელად, რადგან უპირველესი კანონია და ჩვენ ის უნდა დავიცვათო. შეიძლება, მამამისი მართლა არ დაუჭერია, მაგრამ ფაქტია, რომ შეეძლო მსგავსი რამის გაკეთება.
– როგორც ჩანს, მისთვის ხელსაყრელი იყო, რომ მასზე ასეთი წარმოდგენა ჰქონოდათ.
– მისი თანატოლები, კომკავშირის მუშაკები, სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, უმეტესობას კარგი ცხოვრება უყვარდა და ისეთი კარიერა გაიკეთეს, რომ კომფორტულად ეცხოვრათ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდის თაობა კომფორტის მოყვარული იყო და ამის გამო კომპრომისებზეც მიდიოდნენ. მაგრამ ანქვაბი მაშინაც განსხვავდებოდა ყველასგან და, ჩემი აზრით, ვინც ის დღეს აირჩია, ძირითადად, იმით ხელმძღვანელობდა, რომ ანქვაბს „რკინის კაცსაც“ უწოდებენ, რადგან იციან, რომ ის დასჯის ყველას, ვინც რამეს დააშავებს. მის ერთ-ერთ ინტერვიუს მოვკარი თვალი, რომელშიც ის ამბობს, რომ რკინის ხელი არ ნიშნავს ავტორიტარიზმს და დიქტატურას, რკინის ხელი ეს არის კანონის ხელიო.
– თუ თბილისში მუშაობდა, ესე იგი, ქართული იცის?
– ვერ გეტყვით, შეიძლება, ესმის, მაგრამ მასთან ქართულად არ მილაპარაკია. მე მას ბოლოს 2000 წელს შევხვდი მოსკოვში. ეს იყო შემთხვევითი შეხვედრა. იმ პერიოდში იმართებოდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება სახალხო დიპლომატიის ეგიდით და ანქვაბი უკვე აღარ მუშაობდა არსად, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. იცით, რომ მასა და არძინბას შორის განხეთქილება მოხდა და ის წავიდა აფხაზეთიდან.
– გავახსენოთ მკითხველს ეს ისტორია.
– ნიუანსები არ ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, ანქვაბი პრინციპულად ითხოვდა რაღაცას, რასაც არძინბა არ ეთანხმებოდა. მე მას 2000 წელს მოსკოვის ოპერის თეატრში შევხვდი. „ტრუბადური“ გადიოდა, თუ არ ვცდები და მღეროდა ხიბლა გერზმავა. ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი ქალია, წარმოშობით სოხუმიდან. მე ახლოს ვიცნობდი მის სანათესაოს. მან თავისი ხმით მართლაც მოხიბლა მუსიკისმცოდნეები და ვიცი, რომ ზურაბ სოტკილავასთან მეგობრობდა. ამბობდნენ, ხიბლა გერზმავას ერთ-ერთი მფარველი და მასწავლებელი ზურაბ სოტკილავააო. ზურაბიც იყო კონცერტზე და სწორედ იქ ვნახე ანქვაბი. დიდი ხანია, არ გვენახა ერთმანეთი. ვისაუბრეთ. ის თავისი ბიზნესით იყო დაკავებული მოსკოვში. თვითონ არ უთქვამს, მაგრამ მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ, თუ ვინმე აკითხავს აფხაზეთიდან საოპერაციო თუ სხვა სახის დახმარებისთვის, უარს არავის ეუბნება და თავის ბიზნესს, ფაქტობრივად, მთლიანად ამ ადამიანებს ახარჯავსო. ბიზნესს, ბუნებრივია, რუსეთში ეწეოდა, რადგან, ჯერ ერთი, არძინბასთან ურთიერთობა გართულებული ჰქონდა და, გარდა ამისა, აფხაზეთში არ არის შესაძლებლობა, აწარმოო ბიზნესი. როგორც ვიცი, ანქვაბი თავისი ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს გაჭირვებულ ადამიანებს ახარჯავდა და ამის გამოც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, მოგეხსენებათ, რას ნიშნავდა არძინბა აფხაზეთისთვის, ანქვაბი კი არძინბასთან დაპირისპირებული იყო. ამ განხეთქილების მიუხედავად, როდესაც „არჩევნები“ ჩატარდა და ბაღაფში აირჩიეს, ანქვაბი ბაღაფშის გუნდში მოიაზრებოდა. წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრი, ბოლოს კი – ვიცე-პრეზიდენტი.
– რაზე ისაუბრეთ?
– რადგანაც მე პოლიტიკოსი არც ვიყავი და არც ვარ, პოლიტიკური საუბარი არ გვქონია. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდობა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. რაღაც-რაღაცეებზე ვისაუბრეთ, ოღონდ ეს არ ეხებოდა პოლიტიკას.
– როგორ ამჩნევთ, იგივე ანქვაბი, სხვა აფხაზები, რომლებსაც თქვენ იცნობდით, რომლებთანაც ურთიერთობდით წლების განმავლობაში, არ გრძნობენ უხერხულობას, როდესაც ხვდებით ერთმანეთს? თქვენ აგერ უკვე რამდენი წელია, ვერ ჩადიხართ თქვენს სახლში, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ?
– ასეთი შეხვედრების დროს ერთმანეთის ბედის მიმართ თანაგრძნობა ყველას აქვს და არა მხოლოდ ისინი, შენც აჩვენებ ამ თანაგრძნობას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვცხოვრობ დღეს აფხაზეთში, ვიცი, რომ აფხაზებმაც გადაიტანეს ომი. მათაც იციან, რაც ჩვენ გადავიტანეთ, მათ წაკითხული აქვთ ჩემი წიგნები და ჩემს წიგნებში მე ბევრი რამ მაქვს მოყოლილი ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს თანაგრძნობა ჩვენ შორის არსებობს, ისევე, როგორც სინანული, რომ ეს ომი როგორმე თავიდან უნდა აგვეცილებინა. ჩვენ ხომ ამდენი ხნის ნაცნობები ვართ და ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს.
– ანქვაბის სამეგობროში იყვნენ ქართველები?
– ყველა ეროვნების წარმომადგენელი იყო მისი სამეგობროს წევრი და, რამდენადაც ვიცი, მისი მეგობრების წრე ახლაც მრავალეროვანია. სოხუმი განსაკუთრებულად მრავალეროვანი ქალაქი იყო და იქ შეუძლებელი იყო ადამიანების ეროვნების მიხედვით დაყოფა. ანქვაბი თავის ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობს, რომ მეგობრობა არ არსებობს ეროვნების ნიშნით. ის ძალიან ნაკითხი კაცია და ვიცი, რომ დიდ პატივს სცემდა და ეხმარებოდა ხელოვან ხალხს. ვიცი, რომ რამდენიმე ნაცნობ მწერალს წიგნი გამოუცა. ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მანამდე ასეთი აუცილებლობა არ არსებობდა, მაშინ წიგნები სხვანაირად გამოიცემოდა. განსაკუთრებით ეხმარებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, როდესაც მოსკოვში ცხოვრობდა. სხვათა შორის, შემდეგაც, როდესაც აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო, გამოსცემდა განკარგულებებს ხელოვნების სფეროს დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს უჭირდა. მისი ამომრჩევლებიც უსვამენ ხაზს, რომ ანქვაბისთვის სულიერებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აფხაზებს აქვთ დაუწერელი კანონი „აფსუარა“, რომელიც ეხება ადამიანის ზნეობრივ ღირებულებებს და ანქვაბი აფხაზებისთვის მიიჩნევა „აფსუარას“ მიმდევრად. „აფსუარა“ ქართულად ნიშნავს „არ ეგების“.
– და რა არ ეგების აფხაზური ზნეობრივი კოდექსით?
– უპატივცემულობა მოხუცის, ქალის, სტუმრის, სტუმართმოყვარეობა ძალიან მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი. აფასებენ ვაჟკაცობას, ერთგულებას. ცნობილია, რომ აფხაზებს ჰქონდათ უხუცესთა საბჭო და ისინი სწორედ „აფსუარათი“ არჩევდნენ პრობლემატურ საქმეებს. არის ერთი აფხაზი მეცნიერი, რომელიც წერს, რომ „აფსუარა“ ყოველთვის იყო აფხაზეთის კონსტიტუციაო. და, როგორც გითხარით, აფხაზეთში ბევრი ფიქრობს, რომ ანქვაბი „აფსუარას“ მიმდევარია. თუმცა ამავე დროს ანქვაბი ამბობს, რომ პატივს ვცემ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის წმიდა მაინც წესი და კანონიაო.
– როგორც ამბობენ, ომის პერიოდში და შემდეგაც ანქვაბი წესიერი მომლაპარაკებლის სახელით გამოირჩეოდა. თქვენ რა იცით ამის შესახებ?
– გითხარით, რომ ომის შემდეგ ლექსები აღარ დამიწერია, ძირითადად, აფხაზეთზე ვწერ, და დოკუმენტურ-მხატვრული პროზა მაქვს. ამის გამო ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მიყვება თავის ამბავს. მათ შორის ჩემთან მოვიდნენ აფხაზეთის ომის დროს ტყვედ ნამყოფი ბიჭები. ისინი გუდაუთის ციხეში ჰყავდათ და ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ, მაგრამ როდესაც გაიგებდნენ, რომ ანქვაბი მოდის შესამოწმებლად, როგორ პირობებში არიან ტყვეებიო, ძალიან ეშინოდათ აფხაზებს მისი და მაშინვე ყველაფერს აწესრიგებდნენ. ტყვეებს კი აფრთხილებდნენ, არ წამოგცდეთ, რომ ცუდად გეპყრობიანო.
ერთი ასეთი შემთხვევაც იყო ომის დროს: როდესაც ენგურზე აფხაზი და ქართველი ტყვეები გაცვალეს, ამ პროცესში აფხაზების მხრიდან ანქვაბი იღებდა მონაწილეობას. ჩასაფრებული ყოფილან არაკაცები, რომლებმაც გაცვლის დასრულების შემდეგ, ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს, ორი ბიჭი დახოცეს და რამდენიმე დაჭრეს. ეს, რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელი ამბავი იყო. ამის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდნილა. ანქვაბი გადასულა გუმისთის მეორე მხრიდან და ქართველებს ჩაჰბარებია. უთქვამს, მე ეს ამბავი არ ვიცოდი, გბარდებით ტყვედ, განვიხილოთ ეს საკითხი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან პირობა დარღვეულიაო. თუ არ ვცდები, იქ იყო ავთანდილ იოსელიანი, ისინი იცნობდნენ ერთმანეთს უშიშროებიდან. ისაუბრეს. ყველა დარწმუნდა, რომ ანქვაბი არაფერ შუაში იყო და უკან გამოაცილეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ანქვაბი წესის აღმსრულებელი კაცია.
– წიგნები უყვარდაო. ქართველ მწერლებს თუ კითხულობდა? წესით, კონსტანტინე გამსახურდიას უნდა აფასებდნენ აფხაზები, იმიტომ რომ სწორედ მან შექმნა აფხაზი გმირების სახე ლიტერატურაში?
– ვიცი, რომ ნოდარ დუმბაძე უყვარდა და, ალბათ, სხვებიც, უბრალოდ, ნოდარზე მისაუბრია მასთან ახალგაზრდობაში.
– თენგიზ კიტოვანმა ის შევარდნაძისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. რეალურად მიგაჩნიათ ასეთი რამ?
– რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია, ისევე, როგორც ზოგადად ამ განცხადების გამკეთებელი. საერთოდ, მისი მოქმედება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს. მე მისი სხვა განცხადებებიც ვიცი და ისინიც არასერიოზულია.

скачать dle 11.3