სად მოაწყო მეგობრებთან გამოსამშვიდობებელი საღამო მიშა ჯალაღანიამ და რა სიურპრიზს დაჰპირდა ის მეგობრებს პირველ სექტემბერს
„ბლექ ბარი” – მისტიკური, უცნაური და ძალიან ლამაზი დიზაინით – მისი იყო. მიშა ჯალაღანიას გემოვნებაზე ლეგენდები დადიოდა, აკვირდებოდნენ, როგორ იცვამდა, რა აქსესუარს ხმარობდა, რას სვამდა, რას ანიჭებდა უპირატესობას და ის იმ დღესვე მოდური ხდებოდა. ინტელიგენტების ოჯახში დაბადებული, ბათუმის ნამდვილი კოლორიტი, თბილისელებისთვისაც ძალიან საყვარელი იყო. ბათუმი უზომოდ უყვარდა, სანაპიროზე ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და სწორედ იმ ადგილას, 1 სექტემბერს, ერთი ტყვია დაიხალა შუბლში...
ანუკი ხომერიკი (მეგობარი): ერთმანეთი ბათუმში გავიცანით და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით. „ივენთ კომპანია” მაქვს და ვფიქრობდი, მასთან ერთად რაიმე გამეკეთებინა. ჩვენი საქმიანი პარტნიორობა არ შედგა, უბრალოდ, ვერ მოვასწარით. ისე კი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.
– რას შეიძლებოდა, ეს გამოეწვია, დაახლოებით მაინც თუ გაქვს წარმოდგენა? „ფეისბუქზე” მის ბოლო „პოსტზე“ შენი კომენტარებიცაა.
– დიახ და, ალბათ, მიხვდით, რომ განსაკუთრებული შეშფოთება არ ჩანს. მისი ბოლო „პოსტი“ იყო წერტილი, რაც ჩემთვის უცნაურობა ნამდვილად არ იყო – მიშას უყვარდა წერტილების დასმა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს მისი ბოლო წერტილი იქნებოდა და ამით სიმბოლურად თავის ცხოვრების დასასრულს აღნიშნავდა. მიშაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო და თამამად ვთქვა, რომ ასეთი მაგარი ადამიანი მეორე არ არსებობდა. ეგეთი კეთილი, ყურადღებიანი... არ არსებობდა დღესასწაული, რომ ესემესი არ მომსვლოდა, გილოცავ, ჩემო კი – ანუკი ჰქონდა შიმოკლებული და „კის“ მეძახდა. საშინლად დაგვწყვიტა გული ყველას.
– ანუ ეს მისი გაცნობიერებული ნაბიჯი იყო და არა უცებ გადაწყვეტილი. მზად იყო ამისთვის?
– ასე გამოდის. ბათუმშიც ველაპარაკე ჩვენს საერთო მეგობრებს. რამდენიმე მეგობრისთვის ისიც კი უთქვამს, პირველ სექტემბერს სიურპრიზს გიმზადებთო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავს რაღაცას გააკეთებდა, ვერავინ. ისეთი სერიოზული პრობლემებიც არ ჰქონია, ჩვეულებრივი წვრილმანი პრობლემები თუ გაუჩნდებოდა, როგორც ყველა ადამიანს და მარტივად აგვარებდა. მუშაობდა, ჰქონდა ბარი, ფინანსურად ძალიან კარგად იყო. ერთადერთი, მიუხედავად მისი ამ ასაკისა (მიშა 36 წლის იყო), არ ჰყავდა ცოლი-შვილი. მაგრამ, არ მგონია, ეს გამხდარიყო მისი ამ ნაბიჯის მიზეზი. უნდოდა ცოლის მოყვანა და ჩვენც ვეუბნებოდით, მიდი, მიშა, ცოლი მოიყვანეო.
– დეპრესიული ტიპი იყო?
– ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი. დეპრესია რთული და ნაკლებად რთული პერიოდები ყველას გვქონია. ისეთი პრობლემა, რომ თავი მოეკლა, მართლა არ ჰქონდა. ჩემთვის ნამდვილად არასდროს უთქვამს ასეთი რამ, პირველი სექტემბერი არ უხსენებია. ხშირად გვისაუბრია პირადად მის ცხოვრებაზე; ღამის 3 საათამდე ვმსხდარვართ და ზოგადად ცხოვრებაზეც გვილაპარაკია. არც ერთი წამით არ იგრძნობოდა, რომ თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. როგორ ან რამ გადააწყვეტინა ეს – ჩემთვის ამოუხსნელია.
– ისეთი ეპატაჟური ტიპი ხომ არ იყო, რომელსაც უნდოდა, თავისი თავი ხალხისთვის სიკვდილითაც დაემახსოვრებინა?
– არა, პირიქით, არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბათუმი და თბილისი იცნობდა, ყველას უყვარდა და მასთან ერთად ყოფნა უნდოდა, ერჩივნა, თავისთვის ყოფილიყო და არა ყურადღების ცენტრში. ამ ბოლო დროს კარგი პერიოდი ჰქონდა, სულ კარგ ხასიათზე იყო. არ ვიცი... ალბათ, იყო რაღაც ძალიან სერიოზული, რასაც გულში მალავდა და არავინ ამის შესახებ არ იცოდა – ტყუილად ასეთ რამეს ხომ არ გააკეთებ!.. როგორც ჩანს, გულში ღრმად ჰქონდა ჩახვეული მიზეზი, რამაც ეს გააკეთებინა. დღეს ეს არავინ იცის. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა...
კახა მეგრელიძე (მეგობარი): ბოლოს ტელეფონით მე ველაპარაკე. უნდა შემხვედროდა, ფული უნდა მოეცა. დილით დამირეკა და მითხრა, ას დოლარს მოგცემ, ჩემმა დეიდაშვილმა მთხოვა ფული, მე არ მცალია და გადაურიცხეო. „ლიტერატურულ კაფეში” ვარ, ყავას ვსვამ და აქ მოდიო. არ მეცალა იმ დროს და ვუთხარი, ცოტა ხანში მე თვითონ დაგირეკავ-მეთქი. ეს ამბავი გადამავიწყდა და ათი წუთის მაგივრად, სადღაც, ორმოც წუთში გადავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა, არადა, არასდროს თიშავდა, დღე-ღამის არც ერთ მონაკვეთში. ცოტა ხანში უშიშროების თანამშრომელმა დამირეკა, რადგან მისი ბოლო ზარი ჩემთან იყო შემოსული და ასეთი რამ აღმოვაჩინე. ანუ, ეს ამბავი ორიდან სამ საათამდე მოხდა. ბოლოს ერთმა ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა, თანამშრომელია და მითხრა, ცუდი ამბავია, უკვე მკვდარიაო. პირდაპირ სანაპიროზე, იმ ადგილას, სადაც ჯდომა უყვარდა, საფეთქელში დაიხალა ტყვია.
– რამე განსაკუთრებული იგრძნობოდა მის საუბარში?
– არაფერი. მერე უკვე მეგობრები შევიკრიბეთ და გაირკვა, რომ ყველასთან ულაპარაკია, ყველასთან სათითაოდ დაურეკავს და უთქვამს, რომ პირველ სექტემბერს სიურპრიზს გიმზადებთო. სამი-ოთხი დღის წინ თავის ბარში ფართი მოაწყო. თუკი ვინმესთან რაიმე ოდნავი წყენა მაინც ჰქონდა, ყველას დაურეკა... საერთოდ „მშვიდობის მტრედსა“ და „პაციფისტს“ ვეძახდით, იმდენად მშვიდობისმოყვარე იყო. ჩხუბი არასდროს არავისთან მოსვლია. ახლა ამბობენ, ვალები ხომ არ ჰქონდაო. არ არსებობს, პირიქით, ყველას ამის ვალი ჰქონდა, ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. ფართიზე უთქვამს, თუკი ვინმესთვის რამე მიწყენინებია შემირიგდითო; ეს ბოლო ფართია, რომელსაც ვაკეთებო. მე რაღაც სხვა საქმეები მქონდა და ვერ მივედი, მაგრამ მეგობრებს ეს ამბავი სერიოზულად არ მიუღიათ, რადგან ამბობდა, ბარი უნდა გავყიდო და რამდენიმე წლით უცხოეთში წავიდეო.
– არავის უკითხავს, რატომ უნდოდა წასვლა?
– მისი ერთი და და სიძე საფრანგეთში ცხოვრობენ. სიძე, გია გურული, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელია. ზოგმა, ალბათ, იფიქრა მათთან აპირებდა წასვლას. საერთოდ, ძალიან განათლებული ბიჭი იყო, უმაგრესი გემოვნება ჰქონდა. ბოლო რამდენიმე წელი მისი ბარი იყო ბათუმის ცენტრი – თუკი ვინმე ჩამოდიოდა, ყველა იქ იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი შევიდა მის ბარში, დიზაინი მოეწონა, უკითხავს, ვისი გაკეთებულიაო და მიშა გაიცნო. უთქვამს, გააკეთე ასეთი ბარები და ჩვენ გვერდში დაგიდგებითო. დიდხანს ილაპარაკეს. მოკლედ, ამ ბარში ძალიან მაგარი ფართები კეთდებოდა. მერე, ბიჭებს რომ ველაპარაკე, გავბრაზდი, რაღას დატოვეთ მარტო, თუ ეგეთ რაღაცეებს ლაპარაკობდა-მეთქი, მაგრამ, ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. ფინანსურადაც კარგად იყო, მტრებიც არ ჰყავდა, შეყვარებული ჰყავდა... მარტო ღმერთმა და თვითონ იციან, რა იყო ამის მიზეზი. წავიდა იმ ადგილას, სადაც ჯდომა უყვარდა... ვიღაც ქალს დაუნახავს, იარაღი რომ მიუდევს საფეთქელზე და, სანამ მივედი, უკვე მკვდარი იყოო. ყველა ხედავდა, ისეთ ხალხმრავალ ადგილას მოხდა ეს. რატომ გააკეთა, ვერავინ ვხვდებით.... მაგის ტვინში რა მოხდა, ვერავინ გეტყვით.
– მორწმუნე იყო?
– ძალიან და მაგაზეც ვგიჟდები – მორწმუნემ ეს როგორ გააკეთა.
– იარაღი საიდან ჰქონდა?
– მისი იყო. დღეს ვის არა აქვს იარაღი, მაგრამ, მიშას არ უყვარდა. ბოლოს მის ხელში როდის ვნახეთ, არც მახსოვს.
– ავად ხომ არ იყო?
– არა. სულ მეგობრების გარემოცვაში იყო, მარტო ყოფნა არ უყვარდა და არავის შეუნიშნავს, ან წამალი დაელია, ან უხასიათოდ ყოფილიყო, ან რამე დეპრესიის მაგვარი ჰქონოდა. გაგიჟებულები ვართ ყველა. ბარის თანამშრომლებიც შოკში იყვნენ, არავისთვის არაფერი უთქვამს, ვითომც აქ არაფერი, ისე იქცეოდა. შეყვარებულთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, არც ეს არის მიზეზი. ეს ამბავი ყველასთვის ამოუცნობი დარჩება...