რაში დახარჯა მარინა ხორავამ ნაჩუქარი დიდი ფული
დიზაინერი მარინა ხორავა, რომელიც ყოველთვის კარგად გამოიყურება, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას ძალიან დიდ დროს არ უთმობს, რის უფლებასაც მას თავისი გენეტიკა აძლევს.
– დიდ დროს უთმობ გარეგნობაზე ზრუნვას?
– ალბათ, არ დაიჯერებ და, თავის მოვლას ძალიან ცოტა დროს ვუთმობ, რადგან ბუნებამ ცოტა გამანებივრა. ეს, ერთი მხრივ, ცუდია, მეორე მხრივ კი, რაღაც პლუსიც აქვს. დედაჩემი, ბებო, ჩემი და-ძმა ყველა ხარისხიანი კანით, თმითა და კარგი აღნაგობით გამოირჩევიან, ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი გენეტიკაზეა დამოკიდებული და ამიტომაც ნაკლები დოზით ვხმარობ ქიმიკატებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად გარეგნობაზე არ ვზრუნავ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ყველა ნორმალური და თავმოყვარე ქალი დილიდანვე უნდა იწყებდეს თავის მოვლას, ეს ხომ ძალიან მარტივია და დროის პრობლემასთან არ არის დაკავშირებული, თუ, რა თქმა უნდა, მიჩვეული გაქვს ხელი და ეს შენს ყოველდღიურ მოვალეობაში შედის.
– როგორ უვლი სახის კანს?
– ყველანაირი საუკეთესო კრემი მქონია, მაგრამ ქართულ „კოლხურ“ მალამოს არაფერი ჯობია. პატარა საიდუმლოს გაგანდობთ: როდესაც კიტრს გათლით, მისი კანი სახეხს ერთხელ გადაუსვით, რომ გლუვი არ იყოს და დაიდეთ სახეზე სათითაოდ, თან, შეგიძლიათ, იაროთ, ანუ დაწოლა არ არის საჭირო. შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და მკვებავი შეიზილეთ. პირადად მე საოცრად მომიხდა, უბრალოდ, იშვიათად ვიკეთებ, რადგან ჯერ ჩემს კანს ამდენი მოვლა არ სჭირდება. ახლა, რაც შეეხება იმათ, ვისაც თმა სცვივა: აიღონ 1 სადილის კოვზი აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთი, 1 სადილის კოვზი ნივრის წვენი, ასევე 1 სადილის კოვზი ხახვის წვენი, 1 კვეცხის გული და ათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ არომატულ შამპუნთან ერთად (ეს უკანასკნელი აუცილებელი არ არის, უბრალოდ არასასიამოვნო სუნს აქრობს), ეს მასა შეიზილეთ თმაში და, გაიჩერეთ 4 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ორჯერ და ნახავთ, როგორ შედეგს მიიღებთ. ადრე რაღაც სტრესის მერე თმის ცვენა დამეწყო და სასწრაფოდ გამოვიყენე ეს მეთოდი. მხოლოდ ერთხელ დამჭირდა ამის გაკეთება. ათასი ნიღაბი არსებობს და მათ შორის მეც მაქვს რამდენიმე, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, ეს მეთოდი მაინც ყველაზე კარგია.
– როგორ უვლი სხეულს, თუ ვარჯიშობ?
– ჩემი გენეტიკიდან გამომდინარე, სპეციალური საცხები, სალონებში სიარული და ტრენაჟორებზე ვარჯიში არ მჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო და ამ მხრივ, ოჯახის ბიუჯეტს არ ვაზარალებ. მაგრამ ცურვა და საცურაო აუზზე სიარული ძალიან მიყვარს, ერთხელ გაცურვაც უკვე მეტყობა გარეგნობაზე. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ ზღვაზე ვახერხებ. ძალიან მიყვარს გარუჯვაც, მზის აბაზანებს არასდროს გავურბივარ, პირიქით, ზღვის მერე გადასარევ ფორმაში ვარ და ეს ხასიათსაც გამომიკეთებს ხოლმე. რაც შეეხება დუშ-გელებს, ტანის კრემებსა და ბალზამებს, მხოლოდ უცხოეთში ვყიდულობ, რადგან იქ უფრო ხარისხიანია. თავის მოვლის პროცედურა იმდენად სასიამოვნოა, რომ უარის თქმა ძალიან ძნელია.
– თუ გახსოვს, როდის გაგიჩნდა პირველად ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?
– ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე და ჩემი და სკოლაში დავიწყებდით სიარულს, ჩუმად ვიპარავდით დედაჩემის პომადებს, ტუშს, მანიკიურებს და ერთმანეთს მაკიაჟს ვუკეთებდით. დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდით და ასე დავდიოდით ოთახიდან ოთახში. ერთხელ დედაჩემის წითელი ქიმიური პომადა წავისვი წარბებზე და, ხომ ხვდებით, როგორი სანახავიც ვიქნებოდი, თან, წამწამებიც მოვიჭერი, კიდევ კარგი, თვალები რომ არ დავითხარე. ჰელოუინის პერსონაჟს ვგავდი. თავის მოვლა უფრო სერიოზულად ალბათ მერვე კლასში დავიწყე. მამამ მოსკოვში წაგვიყვანა საახალწლოდ და იქ ბავშვისთვის საკმაოდ დიდი თანხა მაჩუქა, რაც გაგიხარდება, იყიდეო. პირველი ფულით შევიძინე ფრანგული სუნამოები და ნესესერი. მაშინ სახის საცხს ზოგჯერ მალულად ვისვამდი, არ მჭირდებოდა 14 წლის გოგოს, მაგრამ აქაც ქალური ინსტინქტი თამაშობდა დიდ როლს. კბილების მოვლაში ხომ გოგონები სულ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით – ვის უფრო თეთრი კბილები ექნებოდა. 15 წლის ვიყავი, ბებიაჩემმა პირველად, რომ წამიყვანა სალონში. ის ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, თავს სულ უვლიდა და ჩვენც გვარიგებდა, ქალმა, უპირველეს ყოვლისა, თავს უნდა მოუაროსო.
– როგორ ფიქრობ, მამაკაციც ხომ უნდა უვლიდეს თავს?
– ძალიან მომწონს მოვლილი მამაკაცი მოვლილი ფრჩხილებით, თმით (არ ვგულისხმობ სტილს), კარგი სუნამოთი. მიმაჩნია, რომ თავს მარტო ქალები არ უნდა უვლიდნენ, ეს კაცებსაც ეხება, თუმცა არა ყველას. უცხოეთში ამის დიდი კულტურაა და ძალიან მომწონს.
რჩევა: დილიდან განეწყვეთ ლამაზი დღისთვის და ყოველდღიურ მოვალეობად აქციეთ საკუთარი თავის მოვლა, რასაც სულაც არ სჭირდება დიდი დრო. მოვლილი ქალი ყოველთვის უფრო მომხიბვლელია და ეს მომხიბვლელობა ხასიათზეც, სახეზეც აისახება. თუმცა ქალის კარგი განწყობა ხშირ შემთხვევაში მამაკაცზეცაა დამოკიდებული.