რა ოცნება აუხდა ოდესაში მცხოვრებ ქართველ გოგონას და როგორ იპოვა მან ნათესავები ოდესიდან საქართველოში
ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემს (მამის მამას): დაახლოებით 78-80 წლამდე გელა ანზორის ძე გვასალიას. მამაჩემს – გერმანს, მამა არასდროს უნახავს, არც მე ვიცნობ ბაბუაჩემს, არც მისი ფოტოსურათი გვაქვს. ბებიამ, ანტონინა იურის ასულმა კომიშევამ, ბაბუა ოდესაში 1966 წელს გაიცნო. იმ დროს გელა საქართველოდან ოდესაში დასასვენებლად იყო ჩამოსული. მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ გელა თავის სამშობლოში მარტო დაბრუნდა, ბებია კი ოდესაში დარჩა. მათი სიყვარულის შედეგად დაიბადა მამაჩემი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენს რუბრიკაში სულ ახლახან დაიბეჭდა. ალისა იმეილის საშუალებით დამიკავშირდა და ბაბუის პოვნაში მთხოვა დახმარება. საბედნიეროდ, ალისას ბაბუა ნაპოვნია და მათ ერთმანეთთან უკვე სატელეფონო კავშირიც კი აქვთ.
– ალისა, რა რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ ბაბუაშენი ნაპოვნია?
– ნამდვილად ვერ აღვწერ იმას, რაც მე განვიცადე, როდესაც იმეილზე მომწერეთ, რომ სიახლე გაქვთ ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით. როდესაც გავიგე, რომ ბაბუა, რომელიც არასდროს მინახავს, ცოცხალია, ჯანმრთელია და, რაც მთავარია, ჩემთან დაკავშირება უნდა. ჩემთვის ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო, რადგან, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუამ არც კი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ (არც მამაჩემის არსებობის შესახებ), მან ეს ამბავი სიხარულით მიიღო. მას შემდეგ, რაც მე მოგმართეთ თხოვნით, დახმარება გაგეწიათ დაკარგული ბაბუის პოვნაში, არც ისე დიდი დრო გავიდა. მე ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთ მოკლე ხანში მივიღებდი შედეგს. იმაზეც მიფიქრია, თუკი საწადელს მივაღწევ და ვიპოვი ბაბუას და ჩვენს სხვა ნათესავებსაც, იქნებ მათ არ მოუნდეთ ჩვენთან დაკავშირება-მეთქი, როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ეს ისტორია დიდი ხნის წინ მოხდა (დაახლოებით 1966 წელს, როცა დასასვენებლად ოდესაში ჩამოსულმა ბაბუამ გაიცნო ბებიაჩემი), თან, ბაბუამ მამაჩემის (ანუ თავისი შვილის) არსებობის შესახებაც ხომ არაფერი იცოდა! ამიტომ, მისი პოვნის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული დახმარებისთვის, მადლობა ჩემგან და მთელი ჩვენი ოჯახისგან!
– საინტერესოა, შენსა და ბაბუას შორის რა საუბარი შედგა პირველად, ადვილად დაიჯერა, რომ მისი შვილიშვილი ხარ?
– ბაბუამ წაიკითხა თქვენი სტატია და დარწმუნდა, რომ მისი ცხოვრების ასეთი დეტალები მე ვერ მეცოდინებოდა, რომ არა ბებიაჩემი, რომელიც, სამწუხაროდ, 2005 წლის ნოემბერს გარდაიცვალა, დღეს რომ ბებია ცოცხალი იყოს, ალბათ მასზე ბედნიერი და ამაყი არავინ იქნებოდა, ვინაიდან მას მართლაც უყვარდა ბაბუა. მამაჩემიც ყოველთვის პატივს სცემდა თავის მამას, მიუხედავად იმისა, რომ ის მამა არასდროს უნახავს. როგორც იქნა, ყველაფერი დალაგდა და ახლა ისღა გვრჩება, შევხვდეთ ერთმანეთს. აღმოჩნდა (როგორც ვფიქრობდი კიდეც), რომ ბაბუას ჰყავს შვილებიც და შვილიშვილებიც, თავის უფროს ქალიშვილს კი ბაბუამ ნინა დაარქვა ბებია ანტონინას პატივსაცემად).
– ბაბუამ თუ გითხრა, რა იყო ანტონინასთან დაშორების მიზეზი და როგორ მიიღეს შენი გამოჩენა შენმა ქართველმა ნათესავებმა?
– ბაბუას ოდნავ სხვა ვერსია აქვს მათ ისტორიასთან დაკავშირებით. გელას თქმით, მას უნდოდა, დაქორწინებულიყო ნინაზე, მისი საქართველოში წამოყვანაც სდომებია, მაგრამ ბებიამ ვერ მიატოვა თავისი მშობლები, დედამისი ავადმყოფობდა და მან სიყვარული სწორედ ამიტომ დათმო, თავისი ოსულობა კი ბაბუას დაუმალა. მამაჩემმა ეს ამბავი საკმაოდ მოზრდილ ასაკში გაიგო და მას შემდეგ მშობლის პოვნა ძალიან უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. სიმართლე გითხრათ, ეს ნაბიჯი მე და დედამ გადავადგმევინეთ მამას. ახლა კი ის ბედნიერია და ერთი სული აქვს, როდის ნახავს მამამისს. ბაბუას ოჯახმა დადებითად მიიღო ჩემი გამოჩენა, როგორც ჩანს, ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და მათაც ისევე უხარიათ ეს ამბავი, როგორც ჩვენ. მოგეხსენებათ, ბაბუა უკვე ასაკოვანია და მისი წყენინებაც დიდი ცოდვა იქნებოდა ჩემი აზრით. ძალიან დიდი დროა გასული იმ ამბების შემდეგ, ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომას და, კარგია, თუკი ადამიანი ყოველთვის ეცდება დაშვებული შეცდომის გამოსწორებას. ჩვენს შემთხვევაში კი მამას რომ არ სდომებოდა და ბებიას ასე რომ არ ჰყვარებოდა გელა, ალბათ, მეც არ გამიჩნდებოდა ბაბუას პოვნის ინტერესი, რადგან, ისეთ ასაკში აღარ ვარ, ზღაპრების მჯეროდეს.
– როდის ან როგორ აპირებთ ერთმანეთის ნახვას?
– ჩვენ ძალიან გვინდა ბაბუას დაპატიჟება, მაგრამ, ის ვერანაირად ვერ ჩამოვა ოდესაში – 79 წლის არის და მისთვის ეს რთული იქნება. ვფიქრობთ, ჩვენ ჩამოვიდეთ საქართველოში, როგორც კი მამიკო შვებულებას აიღებს. ამით ჩემი კიდევ ერთი ოცნება ახდება და მე ვნახავ საქართველოს. გელას ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მათ გვითხრეს, რომ ასევე ძალიან უნდათ ჩვენი გაცნობა და მამაჩემის ნახვაც (მამას სამი ნახევარდა ჰყოლია). მთავარია, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ახლა უკვე აღარ დავკარგავთ.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.