კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი მეგობრებმა და ვინ იპოვა ფოთში მცხოვრებმა ინვალიდმა ქალმა

32 წლის შორენა მშვენიერაძე ეძებდა დაახლოებით 27-29 წლის სპარტაკ მოსემღვდლიშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით 27-29 წლის სპარტაკ მოსემღვდლიშვილს. მე და სპარტაკმა სრულიად შემთხვევით, ტელეფონით გავიცანით ერთმანეთი და ძალიან დავახლოვდით. სამწუხაროდ, ოთხი წელია, გაურკვეველი მიზეზების გამო, სპარტაკი არ გამომხმაურებია. ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ.
– შორენა, შენი ისტორია ჩვენს რუბრიკაში 15-21 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა. გეგონა, თუ არა, რომ მეგობარს ასეთ მოკლე დროში იპოვიდი?
– პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მთელ თქვენს რედაქციას ასეთი გულისხმიერებისა და ჩემი ისტორიის გულთან მიტანისთვის. თქვენ გარეშე მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს ნამდვილად ვერ ვიპოვიდით. უზომოდ გამიხარდა, როდესაც სპარტაკი გამოჩნდა. ბოლოს მისი ხმა ოთხი წლის წინ გავიგონე და მის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. მართალია, სპარტაკი, როგორც გითხარით, ტელეფონით გავიცანი, მაგრამ, იმ დღიდან ის ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა და არანაირად არ მინდოდა მისი დაკარგვა. ჩვენ მართლაც ვაპირებდით ერთმანეთის პირისპირ გაცნობას და სპარტაკი ჩემთან ფოთშიც უნდა ჩამოსულიყო, რომ არა გაურკვეველი მიზეზი, რომელმაც ერთმანეთი დაგვაკარგვინა, მაგრამ, დღესდღეობით, თქვენი წყალობით, ერთმანეთი ვიპოვეთ და მუდამ თქვენი მადლიერი ვიქნები. მართლაც რომ, კეთილ საქმიანობას ეწევით.
– მაინც, რა იყო თქვენი ერთმანეთის დაკარგვის მიზეზი, ასეთი რა მოხდა?
– როგორც გითხარით, სპარტაკი ჩემთან ფოთშიც კი აპირებდა ჩამოსვლას და ჩემს პირადად გაცნობას, მაგრამ, სწორედ იმ პერიოდში ის სანკტ-პეტერბურგში წასვლასაც აპირებდა. აღმოჩნდა, რომ აეროპორტში მან დაკარგა მობილური ტელეფონი და, შესაბამისად, ჩემი ტელეფონის ნომერიც. ამის გამო ის ვეღარ მიკავშირდებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა. სპარტაკმა მითხრა, რომ მან ჩემი გვარიც ვერ გაიხსენა და ამიტომ ვეღარ მომძებნა. მისი თქმით, ის ფოთში ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ, როგორ მომძებნიდა – რამდენი შორენა ცხოვრობს ფოთში ჩემი ასაკის! თან კიდევ, მან ჩემი მისამართიც არ იცოდა. მოკლედ, ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო და ასე დავკარგეთ ერთმანეთი, თქვენ რომ არა, ალბათ, ვერც ვიპოვიდი. ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ კარგად არის; დაოჯახებულა და შვილებიც ჰყავს.
– სპარტაკმა როგორ გაიგო, რომ ეძებ? გვიამბე თქვენს პირველ საუბარზე, პოვნის შემდგომ რა რეაქცია ჰქონდა?
– იმ სტატიის მერე, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ, მან მომწერა „ოდნოებზე”. ისე გამიხარდა, ვერც კი წარმოიდგენთ. მანამდე ის მე ვერანაირად ვერ მიპოვიდა, უბრალოდ, სტატიის წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რომ სწორედ მას ეძებდნენ და ეს მე ვიყავი. ბუნებრივია, ჩემი გვარიც გაიგო და ვიზუალურადაც ხომ მნახა (ჟურნალში გამოქვეყნებული ფოტოთი), ამიტომ მიპოვა და მომწერა. მას შემდეგ ვესაუბრე კიდეც. მითხრა, რომ უზომოდ გახარებულია და, სანამ მომწერდა, თხუთმეტჯერ გადაიკითხა სტატია (იცინის). უხაროდა. სპარტაკმა მიამბო როგორ დაკარგა მან ტელეფონი და ჩემი ნომერი, როგორ უნდოდა ჩემი პოვნა. რაც მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა, ტყუილად არ მიძებნია, სიმართლის გარკვევა მინდოდა და გავარკვიე კიდეც, თავიდანვე ვიცოდი, რომ უმიზეზოდ ჩემი მეგობარი არ გაქრებოდა.
– რას უსურვებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც შენსავით ეძებს თავის ახლობელს, ნათესავს, მეგობარს?
– აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვინც კი ვინმეს ეძებს, წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი სიხარულია, როდესაც საწადელს აღწევ, როდესაც ვიღაცა შენს ისტორიას გულთან ახლოს მიიტანს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? მესმის, რომ ყველას განსხვავებული სირთულის ისტორია აქვს, პოვნის შანსიც სხვადასხვაა, მაგრამ, ცდა ხომ ყოველთვის შეიძლება. მე, მაგალითად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ სპარტაკს ოთხი წლის დაკარგვის მიუხედავად, ასე მალე ვიპოვიდი. მოხარული ვარ და ბედნიერი. ჩემს ცხოვრებაში ისედაც ბევრი პრობლემაა: როგორც გითხარით, ინვალიდი ვარ – აფხაზეთის ომის დროს დამბლა დამეცა შიშისგან და გადაადგილება მიჭირს. ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, ძალიან ვაფასებ მეგობრობას, ამიტომ, სპარტაკის მოძებნა და იმის გარკვევა, რომ კარგად არის, ჩემი მხოლოდ სურვილი კი არა, მოვალეობაც იყო.

скачать dle 11.3