რა ორიგინალური ხერხით იტაცებდნენ და „ავაზვრატებდნენ” ახლობლების მანქანებს თბილისში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წევრები
5 სექტემბერს ღამის დაახლოებით 02:30 საათზე 38 წლის ახალგაზრდა მოკლეს. გიგა ზ-ს მკვლელობა სამი წლის შემდეგ გაიხსნა, ხოლო ბრალდებული – 25 წლის ირაკლი ხ. აღმოჩნდა. რა მიზეზით მოხდა მკვლელობა, ბევრი დეტალი დღემდე ბუნდოვანია. თავად დაკავებულმა მკვლელობა კატეგორიულად უარყო. მისი დამცველები და ოჯახის ახლობლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ირაკლი ხ-ს არა მხოლოდ მკვლელობა დააბრალეს შეგნებულად, ესეც არ აკმარეს და არაერთ გაუხსნელ დანაშაულშიც მას დასდეს ბრალი.
როგორც დაკავებულის ოჯახი ირწმუნებოდა, ამ წლების განმავლობაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი არაერთი იყო, საბოლოოდ კი ეს ბრალი ირაკლის წაუყენეს. მათივე თქმით, განსასჯელს ასევე, ტყუილად დაბრალდა მეგობრებთან ერთად ტაქსის მძღოლის დაყაჩაღება და ორი ადამიანის დაჭრა...
დაჭრა, დაყაჩაღება, მკვლელობა...
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამოძიების მასალებით, 25 წლის მოკრივე ირაკლი ხ. ქვეყნის ამომგდებია. ასაკის მიუხედავად, წლების განმავლობაში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ბოლოს ის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, რისთვისაც ბრალდებამ მისთვის 8-წლიანი სასჯელი მოითხოვა. თუმცა, განაჩენის გამოტანამდე, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, გაირკვა, რომ მან 38 წლის გიგა ზ. მოკლა. ამასთან, ორი ადამიანი დაჭრა და მეგობრებთან ერთად, ტაქსის მძღოლიც დააყაჩაღა. შესაბამისად, თუ მას თავიდან მაქსიმუმ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის საბოლოოდ, 25 წელი მიესაჯა.
ერთ-ერთი ვერსიით, თავიდანვე იყო ცნობილი გამოძიებისთვის, რომ მკვლელობა ირაკლი ხ-ს ჩადენილი იყო, მაგრამ არასწორი გამოძიების გამო, საქმე სხვა მიმართულებით შეგნებულად წავიდა. შედეგად, პატიმარი გახდა საქმის გამყალბებელი, რადგან მისი წყალობით, დამნაშავე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
გამოძიების მასალების თანახმად, ირაკლი ხ-ს პირველი ბრალდებაა თანატოლების დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. როგორც ირკვევა, ირაკლი ხ. და მისი ძმა უბანში საქმის გამრჩევები იყვნენ. ვინც „გასაყოფს ვერ იყოფდა” ასეთ საქმეებს ძმები აგვარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო მობილური ტელეფონის გამო ბიჭებს შორის დაწყებული დავა. ირაკლი ხ-ს გარდა, გარჩევაში 18-19 წლის ბიჭებიც მონაწილეობდნენ. სროლის დროს ერთ-ერთი მძიმედ დაიჭრა, ხოლო დანარჩენები კი მსუბუქად დაშავდნენ. დაიჭრა თავად ირაკლიც, მაგრამ იმ ეტაპზე გაურკვეველი დარჩა, ვის ჰქონდა იარაღი და რა მოხდა რეალურად. საბოლოოდ კი, აღმოჩნდა, რომ დანაშაული ირაკლი ხ-მ ჩაიდინა, რადგან დადგინდა, რომ მათგან ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ მას ჰქონდა. ცხადია, ეს ამბავი ყველა იქ მყოფმა იცოდა, მაგრამ ირაკლის შიშით, ამის თქმა თავის დროზე ვერავინ გაბედა. ბიჭებმა, ეს მხოლოდ დამნაშავის დაკავების შემდეგ აღიარეს...
როგორც დაზარალებულთა ჩვენებით ირკვევა, უბნელ ბიჭებს დავა მოუხდათ 420 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონზე. კერძოდ, ერთმა მეგობარმა მეორეს ტელეფონი ათხოვა, რომელმაც თავის მხრივ, ნივთი დაალომბარდა, მაგრამ ტელეფონი დათქმულ ვადაში გამოისყიდა. ეს ამბავი ირაკლი ხ-მ შეიტყო და ვინაიდან ფული სჭირდებოდა, მეგობარს სთხოვა გამოსასყიდი თანხა მისთვის მიეცა, ლომბარდში კი ვადა გაეგრძელებინებინა. ირაკლი ხ-მ ამაზე უარი მიიღო, რადგან ტელეფონი რეალურად სულ სხვა პიროვნების იყო, რომელიც საკუთარ ნივთს დაჟინებით ითხოვდა. უარის გამო კი, ბიჭები დათქმულ ადგილზე დაიბარა, რომელთაგან ერთ-ერთი იარაღის გასროლით დაჭრა...
ირაკლი ხ-ს მეორე ბრალდება ავტომანქანის გატაცება და მეპატრონისთვის ფულის გამოძალვაა. საინტერესოა ის დეტალი, რომ ავტომანქანა „მერსედესი”, რომელიც ირაკლი ხ-მ ძმასთან და მეგობრებთან ერთად, გაიტაცა, ამ საქმის ერთ-ერთი მონაწილის კლასელის მამის იყო...
გეგმის თანახმად, საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა გამტაცებელმა კლასელს სთხოვა დათქმულ დღეს მამამისი ლილოს ბაზრობაზე გაყოლოდა. მართლაც, მეგობრის მამამ ბიჭი ლილოს ტერიტორიაზე მიიყვანა, ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა და „საქმეზე“ წავიდა, ამ დროს მძღოლთან გამტაცებლები მივიდნენ, იარაღის მუქარით მანქანა წაართვეს და იქაურობა დატოვეს. რაც შეეხება „საქმიდან დაბრუნებულ” მისი შვილის მეგობარს, მომხდარის გამო ძალიან „შეწუხდა”. მძღოლი უკან, ქალაქში დაბრუნებაზე დაიყოლია და დაჰპირდა, რომ გამტაცებლებს თავად მოუვლიდა – არა მხოლოდ ავტომანქანას, ფულსაც დააბრუნებინებდა. მაგრამ, იმ პირობით, რომ მომხდარის შესახებ პოლიციაში არ განეცხადებინა.
სახლში დაბრუნებულ დაზარალებულს მომხდარის შესახებ ოჯახისთვისაც კი არაფერი უთქვამს და ავტომანქანის დაბრუნებას თითქმის ყოველდღე ელოდა, რადგან მისი შვილის მეგობარი ამას ჰპირდებოდა. მაგრამ, მანქანა არ ჩანდა. რეალურად კი, ამ მანქანით ბიჭები სამი დღით ზღვაზე წავიდნენ, საკუთარი კრიმინალური საქმეებიც მოითავეს და ბოლოს მისი პატრონისთვის დაბრუნება გადაწყვიტეს, რაშიც სოლიდური მოგება ნახეს.
საქმე ისაა, რომ შვილის მეგობარმა მძღოლი დაარწმუნა, რომ საქმე გართულდა, ამიტომ, საკუთარი ავტომანქანის დაბრუნებაში 2 000 დოლარი უნდა გადაეხადა. სხვა გზა არ იყო, დაზარალებულმა თანხა გადაიხადა და სანაცვლოდ, მანქანა დაიბრუნა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. დაუჯერებელია, მაგრამ პატრონმა ავტომანქანის გამტაცებლებს სუფრა გაუშალა, დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყველა სათითაოდ ადღეგრძელა...
გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ მეთოდით ირაკლი ხ-ს და მის მეგობრებს არაერთი მანქანა ჰყავთ გატაცებული და მათი პატრონებისთვის კი ფული გამოძალული, მაგრამ მას ბრალი მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდში დაედო.
5 სექტემბერს, ღამის დაახლოებით 02:30 საათზე, დაუდგენელ პირებთან ერთად, ირაკლი ხ-მ უკვე მკვლელობა ჩაიდინა. ბრალდების თანახმად, მან შენიშნა გაჩერებული ავტომანქანა, რომელშიც ერთი ადამიანი იჯდა. ირაკლი ხ-მ მისი მიმართულებით ერთხელ გაისროლა. შედეგად, დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. სროლის ხმაზე, იქვე მდებარე კორპუსებიდან ხალხი გამოვიდა, მაგრამ მკვლელი ვერსად იპოვეს.
საგულისხმოა, რომ გარდაცვლილი იმ დროს და იმ ადგილას სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ მოკლულს თან ახლდა სხვა პიროვნება, რომელიც ავტომანქანიდან გადასული იყო. უკან დაბრუნებულს შემზარავი სურათი დახვდა. მოკლულის თანმხლებმა ამის შესახებ თავად განაცხადა პირველ ჩვენებაში, თუმცა შემდეგ მან ჩვენება შეცვალა. თითქოს ის სროლის მომენტში, ავტომანქანაში იჯდა. და როცა მათი მისამართით ისროლეს, სიტუაციის გასარკვევად გარდაცვლილმა სვლა შეანელა, რა დროსაც ტყვია მოხვდა.
ცხადია, აღნიშნული პიროვნება ირაკლი ხ-ს თანამზრახველი და მისი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ორივეს ერთად კი, აწგარდაცვლილისთვის მანქანის წართმევა და მისი გაძარცვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. თუმცა, „არ გაუმართლათ” – მსხვერპლი შემოაკვდათ.
აწ გარდაცვლილი გიგა ზ. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობდა და ორივეს – ირაკლი ხ-საც და მის მეგობარსაც, კარგად იცნობდა. ის მათ არაერთხელ დახმარებია, თუმცა, არც ბიჭები რჩებოდნენ ვალში – „ვალუტჩიკს” ზედმეტ ხალხს თავიდან აცილებდნენ.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიჭებმა გიგას ფული სთხოვეს, მაგრამ იმ მიზეზით ვერ მისცა, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად აპირებდა წასვლას. მას ეს ამბავი ბიჭებისთვის არც დაუმალავს, უთხრა, რომ თანხა სჭირდებოდა, მაგრამ კრიმინალებმა ეს იუკადრისეს და მისი ძალით წართმევა გადაწყვიტეს.
როგორც ზემოხსენებულ შემთხვევაში, იგივე გეგმით მათ მძღოლის გატყუება, მისთვის ავტომანქანის წართმევა და ფულის გამოძალვა მოინდომეს. ამიტომ, ირაკლი ხ-ს მეგობარმა, დახმარების მოტივით, გვიან ღამით მძღოლი დათქმულ ადგილამდე გაიტყუა. როგორც წესი, თვითონ ავტომანქანიდან გადავიდა და მსხვერპლი მარტო დატოვა.
ვინაიდან ირაკლი ხ-ს მძღოლი სახეზე იცნობდა, ამიტომ, მისი მსუბუქად დაჭრა და მანქანის ამ მეთოდით გატაცება გადაწყვიტეს, მაგრამ, ასე არ მოხდა, მხარში დამიზნებული საფანტის თოფი მსხვერპლს გულში მოხვდა, რის შედეგადაც, ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც გამოძიების დროს, ასევე სასამართლოზეც, ირაკლი ხ-მ დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლოს ჩვენება არ მისცა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, მისთვის განაჩენი გამოეტანათ.
მისგან განსხვავებით, დაცვა ცდილობდა, პატიმარი უდანაშაულოდ ეცნოთ, მაგრამ... ყველა ბრალდების გათვალისწინებით ირაკლი ხ-ს 25 წლით პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მის მეგობრებს, ყველა მათგანი ძებნილია.