კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუკავშირა შეჭირვებაში გაზრდილმა მარიკა გულორდავამ თავისი ბედი „ლა სკალას“ და რატომ გადაწყვიტა მონსერატ კაბალიემ თავის იუბილეზე მასთან ერთად ემღერა

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ის დღე, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მსოფლიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი – მონსერატ კაბალიე ეწვეოდა. ისტორიულ კონცერტზე მონსერატ კაბალიესთან ერთად კი იმღერებდა სრულიად ახალგაზრდა საოპერო მომღერალი – 21 წლის მარიკა გულორდავა...

– მარიკა, ამჯერად რა მისიით ჩამოხვედით საქართველოში?
– საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედი, თუმცა, ძალიან ცოტა ხნით. სახლში ერთი წელია, არ ვყოფილვარ, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, ეს დრო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გამეტარებინა მყუდრო და თბილ გარემოში, რაც საშუალებას მაძლევს, დადებითად დავიმუხტო და შემდგომში დაწყებული საქმე ახალი შემართებით გავაგრძელო. რაც შეეხება განვლილ წელს, ის საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული იყო. მოგეხსენებათ, ეს „ლა სკალას“ აკადემიის დამამთავრებელი წელი გახლდათ და შესაბამისად, გაცილებით შრომატევადი და დატვირთული... განვლილი სეზონი „ლა სკალას“ თეატრში როსინის ოპერით დავიწყე, სადაც მთავარი პარტია შევასრულე. ეს პარტია ჩემთვის როგორც ვოკალური, ასევე დრამატურგიის თვალსაზრისით, ახალი იყო, რადგან მანამდე სხვა ტიპის რეპერტუართან მქონდა შეხება. სპექტაკლებმა მართლაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ დადგმაში მივიღე მონაწილეობა. რაც მთავარია, არაჩვეულებრივ რეჟისორთან, სონია ფრიზელთან ვიმუშავე ამ კომიკურ, თუმცა საკმაოდ ძლიერი ხასიათის მქონე პერსონაჟზე. სწორედ წარმატებით ჩავლილმა სპექტაკლებმა განაპირობა, რომ „ლა სკალამ“ გადაწყვიტა, ეს სპექტაკლი გასტროლებზე იტალიის სამ სხვადასხვა თეატრში წაეღო, სადაც ამ პარტიას ხელახლა შევასრულებ ამ წლის ნოემბერსა და დეკემბერში.
მონაწილეობა მივიღე არაერთ ფესტივალში იტალიისა და ევროპის სხვა ქალაქებში (მიუნხენი, მადრიდი, პარიზი, ათენი, ლუქსემბურგი...) საკონცერტო პროგრამები ყოველთვის განსხვავებული და დატვირთული იყო.
– ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაზეც გვიამბეთ...
– უცხოეთში ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიმღერასთანაა დაკავშირებული. როცა ვისვენებ, ვცდილობ, მეგობრებთან გავატარო დრო – მათთან ერთად ქალაქგარეთ პიკნიკზე ან კინოში წავიდე და როგორღაც გადავერთო. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი საუბრები მაინც სიმღერას ეხება.
– მოდი, ბავშვობაშიც დავბრუნდეთ...
– ბავშვობაზე არც კი ვიცი კონკრეტულად რა მოვყვე: მეხსიერებაში ლამაზად აღბეჭდილი სურათები ომამდელ აფხაზეთში და ბედნიერი ბავშვობა, თუ ყველა ქართველისთვის ნაცნობი ომის შემდგომი სიდუხჭირე და შიმშილი. აფხაზეთი რომ დავტოვეთ, 7 წლისაც არ ვიყავი, მხოლოდ პირველ კლასში მოვასწარი სწავლა. ამის შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და თავიდან ძალიან გვიჭირდა. თუმცა, ამაზე საუბარი, მგონი, არცაა საჭირო. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, კარგად ვიყავი თუ ცუდად, მუსიკა ჩემში არ წყდებოდა. პატარაობიდანვე მიყვარდა ცეკვა, სიმღერა, სცენების გათამაშება და უფროსებისთვის ჩემი შესაძლებლობების ჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მინდოდა სიმღერა, ფორტეპიანოზე დაკვრა და ცეკვის ანსამბლში სიარული, ამის შესაძლებლობა დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა. მახსოვს 12-13 წლის ასაკში, ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომ მუსიკაზე დადიოდა და ვთხოვე, მეც მივეყვანე თავის პედაგოგთან. ჩემი ოჯახისთვის თავიდან არაფერი მითქვამს და დამოუკიდებლად წავედი მასწავლებლის გასაცნობად, რომელიც შემდგომ ძალიან ძვირფასი ადამიანი და კარგი პედაგოგი აღმოჩნდა. სწორედ ასე შევედი ევგენი მიქელაძის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით, ნელი გოგორიშვილის კლასში. მოგეხსენებათ, ასეთ ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრას არავინ იწყებს და ეს, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ჩემი გატაცება იყო. ამან კი ხელი შეუწყო ჩემი მუსიკალური სმენის განვითარებას.
ჩემი ნამდვილი ოცნების განხორციელება მოგვიანებით დაიწყო, როცა მამის დაჟინებული თხოვნით, მიმიყვანეს ვოკალის პედაგოგთან, ლამარა გოგლიჩიძესთან. საოპერო მომღერლობაზე არასოდეს მიფიქრია, უბრალოდ, ვოცნებობდი, ესტრადასა და მსახიობობაზე. ოპერისადმი სიყვარული მოგვიანებით გამიჩნდა. ვოკალში მეცადინეობისას, ნელ-ნელა ვგრძნობდი, თუ როგორ ვიხიბლებოდი კლასიკური მუსიკის სილამაზით, მასშტაბითა და სიღრმით. ჩემს პედაგოგებს, ქალბატონ ლამარას, მის ქალიშვილს, ქეთევან ელიავას და ჩემს კონცერტმაისტერ თემურ ელიავას ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.
– წარმატებებმაც არ დააყოვნა...
– 2007 წელს სამ სხვადასხვა კონკურსში მივიღე მონაწილეობა. კონკურსების წინა პერიოდი ყოველთვის გაცილებით უფრო დატვირთული და შრომატევადი იყო. ძირითად დროს ჩემს პედაგოგებთან ვატარებდი. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ჯილდო და პრემიები, უბრალოდ, გვინდოდა, რაც შეიძლება, ღირსეულად წარვმდგარიყავი მაყურებლის წინაშე. პირველი კონკურსი ჩატარდა თბილისში (ახალგაზრდა მუსიკოსების რესპუბლიკური კონკურსი), სადაც პირველი პრემია, სპეციალური პრიზი არტისტიზმისთვის და თბილისის ოპერის თეატრისგან გრანტი მოვიპოვე. მაშინ უბედნიერესი ვიყავი ამ წარმატების გამო და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ახლო მომავალში, ღმერთი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიმზადებდა. ივნისში ჩემს კონცერტმაისტერთან, თეიმურაზ ელიავასთან ერთად, გავემგზავრე მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკოსთა მეცამეტე საერთაშორისო კონკურსზე. ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი იყო, რადგან ერთადერთი ქართველი ვიყავი იქ. რუსი მაყურებელი გამორჩეულად თბილად მხვდებოდა და აპლოდისმენტებს არ იშურებდა. ყოველი ტურის შემდეგ, ახალ-ახალი ადამიანები მილოცავდნენ და ყვავილები მოჰქონდათ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი მთავარანგელოზის ხატი მაჩუქა. ამ ყველაფრით უზომოდ ბედნიერი ვიყავი და აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გავხდებოდი თუ არა ლაურეატი. ჩემს გამოსვლებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესიდანაც. რუსი კრიტიკოსები საოცარ შეფასებებს მაძლევდნენ. ზოგჯერ კითხვისას, საკუთარ თვალებსაც კი არ ვუჯერებდი. საბოლოოდ, ამ კონკურსზე მესამე პრემია და სპეციალური პრიზები მოვიპოვე, – „მაყურებლის საყვარელი შემსრულებელი”, რასტრაპოვიჩის გრანტი და „ჩაიკოვსკის ნაწარმოების საუკეთესო შესრულება”. რამდენიმე თვეში გავემგზავრე ესპანეთში მონსერატ კაბალიეს საერთაშორისო კონკურსზე, აქაც თან მახლდა ბატონი თეიმურაზი და დედა. ამჯერადაც კონკურსი ძალიან დაძაბული იყო, რადგან მეორე ტურში საერთაშორისო კონკურსების 22 პირველი პრემიის მფლობელი დაგვემატა. ამ ფაქტმა თავიდან გამაოგნა და ცოტა არ იყოს, შემაშინა კიდეც, მაგრამ დედისა და ბატონი თემურის გამხნევებით, ძალები მაინც მოვიკრიბე. თემურმა ორივე ტურში არაჩვეულებრივი აკომპანემენტი გამიწია, რამაც ჟიურის წევრების აღფრთოვანება გამოიწვია. კონკურსის შემდეგ ჟიურის თავმჯდომარემ მას „ადამიანი ორკესტრი” უწოდა. უკანასკნელი ტური ორკესტრის თანხლებით ვიმღერე და შესაბამისად, ბატონი თემური დედასთან ერთად დარბაზიდან მისმენდა. მახსოვს, დაჯილდოებისას, ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, აღარაფერი მესმოდა, სკამიდან ვერ ვდგებოდი. ერთადერთი, რაც გავიგონე უზარმაზარი დარბაზიდან, ეს იყო თემურის აღფრთოვანებული ყვირილი. თვალზე ცრემლი მომადგა, ავტირდი, განუმეორებელი განცდაა! არანაირად არ მოველოდი პირველ პრემიას, მართლაც შოკირებული ვიყავი.
– ამის მერე იყო თვით მონსერატ კაბალიესთან ერთად სიმღერა და უამრავი კომპლიმენტი...
– კონკურსის დამთავრების მეორე დღეს საშუალება მომეცა, მონსერატ კაბალიე პირადად გამეცნო და გავსაუბრებოდი. უზომოდ თბილი, კეთილი და გულახდილი ადამიანი აღმოჩნდა. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ჩემს სიმღერასთან დაკავშირებით და ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე. მისი სურვილით, დეკემბერში თბილისის ოპერის სცენაზე მის კონცერტში მივიღე მონაწილეობა, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. შემდეგ ამას მოჰყვა გალა-კონცერტი კიოლნში, მონსერატ კაბალიეს იუბილეს აღსანიშნავად. აქ არიის გარდა, პირადად კაბალიესთან შევასრულე დუეტი, რამაც ჩემში უდიდესი ემოცია და აღელვება გამოიწვია.
მას შემდეგ სამი წელი გავიდა, ბევრი ვიმღერე, ვიმოგზაურე, ბევრ გამოჩენილ ადამიანს შევხვდი, ვიმუშავე და რაც მთავარია, „ლა სკალაში“, მივიღე დიდი გამოცდილება. ხელოვანი ადამიანის ცხოვრება ყოველთვის ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანია. საკუთარ თავზე მუშაობა უსასრულოა და წარმატებაც სწორედ შრომით მოდის. მომავალზე საუბარს ყოველთვის ვერიდები, რადგან არავინ იცის, ხვალ რა გველის. ახლო მომავალი ისევ „ლა სკალასთან“ არის დაკავშირებული, სადაც თანამშრომლობას გავაგრძელებ. გეგმაშია ლისტის მესა „სოლემნის”, რომელსაც მილანში ვერდის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შევასრულებ 18 სექტემბერს. შემდეგ კონცერტები ორკესტრთან ერთად მიუნხენსა და სხვა ქალაქებში. ასევე, როსინის ოპერა, ხოლო დანარჩენს უკვე მოგვიანებით გაგიმხელთ...

скачать dle 11.3