კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-35(557)

ბაბუას დასაფლავებას ზღვა ხალხი დაესწრო. არც კი მეგონა, თუ მას ამდენი ნაცნობი და პატივისმცემელი ჰყავდა. სამძიმრისა და თანაგრძნობის წერილი პირადად პაველ პეტროვიჩმაც გამომიგზავნა. ამხანაგი სერგო და ილია კი დასაფლავებას დაესწრნენ, სასაფლაოზეც წამოვიდნენ და ბაბუას ბოლომდე მიაგეს პატივი. მომისამძიმრა „ძიამაც“, თუმცა, არც პანაშვიდზე ყოფილა და არც გასვენებაში, რადგან ამით შეიძლებოდა, მე გავშიფრულიყავი, ამის დაშვება კი არ შეიძლებოდა. ბაბუას გასვენებაში ჩემი ინსტიტუტის მთელი პედკოლექტივიც იყო რექტორის ხელმძღვანელობით და მათმა დანახვამ სიამაყით ამავსო.
მერი ბაბუას დასაფლავების მეორე დღეს გაემგზავრა მოსკოვში და, მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო, მე მაინც გავაცილე აეროპორტში და გამომშვიდობებისას ვუთხარი:
– მეტი აღარ შემიძლია, მორჩა, როგორც კი მეოთხე კურსს დახურავ, დავქორწინდებით.
– როგორც შენ იტყვი, კოკი, ოღონდ, დამშვიდდი და ნერვებს ნუ აჰყვები. დანარჩენი კი ყველაფერი კარგად იქნება და, რა თქმა უნდა, დავქორწინდებით, – მომიგო მერიმ.
20 წლის თავდაჯერებული, ორდენოსანი ყმაწვილი ვიყავი და მეგონა, რომ საკუთარ ბედს თავადვე ვწყვეტდი. ამიტომ, გრანდიოზული გეგმები დავისახე და მათი განხორციელების პირველ ეტაპად მერიზე დაქორწინება მიმაჩნდა. თუმცა, ჩემს ხელმძღვანელობას სულ სხვა მიზნები ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით, იმ ეტაპზე ჩემი დაოჯახება არანაირად არ აწყობდათ და, აბა, „კაგებეს“, როგორ ვაჯობებდი? მაგრამ, მე არც ვიცოდი, რომ ჩემი უფროსობა ჩემი ქორწინების ჩაშლას გეგმავდა და მათ ეს ისე გააკეთეს, რომ ეჭვიც კი არაფერში შემპარვია.
მე ჩვეულებრივად განვაგრძობდი სწავლას, თან ქორწილისთვის ვემზადებოდი და თითქმის ყოველ საღამოს ვურეკავდი მერის მოსკოვში. წინასაახალწლოდ ის თავადვე უნდა ჩამოსულიყო თბილისში ერთი კვირით და ამ დღეს მოუთმენლად ველოდი. 28 დეკემბერს თავად მერიმ დამირეკა, მომიკითხა და მითხრა:
– კოკი, ძვირფასო, ერთი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიწყო.
– რაშია საქმე, სხვა ვინმეს ხომ არ მიჰყვები ცოლად? – ვეხუმრე მერის.
– კარგი ერთი, ნუ სულელობ. უბრალოდ, საახალწლოდ ვერ ჩამოვალ.
– რატომ? – ვკითხე გულგატეხილმა.
– როგორც ყველაზე წარჩინებულ სტუდენტს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მგზავნიან ექვსი თვით სასწავლო პრაქტიკაზე და პასუხი ხვალ უნდა ვუთხრა. რა ვქნა?
– აქამდე რატომ არ მითხარი?
– დღეს მითხრეს და იმიტომ. თურმე, იქიდან უცებ მოვიდა მოთხოვნა და ასე დროში შეზღუდული იმიტომ აღმოვჩნდი. რა ვქნა, კოკი, რა პასუხი გავცე?
უარს ხომ არ ვეტყოდი მერის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში წასვლაზე, ამიტომ, მივუგე:
– წადი, რა გაეწყობა, ახალ წელს როგორმე გავძლებ უშენოდ, მაგრამ, რომ ჩამოხვალ ვიქორწინებთ და მერე მე ვიცი...
– მიყვარხარ, კოკი, ძალიან მიყვარხარ!.. – სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო მერი. მე კი, პირიქით, ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი, მაგრამ, მერის არ ვაგრძნობინე. კიდევ ათიოდე წუთი ვილაპარაკეთ და დავემშვიდობე.
ექვსი თვის შემდეგ მერიმ კვლავ დამირეკა და, მისი ხმა რომ გავიგონე, ისე გამიხარდა, მთელი ხმით ვიყვირე:
– მერიკო, საყვარელო, როდის ჩამოხვედი?
– არ ჩამოვსულვარ, ბერლინში ვარ. ორი წუთი მაქვს დრო და მომისმინე!
მე ისე გამახარა მერის ხმის გაგონებამ, რომ მის სიტყვებს არ დავკვირვებივარ და ვუთხარი:
– მერიკო, საყვარელო, როგორ ხარ, როდის ჩამოდიხარ? მოუთმენლად გელოდები...
– მომისმინე, კოკი, მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა, – შემაწყვეტინა მერიმ, – დროში შეზღუდული ვარ და ტელეფონი არ გაგვეთიშოს. კიდევ ექვსი თვე უნდა დავრჩე აქ და საახალწლოდ საბოლოოდ ჩამოვალ.
– კიდევ ექვსი თვე ვერ ჩამოხვალ? – ამოვილუღლუღე მე.
– მაპატიე, კოკი, მაგრამ, ერთწლიან პრაქტიკულზე ვარ და შუა გზაზე ხომ არ მივატოვებ! ძლივს მოვახერხე შენთან დარეკვა და ნუ გამიბრაზდები. ძალიან მიყვარხარ, მენატრები და, როგორც კი ჩამოვალ, დავქორწინდეთ, – მითხრა მერიმ, ამასობაში ორი წუთიც ამოიწურა და ტელეფონი გაითიშა.
აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ მერის გერმანიაში გამგზავრება „კაგებეს“ მოწყობილი იყო და ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ არ დავქორწინებულიყავი?! ჩემი ხელმძღვანელობა, თურმე, საგანგებო დავალებისთვის მამზადებდა და ჩემი დაოჯახება მათ ამ გეგმებს ჩაშლიდა.
მერისთან შეწყვეტილი საუბრის შემდეგ ისე გავმწარდი, ლამის ავტირდი და უმწეობისგან რა მეღონა, არ ვიცოდი. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში, ტელეფონის ყურმილი ავიღე, ნომერი ავკრიფე და ვუთხარი:
– გამარჯობა, ძია რომან, კოკი ვარ!
– საღამო მშვიდობისა, კოკი, ხომ მშვიდობაა? – მკითხა „ძიამ“, რადგან 10 საათს გადაცილებული იყო და მასთან ასე გვიან არასოდეს დამირეკავს.
– ძია რომან, შენი დახმარება მჭირდება. შეგიძლია, შემხვდე?
– ნახევარ საათში მარჯანიშვილის მეტროსთან ვიქნები, – მითხრა „ძიამ“ და ტელეფონი გათიშა.
„ძიას“ ღამის 11 საათზე შევხვდი მარჯანიშვილის მეტროსთან, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ვთხოვე:
– არ შეგიძლიათ, როგორმე მერისთან დამალაპარაკოთ, თუნდაც ორი წუთით?
– ამ წუთას ეს გამორიცხულია, ხვალ კი ვნახოთ, მაგრამ, მერისთან დალაპარაკებას რა აზრი აქვს, რა უნდა უთხრა?
„ძია“ გამოცდილი „კაგებეშნიკი“ იყო, მით უმეტეს, გადამბირებელი, საღი აზროვნება არ იყო მისთვის უცხო ხილი და, როდესაც მის კითხვაზე ენა ჩამივარდა, მითხრა:
– შენ ახლა ემოციებს ხარ აყოლილი და, ყვირილისა და საყვედურის გარდა, მერის ხეირიანს ვერაფერს ეტყვი. ერთადერთი, ის შეგიძლია, რომ მერის კატეგორიულად მოსთხოვო დაბრუნება და, თუკი ეს ასე მოხდება, შენ ამას არასოდეს აპატიებ საკუთარ თავს. ჯერ ერთი, მერის სწავლის პროცესი შეუწყდება და, შერცხვენაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელემენტარულად, ინსტიტუტიდან გარიცხავენ. ამას კი, რაც მოჰყვება, ძნელი მისახვედრი არაა. შეიძლება, კიდეც გამოგყვეს მერი ცოლად, მაგრამ, ეს ამბავი შავ ლაქად დაგრჩება და, ადრე თუ გვიან, ძალიან ცუდად დაგხვდება წინ. ამიტომ, ჩემო კოკი, გირჩევ, ახლა დამშვიდდე და ემოციები დაიცხრო, დილით კი მე თვითონ დაგირეკავ და პასუხს გეტყვი.
„ძიას“ სიტყვებმა ჩემზე მაგიურად იმოქმედა და სიბრაზე ერთბაშად გაქრა. შემდეგ ჩვენ ფეხით გავისეირნეთ პლეხანოვზე. მან სახლამდე მიმაცილა და წავიდა. დილით კი, როგორც დამპირდა, დამირეკა და მითხრა:
– ერთ საათში მანქანა მოგაკითხავს და გამოჰყევი.
ზუსტად ერთ საათში უკვე „ვოლგაში“ ვიჯექი და შევჩენკოს ქუჩაზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში მივედი, სადაც „ძია“ დამხვდა, თავის კაბინეტში ამიყვანა და მითხრა:
– მიდი, მერის ელაპარაკე.
– მერის? – გავოცდი მე.
– ჰო, მერის. რამ გაგაკვირვა, ბიჭო, ხომ არ გავიწყდება, რომ კომიტეტის შენობაში ხარ და მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი უწყება გეხმარება? – მხიარულად მითხრა „ძიამ“.
ტელეფონის ყურმილი ავიღე თუ არა, მერის ხმა მომესმა:
– გისმენთ!
– მერი, კოკი ვარ!
– კოკი, კოკი, საყვარელო, როგორ მოახერხე ჩემთან დაკავშირება? ჩემმა დეკანმა მითხრა, გირეკავენო და, რას წარმოვიდგენდი, შენ თუ იქნებოდი. მე მეგონა, მოსკოვიდან ჩემი ინსტიტუტის რექტორი მირეკავდა, – სხაპასხუპით მითხრა მერიმ, რადგან ეგონა, რომ დროში კვლავაც შეზღუდულები ვიყავით და ეშინოდა, კავშირი კვლავ არ გაწყვეტილიყო.
– მერი! გუშინ ვერ მოვახერხე თქმა და იმიტომ დაგირეკე. მე შენ მიყვარხარ! მშვიდად ისწავლე და, რომ ჩამოხვალ, დავქორწინდეთ. ახლა კი ნახვამდის და შენს დეკანს მოუბოდიშე შეწუხებისთვის, – ვუთხარი მერის და ტელეფონი გავთიშე.
– მასე არ ჯობია, ბიჭო? – თვალი ჩამიკრა „ძიამ“ და ხელისგული გამომიშვირა. მე მას ხელი დავურტყი და მითხრა, – იცოდე, ქორწილი არ გამომაპარო და დამპატიჟე, თორემ დაუპატიჟებლად გეწვევი...
ორი წლის შემდეგ მე და მერი დავქორწინდით და „ძია“ ქორწილში დავპატიჟე, მაგრამ მან გარკვეული მოსაზრებების გამო მოსვლაზე უარი მითხრა, მაშინ მე ძველი საუბარი შევახსენე და ვუთხარი:
– მემუქრებოდით, რომ არ დამპატიჟო, ძალით მოვალ ქორწილშიო, ახლა კი დაჩოქილი გეხვეწებით და გარბიხართ? იცოდეთ, ძია რომან, რომ არ მოხვიდეთ და უარი მითხრათ, სამუდამოდ გადამიმტერებთ.
– კარგი, კარგი, რამეს მოვიფიქრებ და მოვალ, თორემ ისე მემუქრები, ნამდვილად გამკეთებელი ხარ და შენნაირი კაცი ფაშისტებს გადაეკიდა, – მომიგო „ძიამ“ და, რა თქმა უნდა, ჩემს ქორწილსაც დაესწრო, კარგადაც მოილხინა და ისეთი „კინტაური“ იცეკვა, რომ გაამეორებინეს...
„ძიას“ ფრაზას – შენისთანა ფაშისტებს გადაეკიდაო – იმ წუთას არანაირი ყურადღება არ მივაქციე და უბრალო სიტყვის მასალად ჩავთვალე, თუმცა, ეს ასე არ ყოფილა და მრავალი წლის შემდეგ, უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც მე და „ძია“ ერთმანეთს შევხვდით და ის საუბარში გავიხსენეთ, ვუთხარი:
– გახსოვს, „ძია“, რომ მითხარი, შენისთანა ფაშისტებს გადაეკიდაო. რაღა ფაშისტები ახსენე და, არა, მაგალითად, ამერიკელი კაპიტალისტები, ან, თუნდაც, ებრაელი სიონისტები? მაშინ ხომ ასეთი გამოთქმები მოდაში იყო და „კაგებეში“ უწყებრივ ხუმრობად ითვლებოდა?
– ეჰ, კოკი-კოკი, რამდენი წელი იმუშავე „კაგებეში“, ვინ მოთვლის, კაცი პოლკოვნიკი გახდი და, მაინც ის მიამიტი ჭაბუკი ხარ, – გაეცინა „ძიას“ და დაამატა: – იმიტომ გიხსენე ფაშისტები, რომ შენ მიერ ლონდონში დადგმულ შოუზე, კურტ შტაინერის მოტაცებასა და 200 ტონა ოქროს დაბრუნებაზე, სხვათა შორის, წითელი ვარსკვლავის ორდენზეც, მთელი ჩვენი ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო, მაგრამ, არ გაგრძნობინებდით – ასეთი იყო „პაპას“ ბრძანება და მას მკაცრად ვიცავდით.
– ესე იგი, მაკონტროლებდით? – ჩამეცინა მე.
– ყოველ შემთხვევაში, მუდმივი თვალთახედვის არეში იყავი და შენზე „პაპას“ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციებს. ასეთი ტიპის კაცი იყო ის და საშინლად ვერ იტანდა, როდესაც მისი რომელიმე თანამშრომელი მისგან არ კონტროლდებოდა, თუნდაც ის შენსავით პირდაპირ მოსკოვის დაქვემდებარებაში ყოფილიყო.
– ჰმ, – ჩამეცინა „ძიას“ სიტყვებზე, – ალბათ, ისიც იცოდით, რომ მერისთან დაგეგმილი ქორწინება შეგნებულად ჩამიშალა მოსკოვმა, დავალება რომ შემესრულებინა, ხომ?
– დიდი ხანია, ქორწილის ჩაშლის ამბავი იცი? – კითხვა შემომიბრუნა „ძიამ“.
– ახლა მივხვდი.
– ახლა მიხვდა ამხანაგი პოლკოვნიკი! – ხარხარი აუტყდა „ძიას“, – ხომ ვამბობ, ისევ ისეთი მიამიტი ჭაბუკი ხარ-მეთქი, ეჰ, კოკი, კოკი, შენ რა გითხარი. სხვათა შორის, ქორწილი „პაპამ“ ჩაგიშალა მაშინ და არა მოსკოვმა.
– „პაპამ“? – უკიდურესად გავოცდი.
– ჰო, „პაპამ“, – დამიდასტურა „ძიამ“, – და ეს მე სრულიად შემთხვევით შევიტყვე მოგვიანებით. ყოველ შემთხვევაში, ტელეფონზე რომ გალაპარაკე ბერლინში მერისთან, მაშინ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ერთი სიტყვით, როდესაც „პაპამ“ საკავშირო „კაგებეს“ შეფისგან შეიტყო შენი პირველი საქმის დეტალები, როდესაც „გაუცინარს“ ძალიან შეუქიხარ და მადლობა გადაუხდია შენი კარგი მომზადებისთვის, „პაპას“ მისთვის უთქვამს, რომ, თუკი მას საკავშირო ხელმძღვანელობა ენდობა, მაშინ ის საქმის კურსში ჩააყენონ და არაფერი გამოაპარონ, როგორც ოქროს ისტორია გამოაპარეს. საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარეს „პაპასთვის“ უთქვამს, რომ მომავალში მას ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენებდა, გამომშვიდობებია და საუბარი ამით დასრულებულა. ხოლო, როდესაც შენ მორიგი ოპერაციისთვის აგირჩიეს და უნდა მოემზადებინეთ, საკავშირო „კაგებეს“ შეფს „პაპასთვის“ ეს ამბავი უთქვამს და მცირე პაუზის მერე „პაპას“ თავისი მოსკოველი უფროსისთვის ურჩევია:
– თქვენი სიტყვებიდან როგორც ვხვდები, ეს ისეთი რთული დავალებაა, რომ, შეიძლება ბიჭი, დაიღუპოს, ის კი გამგზავრებამდე დაქორწინებას აპირებს. ამიტომ, იქნებ, ეს ამბავი ჩაშალოთ, რომ, ჯერ ერთი, თუ მას უკან დაბრუნება არ უწერია, გოგონა არ დააქვრივოს, თანაც, უცოლო კაცს დარდი არაფრის ექნება და დავალებასაც უფრო კარგად შეასრულებს.
ერთი სიტყვით, „პაპამ“ მოსკოვი დაიყოლია, მერი გერმანიაში გაუშვეს, შენ კი ორი წლით უცოლო დარჩი, რაც თქვენ სასიკეთოდ წაგადგათ: მერი სუპერ-ექიმი გამოვიდა, შენ კი – სუპერ-მეომარი, – დაასკვნა „ძიამ“, რომელსაც ენა და გონება არასდროს ღალატობდა, საკმაო ასაკის მიუხედავად, დღესაც უჭრის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება.
სხვათა შორის, „ძია“ ერთადერთი ჩემი ყოფილი კოლეგაა, ვისთანაც დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობებს და მისი მეშვეობით მოვხვდი იმ ბიზნესში, რომელშიც ახლა ვმოღვაწეობ. რომანი ყოველთვის მზად იყო, ჩემთვის დახმარების ხელი გამოეწოდებინა და, მერისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კაბინეტიდან რომ გამომაცილა, მითხრა:
– აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი და, თუ კვლავ დაგჭირდი, არ მოგერიდოს, შემეხმიანე.
„ძიასგან“ რომ წამოვედი, ვფიქრობდი, სადაც აქამდე ვითმინე, ბარემ ექვს თვესაც როგორმე მოვითმენ, მერე კი მე და მერი დავქორწინდებით და, ოჯახი რომ მექნება, ალბათ, პროფილსაც შემიცვლიან და აქეთ-იქით წანწალი ამცდება-მეთქი. თუმცა, უკვე მერამდენედ გაეცინა ღმერთს ჩემს ბჭობაზე – ერთი კვირის შემდეგ სახლში უცნობი მამაკაცი მეწვია, შემოსვლა ითხოვა და, სავარძელში რომ მოკალათდა, მითხრა:
– მოსკოვიდან დამავალეს, თქვენთვის მეთქვა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ანუ, ზუსტად პირველ აგვისტოს, მოსკოვში უნდა ჩახვიდეთ, მანამდე კი მეხუთე კურსის გამოცდები ექსტერნად უნდა ჩააბაროთ.
– მეხუთე კურსის? მაგრამ მე ხომ ჯერ მეოთხეც არ დამიხურავს, ერთი გამოცდა დამრჩა? – მივუგე უცნობს, რომელსაც თავისი ვინაობა არ გაუმხელია და არც მე მიკითხავს.
– სწორედ ამიტომ მოგცეს ერთი თვე, თორემ, ოთხთვიანი სწავლება უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და თქვენ გამო გადადეს.
– რა სწავლება?
– ეგ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა უცნობმა, – მე დამავალეს, რომ, რაც გითხარით, ის გადმომეცა. ისინი წარმატებას გისურვებენ, ხოლო თქვენი ინსტიტუტის რექტორი წინასწარ იქნება გაფრთხილებული მეხუთე კურსის გამოცდების შესახებ და, როგორც კი მეოთხე კურსის ბოლო გამოცდას ჩააბარებთ, მეხუთე კურსისაც დაგენიშნებათ.
– რექტორს როგორ ავუხსნა ასეთი სიჩქარე? – ვკითხე უცნობს.
– მას ეტყვიან, თითქოს „იუნესკოში“ გგზავნიან ექვსი თვით სამუშაოდ, სასწრაფოდ დიპლომი გჭირდებათ და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით, ამ მხრივ თქვენ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ და წარმატებებს გისურვებთ, – უცნობი წამოდგა და წავიდა.
„ალბათ, კიდევ რაღაც ოპერაციისთვის მამზადებენ... ამჯერად ნეტავ ვის ვგავარ“? – გავიფიქრე გუნებაში და, რას წარმოვიდგენდი, რომ უკვე „კაგებეს“ განსაკუთრებულ ნომენკლატურას ვეკუთვნოდი, ვინმესთან მსგავსება არაფერ შუაში იყო და, რომ ამიერიდან ურთულესი დავალებების შესრულება მომიწევდა, რომელშიც გადარჩენის შანსი ოცი-ოთხმოცზე მქონდა, ანუ, ოცი პროცენტი ჩემი იყო, ზოგჯერ ბევრად ნაკლებიც და, ყოფილა შემთხვევები, რომ ეს შანსი ნულის ტოლი ყოფილა, ხოლო ოთხმოცი პროცენტი კი სიკვდილის და ყოველთვის გამარჯვებული გამოვსულვარ.
ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც კედლის საათმა თერთმეტჯერ ჩამოჰკრა, ტელეფონმაც დარეკა და ყურმილში ჩემი ინსტიტუტის რექტორის ხმა მომესმა:
– საღამო მშვიდობისა, კოკი, უფრო სწორად, ღამე მშვიდობისა, როგორ ხარ?
ასაკის მიუხედავად, რექტორთან ძალიან გულთბილი, თითქმის მეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ერთმანეთს ვურეკავდით და მოვიკითხავდით ხოლმე. თუმცა, ამჯერად მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვკითხე:
– გამარჯობა. ხომ მშვიდობაა?
– მშვიდობაა, მშვიდობა. ერთი კარგი ამბავი უნდა გახარო. დილამდე ვარ მოვითმინე და ასე გვიან იმიტომ დაგირეკე. ხომ არ გეძინა?
– არა, რას ბრძანებთ, გისმენთ.
– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი, მოსკოვი „იუნესკოში“ გგზავნის სამუშაოდ, როგორც წარჩინებულ და, რაც მთავარია, კარგ შექსპიროლოგს. ერთი თვე გადამზადების კურსებს გაივლი, შემდეგ ექვსი თვე ნიუ-იორკში იმუშავებ, იქ კი, ვინ იცის, კიდევ რა და როგორ გაგიმართლებს. მოკლედ, გილოცავ!
– გმადლობთ, მაგრამ, მე რომ დიპლომი არ მაქვს? აქ კი დიპლომი აუცილებელია. მოსკოვში რამე ხომ არ შეშლიათ? – მივუგე რექტორს, თან გუნებაში მეცინებოდა და ვფიქრობდი: რის „იუნესკო“, ალბათ, კვლავ ვიღაც უნდა ჩამოვათრიოთ სადღაციდან-მეთქი.
– რას ამბობ, კოკი, მოსკოვში არაფერი ეშლებათ. რა თქმა უნდა, დიპლომი აუცილებელია და ექსტერნ გამოცდებს გინიშნავ, რომ ერთ თვეში ჩაეტიო – დიპლომიც აიღო, მოსკოვშიც წახვიდე და დიდ, საინტერესო და მჩქეფარე ცხოვრებას შეუდგე, – საზეიმოდ დააგვირგვინა რექტორმა.
– საინტერესოა, – ვთქვი მე.
– საინტერესო კი არა, არ ვიცი, რა დავარქვა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, – კვლავ მგზნებარედ ალაპარაკდა რექტორი, – გამოცდებს რომ „ფრიადზე“ ჩააბარებ, ამაში ეჭვი არ მეპარება, რაც შეეხება სადიპლომო ნამუშევარს, უკვე მოვიფიქრე: შენ რომ საკონფერენციო თემა მომიტანე – „მისტიკა შექსპირის შემოქმედებაში“ – აი, ის იქნება შენი სადიპლომო თემაც. მე მას უფრო „ნაწარმოებს“ დავარქმევდი, დარწმუნებული ვარ, საკანდიდატო დისერტაციადაც „ქაჩავს“. მოკლედ, ასე, ჩემო კარგო, შენს თემას მე ჩემს მდივანს გადავაბეჭდინებ, მასვე შევაკვრევინებ და ხვალ დილით რომ მოხვალ ჩემთან, დანარჩენი დეტალები იქ განვიხილოთ. დილის ცხრაზე გელოდები, არ დააგვიანო და კიდევ ერთხელ გილოცავ.
მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად დაკიდა ყურმილი ემოციურად მოლაპარაკე რექტორმა, მე კი ჩამეცინა და ჩავილაპარაკე: „რა მიამიტი კაცია! თუმცა, საიდან უნდა იცოდეს, რომ „კაგებეს“ თანამშრომელი ვარ და არა შექსპიროლოგი? მაგრამ, შექსპიროლოგიც ხომ ვარ. რა თქმა უნდა, ვარ და საკმაოდ კარგიც“. ერთი სიტყვით იმ მომენტში გაორებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, რადგან, „კაგებეს“ ორდენოსანი თანამშრომელიც ვიყავი და ახალგაზრდა, პერსპექტიული შექსპიროლოგიც...
გაორება ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის უცხო ხილი არაა, მაგრამ, მთავარია, მას დროზე სძლიო, საკუთარი ემოციების მართვა ისწავლო და ყველაფერი ადგილზე დადგება. მე, რა თქმა უნდა, მეუფლებოდა ხოლმე გაორების გრძნობა, განსაკუთრებით ჩემი კარიერის პირველი სამი წლის განმავლობაში, მაგრამ, შემდეგ ამასაც ვძლიე და, შემეძლო, ერთბაშად მზვერავიც ვყოფილიყავი, მეთევზეც, მძღოლიც, მეეზოვეც და შექსპიროლოგიც... ერთი სიტყვით, მრავალპროფილიანი ადამიანი ვიყავი და, კარგად ათვისებული აქტიორული ხელოვნების წყალობით ყველა როლს კარგად ვირგებდი...
თერთმეტი გამოცდა, მათ შორის სამი სახელმწიფო, სამ კვირაში ფრიადზე ჩავაბარე, წითელი დიპლომი ავიღე და ზუსტად ორ დღეში ქართულ და რუსულ ენებზე შევსებული, წითელი ტყავის ყდაში ჩასმული დიპლომი გადმომცეს.
– აი, ჩემო კოკი, შენი პირველი დიდი გამარჯვება ცხოვრებაში. გისურვებ, უფრო და უფრო მეტისთვის მიგეღწიოს და სამშობლოს გამოსდგომოდე, – მითხრა რექტორმა, წითელი დიპლომი გადმომცა და გადამეხვია.
მოსკოვში ორი დღით ადრე, 30 ივლისს ჩავფრინდი და ჩემს კუთვნილ ბინაში მივედი, სადაც მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი. სახლს აშკარად ეტყობოდა, რომ პატრონობდნენ და ყველაფერი ისე იყო დალაგებულ-დასუფთავებული, მტვრის ნასახსაც ვერ იპოვიდით. ტანსაცმელი და ყველა სხვა ნივთი ადგილზე იყო. უჯრაში ჩემი ორდენი, „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი და სხვა წვრილმანი ნივთები ადგილზე იყო, თუმცა, არც ათასი მანეთი დამხვედრია და მაცივარიც ცარიელი იყო. საღამოს 8 საათი სრულდებოდა. ძალიან ცხელოდა, ამიტომ სინათლე ჩამქრალი მქონდა. უცებ შემოსასვლელი კარი ჩუმად გაიღო. სმენა გამახვილებული მქონდა და მივაყურადე, თან უჯრიდან ყოველი შემთხვევისთვის „ვალტერი“ ამოვიღე და კაბინეტში მდგარ უზარმაზარ საათს ამოვეფარე.
– შენ კაბინეტში შედი, მე კი სამზარეულოს მივხედავ, – უთხრა ერთმა კაცმა მეორეს, რომელმაც მიუგო:
– წარმოიდგინე, ახლა რომ ამ ბინის პატრონი მოვიდეს და გამოგვიჭიროს, რა პასუხს გავცემთ.
– რა პასუხი უნდა გავცეთ, შეიძლება, ადგილზე ისე დაგვხოცოს, რომ თქმაც ვერ მოვასწროთ, ვინ ვართ. მაგრამ, როგორ დაგვადგება, როცა ჯერ არ ჩამოსულა?
– საიდან?
– აბა, მე რა ვიცი, – თქვა პირველმა, – დროზე, დროზე ქენი და წავედით!
მეორე მამაკაცი კაბინეტში შემოვიდა და ნახევარ მეტრში ისე ჩამიარა, ჩემკენ არც კი გამოუხედავს, შემდეგ საწერ მაგიდასთან მივიდა, გამოაღო, შიგ რაღაც ჩააგდო და ისე დაბრუნდა უკან, არც უჯრის შიგთავსს დაჰკვირვებია, არც სინათლე აუნთია და კვლავ არ გამოუხედავს ჩემკენ. შუქი არც სამზარეულოში ანთებულა. პირველმა მამაკაცმა ისე გამოტენა მაცივარი სხვადასხვა პროდუქტითა და წვენებით, კრინტი არ დაუძრავს და ჩემი მომმარაგებლები ისევე ჩუმად წავიდნენ, როგორც მოვიდნენ.
უჯრაში კონვერტი იდო, კონვერტში კი ათასი მანეთი და ბარათი, რომელშიც ეწერა: „კეთილი იყოს შენი მოსკოვში ჩამოსვლა. შეგიძლია, ორი დღე დრო გაატარო და ეს ფული გამოგადგება, პირველ აგვისტოს კი დილის 9 საათზე გელოდები. მანქანა მოგაკითხავს“.
– არა, არა, – ჩავილაპარაკე ირონიულად, – ჯოჯოხეთში რომ დაიმალო, „კაგებე“ იქაც მოგაგნებს და ცეცხლიდან გამოგიყვანს.
დარწმუნებული ვიყავი, რომ თბილისიდან მოსკოვში შეუმჩნევლად ჩავფრინდი, მაგრამ, აშკარა იყო, ეს „კაგებეს“ არ გამოჰპარვია და ბარათიც სწორედ ამაზე მიანიშნებდა.
ის ორი დღე არც სახლიდან გავსულვარ და თითქმის არც ლოგინიდან ავმდგარვარ. ვჭამდი, ვისვენებდი და ტელევიზორს ვუყურებდი. 1 აგვისტოს კი უწყების „ვოლგამ“ კომიტეტში მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, პირველ სადარბაზოსთან მომლოდინე ახალგაზრდა კაპიტანმა მითხრა:
– წამობრძანდით, ვიქტორ იაკოვლევიჩი გელოდებათ!
გენერალ-მაიორი ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი ზორინის მემკვიდრე იყო. როდესაც ნაცნობ კაბინეტში შევდგი ფეხი, ზორინი გამახსენდა და სევდამ შემიპყრო, მაგრამ, უმალვე მოვთოკე თავი და შუა კაბინეტში შემოგებებულ შჩუკინს ხელი ჩამოვართვი, შემდეგ მის მიერ შემოთავაზებულ სავარძელში მოვკალათდი და გენერალს შევხედე.
– თქვენზე ბევრი კარგი მსმენია და მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, – მითხრა ჩემმა ახალმა შეფმა.
– მეც მოხარული ვარ, – მივუგე შჩუკინს. მან ცოცხალი თვალებით შემათვალიერა, გამიღიმა და მითხრა:
– ჩემი ინიციატივითა და უშუალოდ ამხანაგი თავმჯდომარის ხელშეწყობით ახალ, ექსპერიმენტულ სტრუქტურას ვქმნით, რომელშიც ჩვენი საუკეთესოთა შორის საუკეთესო თანამშრომლები იქნებიან გაერთიანებულები. პირველ ჯგუფში თორმეტნი ხართ. თუკი ექსპერიმენტი გაამართლებს, ეს სტრუქტურა გაფართოვდება და მუდმივი სამსახურის სტატუსს მიიღებს, ანუ, თქვენი თორმეტეულის ძალისხმევაზეა დამოკიდებული ჩვენი ახალი სამსახურის ჩამოყალიბების ბედი, აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენოთ და ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ. მზად ხართ?
შჩუკინი ბუნდოვნად მელაპარაკა და ნამდვილად არ ვიცოდი, რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად, მაგრამ, მივუგე:
– მზად ვარ, გისმენთ!
გენერალმა შჩუკინმა ბუნდოვანების მორიგი კასკადი შემომაფრქვია, საიდანაც ის გავიგე, რომ იქმნებოდა სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც სამხედრო მომზადებას გაივლიდა და თავისი მონოლოგი ასე დააბოლოვა:
– სამთვიან სწავლებას გაივლით, შემდეგ შედეგებს შევაჯამებთ და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ.
ვიქტორ იაკოვლევიჩი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალი, ნოვატორი ადამიანი აღმოჩნდა და „კაგებეში“ ისეთი სიახლეები დანერგა, რომ საბჭოთა უშიშროება ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მოგვიანებით მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მაგრამ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება მის მიმართ აბსოლუტურად უარყოფითი იყო და ის ბუნდოვანი აზრებით შეპყრობილ ადამიანად მივიჩნიე. თუმცა, რა ვიცოდი, რომ ამ მოჩვენებითი ბუნდოვანების მიღმა კარგად მოფიქრებული და შენიღბული გეგმა იმალებოდა და ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ თორმეტეულს ურთულეს და ზესაიდუმლო სპეცოპერაციისთვის გვამზადებდნენ.
თავდაპირველად ბალაშიხაში შეგვკრიბეს, ერთმანეთი გაგვაცნეს და პირველი ერთი თვე სწორედ იქ დავყავით. პოდმოსკოვიეს სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ეგრეთ წოდებული მოიერიშეთა მომზადება გავიარეთ, რაც შემდგომში „ალფას“ პროგრამას დაედო საფუძვლად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღემდე წარმატებითაა დანერგილი მსოფლიოს სხვადასხვა სპეცსამსახურში. ჩვენი სპეცჯგუფი, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში, მოწინააღმდეგის შენობასთან უჩუმრად მიპარვისა და აღების მეცადინეობებს გადიოდა, რომლის დროსაც ყველა ცოცხალი არსება უნდა გაგვენადგურებინა.
– ყოჩაღ, ბიჭებო! თქვენგან ნამდვილი „შტურმავიკები“ გამოვჩეკე, – შეგვაქო კურსის მეთაურმა, როდესაც მომზადება დავასრულეთ. შემდეგ ერთი ღამეც ბალაშიხაში დავრჩით, მეორე დღეს კი ტაჯიკეთის ერთ-ერთ სამთო ბაზაზე გადავფრინდით, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობდა და დანარჩენი ოთხი თვე იქ გავატარეთ.
ტაჯიკეთის მთებში ძირითადად გადაადგილებასა და შენიღბვას ვსწავლობდით, ეგრეთ წოდებული „ვიჟივანიეს“ სამ-სამკვირიანი კურსი ორჯერ გავიარეთ და ღამით მოქმედების ინტენსიური პროგრამაც ავითვისეთ. ყველაფერ ამის პარალელურად, პოლიტმუშაკი იდეოლოგიური კლიშეებით გვიტენიდა ტვინებს და ახლა რომ ამაზე მეცინება, მაშინ ეს საკითხი საბრძოლო მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სამთო ბაზაზე არც რადიო და ტელევიზია იყო, არც ჟურნალ-გაზეთები და ყოველგვარ ინფორმაციას მოკლებული ვიყავით. მხოლოდ ის ვიცოდით, რასაც პოლიტმუშაკი გვეუბნებოდა, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციები კი იდეოლოგიურად კარგად იყო გაფილტრულ-დამუშავებული. ამასობაში ზამთარიც დაიწყო, თუმცა, ჩვენი წვრთნები წუთითაც არ შეწყვეტილა: 10 დეკემბრიდან მოყოლებული, პოლიტმუშაკი ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე მოგვითხრობდა და ამ ქვეყნის ახალ, რევოლუციურ მთავრობაში არსებულ განხეთქილებაზე ამახვილებდა ყურადღებას.
– ავღანეთის თავდაცვის მინისტრი ხაფიზულა ამინი ამერიკელების ლაქიაა და საბჭოთა კავშირის მტერი, – ასე აგვირგვინებდა ხოლმე პოლიტმუშაკი თავის სააგიტაციო ლექციებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ისეთი წინათგრძნობა დამეუფლა, რომ რაღაც პროცესი მწიფდებოდა, რომელშიც ჩვენ უნდა მიგვეღო მონაწილეობა.
24 დეკემბერს, გამთენიისას, წამოგვყარეს. პლაცზე გაგვამწკრივეს და ჩვენთვის უცნობმა გენერალმა გვითხრა:
– დადგა დრო, როდესაც თქვენ სამშობლოს დასჭირდით. მაქსიმუმი უნდა გაიღოთ მისი ინტერესებისა და მშვიდობიანი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად.
ამ შაბლონური იდეოლოგიური შესავლის შემდეგ, რომელიც ჩვენთვის უცნობ გენერალს მაინცდამაინც კარგად ვერ გამოუვიდა, მსგავსი დემაგოგია პოლიტმუშაკის ბაგეებიდან უფრო დამაჯერებლად ჟღერდა, ის უშუალოდ საქმეზე გადავიდა და გვაცნობა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უნდა გადავესროლეთ სრულიად საიდუმლოდ და ერთ-ერთ კონსპირაციულ სახლში დავბანაკებულიყავით, შემდგომ მითითებებს კი მოგვიანებით მივიღებდით. გენერალმა წარმატება გვისურვა და წავიდა, ჩვენ კი მოსამზადებლად ერთი საათი მოგვცეს, ავღანურ სამოსში გამოგვაწყვეს და, ყოველგვარი საბრძოლო იარაღისა და საბუთების გარეშე, ავღანელმა მეგზურმა თავის სამშობლოში წაგვიყვანა.
ჯერ ფეხით ვიარეთ, შემდეგ – ცხენებით, ბოლოს კი ძალიან ძველი „სტუდბეკერით“, რომელსაც ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში იყენებდნენ. ავღანეთის დედაქალაქში შუაღამემდე ერთი საათით ადრე ჩავაღწიეთ, გარეუბანში მდებარე კონსპირაციულ სახლში დავბანაკდით, ვივახშმეთ და დასაძინებლად დავწექით. დილით კი ავღანურ სამოსში გამოწყობილი რუსი მოვიდა და პაროლით გვამცნო, რომ მის დაქვემდებარებაში უნდა გადავსულიყავით, ბოლოს გვითხრა:
– ახლა იარაღს აისხამთ და ძალიან მალულად გადაინაცვლებთ ერთ სასახლესთან, რომელიც იერიშით უნდა ავიღოთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3