კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე დაბარებული ვიყავი სასამართლოში, მაგრამ დანიშნულ დროს ვერ მოვახერხე მისვლა. სასამართლომ გამოუცხადებლობის გამო დამაჯარიმა. რა შემთხვევაში შეიძლება, ჩამეთვალოს სასამართლოში გამოუცხადებლობა საპატიოდ?
პასუხი: სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის გამოუცხადებლობა შეიძლება, საპატიოდ ჩაითვალოს, თუ არსებობს ამისთვის საპატიო მიზეზი, კერძოდ, გამოუცხადებლობა გამოწვეულია მისი ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში.
კითხვა: სისხლის სამართლის საქმეზე მისული ვიყავი გამომძიებელთან, რომელიც გამესაუბრა და ჩაიწერა გარკვეული მონაცემები. მაინტერესებს, რა შემთხვევაში შეიძლება, მქონდეს მოწმის სტატუსი და ჩაითვლება თუ არა ჩემი გამომძიებელთან საუბარი მიცემულ ჩვენებად?
პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება, იცოდეს სისხლის სამართლის გარემოებთა დასადგენად საჭირო მონაცემი, მაგრამ პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია ჩვენებად.
კითხვა: სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატმა, რომელიც იცავდა ბრალდებულის ინტერესებს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში, განაცხადა, რომ არ შეუძლია საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება და უნდა საქმისგან ჩამოშორება. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში აქვს ადვოკატს აცილების უფლება?
პასუხი: ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში და უნდა განაცხადოს თვითაცილება თუ:
ა) ამ საქმეში მონაწილეობდა როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი;
ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს;
გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, მასობრივი ინფორმაციის რომელი საშუალებებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოში პატიმრებს?
პასუხი: საქართველოს პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია, ასევე შესაძლებელია, ინტერნეტით სარგებლობა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს თუ ის მარტო არ არის საკანში მოთავსებული, ეძლევა რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება სამუშაოსგან თავისუფალ დროს, გარდა ღამის საათებისა. მათ ასევე, ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად შეიძლება, ჰქონდეთ პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს საპატიმრო დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა პატიმართა სიმშვიდეს. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება, შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისგან. მისი გამოყენების პირობები კი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ჩამოართვას ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია, საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, ასევე მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა.
კითხვა: რას ნიშნავს სასამართლოს უპატივცემულობა და მიიჩნევა თუ არა ის დანაშაულად?
პასუხი: დიახ, სასამართლოს უპატივცემულობა ითვლება დანაშაულად. ის გამოიხატება, საქმის სასამართლო განხილვისას, სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება კი, რომელიც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
კითხვა: ვარ თხუთმეტი წლის. ასაკის გამო უარი მითხრეს ერთ-ერთ ფირმაში მუშაობის დაწყებაზე. გთხოვთ განმიმარტოთ, კანონიერია თუ არა აღნიშნული მოტივით უარი მუშაობის დაწყებაზე?
პასუხი: საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ზოგადად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, არ უზღუდავს სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებას და შესაძლებლობას. ასევე, აკრძალულია, არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადების, გადაზიდვებისა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად; მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაო პირობებში.
კითხვა: დაგირავებული მაქვს ქონება, მაგრამ დამგირავებელი აყოვნებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. მაინტერესებს, კანონიერი გზით როგორ შეიძლება, ჩემი ინტერესების დაკმაყოფილება?
პასუხი: თქვენი, როგორც მოგირავნის დაკმაყოფილება, ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, თქვენ გირავნობის საგნის რეალიზაციის, ან მისი თქვენს საკუთრებაში გადმოცემის მოთხოვნის უფლება გაქვთ მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

скачать dle 11.3