კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ქალი, ირაკლი ჩოლოყაშვილის აზრით, არანორმალურ მდგომარეობაში და როდის ერთობოდა ის ახალგაზრდა გოგონებით


გულახდილად ვიტყვი, რომ პირველად დამაბნია რესპონდენტმა თავისი კონტრპასუხებით. ეტყობა, სისხლი მაინც თავისას შვრება. ირაკლი ჩოლოყაშვილმა ინტერვიუს დროს, ოდნავი ჩრდილიც არ მიაყენა თავის გვარიშვილობას და „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ ღირსეულად „იბრძოლა“. იმასაც მივხვდი, მისი „ქალის ტყავში“ შეყვანა ძვირად რომ დამიჯდებოდა და მსუბუქი „მოთელვით“ დავკმაყოფილდი.


– როდისმე გიფიქრია, რომ გაგიმართლა, კაცად რომ გაჩნდი?

– ყველა კაცი, ალბათ, ამას ფიქრობს. ყველა ქალი კი, პირიქით, ფიქრობს იმას, რომ ქალად დაბადებაა გამართლება. ქალისა და მამაკაცის ფსიქიკა ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვანაირად, ქალი ქალი არ იქნებოდა, კაცი კი არ იქნებოდა კაცი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი გვარის ადამიანისთვის კაცად დაბადება ჯობდა.

– ესე იგი, ქალი და მამაკაცი ორი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული არსებაა.

– რა თქმა უნდა. ვინმეს ეპარება ეჭვი ამაში? ერთნაირები რომ იყვნენ, მაშინ ანატომიური აგებულებაც ერთნაირი ექნებოდათ. კაცი ღმერთმა იმიტომ შექმნა ძლიერი, ფიზიკურ სიძლიერეს ვგულისხმობ, რომ არ გასჭირვებოდა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას დააკისრა. ქალს სულ სხვა მოვალეობები და ფუნქცია აქვს და შესაბამისადაც არის აგებული.

– მაშინ, ვთქვათ, რა არის კაცის მოვალეობა.

– ძველი დროიდან დავიწყოთ, როცა მამაკაცის მთავარი ფუნქცია იყო საკვების მოპოვება და ამ მონაპოვარის დაცვა. ფაქტობრივად, დღესაც ასეა. მამაკაცი არის მცველი და მომპოვებელი. მან უნდა მოიტანოს სარჩო, შეინახოს და დაიცვას ოჯახი, მათ შორის, ქალიც, რა თქმა უნდა.

– რა კარგია, მაგრამ ეჭვი მაქვს, ბევრ მამაკაცს აღარ ახსოვს ეს.

– ეს თქვენი სუბიექტური აზრია. უბრალოდ, დღეს ქალი ძალიან გააქტიურდა და ბევრი მათგანი ცდილობს, მამაკაცის ფუნქციები შეითავსოს. ზოგს, მაგალითად, ისიც აღარ ახსოვს, რომ მამაკაცმა კარში გასვლისას გზა უნდა დაუთმოს. ან, უფრო უარესი – თვითონ გითმობს გზას. ასეთ ქალთან რაინდი ვეღარ იქნები, გიქრება ამისი სურვილი.

– ანუ, ჩვენი ბრალია, თუ კაცის გასაკეთებელი საქმის კეთებაც თავად გვიწევს?

– გარკვეულწილად – კი. აცადეთ კაცს, იქნებ აკეთებს?! თუ წყალია მოსატანი, მიეცი ვედროები და მოიცადე, მოიტანს.

– როდის, მეორე დღეს?

– რატომ მეორე დღეს? როცა საჭირო იქნება, მოიტანს. ქალებს მოცდა არ შეგიძლიათ, ყველაფერი მაშინვე გინდათ. მამაკაცი ჯერ ფიქრობს და მერე აკეთებს. ფიქრს კი დრო სჭირდება. შეიძლება, ურთიერთშეთანხმებით ოჯახში ქალმა აკეთოს კაცის საქმე და, პირიქით, კაცმა – ქალის, მაგრამ ეს მარტო მათი გადასაწყვეტია.

– რა კარგი სანახავი იქნება, კაცი კვერცხს თქვეფდეს, ქალი კი მძიმე ნივთებს ეზიდებოდეს.

– მაგალითად, როიალი აჰქონდეს მეშვიდე სართულზე. (იცინის). მაგრამ, თუ ურთიერთშეთანხმება არსებობს, შეიძლება, ზოგ ქალს სწორედ ეს უნდა და არა კვერცხის თქვეფა. ნორმალურ სიტუაციაში პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ქალების ამბავი ხომ იცით. აცადე, რა კაცს!

– იმის თქმა გინდათ, რომ ზედმეტი აქტიურობით დავკარგეთ ის, რომ კაცები ჩვენს ქალურ სისუსტეებს ვეღარ ხედავენ?

– ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, რა დაკარგეთ, მაგრამ მე არ მომწონს ზედმეტად აქტიური ქალი. ქალი უნდა იყოს კდემამოსილი, მორიდებული, თავმდაბალი, ნაზი. გეთანხმებით, რომ ზოგჯერ მამაკაცს უჭირს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება და ტაიმ-აუტს იღებს დასასვენებლად. ამ დროს ქალმა ყელში კი არ უნდა წაუჭიროს ხელი დასახრჩობად. პირიქით, სულის მოთქმის საშუალება უნდა მისცეს. მამაკაცი ძალას რომ მოიკრებს, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.

– ვითომ? ქალი რომ არ ყოფილიყო, კაცი გამოქვაბულიდან არ გამოვიდოდა

– თუ ინტრიგულობას გულისხმობ, კი, ბატონო! ქალი კაცზე ინტრიგანია და ყველაფერი აინტერესებს. ამიტომ, შეიძლება, იყოს პროგრესის მამოძრავებელი, მაგრამ კაცის გარეშე ცოტა გაუჭირდებოდა. კაცი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, ფიზიკურად არის ძლიერი და ეს მას რაღაც-რაღაც უპირატესობებს ანიჭებს. ეკლესიაშიც კაცი შედის პირველი. ის იღებს პირველი ზიარებას. ეს არ არის შემთხვევითი. საერთოდ, თუ მართლმადიდებლურ წესს მივყვებით, იქ ყველაფერი ძალიან კარგად არის დალაგებული. კაცი კაცის ადგილზეა და ქალი – ქალის ადგილზე. თან, ქალის მნიშვნელობა კი არ კნინდება, არამედ, პირიქით. მამაკაცი ვალდებულია, მოუაროს და იზრუნოს მასზე, მაგრამ ქალმა არ უნდა მოინდომოს კაცობა. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა პირველი მამაკაცი გააჩინა.

– და მაშინვე მიხვდა, რომ ეს საცოდავი ქმნილება მარტო დაიღუპებოდა, ამიტომ სასწრაფოდ გაუჩინა ქალი.

– კი ბატონო. დავიღუპებოდით უთქვენოდ, ნამდვილად. მაგრამ თვითონვე თქვი, რომ ჩვენს მოსავლელად და მისახედად გაგაჩინათ ღმერთმა.

– ჩოლოყაშვილის ქალები როგორები არიან?

– (იცინის) ცოტათი მძიმეები. ეტყობა, სისხლი და კახური ბუნება თავისას შვრება. ჩვენი გვარის ქალები, როცა ეს აუცილებელი ხდებოდა, ქმრებისა და მამების გვერდით დგებოდნენ სამშობლოს დასაცავად და ხმალს იღებდნენ ხელში.

– ესე იგი, ზოგჯერ ქალს გარემოება აიძულებს, კაცობა გასწიოს.

– რა თქმა უნდა. ზოგჯერ ქალი მართლაც არის ვალდებული, მამაკაცის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღოს, მაგრამ ეს არანორმალური მდგომარეობაა და დროებითი. ასე, ზოგჯერ მამაკაციც აკეთებს ქალის საკეთებელს, თუ სხვა გამოსავალი აღარ არის.

– როგორ ფიქრობ, სამოთხე მამაკაცებს ქალმა დაგაკარგვინათ?

– არა მგონია და, მოდი, სამოთხის ამბებში ნუ ჩავერევით. რა მოხდა, ვინ ვინ მოატყუა და შეაცდინა, არ არის საინტერესო. მთავარია ის, რომ სამოთხეში აღარ ვცხოვრობთ.

– მამაკაცი არისო თავი, ქალი კი – კისერი. მაგრამ ეს თავი კისერზე დგას და ნებისმიერი მიმართულებით შეიძლებაო მისი დატრიალება.

– ატრიალებენ იმას, ვისაც საკუთარი პრინციპები არ გააჩნია. შენ შენი „მე“, შენი პოზიცია უნდა გქონდეს და არავის ჭკუაზე არ დატრიალდები.

– ქალი რომ იყო, ქმარს ღალატს აპატიებდი?

– რა საშინელებას მეკითხები! ესე იგი, ჯერ უნდა წარმოვიდგინო, რომ ქალი ვარ. მერე – რომ გავთხოვდი და ქმარი მღალატობს... რა უბედურებაა! ვერ გიპასუხებ ამ შეკითხვაზე.

– მაშინ, ასე დავსვამ შეკითხვას: უნდა აპატიოს თუ არა ქალმა მამაკაცს ღალატი?

– თუ გულწრფელად მოინანიებს, ადამიანს ყველაფერი ეპატიება და მამაკაციც ადამიანია. მე, მაგალითად, არ მესმის პოზიცია, როცა ამბობენ, მთავარია ცოლმა არ გაიგოს და, თუ უღალატებ, არ არის პრობლემაო. რას ნიშნავს ეს? შენ ხომ იცი, რომ უღალატე, არ არის ეს საკმარისი? მაგრამ შენდობა შეიძლება, ოღონდ, თუ სინანული გულწრფელია. ერთხელ დაშვებული შეცდომის პატიება შეიძლება.

– როგორ ფიქრობ, ცოლ-ქმარს შორის ინტრიგა საჭიროა?

– რისთვის? მე და ჩემი მეუღლე ინტრიგის გარეშეც ძალიან კარგად ვართ ოჯახში და საერთოდ არაფერში გვჭირდება, შეთანხმებულად და ბედნიერად ვცხოვრობთ.

– მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალი ჩვენს საზოგადოებაში დაჩაგრულია და მამაკაცებმა ბევრი ტვირთი აჰკიდეს.

– მე არ ვფიქრობ ასე. უბრალოდ, ქალები რაოდენობრივად მეტნი არიან მამაკაცებზე და კაცების ყურადღება ყველას არ ჰყოფნის. ზოგიერთი ამ მხრივ მართლაც დაიჩაგრა.

– წარმოგიდგენია, რომ ერთ დღეს გაიგო ყველაფერი, რასაც ქალები ფიქრობენ?

– წარმომიდგენია. იმიტომ, რომ მე ადამიანების ფიქრების ამოცნობის ნიჭი მაქვს, ვუყურებ და მისი გამოხედვით ვხვდები, რა უნდა თქვას. ძალიან ბევრჯერ ზუსტად გამომიცნია, რას ლაპარაკობდნენ ჩემზე, მაგრამ არაფერი მითქვამს, აღარ ჩამიყენებია უხერხულ მდგომარეობაში ის ადამიანები. ასე რომ, ჩემთან ურთიერთობისას სიფრთხილეა საჭირო (იცინის), სხვათა შორის, ეს ნიჭი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. პირველ კურსზე ვიყავი, რეკლამაში რომ გადამიღეს. თეატრალურ ინსტიტუტთან ვდგავარ და შევამჩნიე, რომ ერთი გოგონა მეორეს ჩემზე ანიშნებს – ეს ის არისო. მერე კიდევ განმეორდა იგივე და მეც ასეთი შემთხვევებისთვის ქცევის სპეციალური მანერა დავამუღამე: ერთი რომ შემამჩნევდა, მე ისეთ სახეს ვიღებდი, თითქოს ვერაფერს მივხვდი და ნელა ვტრიალდებოდი, რათა საშუალება მიმეცა, მეორესთვის ენიშნებინა ჩემზე. ძალიან ვერთობოდი.

– ანუ, საწყალი გოგონებით ერთობოდი?

– (იცინის) ჰო, აბა! ფიქრებსა და მიმიკებს კარგად ვხვდები.

– რატომ არის, რომ მამაკაცებს შურთ წარმატებული ქალების?

– ვის შურს? მე არ ვიცნობ ასეთ მამაკაცებს.

– როგორ არა. მაგალითად, ჩემთვის ასეთი რამეც კი უთქვამთ, მაგრები რომ იყოთ, ბევრი მათემატიკოსი გეყოლებოდათო.

– მაგის მთქმელს, შეგიძლიათ, უპასუხოთ, რომ ჭადრაკიც იგივე მათემატიკაა და მოჭადრაკე ქალების რაოდენობით აშკარად აღემატებით მამაკაცებს. თან, ჭადრაკი გაცილებით საინტერესოა. მთავარია, რომ მასში არის ინტრიგა, რაც ასე მოსწონთ ქალებს.


скачать dle 11.3