საუკეთესო დასვენება
ენდრიუ ამბობს, რომ შვებულების არსი სამყაროს სხვა თვალით დანახვაა. ცვლილებები დასვენებას არაფრით ჩამოუვარდება, ამიტომ შვებულებაც მხოლოდ ვითარებისა და პირობების შესაცვლელადაა საჭირო და არა, მართლა დასასვენებლად. თორემ, თუ დასვენება გინდა, საკმარისია, არ გახსნა საფოსტო ყუთი, გათიშო ტელეფონი და დარჩე სახლში. ეს არის ნამდვილი დასვენება, ევროპაში მოგზაურობა კი არა. ტელევიზორის წინ, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ჯდომა მართლა დასვენებაა, ნოტრ-დამის ორმოცდაორ ათას საფეხურზე ასვლა კი – მძიმე სამუშაო.
თუ ქუჩაში არ ვსეირნობდით და კიბეებზე არ ავდიოდით, მაშინ მუზეუმებს ვათვალიერებდით. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო ენდრიუმ პირდაპირ გამაოცა. ბოსტონის ხელოვნების მუზეუმი ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ენდრიუს ახლოსაც ვერ მიიყვან, პარიზში კი ლუვრშიც შევიდა, როდენის მუზეუმშიც და იმ პატარა მუზეუმშიც კი მე-16 კვარტალში რომ მდებარეობს და სადაც მონეს ბრწყინვალე კოლექცია ინახება. იგივე განმეორდა ლონდონში, ამსტერდამშიც... ასე რომ, იმ დროისთვის, როცა მადრიდში ჩავედით, მუზეუმები ყელში მქონდა ამოსული. ვიცოდი, პრადოს არნახვა საშვილიშვილო ცოდვა იქნებოდა, მაგრამ თავი მაინც ვერ ვაიძულე. ამიტომ მე და ჰარი ქალაქში ვსეირნობდით, ვიდრე ჩემს ქმარს სიუ ელ გრეკოს, გოიას და ველასკესის დარბაზებში დაჰყავდა.
თქმა არ უნდა, მოგზაურობა ადამიანს ცვლის. საკმარისია, დატნერებს შეხედო. ევროპაში რომ არ წავსულიყავით, ჰარის და სიუს ვერასდროს გავიცნობდით და მათთან ერთად ამდენ დროსაც ვერ გავატარებდით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერასდროს შევხვდებოდით: ყოველდღიური რუტინა მათ ბოსტონში არ მოახვედრებდა, ჩვენ კი – ენიდში, ოკლაჰომას შტატში არ აღმოვჩნდებოდით. თუმცა, მეზობელ ქუჩაზეც რომ ჰქონოდათ ბინა, ჩვენი ახლო მეგობრები მაშინაც ვერ გახდებოდნენ. პირდაპირ რომ ვთქვა, ისინი ის ხალხი არაა, ვისთანაც ჩვენ საერთოდ გვაქვს ხოლმე ურთიერთობა.
ჩვენ დატნერებს ლონდონში პირველივე დღეს შევუთანხმდით, რომ სადილზე ერთმანეთს შევხვდებოდით. დესერტის დროს კი ოთხივე უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ მთელ მოგზაურობას ერთად გავატარებდით. თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს თავს არ მოვაბეზრებდით.
– მათში რაღაც არის, არა? – შევნიშნე მე.
– კარგი ხალხია, – დამეთანხმა ენდრიუ, – ჩვენი წრიდან არ არიან, მაგრამ განა ეს ასე მნიშვნელოვანია? ჩვენ ხომ ვმოგზაურობთ.
– შენც მოგწონს ისინი, არა? – მკითხა მან ცოტა ხნის მერე.
– კი, რა თქმა უნდა. ბოსტონში მათთან ნაცნობობას არ გავაბამდი და არც სახლში დავპატიჟებდი, მაგრამ...
– ის კაცი მოგწონს.
– ჰარი? ვხედავ, საითაც უმიზნებ.
– მართალი ხარ.
– ქალიც სიმპათიურია. გიზიდავს.
– სახლში ორჯერაც არ შევხედავდი, მაგრამ აქ...
– შეგიძლია არ გააგრძელო. მეც იმ კაცს ზუსტად ასე აღვიქვამ – ათიანში მოარტყი.
– რა გავაკეთოთ?
– არ ვიცი. შენ გგონია, რომ ორი სართულით დაბლა, ახლა ისინიც ზუსტად იგივეზე საუბრობენ?
– არ გამიკვირდებოდა.
არ ვიცი, იმ საღამოს ისაუბრეს დატნერებმა იგივე თემაზე თუ არა, მაგრამ ის, რომ ნამდვილად გაიმართა დიალოგი მათ შორის მალევე დავრწმუნდით. ჩვენს შორის გაჩენილი ენერგეტიკული ველები, სულ უფრო ძლიერდებოდა. ცოტაც და ჰაერში ნაპერწკლები გაიყრებოდა.
მადრიდიდან რომში გავფრინდით. დავიღალეთ. ამიტომ, პირველ საღამოს გადავწყვიტეთ, ქალაქში არ წავსულიყავით და სასტუმროს რესტორანში გვესადილა. მზარეულებმა საჭმლის გაკეთება კი იცოდნენ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე ჩვენგანს გაეხსენებინა, იმ დღეს რა ჭამა. ცოტა დავლიეთ. ბოლოს ჰარიმ ჭიქა აწია და სადღეგრძელო წარმოთქვა.
– კარგ მეგობრებს გაუმარჯოს. კარგ ადამიანებს შორის ახლო მეგობრობას გაუმარჯოს, – როდესაც ყველამ დავლიეთ, ჰარიმ ისევ გააგრძელა: – იცით, რამდენიმე დღეში ყველანი ისევ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. სიუ და მე ოკლაჰომაში გავემგზავრებით, თქვენ – ბოსტონში, რომელიც მასაჩუსეტშია. ენდი ისევ ინვესტიციებით დაკავდება, მე იმით – რასაც ვაკეთებ. ჩვენ ერთმანეთს მისამართებს და ტელეფონებს გავუცვლით და ვიტყვით, ერთმანეთს არ დავივიწყებთო, შეიძლება ასეც კი იყოს და შეიძლება – არა. მაგრამ, ერთ რამეში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: როგორც კი კენედის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოვალთ, ეტლი კვახად გადაიქცევა, ხოლო ცხენები – თაგვებად. ხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ?! და, აი, მე და სიუმ რა ვიფიქრეთ. რომი უზარმაზარი ქალაქია, აქ უამრავი რესტორანი და ღირსშესანიშნაობაა. ვიფიქრეთ, სისულელე იქნება, ოთხივემ ერთი და იმავე ადგილებში ვიაროთ, ერთი და იგივე ვნახოთ და სხვა ყველაფერი გამოგვრჩეს. რატომ არ შეიძლება, ხვალ საუზმის შემდეგ გავიყოთ და ერთი დღე წყვილებმა გავატაროთ ერთად, მას სუნთქვა შეეკრა. – მთელი დღით ერთ გუნდში გაერთიანდებიან სიუ და ენდი, მეორეში – მე და ელეინი, ჰარის შუბლზე ოფლის წვეთები გამოჩნდა, მთელი დღეც და საღამოც. სადილი... და შემდეგ...
სიჩუმე ჩამოვარდა, როგორც მომეჩვენა, ხანმოკლე. შემდეგ ენდრიუმ თქვა, რომ იდეა კარგია. სიუც დაეთანხმა. მეც თავი დავაქნიე.
– შენ ხომ ხვდები, ეს ფანტაზიაა, – თქვა ენდრიუმ, როდესაც ჩვენს ნომერში ავედით, – არარეალური სამყარო. ჩვენ არც ბოსტონში ვართ და არც ოკლაჰომაში. ჩვენ რომში ვართ. შენ არ გაგიგია გამოთქმა, როდესაც რომში ხარ, რომაელივით მოიქეციო?
– სწორედ ამას აკეთებენ რომაელები?
– როდესაც სტოკჰოლმში ჩადიან, ალბათ, კი, – მიპასუხა ენდრიუმ.
დილით დატნერებს საუზმეზე შევხვდით. შემდეგ სიტყვაც არ გვითქვამს, ზუსტად ისე მოვიქეცით, როგორც ჰარიმ შემოგვთავაზა. მე და მან ესპანეთის მოედნისკენ გავწიეთ, სადაც ხორბალი ვიყიდე და მტრედებს ვაჭამე. რის შემდეგაც... განა, ასე მნიშვნელოვანია, რა იყო შემდეგ, რომელი ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ?! აი, ღამე კი კარგად დავიმახსოვრე. ჩვენ სავსე ვიყავით სიყვარულით და ვნებით, ჩვენს ემოციებს გზა გავუხსენით. იგი უფრო ნაზი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მე კი – უფრო თავშეკავებული. რომ მომენდომებინა, შემეძლო ყველაფერი გამეხსენებინა, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, მაგრამ ამ საქმეში მარტო არ ვიყავი. ეს ყველაფერი კიდევ ვიღაცის თავს ხდებოდა. მართლაც, იმ მომენტში მე ვიყავი ქალი, რომელიც საწოლს ჰარისთან იყოფდა, მაგრამ ეს ქალი არც ევროპაში მოგზაურობამდე არსებობდა და არც მის შემდეგ იარსებებდა.
ეს ამბავი მხოლოდ წინა კვირას გამახსენდა... ენდრიუ, პოლ უელსთან და კიდევ ორ ბიჭთან ერთად, ბანკს დაეცა ენიდში, მასაჩუსეტის შტატში. ერთ-ერთმა მოლარემ ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო და პოლიცია ზუსტად მაშინ მოვიდა, როდესაც ისინი ბანკიდან გამოდიოდნენ. სროლა ატყდა. პოლ უელსი დაიჭრა, ისევე როგორც ერთი პოლიციელი. მეორე პოლიციელი კი მოკლეს. მართალია, ენდრიუმ გაისროლა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ის პოლიციელი მისი ტყვიით არ იყო მკვდარი, თუმცა ვინ იცის... იქნებ მას უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო. ჩვენ შემდეგ გაზეთებიდან შევიტყვეთ, რომ იმ პოლიციელს ჰარი დატნერი ერქვა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ