ასტრონომებმა პირველად გადაიღეს ვარსკვლავი, რომელიც შავმა ხვრელმა „მოკლა“
ასტრონომებმა პირველად დაინახეს ნარჩენები ვარსკვლავისა, რომელიც შავმა ხვრელმა შთანთქა – ესაა ენა, წაგრძელებული ასობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე. სივრცეში განვრცობილი ასეთი მატერიის გროვები ასტრონომიაში ცნობილია, როგორც „რელიატივისტური ჭავლები“. აღმოჩენის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას პირველად წარუდგინეს რელიატივისტური ჭავლი, რომელიც სახელდობრ შავი ხვრელის ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა.
„ჯერ კიდევ 2011 წლის მარტში ამერიკის ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპმა „სვიფტმა” დრაკონის თანავარსკვლავედში გამოავლინა რენტგენის გამოსხივების მძლავრი წყარო“, – იტყობინება „ნასას” საიტი.
აღმოჩნდა, რომ ასტრონომებს საქმე ჰქონდათ ადრე მიძინებული შავი ხვრელის გამოღვიძების შედეგთან, რომელმაც ნაწილებად დაშალა და ჩაყლაპა ვარსკვლავი. გალაქტიკა, რომელშიც ეს უშუალოდ მოხდა, იმდენად შორს იმყოფება ჩვენგან, რომ ამ მოვლენის გამონათებამ დედამიწამდე დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის შემდეგ მოაღწია.
გალაქტიკების უმრავლესობას, ჩვენი გალაქტიკის ჩათვლით, თავის შემადგენლობაში აქვთ უზარმაზარი ზომის შავი ხვრელები, რომელთა მასა მზის მასას აღემატება მილიონჯერ და მილიარდჯერაც კი. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტელესკოპ „სვიფტის“ მიერ აღმოჩენილი ობიექტი ორჯერ უფრო მძიმეა შავ ხვრელთან შედარებით, რომელიც განლაგებულია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში და 4 მილიონჯერ უფრო მძიმეა მზეზე.
როდესაც ვარსკვლავი ხვდება შავი ხვრელის მიზიდულობის ზონაში, იგი ნაწილებად იშლება. გაზი, რომელსაც ის შეიცავს, იკუმშება რაიმე დისკოდ, რომელიც, ბრუნავს რა შავი ხვრელის ირგვლივ, სწრაფად ცხელდება მილიონ გრადუს ტემპერატურამდე. გაზი, რომელიც დისკოს შიგნითაა, ჩაიზიდება შავ ხვრელში, ხოლო სწრაფი ბრუნვა და მაგნიტური ზემოქმედება ქმნიან თავისებურ ძაბრებს, საიდანაც ზოგიერთ ნაწილაკს შეუძლია, დატოვოს ობიექტი. ნაწილაკების ნაკადი მოძრაობს სიჩქარით, რომელიც შეადგენს სინათლის სიჩქარის 90 პროცენტს, შავი ხვრელის ბრუნვის ღერძის გასწვრივ. „ნასამ“ თავის საიტზე მოამზადა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმისა და რელიატივისტური ჭავლის შემდგომი წარმოქმნის სქემა, აგრეთვე ამ მოვლენის ვიდეორეკონსტრუქცია.