საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაააქტიურეს ადამიანის მსგავსი რობოტი – ანდროიდი
„საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე „გაცოცხლდა” რობოტი-ასტრონავტი. ფრენათა მართვის ცენტრმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში ორშაბათს დისტანციურად ჩართო ანდროიდ „რობონაუთ-2-ის“ კვება, რომელიც ჩაიტანეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე წლის თებერვალში. რობოტი ყველა სისტემაში უკვე აქტივირებულია, მისი პირველი გამოცდა დაიწყება 1 სექტემბრიდან – „თითებს” იგი აამოძრავებს“ – იტყობინება „ნასა”. „ეს ელექტრონები გემრიელია,” – დაწერა რობოტმა ქსელში ჩართვისთანავე თავის მიკრობლოგზე „ტვიტერში“, რომელიც მას მიჰყავს ორბიტაზე გასვლის მომენტიდან. „ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ, დიდი ნახტომია რკინისთვის, – განაცხადა რობოტმა. – მე კოსმოსში ვარ! თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი რამ?” „რობონაუთ-2“, ან, უბრალოდ „R-2“, შექმნილი კონცერნ „ჯენერალ მოტორსთან” თანამშრომლობით, თავისი აღნაგობით ადამიანს მოგვაგონებს: მას აქვს ტანი, თავი და ორი ფეხი. რობოტის ქვედა ნაწილს – ორ მექანიკურ ფეხს – ორბიტაზე ჩაიტანენ 2012 წელს. ძირითადი კომპიუტერი იმყოფება რობოტის „მუცელში,” „R-2“ აგრეთვე აღჭურვილია „სახსრების” მართვისთვის საჭირო 30 პროცესორით. რობოტის სიმაღლე მეტრზე ცოტათი მეტია, წონა კი 150 კილოგრამს აღწევს. დედამიწაზე რობოტმა გაიარა მრავალრიცხოვანი გამოცდა: ვარჯიშობდა გირების აწევაში, მარკერით წერდა სიტყვას Hello, ფრთხილად იღებდა კონვერტს ჩანთიდან, ხელს ართმევდა „კოლეგას” „ნასადან“ და სხვა. უახლოეს თვეებში „ნასა” შეისწავლის, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას რობოტი უწონობის პირობებში. სივრცეში ორიენტირებისთვის ის იყენებს ოთხ ოპტიკურ კამერას, რომლებიც დამაგრებულია შლემზე და ერთ ინფრაწითელს, მოთავსებულს ცოტა ქვემოთ. იქვეა დინამიკი, რომლის დახმარებითაც „R-2“ ურთიერთობას ამყარებს ადამიანებთან. „R-2-ის“ შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მომავალში რობოტი შეძლებს, თავის თავზე აიღოს რუტინული ოპერაციების შესრულების მოვალეობა, კერძოდ, ორბიტული სადგურის დალაგება. შეიძლება, რობოტი სასარგებლო იყოს საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში – ხანძრის ან ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვისას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის სიცოცხლეს.