თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-35(557)
თემო მობილურის ზარმა გააღვიძა. საათს შეხედა და სწრაფად წამოხტა ლოგინიდან. ცალი ხელით შარვალს იცვამდა, მეორით – მობილურზე საჭირო ღილაკის მოძებნას ლამობდა. გაცოფებულმა შეიგინა. მობილური საწოლზე მოისროლა და პერანგს დასწვდა. ტელეფონმა ისევ დარეკა: თემომ უპასუხა:
– გისმენთ... დიახ, თემო პაპავა გისმენთ... ა, დიახ... არა, რა თქმა უნდა, არ დამვიწყებიხართ. ჩემი სამსახური ასეთ ჩავარდნებს არ ითვალისწინებს. რასთან დაკავშირებით? ნახევარ საათში ადგილზე ვიქნები, საშვს დავუშვებ და გავაფრთხილებ, პირდაპირ ჩემს კაბინეტში ამოგიყვანონ... – თემომ მობილური გათიშა და აპარატით კეფა მოიქექა. მერე ამოიოხრა. პერანგს დახედა... იატაკზე დააგდო... კარადა გამოაღო და აღმოაჩინა, რომ საკიდზე ერთადერთი პერანგიღა იყო დარჩენილი. აქამდე არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ პერანგები თავისთავად არ ირეცხებოდა და უთოვდებოდა, რომ ამ საქმეს ვიღაც აკეთებდა. ცოცხალი არსება, რომელიც, შეიძლება, იღლებოდა კიდეც და, არც დიდად აღფრთოვანებული არ უნდა ყოფილიყო ამ პროზაული საქმიანობით. გუნება გაუფუჭდა დღე უსიამოვნოდ დაიწყო...
მანქანიდან დევის დაურეკა:
– მიდიხართ? ორივე? მოიცა, ვინ ორივე... აჰა, გასაგებია... მე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. როგორც კი მოვრჩები, მაშინვე შეგეხმიანებით და ორივე ჩემთან გაჩნდით... რამე ახალი ხომ არ გაქვს? კარგი, მერე ვილაპარაკოთ. დღე აშკარად მძიმე იქნება, გული მიგრძნობს – არა, გული არაფერ შუაშია, ფაქტებით გელაპარაკები... კარგი...
***
... მარიკამ ცნობისმოყვარედ შეხედა საეჭვოდ მოღიმარ დევის:
– რა ხდება? თემო უკვე სამმართველოშია?
– არა. ისიც მანქანაში ზის, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია, არ ვიჩქაროთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პაპავას ჩვენთვის აშკარად არ სცალია, მითხრა, მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვსო. შეიძლება, მინისტრი იბარებს, მაგას და ახვლედიანს. როცა შევხვდებით, გავიგებთ... მე კი ერთი წინადადება მაქვს... ყავაზე გეპატიჟები და ცხელ ბლინებზე მოცხარის ჟელეთი. დარწმუნებული ვარ, საუზმობა ვერ მოასწარი.
მარიკამ ამოიოხრა:
– მომასწრებინეს. დილით პირდაპირ დედაჩემს ჩავუვარდი კლანჭებში და იძულებული გავხდი, მესაუზმა. თუმცა, ყავას სიამოვნებით დავლევ. საშუალებაც მომეცემა, დაგელაპარაკო.
– ჰო, მართლა, დილით რას მეუბნებოდი?
– გეტყვი აუცილებლად, – ჩაიღიმა მარიკამ, – გეგონა, ვერ გავიგებდი? მე ხომ ექიმები მყავს ოჯახში, თანაც დედა კარდიოლოგია. ასე რომ, უკვე ვიცი...
– ყოჩაღ! მეც სწორედ ამისი იმედი მქონდა, – თვალი ჩაუკრა დევიმ, – ახლა რას იზამ, თემოს ეტყვი, რომ ეს უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა და ახვლედიანის ყურამდეც მიიტან ამ ამბავს?
– მოდი, მეც გკითხავ: შენ გჯერა, რომ უბედური შემთხვევა იყო?
– მე, ზოგადად, იშვიათად მჯერა რამის, მაგრამ, საქმე ამაში არ არის, ალბათობა ყველაფრის არსებობს.
– ადამიანმა, რომელსაც სტენტირება აქვს გაკეთებული, ზუსტად იცის, რა მოუვა, თუ ვიაგრის ჭარბ დოზას მიიღებს. მით უმეტეს, ვახტანგ ჩილაჩავას ეს არ დაავიწყდებოდა. კაცი, რომელიც ყველანაირად ებღაუჭებოდა ცხოვრებას და ცდილობდა, ამქვეყნიური ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღო, განსაკუთრებით გაუფრთხილდებოდა მას.
– გეთანხმები, მაგრამ, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. გატყობ, ძალიან გინდა, ამ საქმეს მკვლელობის კლასიფიკაცია მიეცეს.
– არა. რატომ? სიმართლე მაინტერესებს.
დევიმ თავი დაუქნია:
– მესმის შენი. ვნახოთ, დღეს რა მოხდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახი რა პოზიციას დაიკავებს.
მარიკამ ეშმაკურად გაიღიმა:
– მე კიდევ მაქვს რამდენიმე მომგებიანი კარტი, მაგრამ, ჯერ არ გამოვაჩენ.
– მართლა? წარმატებებს აღწევ, პატარავ, კარგად მიდიხარ და სულ უფრო მომწონხარ.
– გმადლობ. მეც ძალიან მომწონხარ და პაპავაც მომწონს.
– მართლა? – ირონიულად ჩაიცინა დევიმ და თვალები აუციმციმდა. მარიკა გაწითლდა:
– არ გინდა, რა... ნათქვამის უტრირებას ნუ მოახდენ. მომწონს, როგორც პროფესიონალი და არა როგორც... მით უმეტეს, რომ... მე...
– ჰო, ვიცი, თითქმის შეყვარებული ხარ.
– თითქმის არა, შეყვარებული ვარ.
– ვინ არის ის ბედნიერი?! თუმცა, ვხვდები მგონი, მე დაგეხმარე მის მოძებნაში. მოკლედ, შენი მაჭანკალი ვარ.
– რაღაც მსგავსია. ოღონდ, ეს ამბავი ჯერ მამაჩემისთვისაც კი არ მითქვამს.
დევიმ თანაგრძნობით დაუქნია თავი:
– ჰო, მესმის...
– ვაპირებდი, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, ჯობია, ცოტა ხნით თავი შევიკავო. გუშინ თემოსთან რომ ბიჭი იყო მოსული...
– დათო იყო, ვიცი... მაკას ძმაა.
– ვინ არის?
– თემოს ცოლის, მაკას ძმა, დათო... იმ ჩილაჩავას შვილი მისი მეგობარი ყოფილა... – განუმარტა დევიმ.
– მართლა? არ ვიცოდი.
– ჰოდა, ეგ დათო ნიკას ძმაკაციც არის. ყოველ შემთხვევაში, ერთ გუნდში თამაშობენ და სულ ერთად არიან.
დევი ჩაფიქრდა.
– ეგ საინტერესოა. ეგ ბიჭი თვითონ გირეკავდა, არა?
– ჰო. არაფრით არ მითხრა, როგორ გაიგო ჩემი მობილურის ნომერი ან სად მნახა საერთოდ პირველად. მაინტერესებდა, მაგრამ, მითხრა, როცა დრო მოვა, გეტყვიო და მეც, რაღაცნაირად მიმავიწყდა.
– დაგავიწყდა, არა?! ასე იცის სიყვარულმა. თუმცა, შეიძლება, უკეთესიც კია, ზოგჯერ, უბრალოდ, უნდა მიიღო რეალობა ისეთი, როგორიც ის არის.
– მაგით იმის თქმა ხომ არ გინდა?
– არაფერი მნიშვნელოვანის... აი, მოვედით კიდეც... ვგიჟდები ბლინებზე, აქ რომ აკეთებენ, – თქვა დევიმ და მანქანა კაფესთან გააჩერა.
***
პაპავამ სიგარეტს მოუკიდა და ახალგაზრდა კაცს ყურადღებით შეხედა.
– მეც მოვწევ, ხომ შეიძლება?! – სიგარეტის კოლოფი დაანახვა მან.
პაპავამ უსიტყვოდ დაუდო წინ სანთებელა და საფერფლეც გაუჩოჩა.
– ალბათ, გიკვირთ, რომ მოვედი. ჩვენ ხომ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ და, პრინციპში, ყველაფერი გავარკვიეთ.
– თქვენთან დაკავშირებით, შეიძლება, ასეც ითქვას. აბა, რისი თქმა გინდოდათ? ეს ალბათ, მამათქვენის მკვლელობას ეხება... თუ, საყვედური უნდა გამოთქვათ, გამოძიება რომ გაჭიანურდა და მკვლელი აქამდე ვერ ვიპოვეთ?
– არა, არა, ეგ არანაირ კავშირში არ არის ჩემს ვიზიტთან. იმიტომ მოვედი, რომ სიმართლის თქმა მინდა.
პაპავამ გაოცებით შეხედა:
– სიმართლის?!
– დიახ. სულერთია, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად გაიგებთ. ვმალავდი იმიტომ რომ, ცოლი ძალიან მიყვარს და ოჯახიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თანაც, ძალიან არ მინდოდა იმ ღორს, მამაჩემს დავმსგავსებოდი. მაგრამ, ეტყობა, რასაც ერიდები, იმას ვერ გაექცევი. როგორმე უნდა გამოვიდე ამ სიტუაციიდან, თუმცა, არ ვიცი, როგორ...
– აღსარების სათქმელად თუ მოხვედით, ვეჭვობ, მე გამოვდგე ამისთვის. მაგრამ, თუ ამას მამათქვენის მკვლელობასთან აქვს კავშირი, მაშინ...
– საქმე ისაა, რომ არ ვიცი... – კაცმა თავზე ხელები იტაცა, – არ ვიცი... ის გოგო, ნია... გახსოვთ, ხომ?!
– რა თქმა უნდა, მახსოვს. უცნაური შეკითხვაა. მას და მის მეგობარს ჯერჯერობით დააკვირდებიან.
– აკვირდებიან? – შეიჭმუხნა კაცი.
– ჰო. ეჭვმიტანილები არიან-მეთქი, ვერ ვამბობ, რადგან ორივეს აქვს ალიბი. მაგრამ ალიბიც შეიძლება იყოს საეჭვო. თუ დამტკიცდა, რომ გოგო ფეხმძიმედ მამათქვენისგან არის... – თემომ ვერც კი მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ მისთვის მოულოდნელი და მძაფრი რეაქცია მოჰყვა ამ სიტყვებს – ნოდიას ვაჟი წამოხტა და ხელები შეშლილივით აიქნია:
– აი, რის სათქმელად მოვედი!.. როგორც კი იმის გარკვევას დაიწყებთ, ვისგან არის ის გოგო ორსულად, ეგრევე დამერხევა!
თემო მიხვდა:
– მოიცა, ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ...
– ჰო... შეგიძლიათ, აღარ გააგრძელოთ... პოტენციური მამის ძებნასაც აზრი არ აქვს. ის თქვენ წინაშეა. მე ვიწექი ნიასთან და ამას დღემდე ვნანობ, ძალიან ვნანობ...
ნოდია დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო: – მეგონა, დამთავრდა ეს ამბავი-მეთქი. იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი... ახლა ჩემი ცოლიც ყველაფერს გაიგებს და ჩემს ოჯახსაც ბოლო მოეღება. მიყვარდეს მაინც...
თემომ შუბლი მოისრისა:
– მდაა... ეს მართლა სიახლეა... ნია ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა ჩემთვის, რომ შვილს თავისი შეყვარებულისგან ელოდება.
– ჰო, ვიცი, იმიტომ რომ, მიხვდა, ორივესთვის ასე აჯობებდა და ბავშვსაც მამა ეყოლებოდა. მე დავეხმარებოდი... ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, სანამ მამაჩემი არ გამოეკვეხა, როგორც ყოველთვის – ... აუცილებლად ახლა უნდა მომკვდარიყო...
– მამათქვენი არ მომკვდარა... ის მოკლეს, – შეახსენა პაპავამ, – ჰო, კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მაინტერესებს: მამათქვენს რატომ სთხოვდა აბორტის ფულს ნია? ლოგიკურად, ეს ფული თქვენთვის უნდა მოეთხოვა.
– ეგ ნიას ვერსიაა, თქვენთვის მოფიქრებული, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო... – ნოდარს ხმა ჩაუწყდა, – წყალი დამალევინეთ, თუ შეიძლება...
***
დევი და მარიკა დერეფანში ნოდარს გადაეყარნენ, რომელიც, ის იყო, ახვლედიანის კაბინეტიდან გამოვიდა. თანამშრომლების დანახვაზე სახე გაებადრა და ვალმოხდილი კაცის იერით მიესალმა ორივეს:
– აბა, როგორ ხართ? როგორ გყავთ შეფი?! დღეს როგორ გუნებაზე ბრძანდება?..
– ეგ შენ უკეთ უნდა იცოდე. ახლა გამობრძანდი მისი კაბინეტიდან.
ნოდარს არ სწყენია:
– ახვლედიანს არ ვგულისხმობდი, ეგ ყველას შეფია. მე კონკრეტულად თქვენი შეფი ვიგულისხმე.
– აჰა! პაპავა? ჰოო... ჯერ არ გვინახავს... შენ რა, დაგაწინაურეს თუ პრემია მოგცეს?
– ძალიან მეტყობა? ჰო, გახარებული ნამდვილად ვარ. მაგრამ არც პრემია მიუციათ და არც დავუჯილდოებივარ ვინმეს. უბრალოდ, ის საქმე დავხურეთ როგორც იქნა.
– რომელი საქმე, მდინარეში ნაპოვნი გვამის? ასეც ვიცოდი, მოსალოდნელი იყო. არადა, შეგეძლო, თავი გესახელებინა.
დევიძე მოიღუშა:
– ტყუილად დამცინი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. რაც მთავარია, ახვლედიანი კმაყოფილია ჩემი მუშაობით.
– კმაყოფილი როგორ არ იქნება, – თავი დაუქნია დევიმ, – აბა, ვინ მოსთხოვს პასუხს, ვიღაც ფუგანის გამო.
დევიძემ ხელი ჩაიქნია.
– ეე, შენ სულ ასეთი ხარ. ჩემი მოგვარე თუ მოსახელე მაინც არ იყო...
– არც მოგვარე ვარ და არც მოსახელე... იდიოტო, ჩემი სახელისგან შენი გვარი გამოჭყლიტა ერთ დროს ვიღაცას, სულ ეს არის. მაგრამ, ამას რომ მიხვდე, სულ ცოტა ტვინი მაინც უნდა გქონდეს აი, აქ... – დევიმ შუბლზე მიიკაკუნა საჩვენებელი თითი.
დევიძე ჭარხალივით გაწითლდა:
– რა უნდა გელაპარაკო...
– რა უნდა მელაპარაკო, ისედაც ყველაფერი გასაგებია, – დევიმ ამოიოხრა და მარიკას მხარზე მოხვია ხელი, – წავედით, მარუსია, ვაცადოთ ამ ადამიანს სიმშვიდით ტკბობა...
დევიმ ხელი ჩაიქნია:
– არ უნდა მეწყინოს, მე ხომ შენ გიცნობ, მაგრამ, არ შემიძლია. ხანდახან მგონია, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებ...
მარიკამ მკლავზე მოკიდა დევის ხელი და მსუბუქად მოქაჩა:
– რას ერჩოდი? თავისი უბედურებაც ეყოფა...
დევი ჯერ გაჩუმდა. მერე გადაიხარხარა.
– შენ უფრო მაგარი ხარ. ვაღიარებ...
***
ფანჯარასთან იდგა – აქ ყველაზე კარგად ახერხებდა თავისი აზრების კონცენტრირებასა და ფიქრს. საფიქრალი კი ნამდვილად ჰქონდა... პატარა ფრაგმენტებად დანაწევრებული აზრები ხან ზედაპირზე ამოტივტივდებოდა, ხან ისევ ფსკერზე ილექებოდა... ქაოსურად და თვითნებურად... აქამდე ყოველთვის იმპულსურად მოქმედებდა, შინაგანი ხმის კარნახითა და სიამოვნების განცდის მოლოდინით... ამ დროს კი ზედაპირზე სხვა აზრები ტივტივებდა, რომელიც შორს იყო სინდისის ხმის მოსმენისგან. საღი აზრი ასეთ დროს ფსკერზე თვლემდა, თავისთვის იყო და განაჩენის აღსრულებაში ხელს არ უშლიდა... ასეთი ჭიდილი აზრთა შორის აქამდე არასდროს განეცადა და ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. გრძნობდა – რაღაც მოხდა და ეს „რაღაც“ ძველებურად ცხოვრების საშუალებას აღარ მისცემდა... ყოველ შემთხვევაში, აღარასოდეს ექნებოდა იმ სიამოვნების განცდა, რომლის მოლოდინიც აცოცხლებდა მისი გონების იმ ნაწილს, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ მოსწყდა რეალობას...
მარიკამ განცვიფრებით შეხედა თემოს კაბინეტში, მაგიდასთან, სკამზე საცოდავად მობუზულ, ნამტირალევ კაცს და დევის გახედა:
– მგონი, ადრე მოვედით...
– არა, არა... მაშინ, არ დაგირეკავდით, რატომ აგვიანებთ-მეთქი. გია ნოდიას ვაჟს იცნობთ?..
დევიმ იდაყვზე მოჰკიდა ხელი თემოს და მდივნის ოთახში გაიყვანა, ქალს კი ანიშნა, ცოტა ხნით მარტონი დაგვტოვეო.
– რა ხდება? არ მითხრა, რომ საქმე გახსენი და შვილის მოკლულია.
– არა. უფრო სწორად, არ ვიცი. ზოგჯერ მგონია, რომ ვგიჟდები. ყველაფერი რატომ ამერია?
– ეე, შენ ახლა ნუ დაიწყე... მე ნოდიას მკვლელობაზე გელაპარაკები. აშკარად რაღაც ახალია. მომეჩვენა თუ ნამტირალევი იყო?
– არ მოგჩვენებია. ძლივს გავაჩერე. ვერ ვიტან, კაცი რომ ტირის, რაღაც მემართება – ვიხრჩობი...
– თუ მაგას არ მოუკლავს, რა ატირებდა? ან აქ რას აკეთებს? შენ დაიბარე?
– არა, თვითონ დამირეკა დილით... ოჯახი ენგრევა...
დევიმ გაოცებისგან პირი დააღო:
– ახლა დამცინი...
– არა, რა დაგცინი, სერიოზულად გეუბნები, ოჯახი ენგრევა.
– მერე, შენთან რა უნდა? რომელი მაგ საქმის ექსპერტი შენ გნახა?!
– ნუ იცინი, სულაც არ მეხუმრება! – გამწარდა თემო.
– ისეთი სახე გაქვს, ვიფიქრე, ცოტას გავამხიარულებ-მეთქი.
– ის გოგო, ნია, მაგისგან არის ფეხმძიმედ...
– რა?! თვითონ გითხრა?
– ჰო. მაგის სათქმელად მოვიდა. ეტყობა, ნიამ დაურეკა და უთხრა, რომ ანალიზის გაკეთებას ვაპირებდით. მაინც გაიგებთო... ცოლი მიყვარსო...
– ახვლედიანმა იცის? – ჰკითხა დევიმ.
– ახვლედიანი რა შუაშია?! – ისევ წამოენთო თემო, – გეკითხები, რა შუაშია ახვლედიანი?
– მე რა ვიცი. გუშინ თათბირზე არ თქვა, ყველაფერი ჩემთან შეათანხმეთო?
– დევი, ახლა შენს გუნებაზე ნამდვილად არ ვარ.
– კარგი, კარგი... არ მინდა შენი გაბრაზება. ჰო, მართლა, ნახევარ საათში უნდა წავიდე. ძალადობა მოხდა და მეორე ექსპერტი ვერ იპოვეს. ვეცდები, მალე დავბრუნდე.
– მე რა ვქნა? თავიდან უნდა დავიწყო გამოძიება.
– მოიცა, საყვარლები იყვნენ? აბა, ის ტიპი ვიღაა, აქ რომ მოგვივარდა და ლამის მთელი სამმართველო თავზე დაგვამხო?
– იმან, სავარაუდოდ, არაფერი იცის და ბავშვი თავისი ჰგონია.
– ესე იგი, მამა-შვილი ერთმანეთზე უარესები ყოფილან – ხან ერთი იყო იმ გოგოსთან, ხან – მეორე?!
– არა, არა... მიმტკიცებს, შემთხვევით მოხდაო. ერთხელ ვიწექი და იმასაც ვნანობო. ყველაფერზე შევთანხმდით მე და ნია, მაგრამ მამაჩემმა როგორღაც გაიგო ეს ამბავი და მაშანტაჟებდაო...
– აუ, რა დომხალია?! მოიცა და, მამაჩემმა საიდან გაიგოო?
– აბა, რა ვიცი. ან ეს არ ამბობს ბოლომდე ყველაფერს, ან იმ ნიას წამოსცდა სადღაც ვინმესთან და გაიგო ნოდიამ.
– შანტაჟში რას გულისხმობს?
– ვინ, შვილი? ჰო, აქაც არ არის მარტივად საქმე. თუ ამას დავუჯერებთ, ფირმაში ჩემი და დედაჩემის წილების გადაცემას მოითხოვდაო.
დევიმ ამოიოხრა:
– მდაა... ეჭვმიტანილთა სიაში შეიყვანე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლო, მკვლელი დაექირავებინა.
– „შეეძლო“ არ ნიშნავს იმას, რომ დაიქირავა, – დევიმ საათზე დაიხედა.
– გეთანხმები. მოკლედ, მე წავედი და მარიკას მოუსმინე. შენთვის რაღაც აქვს სათქმელი... იმას რას უპირებ?
– ჯერჯერობით არაფერს. ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილს ჩამოვართმევ და გავუშვებ. მერე ნია უნდა დავკითხო. ნუ თუ იმავეს იტყვის?
– შენ გგონია, ერთმანეთის ნახვისა და შეთანხმების დრო არ ჰქონდათ?
– ვფიქრობ, რომ არა.
– მაშინ, ეს დროებით აქ გყავდეს და შენ წადი, დაკითხე. მარიკას კი უთხარი, მობილურზე არ დაარეკვინოს და, საერთოდ, თვალი არ მოაშოროს.
თემომ თავი გადააქნია:
– ისტერიკა ჰქონდა – ოჯახი დამენგრევა, ცოლი ამას არ მაპატიებსო...
– თუ მარტო მაგით გადარჩა... დევიძეს „თავისი“ გვამი დაუმარხავს...
– რა?!
– ჰო. წეღან შეგვხვდა მე და მარიკას – ახვლედიანმა საქმე დამახურინაო...
– რატომაც არა... სულ ფეხებზე არ ჰკიდია, ახვლედიანს ვიღაც ფუგანი თუ ფუგასი? ე, ეგ ხომ ელჩის სასიძო არ არის? ან, ჩილაჩავა...
– მეც სწორედ ეგ ვთქვი... მოკლედ, მარიკამ რაღაც იცის მაგ ჩილაჩავასთან დაკავშირებით და კარგად მოუსმინე.
– ვახოს წყნეთში იმ საღამოს ასული მანქანების მფლობელების ვინაობების დადგენა ვთხოვე. იქნებ, რამე ვიპოვოთ...
– დაგიღუპავს და ეგ არის, – გაიცინა დევიმ და თემოს მხარზე მიუტყაპუნა ხელი, – ეს იისფერი პერანგი ძალიან გიხდება. გამომძიებელს აღარ ჰგავხარ...
– ეს ერთადერთი სუფთა პერანგი აღმოვაჩინე კარადაში. სარეცხ მანქანას კიდევ მოვუხერხებ რამეს და ჩავრთავ, აი, უთოსთან აშკარად არაფერი გამომივა.
– აბა, მე რატომ მაცვია მაისურები?! დაჭმუჭნილი რომ არის, არ ეტყობა... მიდი, მიხედე საქმეს. მოვიცლი თუ არა, დაგირეკავთ...
მარიკამ მაშინვე შეატყო პაპავას უგუნებობა. მოჟამული გამომეტყველებით დაბრუნდა კაბინეტში და ჩუმად ამოიოხრა. მერე მაგიდასთან დაჯდა და ნოდიას ვაჟიშვილს შეხედა:
– ახლა, რა უნდა გიყო? წესით, შენი წინასწარ დაკავების ნებართვას უნდა ვთხოვდე პროკურორს.
– მე დამნაშავე არ ვარ.
– შეიძლება, მაგრამ, ეს ძიებამ უნდა დაადგინოს. წინასწარი პატიმრობაც ამისთვის არის საჭირო. ხომ უნდა დავამტკიცოთ შენი უდანაშაულობა?! შანტაჟი ისეთი მიზეზია ადამიანის მოსაკლავად, რომ პროკურორის დარწმუნება არ გამიჭირდება.
– ვიცი, ჩემი არ გჯერათ, მაგრამ, მამაჩემი მართლა არ მომიკლავს. თბილისშიც კი არ ვიყავი.
– ეგ შესანიშნავი ალიბია. მით უმეტეს, მაშინ, როცა ადამიანის მკვლელობას უკვეთავ. შენი აქ მოსვლაც ამაში მარწმუნებს. ჭკვიანმა კაცმა, რომელსაც ყველაფერი წინასწარ აქვს დაგეგმილი, ყოველთვის იცის, როდის გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი. შენ აშკარად არ ხარ სულელი. დროულად მიხვდი, რომ, თუ მე დაგაჯდებოდი კუდზე, აღარაფერი გიშველიდა. პრინციპში, მომწონს, შეცდომა რომ არ დაუშვი.
– შეცდომა როგორ არ დავუშვი რა მინდოდა ნიასთან? შარი ავიტეხე და ესეც მამაჩემის წყალობით.
– მამაშენის წყალობით?
– რა თქმა უნდა. მე არასდროს მომივიდოდა აზრად ნიასთან რომანის გაბმა და ამას თქვენს თანაშემწესაც ვუყვებოდი. მას მამაჩემის გამო შევხვდი. მხოლოდ უნდა დავლაპარაკებოდი და გამერკვია, რა ურთიერთობა იყო მათ შორის... მერე კი... – ბიჭმა ხელი ჩაიქნია, – სხვას რა დავაბრალო, მე ვარ სულელი.
– ანუ, ეჭვობდით, რომ მამათქვენს ნიასთან ჰქონდა რომანი, თანაც, ეს ისეთი მიუღებელი იყო თქვენთვის, რომ გოგოსთან მორალის საკითხებზე გადაწყვიტეთ საუბარი და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში, თავად ჩაუწექით ლოგინში?!
– არა. ვიცი, ახლა ჩემი სიტყვები არც ისე დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ, მორალზე არ მიფიქრია, უფრო დიდი საპირწონე იდო სასწორზე. – მამაჩემის ბიზნესი. მე და დედას გვეშინოდა, რომ ოჯახს საერთოდ მშრალზე დატოვებდა. მის ასაკში კაცები ხშირად აკეთებენ მსგავს სისულელეებს.
– ანუ, დედათქვენიც თავიდანვე იყო საქმის კურსში?
– რაც ბიზნესსა და ნიას ეხებოდა – იცოდა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ კი წარმოდგენაც არ აქვს. მამაჩემმა ვერავისთვის მოასწრო ამ ამბის თქმა.
– გაგიმართლათ, არა?.. თანაც – შემთხვევით.
ბიჭმა ამოიოხრა:
– თქვენს ადგილას მეც იმავეს ვიტყოდი. რატომ უნდა მენდოთ? არ ვმალავ, მართლა გამიხარდა, ვიღაცამ ტვირთი რომ მომაშორა მამაჩემის სახით, მაგრამ, ეს არც მე ვყოფილვარ და არც დედაჩემი.
თემომ მაგიდის უჯრიდან ფურცლების დასტა ამოიღო და ნოდიას კალამთან ერთად წინ დაუდო.
– დაწერე!
ბიჭმა შიშით შეხედა:
– ეს რა არის, რა უნდა დავწერო?
– ხელწერილი, ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ. კიდევ ორი საათი გაგაჩერებ და გაგიშვებ.
– ორი საათი რატომ?
– მოდი, შეკითხვებისგან თავი შევიკავოთ. ჩათვალე, რომ გაგიმართლა. ჩემს ადგილას სხვა აუცილებლად დაგაკავებდა. მე მირჩევნია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მივიღო და, სანამ ადამიანს რამე შანსი აქვს, საშუალება მივცე, ბოლომდე გამოიყენოს. აქედან რომ გახვალ, გირჩევ, ადვოკატის აყვანაზე იზრუნო. ვფიქრობ, დაგჭირდება.
– იმის თქმა გინდათ, რომ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას ვერ შევძლებ?
პაპავამ თავი გადააქნია:
– თუ ფაქტებმა ან ძიებისას აღმოჩენილმა გარემოებებმა შენი დაკავებისთვის ყველა პირობა შემიქმნა, უკვე შენი და შენი ადვოკატის პრობლემა იქნება. – მკაცრად თქვა თემომ და მარიკას მიუბრუნდა:
– ახლა ამას გაიყვანენ და მერე მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. დევიმ მითხრა, სათქმელი აქვსო.
– დიახ, თუმცა, უკვე ეჭვი მეპარება, არის თუ არა მნიშვნელოვანი.
– მაგას ერთად გადავწყვეტთ. მანამდე კი, თუ არ შეწუხდები, ყავა მოადუღე.
ნოდიას ბიჭმა ყავის ხსენებაზე თავი ასწია:
– ნაკლები შაქარი, თუ შეიძლება...
მარიკამ თემოს შეხედა და ხმამაღლა გაიცინა.
– ჯანდაბას, მოუდუღე ამასაც. დალიოს და, იქნებ, კიდევ რამე გაიხსენოს.
– გასახსენებელი აღარაფერი მაქვს. რაც მქონდა სათქმელი, გითხარით. ერთ-ორ ღერ სიგარეტსაც თუ დამიტოვებთ, მადლობელი ვიქნები.
– კარგი, კარგი, – თემომ სიგარეტის კოლოფი და ასანთი გაუწოდა.
– კიდევ ერთი კითხვა, ოღონდ, გულწრფელად უნდა მიპასუხოთ: დედათქვენმა იცის, აქ რომ წამოხვედით?
ნოდია შეყოყმანდა:
– დიახ. იძულებული გავხდი, მეთქვა. დედაჩემი ერთადერთია, ვისაც ბოლომდე ვენდობი. მხოლოდ მას შეუძლია, ჩემი ოჯახი დანგრევას გადაარჩინოს. თქვენ ხომ დამპირდებით, რომ ჩემი ცოლი ვერაფერს გაიგებს?
თემოს გაეღიმა:
– სამწუხაროდ, მაგის პირობას ვერ მოგცემთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა მიმართულებას აიღებს გამოძიება. ჯერჯერობით სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით. მართლა არსებობენ გარემოების მსხვერპლნი, თუ თავის გამართლების ორიგინალური საშუალება მოიფიქრეს ადამიანებმა. გაცილებით ადვილია, ყველაფერი გარემოებას დააბრალო – შემოგედავება თუ რა?! მაგრამ, ამასაც მოფიქრება უნდა. გააჩნია, რას დააბრალებ საწყალ „გარემოებას”... – თემომ თითქოს საკუთარ თავს გასცა პასუხი.
მარიკა ჩუმად სვამდა ყავას.
– არაფერს მეტყვი?
– კი გეტყვი, – გაეღიმა გოგოს, – ეგ პერანგი ძალიან გიხდებათ. პირველად გნახეთ ასეთ არაოფიციალურ სამოსში და ისეთი მკაცრი იერი აღარ გაქვთ. ამ სეზონზე ეს ფერიც ძალიან აქტუალურია.
– მართლა? ჩემთვის აქტუალური მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იყო – დევისაც ვუთხარი: მხოლოდ ეს აღმოვაჩინე კარადაში და ჩავიცვი. სუფთა პერანგების კრიზისი მაქვს. უნდა მოვიცალო და მაღაზიაში შევირბინო. ძალიან ცუდია, სარეცხის მანქანის ჩართვას რომ არ ისწავლი და საკუთარ თავს დაარწმუნებ, არ მჭირდებოდა და არ მოვინდომეო.
– თუ პრობლემა მარტო სარეცხ მანქანაშია, მე შემიძლია, დაგეხმაროთ, – შესთავაზა მარიკამ.
– არა, არა, დევის წინადადებას მივიღებ – ის დაუთოებასაც დამპირდა, – გაიღიმა თემომ.
– როგორც გნებავთ. ისე, უთოც არ არის ჩემთვის უცხო. ბოლოს და ბოლოს, თქვენი თანაშემწე ვარ.
– არ მინდა, ამით ბოროტად ვისარგებლო. აბა, რას იტყვი ამ ყველაფერზე? ხედავ, საქმე როგორ შემობრუნდა? გაგიკვირდა?
– დიახ, გამიკვირდა. ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. ძნელი დასაჯერებელია, მოსამართლე დაარწმუნოს, რომ მამამისის მკვლელობა მას არ დაუგეგმავს.
– ჰო, თუკი საქმე სასამართლომდე მივა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ არ მივა?
თემომ თავი გადააქნია:
– ვნახოთ. ნია უნდა დავკითხოთ თავიდან. ოღონდ, იმ ბიჭის გარეშე. თუ ამ ორმა ერთმანეთთან შეთანხმება უკვე მოასწრო, ძალიან ცუდია, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ. წახვალ?
მარიკამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში