როგორ შოულობს მარიტა ჯანაშია ჰონკონგში ჯიბის ფულს და რატომ აკეთებენ მასზე არჩევანს მსოფლიოში ცნობილი სამოდელო სახლები
„ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას“ გამარჯვებული, მშვენიერი მარიტა ჯანაშია, რომელიც ძალიან საყვარელი, ხალისიანი და იუმორის ნიჭით დაჯილდოებული გოგონაა, თითქმის ორი თვეა, რაც ჰონკონგში იმყოფება და საკმაოდ პრესტიჟულ და ცნობილ სამოდელო სააგენტო „STYLE“-თან თანამშრომლობს. მარიტას უკვე ბევრი კატალოგისთვის ჰქონდა გადაღება და ფეშენ შოუებშიც მიიღო მონაწილეობა. საქართველოში დაბრუნებას ის ჯერჯერობით არ აპირებს.
მარიტა: 4 სექტემბერს კონტრაქტით ჩამოვედი ჰონკონგში. ეს ჩემი მეორე საქმიანი მოგზაურობა იყო. პირველად თურქეთში ვიყავი, ოღონდ, ერთი წლის წინ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ვიცოდი, რომ დიდი ხნით მივდიოდი და კარგა ხანს ვერ ვნახავდი ჩემს ახლობლებს, მშობლებს, დატვირთული ვიქნებოდი. ჰონკონგში რომ ჩამოვედი, პირველი დღეები ცოტა გამიჭირდა, ახალ გარემოს ხომ უნდა შევგუებოდი, მაგრამ მერე და მერე საინტერესო გახდა ჩემთვის აქაურობა. თავიდან ყველაფერი რთული იყო, რადგან პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და ძალიან დაძაბული ვიყავი, ახლა უფრო მოვეშვი და თავისუფლად ვმუშაობ, აქაურობას შევეგუე. რა თქმა უნდა, მაქვს მომენტები, როდესაც ძალიან მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი წარმატება და გამოცდილება სდევს, ფაქტობრივად, შენს მომავალს იწყობ.
– ვისთან ერთად ცხოვრობ?
– კონტრაქტი მაქვს სააგენტოსთან „STYLE“. მის მახლობლად არის მოდელების სახლი, სადაც რამდენიმე მოდელი ვცხოვრობთ ერთად. თავიდან ვნერვიულობდი, როგორ იქნებოდა ყველაფერი, როგორ მიმიღებდნენ. სააგენტოში პირველად დაბნეული და შეშინებული შევედი, მაგრამ როგორც კი დავინახე გაღიმებული და თბილი სახეები, მაშინვე მომეხსნა ყველანაირი დაძაბულობა, შიში და დავმშვიდდი. ძალიან ყურადღებიანი და კარგი ხალხია. საერთოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ სააგენტოსთან აქვს კონტრაქტი შენს სააგენტოს, როგორ მოლაპარაკებას აწარმოებს. ჩემი კონტრაქტის პირობები ძალიან კარგი და დამაკმაყოფილებელია მოდელისთვის.
– ანუ, როგორია შენი პირობები?
– ანუ, როგორ სახლში ცხოვრობ, სად, რა ადგილას, დროულად მოგცენ ჯიბის ფული, რომელსაც თავად გამოიმუშავებ. ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც გოგონა წასულა უცხოეთში, სააგენტოში სამუშაოდ და არც საცხოვრებელი ადგილი ჰქონია და თან შიმშილობდა. პირველ ქასთინგზე გამომყვა ჩემი ერთ-ერთი ბუქერი, მარტო სიარული რომ არ გამჭირვებოდა, ყველაფერს დაწვრილებოთ მიხსნიდა. ახლა კი უკვე 22--23 წლის გოგონები ჩამაბარეს და დამყავს, რომ არ დაიკარგონ. სააგენტოში მთხოვეს, სანამ გზას ისწავლიან, შენ ატარეო და მეც ვატარებ. ბიჭები არიან ძალიან მაგრები: ერთი გზაში შემხვდა, ქასთინგზე რომ მივდიოდი, ის კი, პირიქით, ქასთინგიდან მოდიოდა და ისეთ ისტერიკაში იყო, მეტრო სად არისო, კითხულობდა. ბოლოს მივაცილე მეტრომდე და დავბრუნდი უკან სააგენტოში.
– ვისთან ერთად ცხოვრობ და თუ ახერხებთ გოგონები გართობას?
– მე და სერბი გოგონა ვცხოვრობთ ერთად, რომელსაც ისე დავუახლოვდი, თებერვალში საქართველოშიც კი ჩამოდის სტუმრად. არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან მივეჩვიე და მიყვარს. ჩვენს სახლში კიდევ ორი ჩეხი და ორი რუსი გოგონა ცხოვრობს. ერთმა ინგლისური არ იცის და თუ დირექტორთან ლაპარაკი უნდა, მეუბნება, გამომყევი, გადაუთარგმნე, რასაც ვიტყვიო. მოკლედ, თარჯიმნობასაც გამოვკარი ხელი. რაც შეეხება გართობას, დავდივართ სავარჯიშოდ, საცურაოდ და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ღამის კლუბები დასანახავადაც კი მეზიზღება, ამიტომ არ მივდივარ. ღამის კლუბებში სიარული რუსებს უყვართ ძალიან და სულ გვთავაზობენ, წამოდითო. ორ გოგონას ჰქონდა დაბადების დღე და სახლში აღვნიშნეთ, ფართი მოვუწყვეთ. საჭმელი ცუდი გამოვიდა, მაგრამ გულით გავაკეთეთ. მე მოვამზადე ქათამი სოუსში. პრინციპში, რომ ვიყიდე, უკვე მზად იყო, მარტო სოუსი მოვასხი. სამაგიეროდ, სხვებმა უმი ქათამი იყიდეს, შეწვეს, მოიკლეს თავი და ყარდნენ ნივრის სუნით, ძლივს მოიშორეს.
– როგორც ვიცი, საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობ სხვადასხვა სამოდელო სახლთან, კატალოგებისთვის გადაგიღეს?
– დიახ. ჩემი პირველი სამუშაო მქონდა ჟურნალ „east weekly“-სთვის. ძალიან დატვირთული ვიყავი, მაგრამ სასიამოვნოა ის პროცესი, როდესაც გიღებენ ან სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სამოსი გაცვია. ჩემს ბოლო სამუშაოზე მეცვა „მოსკინოს“, „ვივიენ ვესტვუდის“ სამოსი, რომელიც რამდენიმე ცნობილ მოდელს ეცვა ჩვენებაზე და, პირველად რომ მოიტანეს, ნახევარი საათის განმავლობაში გაშტერებული ვუყურებდი. ასევე ვმონაწილეობდი „დიორისა“ და „შანელის“ ჩვენებებში. საოცარი შეგრძნებაა, როცა ასეთი სახელოვანი ბრენდების სამოსი გაცვია, კინაღამ გული ამიჩუყდა. მქონდა „დიორის“ ოთხი ჩვენება ერთ დღეში და „შანელის“ ოთხი შოუ. „დიორისა და „შანელის“ ჩვენებებზე მეცვა საღამოს კაბები, ასევე იყო ზამთრის კოლექციის ჩვენებაც. რამდენიმე კატალოგისთვის გადამიღეს, მეცვა „დოლჩე და გაბანას“, „ეიჩ ენდ ემის“ სამოსი, ვემზადები „შანელის“ შოუსთვის. ასევე, მეცვა „პრადას“, „პანდას“, „ფერგამოს“, „მიუ მიუს“ სამოსი. ძალიან ბევრი კატალოგისთვის გადამიღეს. სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში ხალხი გაჩერებს და სასიამოვნო რაღაცეებს გეუბნებიან.
– მომიყევი, გადაღებების პროცესი როგორ მიმდინარეობდა?
– გადაღებები ძირითადად სტუდიაში გვაქვს, ქუჩაში – იშვიათად. პირველ გადაღებაზე, როცა გამიშვეს, ჯერ კარგად არ მქონდა გზები ნასწავლი. ამოვედი მეტროდან, ვდგავარ და შთაგონებული სახით ვიყურები აქეთ-იქით – რას ველოდებოდი არ ვიცი. შემდეგ გამინათდა გონება და ვიღაც კაცს ვკითხე ესა და ეს შენობა სად არის-მეთქი. არადა, სააგენტოში სამი ფურცელი ამომიბეჭდეს რუკიდან და დამიხატეს, როგორ უნდა მივსულიყავი, მაგრამ ბევრი შენობა და ქუჩა, რომ დავინახე, ვინერვიულე და ყველაფერი დამავიწყდა. იმ კაცმა მიმასწავლა, ბოლოს მივაგენი შენობას და ამაყად შევაბიჯე. იქ ერთ ქალს ვუთხარი, გადაღებაზე ვარ-მეთქი. იმ ქალმა გაოგნებული სახით შემომხედა, მაჩვენე ფურცელიო, ბოლოს გამიღიმა, არა ეს შენობის აღმოსავლეთი მხარეა, გადაღება კი დასავლეთ მხარეს არისო. როგორც იქნა, მივედი, უკვე მელოდებოდნენ, მართალია დავიკარგე, მაგრამ გადაღებამ კარგად ჩაიარა. სააგენტოში მოვყევი ეს ისტორია და ისეთი ხარხარი ატეხეს, მეწყინა. მეორე გადაღებაზე აღარ დავკარგულვარ. ბოლო გადაღებაზე თემა იყო „ჰელოუინი“ და თვალები შავად შემიღებეს, ბავშვობის ოცნება ამისრულეს, ოღონდ, ნიჭიერად „ჩასინიაკებულს“ არ ვგავდი, ჭკუაზე არ ვიყავი, ისე მომწონდა თავი. დამთავრდა გადაღება, სახლში წამოვედი და ვიღაც ბავშვმა დედამისს უთხრა: დე, ნახე, ალქაჯი ჰელოუინიდანო. ესეც ჩემი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. რაც შეეხება ჩვენებებს, ის განსხვავებულ ადგილებში ტარდება. ბოლო ჩვენება სასტუმროში ჩატარდა, ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. ეს იყო საქორწილო და კოქტეილის კაბების ბრენდის – „ლა სპოსას“ ჩვენება. საქორწილო კაბები ტრადიციულად გაფუებული და გაშლილი კი არ იყო, არამედ ულამაზესი, დავარდნილი ქსოვილი კაბა მეცვა, ძალიან მომეწონა, ჩემს ქორწილში აუცილებლად ასეთს ჩავიცვამ.
– ვიცი, რომ ქასთინგების დროს ძალიან დიდია კონკურენციაა. შენი აზრით, რატომ გააკეთეს ასეთმა ცნობილმა სამოდელო სახლებმა არჩევანი შენზე?
– შეიძლება, იმიტომ, რომ განსხვავებული სახეები უნდოდათ. როგორც სააგენტოში მითხრეს, მათ უნდოდათ, რომ მოდელს დამახასიათებელი გარეგნობა ჰქონოდა. ხშირ შემთხვევაში ფოტოგრაფი მეუბნება, შენზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ სახასიათო სახე გაქვსო, ზოგიც ამბობს, რომ, უბრალოდ, ლამაზი გოგონები უნდათ და ინდივიდუალურობა საჭირო არ არის. მოკლედ, ეს საკამათო თემაა.
– თაყვანისმცემლებიც ხომ არ გაიჩინე?
– დიახ, ერთი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი სურათი გამომიგზავნა, იმის შემდეგ აღარ მაწუხებს. ბევრჯერ ადამიანს ქუჩაში ყავაზე დავუპატიჟებივარ, მაგრამ არ მომწონს ასეთი რაღაცეები, არ არის ჩემთვის მისაღები, ამიტომ უარს ვამბობ ხოლმე.
– შენ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდი კონკურსზე „ელიტ მოდელ ლუქ ვორდ“.
– დიახ, ძალიან კარგად დამამახსოვრდა ეს დრო. უამრავი მეგობარი შევიძინე და არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი. იქაური და ჰონკონგში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში, არ აქვს მნიშვნელობა მოდელობა იქნება ეს, თუ სხვა რამ.