რატომ ჩააგდო შოკში ინგლისელმა პატივსაცემმა პიროვნებამ გოჩა კაპანაძე და რატომ ეძახის ის თავის სტრასბურგელ მეგობარს „დაკოდილს“
ქართულ ტრადიციებზე სასაუბროდ, ვიდრე ცნობილ რეჟისორს – გოჩა კაპანაძეს დავუკავშირდებოდით, იმთავითვე იმედი გვქონდა, რომ თემისთვის შესაფერისი რესპონდენტი შევარჩიეთ... თუმცა, მოსმენილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და საინტერესო მოსაზრებების სიუხვემ, მოხიბლული დაგვტოვა.
გოჩა კაპანაძე: საქართველო იმდენი ხანია, ცოცხლობს და არსებობს, ვერავითარი ტურისტი ვერაფერს დააკლებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ემუქრება, ამ მხრივ, საშიშროება. შემოდინებულიც იქნება და გადინებულიც. რაც კარგია და საუკეთესო, ავიღებთ, რაც მიუღებელია, იმას ერი ყოველთვის გარიყავს და გაგვირიყავს კიდევაც... შეიძლება, იყოს რაღაც ცდუნებები, მაგრამ ეს უფრო თინეიჯერებს შეეხებათ და არა ქვეყანას... ქვეყანას ყოველთვის აქვს თავისი ტექნიკური და ეროვნული ღირებულებები. ჩვენი ქვეყანა არც ჩვენით იწყება და არც მთავრდება. სტუმართმოყვარე ერი ვართ, ვერასდროს ავუკრძალავთ სტუმარს შემოსვლას და პირიქით, კარგიცაა, თუ შემოვლენ... საშიშროება შეიძლება სხვა რამ იყოს და ეს ცალკე საუბრის თემაა.
– ქართული ტრადიციებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
– ბევრი რამ – ოჯახური ტრადიცია, სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა, დედმამიშვილობა (ეს უფრო გენეტიკური მდგომარეობაა, ვიდრე ტრადიცია), ქართული სუფრა, ცეკვა, სიმღერა, რელიგიური დღესასწაულები... ყველაფერი მომწონს, რაც ქართულია და არაქართულიც. რაც არაქართულია, იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდია, – ასე არ უნდა მივიღოთ. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს – ის. ქართული კი გამორჩეულია – ღვინის კულტია ძალიან დიდი. ზეიმის კულტია... სასიამოვნოა, როცა საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ – გაიმართა თიანეთობა, ფშაველობა. ჩავა სტუმარი სხვა ქვეყნიდან და ნახავს, რომ პაპუასები არ ვართ... 70 წელი ისედაც ჩაკეტილები ვიყავით...
– რაჭაში ჩავიდა ერთ-ერთი ტურისტი, ჩაიყვანა მეგობარი გოგონა და დილით ეს გოგონა თითქმის შიშველი დააბიჯებდა ამბროლაურის უბნებში. მასპინძელს კი გული უსკდებოდა, ხალხს ჩემი ცოლი არ ეგონოსო...
– რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის... ამ შემთხვევაში ერთი დამცავი მექანიზმია – მასპინძელს უნდა აუხსნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ მიუღებელია. ძალიან უხეშ მაგალითს გეტყვით: როდესაც ინგლისში ვიყავი, სავახშმოდ ვიჯექით სუფრასთან და ერთ-ერთმა ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა უცებ დააბოყინა ძალიან ხმამაღლა. ჩემი რეაქცია ასეთი იყო – ძალიან მაღლა ავხტი შიშისგან, მოულოდნელობისა და შეურაცხყოფისგან გაოგნებული დავრჩი, არავის გაჰკვირვებია და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. მითხრეს, ეს ხომ ბუნებრივი მოთხოვნილებააო... მე ვუთხარი, ერთ-ერთ ინგლისელს, ახლა ძალიან მინდა, მივიდე და თქვენს მეუღლეს ვაკოცო, ეს ჩემი ბუნებრივი მოთხოვნილება არის და შეიძლება-მეთქი? – არაფრით არ შეიძლებაო, მიპასუხა... ჰოდა, გაიგივებაც არ შეიძლება ჩვენსა და თქვენს კულტურას შორის და ეს უკულტურობა არის-მეთქი? – ვუთხარი. ინგლისში თვეების განმავლობაში ვცხოვრობდი, შემდეგ ხომ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ სუფრასთან ისე არ ვიქცევი... არ გადმოვიტანე ის, რაც მიუღებელი იყო. ასევე, არ მგონია, შესანიშნავი რაჭველი გოგონა წავიდეს და მანჰეტენზე თითქმის შიშველმა გაიაროს. ვიღაც ერთმა შეიძლება ეგეც გააკეთოს, მაგრამ მასიურად ქვეყანა არ აიტაცებს... გარდა იმისა, რომ ჩვენ ოჯახში ვიზრდებით, საზოგადოებაშიც ვიზრდებიც. ამერიკულ ფილმებშიც რომ ვხედავთ, თამამად აცვიათ. ისე კი არ აცვიათ მთელ ქვეყანაში – მხოლოდ ორი პროცენტია ასეთი. ჰიპობა, რომელიც წამოვიდა 60-70-იან წლებიდან ისევე დარჩა იქ. ისე არ იყო მთელ ქვეყანაში... ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტი ამერიკაში ოჯახის ინსტიტუტია. ხომ ხედავთ, რომელიმე პრეზიდენტს თუ მოკლე კაბისკენ თვალი გაექცა, როგორი ამბავია ატეხილი... ეს ხდება ასეთ ახალგაზრდა ქვეყანაში. ჩვენ კიდევ 30-საუკუნოვანი ერი ვართ. ამიტომაც არ მიმაჩნია, რამე საშიშროება იყოს. თუმცა პროპაგანდა სწორი არ არის – ჭიპზე საყურე გავიკეთოთ, ტატუ და ასე შემდეგ... მასიურად ეს არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს და თუკი ამ მენტალიტეტის ნგრევის ნიშნები გამოიკვეთება, მაშინ ნამდვილად საგანგაშო ვითარება იქნება. ახლა კი ქვეყანას ნამდვილად ვერ ავნებს რამდენიმე ტურისტის შემოსვლა. ტურისტი შემოდის და გადის... ერთადერთი, რაც შეიძლება აქედან წაიღონ. ის იქნება, რომ დაფეხმძიმდნენ და ქართველი შვილები გააჩინონ. ეს კი კარგი საჩუქარი იქნება (იცინის).
– უცხოეთში ნაცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ხელოვანი დაცინვით ამბობდა, საქართველოში 30 წელს გადაშორებულ ქალებს მეგობარი მამაკაცი არ ჰყავთო...
– ეს შეიძლება სექსოპათოლოგმა ურჩიოს ქალს, რადგან არის რაღაც დაავადებები, რომლის დროსაც ფიზიოლოგიურად სასარგებლოა მამაკაცთან ურთიერთობა. ჩვენ მაინც ის ქვეყანა ვართ, სადაც თუ სიყვარული არ მოვა, არ ვქორწინდებით... „ბოიფრენდი“? – მე, მაგალითად, ნამდვილად არ მსურს, ჩემს შვილს „ბოიფრენდი“ ჰყავდეს. როცა სრულწლოვანი გახდება, გათხოვდეს. თუ არა და შვილები ჰყავდეს, მაგრამ ჯვარი დაიწეროს – ხუთწუთიანი პარტნიორები რომ ჰყავდეს, ეს ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია... თუმცა წამოვიდა ის თაობა, ამერიკასა და ევროპაში რომ გაიზარდა. მიიღეს ევროპული განათლება და ეს ინსტიტუტები მათთვის ნელ-ნელა მისაღები გახდება. ამას წინათ პატრიარქმა ბრძანა, – მოზარდი სანამ არ ჩამოყალიბდება, არ გააცნობიერებს, ვინ არის, რა ღირსებების მატარებელია, სასურველი არც არის უცხოეთში წავიდეს სწავლის გასაგრძელებლადო... სრულიად ვეთანხმები. ადამიანი სექსუალურად მომწიფებული უნდა იყოს და ყველანაირი ურთიერთობა უნდა იცოდეს. მე, მაგალითად, ისეთ ოჯახში გავიზარდე, ქალი რომ შემოვიდოდა, ბაბუაჩემი, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობდა, აუცილებლად ფეხზე დგებოდა... ერთხელ ერთმა ქალბატონმა უთხრა – ბატონო არჩილ, უკვე მე დავიღალე იმდენჯერ ადექით ფეხზეო... ეს ქალბატონი ათჯერ მოვიდა და რამდენჯერაც შემოვიდოდა და გავიდოდა, ბაბუაჩემიც იმდენჯერ დგებოდა და ჯდებოდა – ეს იყო ჩვეულებრივი ყოფა იმ თაობისთვის.
– ქართული სუფრა ახსენეთ... ხომ არ გაღიზიანებთ ზედმეტი ხორაგი. თამადობა და ასე შემდეგ.
– რა თქმა უნდა, მაღიზიანებს. ეს არის შემდგომში თანდათან დამატებული ზედმეტი რამ, გადაპრანჭვა-გადაგვირისტება... კულინარიული კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, პირველობას არავის დავუთმობთ. სწორედ ახლა ვდგამ სპექტაკლს გენიალური პიესის მიხედვით, სადაც მთელი მოქმედება სუფრაზე მიდის... ვინ როდის უნდა იმღეროს, ვინ როდის რა უნდა შემოიტანოს და ასე შემდეგ... სხვათა შორის, ჩვენს ოჯახშიც ასე იყო: დიდი ოჯახი გვქონდა და ყველას თავისი ადგილი ჰქონდა. იშვიათად რომ ბავშვები დიდების სუფრასთან ვმჯდარიყავით... ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ ნაკლებს ჭამდი ან უკეთესს არ გაძლევდნენ, პირიქით, საუკეთესო ჩვენთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ, საუბარი, რომელიც არასაბავშვო ყურისთვის იყო განკუთვნილი, ჩვენ არ უნდა მოგვესმინა... ერთხელაც ჩვენთან ძალიან დიდი სუფრა იყო და მე, ჩემი ძმა და მამიდაშვილი მაგიდის ქვეშ შევძვერით... ამ დროს სუფრასთან ნათესაობა ოჯახურ საკითხებს არჩევდა და ჩვენ იქ ნამდვილად არ უნდა ვყოფილიყავით. მოხდა ისე, რომ ჩემმა ძმამ დააცემინა და მაგიდის ქვეშ ბაბუაჩემმა შემოიხედა, რაც ჩვენთვის დახვრეტის ტოლფასი იყო. სამივე გამოვიძურწეთ იქიდან და სამი დღე ბებია ხმას არ გვცემდა.
– დღევანდელი ქართველი ქალი როგორ მოგწონთ?
– ძალიან მომწონს და გეტყვით, რატომაც: ძალიან კომუნიკაბელურები გახდნენ, ლამაზები. მე ვიტყოდი – ჯიში გამოკეთდა. ცოტა ხნის წინ სტუმრები მყავდა ბაქოდან და მათი შეხედულება მაინტერესებდა (მოცეკვავეები არიან, რომელთაც მთელი მსოფლიო აქვთ მოვლილი). თქვეს, ქართველი ქალები ძალიან პლასტიკურები არიან და რაც მთავარია, ასე რომ ყველაფერი უხდებოდეთ და ასეთი გემოვნებით იცვამდნენ, იშვიათად გვინახავსო... ძალიან კარგი შეხამებაა, კლასიკურ ფერებში რომ იცვამენ. ამას წინათ ვიყავი პაკისტანში ფესტივალზე. შემდეგ ინდოეთში წავედი და გავოგნდი ფერების რაოდენობით – 30 წითელი შეიძლება იყოს?! ჩვენთან კაბაც დამოკლდა, სხეულის ნაწილებიც უფრო ჩანს, მაგრამ ქალურობას ყოველთვის ინარჩუნებენ... ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.
– ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ... სად გრძნობდით ყველაზე კომფორტულად თავს?
– საფრანგეთში... იქ თავი ემიგრანტად არ მიგრძნია. ხშირად მიფიქრია, ჩვენი ემიგრაციაც ამიტომ წავიდა საფრანგეთში-მეთქი... რამდენად უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, თავის ბუნებით და ჰავით საქართველოს ჰგავს. აეროპორტში რომ ჩავედი და შემდეგ ტაქსით პარიზის ცენტრისკენ გავეშურე, მეგონა, თბილისში ვიყავი... ძალიან კოსმოპოლიტური ქალაქია, არასოდეს შეგეკითხებიან, ვინ ხარ. იმდენად თავისუფლები არიან და ნორმალური ურთიერთობები იციან, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. თუმცა, ინგლისშიც ასე ვიყავი... არის ქვეყნები, სადაც ჩადიხარ, საქმეს აკეთებ, მოდიხარ და გრძნობ, რომ შენი ქვეყანა არ არის... თუმცა, გულწრფელად ვამბობ, საქართველოს იქით ვერსად ვგრძნობ თავს კარგად. ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა, უცხოეთში დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ შევძელი... ეს ძალიან მძიმე დაავადებაა. ინგლისში მიწვევის დროს ერთ-ერთ სპექტაკლს ვდგამდი, პრემიერამდე ორი კვირით ადრე, ჩავალაგე ჩემოდანი და უკვე რომ მოვდიოდი, აეროპორტში დამიჭირა პროდიუსერმა. მთხოვდა, სპექტაკლი გამოუშვი და მერე სადაც გინდა, წადიო... ძალიან გულით მეხვეწა, რადგან ვალებში ჩავარდებოდა. მეც დავრჩი, მაგრამ პრემიერის მეორე დღესვე საქართველოში გამოვქანდი... ყოველთვის ასეა, შემდეგ შეიძლება, ისევ მომინდეს წასვლა, მაგრამ რაღაც პერიოდი მჭირდება, რომ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში... მყავს მეგობარი, რომელსაც ეს გრძნობა ასე გამძაფრებული არ აქვს. მშობლები ქართველები ჰყავს, გიჟდება ქართულ სამზარეულოზე, მენტალიტეტითაც ქართველია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ეტაპზე წარმოუდგენლად ეჩვენება, საქართველოში ცხოვრობდეს. სტრასბურგში ცხოვრობს. ხშირად ჩამოდის, მაგრამ მონატრება არ აწუხებს... ერთადერთი, ამის გამო გვაქვს ჩხუბი და შეუთანხმებლობა. ვეუბნები, ამ მხრივ დაკოდილი ხარ-მეთქი... საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში ძალიან კარგ პირობებს მთავაზობდნენ. მაგრამ ვერ გავჩერდი. ვიცი ჩემი ხასიათი – ყველაფერი რომ საუკეთესოდ ავაწყო, ერთ დღეს შეიძლება, მივატოვო და წამოვიდე. ყველაფერში შეიძლება სტაბილური ვიყო, მაგრამ, როცა ჩემი ქვეყანა მომენატრება, გიჟივით ვხდები და აუცილებლად უნდა დავბრუნდე.