რომელ თვეში მრავლდება კარიოტა და ბინის რომელ ადგილას მოვათავსოთ კალცეოლარია
უამრავი მცენარე იღუპება ჩვენი უყურადღებობის ან უცოდინრობის შედეგად. ამიტომ, „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე გვირჩევს, ნებისმიერი მცენარის გახარებისას, ვიცოდეთ, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მათ უკეთ გაზრდას.
– როგორც ვიცი, კალცეოლარია გრილ და ცივ ადგილებშია გავრცელებული. როგორ უნდა მოვუაროთ, როდესაც მას ოთახის პირობებში ვზრდით?
– დიახ, ის ბუნებაში ნამდვილად ასეთ პირობებში იზრდება. ამ მცენარეს ხშირად ნახავთ ბაღებში, რადგან გარე გრუნტში ნაკლებად პრეტენზიული მცენარეა. თუ თქვენ ბინაში ზრდით კალცეოლარიას, მცენარე განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, ოღონდ, მზის სხივებისგან დაცული ადგილი შეარჩიეთ. მორწყეთ თბილი წყლით და ძალიან ფრთხილად, რომ ზედა ნაწილი არ დააზიანოთ. ეცადეთ, ძირებში მოახვედროთ წყალი. ზამთარში ტემპერატურა 3-5 გრადუსზე მაღალი უნდა იყოს. ნათელ დღეებში სინესტე შეუნარჩუნეთ, რადგან აორთქლება ნათელ დღეებში უფრო მეტი აქვს. ამ მცენარეს ძალიან ფაქიზი მოპყრობა სჭირდება, მას შეიძლება ზედმეტმა ტენმაც აწყინოს. მისი კარგი ფორმის მისაღებად, შეგიძლიათ თავი წააწყვიტოთ. კალცეოლარია კარგად ვითარდება განათებულ, განიავებულ სათბურში 6-8 გრადუს ტემპერატურაზე, რომელიც უნდა შეუნარჩუნდეს სექტემბრიდან მარტამდე. ამ პერიოდში არ შეიძლება ტემპერატურის ცვალებადობა, რაც იწვევს ყვავილობის შესუსტებასა და მცენარის დაკნინებას.
– რით შეიძლება მცენარე დაავადდეს და როგორ დავიცვათ ის ამ შემთხვევაში?
– კალცეოლარიას ხშირად ესხმიან თავს მწოველი პარაზიტები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება პრეპარატი აკტელიკი. მისი ხსნარი შეასხურეთ მცენარეს. ამ წამლის ყიდვა შეგიძლიათ ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში.
– რით მრავლდება კალცეოლარია?
– კალცეოლარია ძირითადად თესლით მრავლდება, მაგრამ, ბუჩქისებური ფორმა მრავლდება კალმითაც. თესლის დათესვა დამოკიდებულია ყვავილობის სასურველი დროის არჩევასთან. თუ გსურთ, რომ მცენარემ გაზაფხულზე იყვავილოს, მისი თესლი დათესეთ სექტემბერში. კალცეოლარიას თესლი ძალიან წვრილია. ის ითესება სველ ნიადაგში, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ თესლი მიწის ზედაპირზე უნდა მოაყაროთ. გადარგვის შემდეგ მცენარეს სჭირდება ფხვიერი და მსუბუქი ნიადაგი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ გაცრილი ტორფი. პერიოდულად ნიადაგში სინესტე შეიტანეთ. 18-20 გრადუსზე თესლი 10-12 დღეში დაიწყებს ამოსვლას.
– რაც შეეხება გადარგვას?
– თუ მცენარის თესლი ახალი ჩათესილი გაქვთ, ამ შემთხვევაში, პირველი ჩითილის გადარგვა ხდება ორი ფოთლის ამოსვლის შემდეგ. მეორე გადარგვა კი 5-6 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი, როდესაც ფოთლები ერთმანეთს შეეხება. ოდნავ მოზრდილი მცენარე უნდა გადარგათ 11-სანტიმეტრიან ქოთანში და ეცადეთ, ღრმად არ ჩარგათ. კალცეოლარიას კარგი მიწის კომის გაკეთება შეუძლია. მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: თითო წილი ფოთლის მიწა, კომპოსტი და ტორფი.
– რა სიხშირით მოვრწყათ ეს მცენარე?
– ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე შედარებით ხშირად მორწყეთ, ხოლო ზამთარში – იშვიათად. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ტენის გამო, შეიძლება, მცენარე დაიღუპოს.
– როგორ მოვუაროთ კალცეოლარიას ზაფხულში?
– ეცადეთ, მზის მწველი სხივები არ მოხვდეს, დადგით ნათელ ადგილას და მოარიდეთ კონდიციონერებს.
– რაც შეეხება კარიოტას, რას გვეტყვით მის შესახებ?
– კარიოტა პალმის ერთ-ერთი სახეობაა. მას „თევზის კუდსაც“ ეძახიან. ამ უცნაური პალმის ფორმა თითქოს დაუსრულებელია, ან, გეგონებათ, ფოთლები ფრინველებმა მოაკვნიტესო. ის ძალიან იშვიათი სახეობაა და ოთახის პირობებში ერთ მეტრ სიმაღლეს აღწევს. თავის სამშობლოში 20 წლამდე ცოცხლობს. ყვავილობს სიცოცხლეში ერთხელ, მაგრამ, 5-6 წლის განმავლობაში. თუ თქვენმა კარიოტამ უკვე იყვავილა, ამის შემდეგ დარჩება ნაყოფი, რომლის დამწიფებისას კვდება მცენარეც და დარჩება მხოლოდ გვერდითი ამონაყრები. ეს მცენარე ძალიან ნელა იზრდება. ამიტომ სჯობს, ზრდასრული კარიოტა შეიძინოთ. კარიოტას ძალიან კარგი დანიშნულება აქვს. თუ ბინაში კალათეა და მარანტა გაქვთ, შეგიძლიათ ეს მცენარე გამოიყენოთ მათ დასაჩრდილად.
– როგორი პირობები უხდება კარიოტას?
– ზამთარში 18 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ თუ ისეთ ოთახში გიდგათ მცენარე, სადაც გამათბობელია ჩართული და ჰაერი მშრალია, მაშინ ქოთანი წყლიან თეფშში უნდა ჩაიდგას. მცენარე დადგით ნათელ ადგილას, თუმცა მზის მწველ სხივებს მოარიდეთ. როდესაც დაცხება, ზაფხულში შეგიძლიათ ეზოშიც გაიტანოთ.
– ზამთარში რამდენად ხშირად უნდა მოვრწყათ კარიოტა?
– შემოდგომასა და ზამთარში იშვიათად უნდა მორწყათ. განსაკუთრებით ზამთარში, როცა კარიოტა ზრდას შეანელებს, წყლის რაოდენობა საგრძნობლად უნდა შეამციროთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედაპირი უნდა გააშროთ. გაზაფხულსა და ზაფხულზე შედარებით უხვად. საერთოდ, მორწყვა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ზაფხულში, როცა სითბო და სინათლე უხვადაა, რეგულარულად მორწყეთ. მისი ნიადაგი არც ძალიან უნდა დაანესტიანოთ, რადგან მიწა ობდება. ეს კი ფოთლების გაყავისფრებას გამოიწვევს. ზაფხულში მიწა კვირაში ერთხელ სასუქით უნდა გაანოყიეროთ, ზამთარში კი – სამ თვეში ერთხელ.
კარიოტას ძალიან არ უყვარს გადარგვა, ამიტომ თუ აუცილებელი არ არის, მოერიდეთ. თუ თქვენი მცენარის ფესვები ქოთნიდან ამოიყარა ან ახალგაზრდა ამონაყარები გაიჩინა, მაშინ მიწა შეაზავეთ შემდეგნაირად: ორი წილი ხის ტოტებიანი და ფოთლიანი ნეშომპალა, ერთი წილი ტორფიანი მიწა, გამომწვარი ნაკელი, სილა და ნახშირი. აუცილებელია კარგი დრენაჟი. კარიოტა მრავლდება თესლით, მაგრამ, იშვიათად და ძალიან რთულად. მცენარე უნდა გაამრავლოთ თებერვალ-მარტში, 23-25 გრადუსზე. მისთვის საუკეთესო ადგილი – სასტუმრო ოთახია.