მწვანე კუთხე
კითხვა: როგორი განათება და ტემპერატურა მოსწონს კალადიუმს?
პასუხი: ამ მცენარისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი. მზის გულზე არ დადგათ, რადგან ფოთლები მალე დაუჭკნება. ზრდის პერიოდში სითბო სჭირდება, დაახლოებით 20-23 გრადუსი. ეს მცენარე ბოლქვიდან ამოდის და შემოდგომაზე იძინებს. ბოლქვები ბნელსა და ტენიან ადგილას გამოაზამთრეთ, დაახლოებით 16 გრადუსზე, გაზაფხულზე კი გადარგეთ და 23 გრადუსზე ამყოფეთ. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. რეგულარული დანამვა და სველკენჭებიანი ლანგარი მაღალი ტენიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ზაფხულში ნიადაგი გაზავებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.
კითხვა: ეზოში მიდგას პიონები, რომლებიც მეორე წელია, არ აყვავებულა. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ისევ იყვავილოს?
პასუხი: კარგად აყვავილების ყველაზე საუკეთესო ხერხი ნიადაგის შემოწმებაა. მცენარის ნიადაგში აუცილებლად უნდა შედიოდეს ნაკელი და მიწა ფხვიერი უნდა იყოს. საერთოდ, ამ მცენარეების გახარება დამოკიდებულია მათი დარგვის სისწორეზე. გაითვალისწინეთ, რომ პიონის სიმაღლე თითქმის მიწის ზედაპირს არ უნდა აღემატებოდეს. პიონი ძალიან პრეტენზიული მცენარეა და დარგვის თავისებური სპეციფიკა აქვს. ის მიწაში არც ძალიან დაბლა უნდა იყოს და და არც მაღლა. ამიტომ, გირჩევთ, დააკვირდეთ, როგორ არის დარგული თქვენი პიონები.
კითხვა: ზაფხულში რა სიხშირით მოვრწყა ქაღალდის ყვავილი?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ზაფხულის სითბო, მაგრამ, სიმშრალესა და სიცხეს ვერ იტანს. ის ამ დროს ზრდის პერიოდშია და ხშირად მორწყეთ ხოლმე, თუმცა, ზედმეტი წყალი არ უნდა მოგივიდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გაზაფხულის ბოლოდან მცენარეს მიაწოდოთ ბალანსირებული თხევადი სასუქი.