ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რა პერიოდში სჭირდება ლეკვს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება?
პასუხი: გახსოვდეთ, რომ ლეკვს ყურადღების მიქცევა მუდმივად სჭირდება, განსაკუთრებული ყურადღება კი 4-დან 6 თვის ასაკში უნდა მიაქციოთ, რადგან ამ პერიოდში ის კბილების ცვლას იწყებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ერთ-ერთი რთული პროცესია ორგანიზმისთვის. ამ პერიოდში ლეკვს სჭირდება ვიტამინების დანამატის სახით მიცემა, რადგან ის იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება. თუ ძაღლს ამ პერიოდში უყურადღებოდ დატოვეთ, შეიძლება, ძალიან ბევრი დაავადება დაემართოს, ვიტამინების დამატებით კი ავადმყოფობის გადატანას საგრძნობლად გაუადვილებთ.
კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, რამდენ ხანში ერთხელ აქვს ძუ ძაღლს ციკლი?
პასუხი: ძუ ძაღლებს ციკლი წელიწადში ორჯერ აქვთ, მაგრამ, არის შემთხვევა, როცა 8 თვეში ერთხელაც ფიქსირდება. ციკლის დაწყებისთანავე ძუ ძაღლს სასქესო ორგანო ებერება. რაც შეეხება ციკლის ხანგრძლივობას, ის დაახლოებით 22-26 დღე გრძელდება, თუმცა, გააჩნია ჯიშს ზოგ ძაღლს მხოლოდ 16 დღე აქვს. ციკლის დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ პირველივე დღიდან შეიძლება ძაღლის დაწყვილება. დაწყვილების პერიოდი, ციკლის დაწყებასთან ერთად იწყებს განვითარებას.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ძაღლს ზუსტი შემადგენლობით სახლში მოუმზადოთ საკვები?
პასუხი: ასე ხშირად ხდება, თუმცა, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. მიუხედავად ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით გათვალისწინებისა, აღნიშნული რაციონი ვერ იქნება დაბალანსებული და, შეიძლება, სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
კითხვა: მაჩუქეს 1 თვის ძაღლი, რომელიც, როგორც მითხრეს გერმანული ნაგაზია. ის უკვე სამი თვის გახდა, მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ, ნაგაზი კი არა, ქუჩის ძაღლების ნაჯვარია. მართალია, ძალიან ლამაზია, მაგრამ, ის ჯიში არ არის, რაც მითხრეს. როგორ ფიქრობთ, ასეთი ძაღლის დატოვება სახლში რისკი ხომ არ არის?
პასუხი: თუ თქვენ ძაღლი რაიმე კონკრეტული დანიშნულებით არ გინდათ, რომ გყავდეთ, ან სანადიროდ, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი და საინტერესო ვარიანტია მეტისი, ანუ, ძაღლი, რომელიც თქვენ მაწანწალად, უჯიშოდ მოიხსენიეთ. უჯიშო ძაღლი არ არსებობს. მეტისი სხვადასხვა ჯიშების ნარევია, ამიტომ, როგორი ხასიათის გაიზრდება, როგორი მანერები და თვისებები ექნება, არავინ იცის. ამ ყველაფერს პატრონი ნელ-ნელა შეამჩნევს. სხვათა შორის, ყველაზე ძლიერი იმუნური სისტემა მეტისებს აქვთ გამომუშავებული. სულ რომ არ გაუკეთო ვაქცინაცია, იმდენად ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობენ. მათი კუჭი კი იმდენად უპრეტენზიოა, რომ უბრალო საკვებსაც კარგად ინელებს. ხშირ შემთხვევაში მეტისები უფრო მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ჯიშიანი ძაღლები. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ძაღლი რაიმე კონკრეტული მიზნისთვის გჭირდებათ, მეტისს ხელი არც უნდა მოჰკიდოთ.
გვერდი მოამზადა