კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გაეჯიბრა ფრუნზიკ მკრტჩიანი ჩარლი ჩაპლინს, რატომ არ აძლევდნენ გასაქანს მას ქალები და რა სევდას მალავდა ღიმილს მიღმა მისი მზერა

ფრუნზიკ მკრტჩიანი – ის თავის ცხვირს ყველგან ყოფდა და მისივე ნაამბობი ანეკდოტების მთავარი გმირიც თავად გახლდათ... კომპლექსი გარეგნობის გამო აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ, მას ეგონა, რომ საკუთარ თავზე ხუმრობით ტკივილს იქარვებდა... ეს იყო ტრაგედია სასაცილო ადამიანისა: ის ასე ცდილობდა, განკურნებულიყო საყვარელი ცოლის ავადმყოფობისგან. ბედმა კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ცხვირის ანაბარა დატოვა...
ერთხელ ფრუნზიკ მკრტჩიანი ინდოეთში იყო გადაღებებზე რაჯ კაპურთან. საღამოს სასეირნოდ გავიდა ქალაქში. მოულოდნელად, გზა ეტლმა გადაუღობა, რომელშიც პატარა რიქშა იყო შებმული. უცებ მოუნდა, ეგზოტიკური ტრანსპორტით ემგზავრა და წამოსკუპდა კიდეც ზედ. ქანცგაწყვეტილი ბავშვი კი ძლივსღა მილასლასებდა. ხუთი მეტრიც არ გაევლოთ, რომ ფრუნზიკა უცებ აღშფოთდა – ეს რა არის, ბიჭოო?!.. მერე წამოხტა, დასვა ბიჭი მგზავრის ადგილზე, თვითონ სახელურებს დაავლო ხელი და... განცვიფრებული ინდუსები თვალებს არ უჯერებდნენ: კარგად ჩაცმული ბატონი „ოჰო, ოჰოს“ ძახილით დარბოდა ქალაქის ცენტრში, საზიდარში კი ღარიბთა კვარტლელი პატარა მაწანწალა იჯდა და – აჩუ, ცხენოო, – გაჰკიოდა. ბოლოს კი, გაწვდილ პეშვში მონეტაც რომ ჩაუგდეს „მომსახურებისთვის”, პატარა რიქშამ ისღა მოახერხა, ცხვირი აესრუტუნებინა.
ფრუნზიკას გვერდით ზოგი იცინოდა, ზოგიც – ტიროდა... ვერ იტანდა, თუ მის გვერდით ვინმეს უჭირდა. ნებისმიერი გამვლელისთვის შეეძლო, ეკითხა, რატომ ხარ მოწყენილიო და ისიც გულს უხსნიდა.
ის ინდოელი ბიჭუნა კი... ოდესღაც ფრუნზიკა თავად გახლდათ ასეთივე მშიერ-ტიტველი. სიყვარულით იხსენებდა თავის ბავშვობას: ლენინაკანი. მისი სახლის კიბეებზე ჩამომსხდარან მეზობლების ბავშვები და წარმოდგენის დაწყებას ელიან – მეორე სართულის კიბის უჯრედში 10 წლის მსახიობი მთელ სპექტაკლს ატარებს, ნაცნობთა პაროდიების გალერეას ქმნის. სპექტაკლის ფინალი კი ყოველთვის ერთნაირია: სარეცხის თოკზე გაბმული ფარდა-„ადიალა” ირხევა, იღება კარი და ორ ბანჯგვლიან ხელს პატარა მსახიობი შინ შეჰყავს. იქიდან კი ისმის ფრუნზიკას მამის, მუშეგის ხმა: „ისევ იმანჭებოდი? ვინ გასწავლა?“
მამას არ უნდოდა, ფრუნზე მსახიობი გამხდარიყო, არ მიაჩნდა ეს კაცისთვის შესაფერის საქმედ. ამით ვერც თავს შეინახავ და ვერც ოჯახს გამოკვებავო, – იმეორებდა მუშეგი. ისინი „კომუნალკაში” ცხოვრობდნენ და მამა ოცნებობდა, რომ შვილებს თავი დაეღწიათ სიღატაკისთვის. ამის შანსს კი, მისი აზრით, მხატვრობა მისცემდა ბიჭს. ის კი მართალაც კარგად ხატავდა – ტილოზე ადამიანის ტიპაჟებს აცოცხლებდა ყველაზე სასაცილო შტრიხებით. მშობლებისთვის ძნელი იყო ფრუნზიკას გაგება, რადგან მათი ვაჟი ისეთი არ იყო, როგორიც სხვები. ისინი კი ერთი ჩვეულებრივი მშრომელები იყვნენ: მამა – ტექსტილკომბინატის მუშა, დედა კი – ჭურჭლის მრეცხავი გახლდათ. ორივე გასული საუკუნის დასაწყისში დაობლდა, როცა თურქთა მიერ განხორციელებულ გენოციდს მილიონ-ნახევარი სამეხი ემსხვერპლა.
ფრუნზიკა განიცდიდა, რომ მამა მასში მსახიობს ვერ ხედავდა, მაგრამ არც თავის ნიჭზე – გარდასახვის საოცარ უნარზე შეეძლო უარის თქმა. ამიტომ, როგორც კი კომბინატში დრამწრე გაიხსნა, მაშინვე ჩაეწერა. ერთხელაც მამამისი შემთხვევით, მაყურებელთა შორის აღმოჩნდა. იმ საღამოს, სპექტაკლის შემდეგ, მამა შვილს ფეხებთან მიუწვა და ასე ეძინა დილამდე. ეს იყო მისი ტალანტის ყველაზე დიდი აღიარება. „შენ კარგად ითამაშე... ულუკმაპუროდ არ დარჩები“, – უთხრა მაშინ მამამ. ასე გაუგო მამა-შვილმა ერთმანეთს. მაგრამ, ერთ საღამოს მამა შინ არ დაბრუნდა – ის დააპატიმრეს. კომბინატიდან გამოსვლისას მუშეგს შარვალქვეშ ფეხები ახალნაქსოვი ქსოვილით ჰქონდა გადახვეული – მას მხოლოდ შვილების გამოკვება უნდოდა, მაგრამ, – არ გაუმართლა, ხუთი მეტრი ბიაზისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ურალის ბანაკებში... მისი ცოლი კი, სწორედ ომის დაწყების წინ, ოთხი ბავშვით მარტო დარჩა. ასე მარტომ როგორ უნდა შეგინახოთო, – უმწეოდ ჰკითხა ქალმა იმ დღეს შვილებს. რატომ მარტომ? ოჯახში ხომ დავრჩით კაცები? – დაამშვიდა 14 წლის ფრუნზიკამ და სამსახურიც გამოძებნა, კინომექანიკოსის ადგილი ქარხანაში. ჯიხურის ოთხკუთხა ფანჯრიდან ის ყოველდღე ახალ ფილმს უყურებდა, შემდეგ კი სახლში საინტერესო ეპიზოდებს იმეორებდა.
ფრუნზიკას ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდა დედის მიმართ და სანამასთვისაც ის ყოველთვის გამორჩეული იყო. უკვე მოზრდილსაც კი, დედა ზურგის გახეხვას ისევე სთავაზობდა, როგორც ბავშვობაში, თან ალერსიანად უხსნიდა: შენი და-ძმები დამოუკიდებლები არიან, შენ კი რაღაცნაირად უმწეო ხარო...
მერე დრამწრეში ლენინაკანის თეატრის თანამშრომლებმა შეამჩნიეს... და აი, მკრტჩიანების მთელი ოჯახი მივიდა სპექტაკლზე ყველაზე ახალგაზრდა, 16 წლის მსახიობის სანახავად. მაგრამ, წარმოდგენა დამთავრდა ისე, რომ სცენაზე ფრუნზიკა არ გამოჩნდა. ნახე, დაუძახეს და სცენაზეც კი არ გამოიყვანესო, – ბრაზობდნენ მისიანები. და, ჰოი, საოცრებავ, „ბისზე” გამოსულ მსახიობებს შორის, ერთი დალეული, კუზიანი მოხუცი უცებ წელში გაიმართა, ორი თავით გაიზარდა და სახეც გამოუჩნდა... და, არც მეტი, არც ნაკლები, ის სწორედ ფრუნზიკ მკრტჩიანი იყო! დარბაზი გააოცა მისმა გარდასახვის უნარმა... მისი ნიჭის შესახებ ერევანშიც გაიგეს და – გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის სახელმწიფო ნაციონალურ თეატრში მიიწვიეს. ისიც პირველივე დღეს მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგა დასის წინაშე. კითხვაზე, სად სწავლობდიო, თვალიც არ დაუხამხამებია, ისე განაცხადა: მუსიკალურ ტექნიკუმში ვიოლონჩელის განხრითო. მაშინვე მოუტანეს ინსტრუმენტი და რაიმე დაგვიკარიო, სთხოვეს. მან კი ხელები გაასავსავა: დაკვრა რა საჭიროა, ცნობა ხომ მაქვს, რომ ვიციო...
თეატრში თავისიანად მიიღეს და მაშინვე ჭიქა გაუწოდეს – თუ მსახიობად ვარგიხარ, უნდა სვამდე კიდეცო... მას შემდეგ არც უღალატია ამ ჩვევისთვის. ის კი არადა, „მიმინოს” გადაღების დროს, სულ ნასვამი რომ იყო, გია დანელიამ ამის გამო, „მშრალი კანონიც” კი გამოაცხადა ჯგუფში. ერთი კვირა შეიკავა თავი და მერე მოჰყვა ფილოსოფოსობას... იმ დროს მისთვის ასი გრამი წამალი იყო. უზარმაზარი ტვირთი აწვა მხრებზე – ამას კი ყველა ვერ გაუძლებდა.
თუმცა, თავიდან ფრუნზიკ მკრტჩიანი ყველას ბედის ნებიერა ეგონა – დედაქალაქური ცხოვრება, მთავარი როლები, ხალხის სიყვარული... და მასაც შეუყვარდა ახალგაზრდა, ულამაზესი ქალი...
ეს ის დრო იყო, მშვენიერი სქესისგან მოსვენება რომ არ ჰქონდა. ქალები გასაქანს არ ძლევდნენ. ნეტავ, ჩემში რა ნახესო, – ამბობდა და თან, ხელით თავის „პატივცემულ” ცხვირზე მიუთითებდა. რა თქმა უნდა, მთელი მისი მომხიბვლელობა ცხვირი იყო! და გადაწყვიტა, ამხელა სიმდიდრე სხვისთვისაც გაეზიარებინა – შეუკვეთა სავიზიტო ბარათები, რომელზეც ერთი ტეხილი ხაზით გამოსახა თავისი სომხური პროფილი. განურჩევლად ყველას ურიგებდა და იმ პერიოდში მკრტჩიანის ცხვირი ვის აღარ ედო ჯიბეში. ასე გაუთავებლად ანგლობდა ამ თემაზე და საქმე ბოლოს იქამდეც მივიდა, რომ ერთგვარი პიროვნების კულტი შექმნა თავისი ცხვირისგან.
ქალების მიმართ ინტერესი ფრუნზიკამ ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. ჯერ კიდევ ლენინაკანში ცხოვრობდა, ქალაქის მოედანზე ულამაზესი, შვლისთვალება გოგონა რომ შენიშნა, გრძელი წაბლისფერი დალალებით... შეყვარებული „რომეოსთვის” მისი რჩეულიც თითქმის ჯულიეტა აღმოჩნდა, მას ჯულია ერქვა... რაღაც პერიოდი, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მაგრამ, შემდეგ იყო ერევანი და ჯულია დარჩა მოგონებებში, როგორც პირველი წმინდა გრძნობა – მცდელობა სამოთხის ვაშლის ჩაკბეჩისა, რომლის მსხვერპლიც ბოლოს თავად შეიქნა. მისი საყვარელი ქალები იყვნენ ულამაზესნი, როგორც უტკბილესი წვენით სავსე მწიფე ხილი, შიგნიდან გული რომ დალპობია.
მისი დუეტი დონარასთან კი დარჩა ფირზე – „კავკასიელ ტყვე ქალშიც” ცოლ-ქმარი იყვნენ. ფილმში ნიკულინი ამბობს: სხვათა შორის, მეზობელ რაიონში სასიძომ პარტიის წევრი მოიტაცაო. ეს ფრაზა ფრუნზიკას ეკუთვნის და მასვე უნდა ეთქვა, მაგრამ პარტიულ ფუნქციონერებს რომ არ სწყენოდათ, ბრიყვს ათქმევინეს. ასე, პოლიტიკური სატირის ელფერი აღარ ჰქონდა. თუმცა, ფრუნზიკამ ამ ხუმრობისთვის მაინც მიიღო რეჟისორისგან ჯილდო. ლეონიდ გაიდაის ყოველი მომგებიანი მიგნებისთვის პრიზად შამპანური ჰქონდა დაწესებული. დონარამ კი, ქმარს ისევ „ზაპოი” რომ არ დაწყებოდა, პრიზი ჩუმად მორგუნოვს გადასცა. მაშინ მკრტჩიანი არ დაიბნა და ფილმს კიდევ ერთი დეტალი შეჰმატა. გაწუწულ ეტუშს ყურზე წითელი მიხაკი რომ უკონწიალებს, ფრუნზიკამ გაურჭო და ამით კინოგმირს „კავკასიური ეშხი შესძინა”. საღამოს კი დონარამ ქმარს შამპანურის სმისას რომ წაასწრო, მან თავი იმართლა: „გაიდაიმ მითხრა: თუ გთავაზობენ, დალიე, კავკასიაში ასეა მიღებულიო და კარგ ადამიანს ხომ არ ვაწყენინებდი“.
სხვათა შორის, დედაქალაქში დონარაც ლენინაკანიდან ჩავიდა. ფრუნზიკას ის ჯერ კიდევ პატარა ახსოვდა, მაგრამ პირადად არ იცნობდა. ერთხელ, სპექტაკლის შემდეგ, მასთან ლამაზი ქალი მივიდა და ფრუნზიკამ მასში დონარა ვერ შეიცნო. ის გაფურჩქნილიყო როგორც ედელვაისი. კაცმა ჩახედა გოგონას თვალებში და ორ გიშრის ტბაში ჩაიძირა. ის თეატრალურ სასწავლებელში აპირებდა ჩაბარებას და ფრუნზიკას დახმარება სთხოვა. და მანაც გოგონას რამდენიმე რჩევა მისცა. მერე კი, როცა დონარა ინსტიტუტში ჩაირიცხა და იმდენი ქნა, თეატრის მთავარ რეჟისორთან მიიყვანა. ასე აღმოჩნდა ეს მზეთუნახავი იმავე თეატრში, სადაც ფრუნზიკა იყო და მაშინვე მთავარ როლზე აიყვანეს სპექტაკლში „ძია ბაღდასარი”. სცენაზე შეყვარებულებს თამაშობდნენ და ვერც თეატრს მიღმა გამოვიდნენ როლიდან – საქმე ქორწილამდე მივიდა... პატარა, ჰაეროვანი დონარა 15 წლით უმცროსი იყო ქმარზე, მაგრამ დედობრივ მზრუნველობას იქეთ იჩენდა – ნეფეს თეფშზე საჭმელს უწყობდა, ღვინო ზედმეტად რომ არ მოჰკიდებოდა. შიგადაშიგ კი გადაულაპარაკებდა, პერანგი გაისწორეო.
ახლად შექმნილი ოჯახი ერევანში დასახლდა. მალე დონარა დაფეხმძიმდა. ფრუნზიკა გადაირია, მას ხომ ბავშვები ძალიან უყვარდა. მაგრამ, როცა გაიგო გოგო დაიბადაო, ორივე ხელი თავზე იტაცა: ვაი, ვაი, მზად ვარ ყველაფერი მივცე ქალიშვილს, გარდა ცხვირისაო. საბედნიეროდ, შიში ფუჭი აღმოჩნდა: ნუნე დედამისის ასლი იყო – ნამდვილი მზეთუნახავი. სამაგიეროდ, ბიჭს – ბააგს მამისგან ხატვის ნიჭი ერგო მემკვიდრეობით.
ფრუნზიკა და დონარა საუცხოო წყვილი იყო და ერთად 10 ბედნიერი წელი გაატარეს. მოულოდნელად, დონარა ავად გახდა. შინაურებს ეჭვის თვალით უყურებდა. საჭმელი მოწამლული ეგონა... ასე, შეაბიჯა მათ ოჯახში უბედურებამ, რომელიც თანდათან უფრო მწვავდებოდა – დონარას ეჭვიანობის შემოტევა დაეწყო. ეჭვიანობდა ყველა მსახიობ ქალზე, მივლინებების წინ ისტერიკებს უწყობდა... საბოლოოდ, ცოლს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა და დასკვნა გამანადგურებელი აღმოჩნდა – დონარას განუკურნებელი სენი სჭირდა: ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული ფსიქიკური გადახრა. მაშინ ცნობილ მსახიობს უკვე თავისუფლად უშვებდნენ უცხოეთში და პირველივე შესაძლებლობისთანავე, წაიყვანა ცოლი საფრანგეთში. დიაგნოზი კვლავ უნუგეშო იყო – შეჩერება შეიძლება, მაგრამ შეტევები განმეორდება და თანდათან პროგრესირდება... პერიოდულად, დონარას საავადმყოფოში აწვენდნენ, რის შემდეგაც, მცირე ხნით, მდგომარეობა სტაბილურდებოდა _ ქალი სცენასაც კი დაუბრუნდა და კარგადაც თამაშობდა. მაგრამ, სახლში მეუღლეებშორს თითქოს ვიღაც მესამე ჩადგა. ეშმაკი ჩაუსახლდა დონარას სულში და სხვა ადამიანად აქცია _ ეშინოდა, ეჭვიანობდა, არავის ენდობოდა... სენი როგორც ავი სული მათზე, ორივეზე ბატონობდა.
ფრუნზიკ მკრტჩიანი კი სწორედ ამ დროს პოპულარობის ზენიტში იყო: სთავაზობდნენ როლებს, უშვებდნენ გასტროლებზე... და მხოლოდ ამან იხსნა, ალბათ, გენიალური მსახიობი, ცოლის შემხედვარე, თვითონაც რომ არ გაგიჟდა. და, კიდევ ერთი რამ იყო – მას შეეძლო, ტკივილი უსაზღვრო მხიარულებაში ჩაეხშო.
საბჭოთა კავშირში ის დიდი ხანია, დოკუმენტების გარეშე მოგზაურობდა და აღარც კი ახსოვდა, სად დაკარგა პასპორტი. მას ნებისმიერი მიმართულებით, უპრობლემოდ აძლევდნენ ბილეთებს თვითმფრინავსა თუ მატარებელზე. ერთხელ, კრემლშიც კი თავისუფლად შეუშვეს. ის, ვახტანგ კიკაბიძე და გიორგი დანელია ფილმ “მიმინოსთვის” პრემიით დააჯილდოვეს და მის გადასაცემად კრემლში მიიწვიეს. დაცვამ დოკუმენტები მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ყველამ იცნო. პასუხად ფრუნზიკამ, რომელსაც არანაირი საბუთი არ გააჩნდა, წამოიძახა: რა, ამერიკელი ჯაშუშები კრემლში დოკუმენტებით შედიანო?!.
ვახტანგი მან ჯერ კიდევ „არ დაიდარდოს” გადაღებებზე გაიცნო. წლების შემდეგ, კი, როცა კიკაბიძე მასთან სტუმრად ჩადიოდა, ყოველთვის ხელგადახვეულები ისხდნენ – ასე ახდენდნენ ხალხთა შორის მეგობრობის დემონსტრირებას. მე და შენ ქართველებისა და სომხების გასაერთიანებლად უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ყველა პოლიტიკოსმა ერთად აღებულმაო, – სვამდნენ ისინი სადღეგრძელოს უკვე „მიმინოს” შემდეგ.
იხსენებდნენ, როგორ ციოდა გადაღებებზე მოსკოვში. სითბოს მოყვარული ბუბა და ფრუნზიკა კი, ერთმანეთს უთმობდნენ თბილ სვიტერებს. გიორგი დანელია განცვიფრებული იყო მისი იმპროვიზირების უნარით. კადრშიც ისევე აგრძელებდა ლაპარაკს, როგორც – ცხოვრებაში. ყველა ფრთიანი ფრაზა „მიმინოდან”, პირდაპირ კამერის წინ იბადებოდა: „ია ტებე ადინ უმნი ვეშჩ სკაჟუ, ტი ტოლკა ნი აბიჟაისა;” „მუშჩინი ნე პლაჩუტ, მუშჩინი ოგორჩაიუტსია...” და ასე გადაედინებოდა ადამიანური ტრაგედია შემოქმედებით ენერგიაში და დუმილის დროსაც კი მჭევრმეტყველებდა.
ერთხელ ამერიკიდან მომავალი, ახალნაყიდ მაისურში გამოწყობილი თავს იწონებდა. საბაჟოზე კი, რატომღაც ყველამ ალმაცერად დაუწო ყურება. მერე მებაჟემ გვერდზე გაიყვანა და გააფრთხილა, მაისური გამოეცვალა, რადგან გულზე ეწერა: „გაუმარჯოს ამერიკის არმიას!”
ერევანში ხალხმა მას ახალი სახელი შეარქვა – მგერ (მზე). მერე მეგობრებმაც აიტაცეს – შენ მართლაც მზესავით სხივოსანი მასხარა იყავი, მგერ! მაგრამ, როცა იღიმებოდი, თვალებში სევდა კვლავ გრჩებოდა. ქალაქში ყველამ იცოდა მისი ოჯახის უბედურების შესახებ. მას ხალხისაგან დაფარული არაფერი ჰქონდა. ყველა მეგობრად მიაჩნდა და ისინიც ეპატიჟებოდნენ სახლში, სთავაზობდნენ სასმელს, რომ გული გადაეყოლებინა. მაგრამ, არყით მთვრალიც კი, არასდროს მოჰყოლია ბედის სამდურავს. პირიქით, მისი მხიარულება სასმლის გრადუსიანობასთან ერთად იწევდა მაღლა და ის ახალ თამაშს იწყებდა...
დედაქალაქის ყველა კაფეში იცნობდნენ. „დაასხი“, – ეტყოდა მიმტანს. „მაგრამ, მისაყოლებელი“? – ჰკითხავდა ის. „მისაყოლებელიც დაასხი“, – პასუხობდა მგერი. რესტორნებში ხომ გაუთავებლად უგზავნიდნენ სასმელს – ეს ამ სუფრიდან, ეს იმიდანო... ერთხელ მგერი ნაბახუსევზე თეატრში ცალ-ცალი ფეხსაცმლით მივიდა, ერთი შავი იყო, მეორე – ყავისფერი. შენიშვნა რომ მისცეს, პასუხი ასეთი იყო: დაინახოს ხალხმა, მერე რა, ერევანში ახალი მოდა მინდა, შემოვიღოო... ხალხის სიყვარულს იღებდა და თავადაც უშურევლად გასცემდა. მხოლოდ ერთხელ, ხალხმრავალ სუფრაზე, წამოსცდა მეგობართან: ირგვლივ ამდენი ხალხია და მე კი მარტო ვარო.
თანდათან კარგავდა დონარას, რომელიც ოდესღაც ასე უყვარდა. შეტევების დროს ის ქმარს ვერ ცნობდა, მას კი – ქმარი. ბოლოს კლინიკა დონარას სამუდამო სამყოფლად იქცა და ფრუნზიკა საფრანგეთიდან მარტო დაბრუნდა. ჩაიკეტა ბინაში და რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა. მისი ქალიშვილი – ნუნე კი ამასობაში გაიზარდა, გათხოვდა და არგენტინაში გადავიდა საცხოვრებლად. ფრუნზიკ მკრტჩიანს თავი მსოფლიოს მოქალაქედ მიაჩნდა, ამიტომაც არ შეშინებია, ქალიშვილი „რკინის ფარდის” იქით გაეშვა.
ვააგი კვლავინდებურად მამასთან ცხოვრობდა. ის ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო, უჭირდა თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა. ხატვის გარდა არაფერი აინტერესებდა. გარდატეხის ასაკში კი ნერვიული შეტევები დაეწყო... ვააგს დედისგან მწარე მემკვიდრეობა ერგო – ისიც იმავე სენით იყო ავად.
ერთ დღეს ფრუნზიკამ გამოაცხადა: დღე-დღეზე ცოლი მომყავსო. როცა გაუკვირდათ – ისევო? ჩარლი ჩაპლინს თუ რამდენიმე ცოლი ჰყავდა, მე რითი ვარ ნაკლებიო.
ძნელი სათქმელია, სიყვარულის, თუ სასოწარკვეთილების გამო შეირთო მან ცოლად ტამარა ოგანესიანი. ერთი კია, ისიც უმოწყალოდ ლამაზი იყო, თანაც ყოფილ ცოლზე უმცროსი. ტამარაც იგივე როლზე დაამტკიცეს „ძია ბაღდასარში”, რომელსაც ფრუნზიკა ადრე დონარასთან ერთად თამაშობდა. იგივე სცენები, დიალოგები და „დეჟავიუმ” იმოქმედა – სპექტაკლმა ისევ დაალაგა მისი პირადი ცხოვრება.
ტამარა ცნობილი პიროვნების, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ქალიშვილი გახლდათ და ბოჰემურ ცხოვრებას იყო მიჩვეული. დიასახლისად არ იყო დაბადებული. არც სამზარეულოში ტრიალი ეხერხებოდა. ერთი სიტყვით, იმდენად უსუსური და უმწეო იყო ამ მხრივ, მარტო ჭამაც კი არ შეეძლო. ამიტომ, დარბოდა მთელ ერევანში და ნაცნობებს ეკითხებოდა ქმრის ასავალ-დასავალს. ტამარას უნდოდა, ქმარი ხელში აეყვანა და სმისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ცნობილი მსახიობი მხოლოდ მისი საკუთრება არ იყო. დიდი ხანია, ის ხალხს ეკუთვნოდა.
გამუდმებულ ჩხუბში ცოლ-ქმარმა ერთად ერთ წელიწადსაც ვერ გაძლო. მსახიობის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ტამარა მისგან წავიდა.
1993 წლის დეკემბერი. ერევანში არ იყო სითბო და სინათლე – აზარბაიჯანთან კონფლიქტის გამო. ფრუნზიკა რამდენიმე დღე სვამდა, მეგობრისა და კოლეგის გარდაცვალებას გლოვობდა. „ოტელოს როლში რომ მნახავენ, ბოლოს და ბოლოს გაიგებენ, ვინ არის ფრუნზიკ მკრტჩიანი”, – ბუტბუტებდა უგონოდ მთვრალი. მერე ოთახში ჩაიკეტა და მარტომ გააგრძელა გლოვა და სმა. მასთან იყო ვააგიც, რომელიც უაზროდ დაბორიალებდა სიბნელეში და ვერ გაეგო, რა სჭირდა 63 წლის მამას. როცა კარი შეამტვრიეს და შევიდნენ, პირველი ვააგი დაინახეს: ბიჭი გაუნძრევლად იჯდა დივანზე და გამოცარიელებული თვალებით ჭერს მიშტერებოდა. იმავე ოთახში იატაკზე იწვა ფრუნზიკაც, მარმარილოს სადგამს ხელებშემოხვეული. სადგამზე საოჯახო საათი იდგა, რომელმაც დაუთვალა მსახიობს უკანასკნელი წამები და ისევ სვლა განაგრძო. „მზე” სომხეთში 1994 წლის დადგომამდე, ორი დღით ადრე „ჩაესვენა“. ერევანში კი, იმ დროს ყველა ოჯახში ახალმა წელმა ფრუნზიკ მკრტჩიანის ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგებით შეაბიჯა. სამგლოვიარო პროცესია ქალაქის მთელ სიგრძეზე გაიჭიმა. შუქი კი კვლავ არ იყო და მხოლოდ ავტომობილთა ფარებიდან იღვრებოდა.
ნუნემ და ვააგმა მამაზე მხოლოდ რამდენიმე წლით მეტი იცოცხლეს. ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა არგენტინაში. ვაჟი კი იმავე საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც გვერდით პალატაში დონარა იწვა. თუმცა, დედა-შვილი ერთმანეთს უკვე ვეღარ ცნობდა. თითქოს საგვარეულო წყევლა სდევნიდა ფრუნზიკ მკრტიჩიანის ოჯახს. ამა წლის ივლისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა დონარაც.
... დღეს ერევნის ცენტრში თეატრს მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ბარელიეფი ამშვენებს წარწერით – მგერ, ბრონზეთი კი ნაცნობი პროფილია ამოტვიფრული. რა ხანია, ფრუნზიკ მკრტჩიანი აღარ არის, მისი ცხვირი კი კვლავ ანშლაგს იწვევს...

скачать dle 11.3