კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააპატიმრეს თბილისელი პედოფილი, რომელიც ავტოინსპექტორი აღმოჩნდა

კისლოვოდსკელი მანიაკის საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო მეოცე საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციანი წლების საბჭოთა კავშირში. სწორედ მან მისცა დასაბამი ეგრეთ წოდებული განსაკუთრებული საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, რომელშიც პროკურატურის, მილიციისა და უშიშროების თანამშრომლები იყვნენ გაერთიანებულნი. ამ განსაკუთრებული ჯგუფის პირველი ხელმძღვანელი მაიორი მერაბ თევზაძე იყო, რომელიც 15 წლის განმავლობაში ედგა მას სათავეში.
მანიაკი-პედოფილი
1970 წლის 11 მაისს თბილისში 41 წლის ავტოინსპექტორი ბეგლარ ებრალიძე დააპატიმრეს. თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერმუშაკებმა ის ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს.
1970 წლის 10 მაისს 20 საათსა და 30 წუთზე თბილისის კალინინის რაიონის მილიციაში მოქალაქე ოთარ გაჩეჩილაძე მივიდა და განაცხადა, რომ მას შვილი, 10 წლის თენგიზ ოთარის ძე გაჩეჩილაძე მოსტაცეს. ის აცხადებდა, რომ მისი ვაჟი სანაპიროზე მდებარე საცურაო აუზიდან ბრუნდებოდა, ავტობუსის გაჩერებამდე რამდენიმე მეტრის დაშორებით კი ის ორმოციოდე წლის, საშუალო სიმაღლის, ხუჭუჭთმიანმა მამაკაცმა მანქანაში ჩაისვა და გაიტაცა. განმცხადებელ ოთარ გაჩეჩილაძეს თან 10 წლის ვანო კოხრეიძე ახლდა. ის გატაცებული ბავშვის მეგობარი იყო და გაჩეჩილაძეებმა სწორედ მისგან შეიტყვეს თენგიზის გატაცების ამბავი. გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში 10 წლის ვანო კოხრეიძემ განაცხადა: „მე და თენგო ყოველთვის ერთად ვბრუნდებოდით ხოლმე აუზიდან და ერთმანეთს ვემალებოდით. დღეს მე დავასწარი მას, გაჩერებასთან რომ ბუჩქნარია, იქ დავიმალე, მისი შეშინება მინდოდა, მაგრამ ამ დროს ტროტუართან თეთრი ფერის „ვოლგა“ „გაზ 21“ გაჩერდა და იქიდან ხუჭუჭთმიანი კაცი გადმოხტა, შემდეგ თენგოს პირზე ხელი ააფარა, მანქანაში შეაგდო და წავიდა“. პატარა მოწმის აღწერით, მილიციელებმა გამტაცებლის სავარაუდო ასაკი და განსაკუთრებული ნიშნები დაადგინეს. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ვანო კოხრეიძემ თეთრი „ვოლგის“ ზუსტი ნომერი და სერია დაასახელა. მილიციის ოპერებმა მთელი ღამე იმუშავეს და, როცა მანქანის პატრონის ვინაობა გაარკვიეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – ის მილიციის მაიორი, ავტოინსპექტორი ბეგლარ ებრალიძე აღმოჩნდა, რომელიც თბილისში, ავლაბარში ცხოვრობდა ერთ-ერთ კერძო ბინაში. 11 მაისს, გამთენიისას იქ მისულმა მილიციის ოპერჯგუფმა წინა საღამოს გატაცებული თენგიზ გაჩეჩილაძე აღმოაჩინა. ბავშვს პირი ჩვრებით ჰქონდა გამოტენილი და საწოლზე ხელბორკილებით იყო მიბმული.
მილიციის ოპერები განსაკუთრებით იმან გააოცა, რომ იმავე სახლის სარდაფში 10 წლის სერგო კუტუბიძეც იპოვეს და ისიც საწოლზე იყო ხელბორკილებით მიბმული. მილიციელებში გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ სერგო კუტუბიძე 5 წლის წინათ, 1965 წლის 16 მარტს დაიკარგა – დაახლოებით 17 საათზე ის საბავშვო ბაღის ეზოდან გაქრა და მის მშობლებს ბავშვი უკვე გამოტირებული ჰყავდათ.
მილიციის მაიორი, ავტოინსპექტორი ბეგლარ ებრალიძე პედოფილი აღმოჩნდა. სასამართლომ მას სერგო კუტუბიძის მიმართ ხუთწლიანი ძალადობა დაუმტკიცა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის ციხეში 5 წლის და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლის მოხდით. გატაცებულ გაჩეჩილაძეზე ძალადობა მილიციელმა პედოფილმა ვერ მოასწრო, სერგო კუტუბიძე კი 5-წლიანი განშორების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა.
„კისლოვოდსკელი მფატრავი“
1979 წლის 17 აპრილს სტავროპოლის მხარის პროკურატურაში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რომელიც საიდუმლო ვითარებაში გაიმართა და მას საკავშირო გენერალური პროკურატურიდან სპეციალურად ჩასული საგანგებო საქმეთა გამომძიებელი მერაბ თევზაძე დაესწრო.
ამ თათბირზე სტავროპოლის მხარეში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი ოთხი უმძიმესი მკვლელობის შესახებ მსჯელობდნენ. საქმე კი ის იყო, რომ 1979 წლის 9 მარტს, 15 მარტს, 2 აპრილს და 13 აპრილს კისლოვოდსკსა და მის შემოგარენში ოთხი მამაკაცი მოკლეს განსაკუთრებული სისასტიკით. მოკლულები დაახლოებით ერთი ასაკის – 40-დან 45 წლამდე იყვნენ და გარეგნულადაც ჰგავდნენ ერთმანეთს – იყვნენ ხუჭუჭთმიანები, საშუალო სიმაღლის და შავგვრემნები. ოთხივე გაუპატიურებული იყო და ისე საშინლად დაჩეხილ-დანაწევრებული, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ მათი სხეულის ნარჩენებიდან რამე გაერკვიათ. მოკლულების მოკვეთილ თავებზე მათივე მოკვეთილი ხელის მტევნები იყო შეჭედებული უზარმაზანი ლურსმნებით, ხოლო მოკვეთილი სასქესო ორგანოები კი პირში ჰქონდათ გაჩრილი. გამომძიებლებს არ გასჭირვებიათ იმის დადგენა, რომ ოთხივე დანაშაული ერთი და იმავე პიროვნების მიერ იყო ჩადენილი და რომ სერიული მკვლელი მოქმედებდა. თუმცა, ამის შესახებ ლაპარაკი სასტიკად ჰქონდათ აკრძალული და საგანგებო საიდუმლო თათბირიც სწორედ იმიტომ მოიწვიეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვათ წერტილი ამ საზარელი ბოროტმოქმედებისთვის.
თათბირის მიწურულს სიტყვა სამხარეო პროკურორმა აიღო და იქ დამსწრეებს უთხრა:
– ამხანაგებო, ჩვენს მხარეში მომხდარ დანაშაულებზე უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ხალხში საზარელი ხმებია გავრცელებული. ყველას „კისლოვოდსკელი მანიაკი“ აკერია პირზე. ჩვენი მოვალეობაა, ბოროტმოქმედი ვიპოვოთ, შევიპყროთ და საკადრისად დავსაჯოთ. აი, მოსკოველი კოლეგა, რომელიც ჩვენს დასახმარებლადაა აქ ჩამოსული და გთხოვთ, ყოველმხრივ დაეხმაროთ მას.
სამხარეო პროკურორმა კოლეგებს მერაბ თევზაძე გააცნო, შემდეგ მას კაბინეტი გამოუყო და მოსკოველი „მაძებარი“ საქმეს შეუდგა. მოძიებული მასალების ანალიზისას ის დარწმუნდა, რომ მანიაკი ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი პიროვნება იყო და, სავარაუდოდ, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებიც უნდა ჰქონოდა.
– მდაა, – თავი დააქნია თევზაძემ, რომელმაც საგამოძიებო მასალების ანალიზი დაასრულა, – ეს „კისლოვოდსკელი მფატრავი“ საკმაოდ მოუხელთებელი ვინმე ჩანს და, სამწუხაროდ, ბევრ პრობლემას გაგვიჩენს.
თევზაძე მართალი აღმოჩნდა. 20 და 22 აპრილს კისლოვოდსკის გარეუბანში კიდევ ორი მკვლელობა მოხდა, რომლებიც წინა ოთხის იდენტური იყო – მათაც „კისლოვოდსკელი მფატრავის“ სასტიკი ხელი ეტყობოდა. ამიტომ, თევზაძემ ძალისხმევა გააათმაგა.
მობილური სპეცჯგუფი
1979 წლის 30 აგვისტოს, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი დადგენილების საფუძველზე შეიქმნა მობილური სპეცჯგუფი, რომელსაც მკვლელობების გამოძიება დაევალა. სულ მალე მას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭა და განყოფილების უფროსად მაიორი მერაბ თევზაძე დაინიშნა.
მაიორი თევზაძე ენერგიულად შეუდგა მუშაობას და სულ მალე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მან და მისმა მეგობრებმა ექვსი თვის განმავლობაში რვა სერიული მკვლელი გაანეიტრალეს და 21 მკვლელობა გახსნეს, მაგრამ, „კისლოვოდსკელი მფატრავის“ საქმე კვლავ გაუხსნელი იყო. სასტიკი მანიაკი მკვლელობებს განაგრძობდა და მისი შეჩერება არავის შეეძლო.
1979 წლის მარტიდან მოყოლებული, „კისლოვოდსკელმა მფატრავმა“, 1984 წლის ჩათვლით, 29 მკვლელობა ჩაიდინა, მისი ბოროტმოქმედებების გეოგრაფია კი მაშინდელი საბჭოთა კავშირის 12 რესპუბლიკაზე ვრცელდებოდა. მფატრავი თავის ხელწერას არ ღალატობდა. ის კვლავ ხუჭუჭებს, შავგვრემნებსა და 40-45 წლის მამაკაცებს აუპატიურებდა, შემდეგ კი საშინლად ასახიჩრებდა და ანაწევრებდა მათ სხეულებს. თევზაძის უწყება, მიუხედავად მისი განყოფილების წარმატებებისა, უშედეგოდ ნადირობდა მანიაკზე, რომელიც ძველებურად მოუხელთებელი იყო.
1984 წლის 11 მაისს, ქალაქ სოჭში, მორიგი სერიოზული მკვლელობა მოხდა, რომელსაც მფატრავის ხელწერა ეტყობოდა. როდესაც გარეუბანში მისულმა ოპერმუშაკებმა მოკლულის ბინა დაათვალიერეს, იქ გაუპატიურებული და დანაწევრებული გვამის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლის მოკვეთილ თავს პირში სასქესო ორგანო ჰქონდა ჩატენილი. მაგრამ, ამ მკვლელობას, სხვა მკვლელობებთან შედარებით, ორი განსხვავებული მახასიათებელიც ჰქონდა: პირველი ის იყო, რომ მოკლულის მოკვეთილი მტევნები თავზე კი არ იყო მიჭედებული, არამედ, ხელბორკილებით იყო საწოლზე მიბმული. მეორე განსხვავება კი ის გახლდათ, რომ მოკლულის ასაკი მნიშვნელოვნად აჭარბებდა დანარჩენი 29 მსხვერპლის ასაკს – ის 55 წლის იყო. გამომძიებელმა მოკლულის ვინაობა დაადგინა – ის ვინმე ბოდგან ბაბაევი აღმოჩნდა.
სანიმუშო პედოფილი
სოჭში მოკლული ბოგდან ბაბაევის პიროვნების კვლევისას თევზაძის ხელქვეითებმა დაადგინეს, რომ ის ადრე სხვა სახელსა და გვარს ატარებდა – ბეგლარ ებრალიძე იყო. ებრალიძე პედოფილობისთვის იყო გასამართლებული, 15-წლიან სასჯელს ჯერ თბილისის ციხეში იხდიდა, შემდეგ კი სვერდლოვსკის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, მაგრამ, სანიმუშო საქციელისთვის ის სამი წლით ადრე, 1982 წელს გაათავისუფლეს, თუმცა თბილისში არ დაბრუნებულა. ის სოჭში დასახლდა, ვინაობა შეიცვალა და ღამის დარაჯად დაიწყო მუშაობა მაღაზია „ოკეანეში“.
როდესაც ანალიტიკური მასალები თევზაძეს გააცნეს, მან თქვა:
– მგონი, ჩვენს ხუთწლიან ტანჯვა-წამებას ბოლო მოეღო. „კისლოვოდსკელი მფატრავის“ ისტორია დასასრულს უახლოვდება. თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მკვლელის პიროვნება ვიცი და ახლა მხოლოდ მისი ამჟამინდელი ვინაობის დადგენაა საჭირო, რომ დავიჭიროთ.
თევზაძე არ შემცდარა. მან ზუსტად გამოიცნო, რომ „კისლოვოდსკელი მფატრავი“ სერგო კუტუბიძე იყო, რომელიც თავადვე იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ბეგლარ ებრალიძე ახორციელებდა მასზე ამ სისასტიკეს ხუთი წლის განმავლობაში.
მანიაკის მონათხრობი
პედოფილ ებრალიძის პიროვნების დადგენის შემდეგ, თევზაძის ბრძანებით, სერგო კუტუბიძის ძებნა საკავშირო მასშტაბით დაიწყეს. თუმცა მაიორი დარწმუნებული იყო, რომ ძალადობის ყოფილ მსხვერპლს გვარი შეცვლილი ექნებოდა. ის არ შემცდარა. მიუხედავად ამისა, 24 წლის სერგო კუტუბიძე ანტონ პეტრუშინის პასპორტით ყირიმში დააკავეს 1984 წლის 4 სექტემბერს. სასტიკი მანიაკის დაკავების ოპერაციაში საუკეთესო ძალები იყო ჩართული და ის უმსხვერპლოდ ჩატარდა. 30 ადამიანის მკვლელი იალტის საქალაქო პლაჟზე იმ დროს დააკავეს, როცა ის წყლიდან ამოვიდა. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ ფიზიკურად ძლიერი კუტუბიძე დაღლილი და შეუიარაღებელი ყოფილიყო. ის იმავე საღამოს მოსკოვში გადააფრინეს სპეცრეისით. მის დაკითხვას რომელსაც მერაბ თევზაძე ატარებდა, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი დაესწრო, სერგო კუტუბიძემ გამომძიებლის ყველა კითხვას უპასუხა და ასე დაასრულა თავისი თხრობა.
– ხუთწლიანი ტყვეობა ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. როცა ეს ყველაფერი დასრულდა და გამათავისუფლეს, თავის მოკვლა მინდოდა. თავის ჩამოხრჩობა ვცადე. ბოლო მომენტში მამაჩემმა ჩამომხსნა ყულფიდან. შემდეგ ჩვენი ოჯახი კისლოვოდსკში გადასახლდა იმის გამო, რომ წარსული დავიწყებას მისცემოდა და ახალი ცხოვრება დამეწყო, თუმცა ეს არ მოხერხდა. ექვსი წელი თითქმის ყოველღამე ხუჭუჭთმიანი მამაკაცები მესიზმრებოდნენ, რომლებიც რიგრიგობით მაუპატიურებდნენ საწოლზე მიბმულს. მე ეს კოშმარები სულს მხდიდა და ამ ხალხის თავიდან მოშორება გადავწყვიტე. მანამდე კი ჩემი დედ-მამა დავხოცე დანით. შემდეგ ისინი ნაჯახით დავანაწევრე და ტომრით კისლოვოდსკის ტყეში დავმარხე. მშობლების დაკარგვის ამბავი მილიციაში ორი კვირის შემდეგ განვაცხადე. შემდეგ სკოლა დავამთავრე, კულინარიულ ტექნიკუმში მოვეწყვე და ორი წელი მშვიდად ვიყავი. ხუჭუჭთმიანი კაცები აღარ მესიზმრებოდნენ. ერთ ღამეს კი კოშმარი კვლავ განმეორდა. იმ დღიდან მოყოლებული, ხუჭუჭთმიან, შავგვრემან კაცებს დავერიე. ისინი მე მოძალადე ებრალიძეს მაგონებდნენ. 1982 წელს კი, სრულიად შემთხვევით შევიტყვე ჩემი დამღუპველის დროზე ადრე გათავისუფლების ამბავი და იმ დღიდან მის ძებნას შევუდექი. წელს კი მას სოჭში მივაგენი და წესიც ავუგე.
სერგო კუტუბიძე საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა. მას სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილი მიუსაჯეს. მაგრამ მანიაკმა ბუტირკის ციხიდან გაქცევა სცადა, ბადრაგმა კი ის მავთულხლართებზე გადაძრომის მცდელობისას მოკლა.

скачать dle 11.3