კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოჰყვა ირაკლი კავსაძე ამერიკული მასმედიის ქარ-ცეცხლში და რის გამო არ ყიდულობს ის ვაშინგტონში სახლს


მსახიობი ირაკლი კავსაძე უკვე რვა წელია ამერიკაში განაგრძობს მოღვაწეობას და უცხო ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია. ამერიკაში პირველად 2000 წელს ჩავიდა, თუმცა სამუშაოდ 2001 წლის 26 აგვისტოდან გაემგზავრა და მას შემდეგ იქ არის. ცნობილი მსახიობების, კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ვაჟის ცხოვრებაში, საოცნებო თეთრი რაში გამოჩნდა და დიდი ხნის ოცნებაც აისრულა. ირაკლი ვაშინგტონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობის, მალხაზ გორგილაძის ქალიშვილი, ლიკა გორგილაძეა. ლიკა „ამერიკის ხმის“ ქართული განყოფილების წამყვანია. მათი უმცროსი ქალიშვილი, ნატალი-ბელა 7 წლის წინ ამერიკაში დაიბადა, ხოლო ირინკა საქართველოში, რომელიც უკვე 16 წლისაა და მამას პარტნიორობასაც უწევს სცენაზე.


– რატომ გადაწყვიტე საქართველოდან წასვლა? აქ შენ როგორც მსახიობს, ყველაფერი გქონდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი, დაკავებული იყავი მოქმედ რეპერტუარში. დამეთანხმები ალბათ, რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლში თამაშს ბევრი მსახიობი ოცნებობს. შენ კი, ეს ყველაფერი ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მოახერხე.

– პირველი არ ხარ, ვინც ამ კითხვას მისვამს, რადგან რუსთაველის თეატრი მართლაც ყველა მსახიობის საოცნებო თეატრია, მით უმეტეს, რობერტ სტურუასთან მუშაობა. რუსთაველის თეატრში დავიბადე. თვალი ჯერ კიდევ გახელილი არ მქონდა, თეატრში რომ მიმიყვანეს. რუსთაველის თეატრი ჩემთვის ძალიან მშობლიურია, ის ჩემი სახლია. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ კახის თაობის ყველა ბუმბერაზი მსახიობი ჩემ თვალწინ შევიდა ასაკში. მეც მათ თვალწინ გავიზარდე და დავკაცდი. რუსთაველის თეატრმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. მადლობა ღმერთს, რომ საშუალება მომეცა, ეს ყველაფერი უცხოელ მაყურებლამდე მიმეტანა. მან კი ეს ძალიან კარგად მიიღო. ამერიკაში წასვლას ძალიან დიდი ხანი, ჯერ კიდევ ინსტიტუტის პერიოდიდან ვფიქრობდი. მოკლედ, ფიქრთა ტყვეობაში ვიყავი.

– რატომ მაინცდამაინც ამერიკა?

– ამერიკას ერთი გენიალური თვისება აქვს, მისთვის უცხო არ არსებობს, ყველა ემიგრანტია. იქ მცხოვრებთა მეოცე თაობაც კი იმას ამბობს, რომ მისი წინაპრები შოტლანდიელები, ირლანდიელები, რუმინელები ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ამერიკა ყველასია...

– ჰოლივუდში მოხვედრის მცდელობა თუ გქონია?

– ჰოლივუდში შეღწევა ადვილი არ არის და არც ამის მცდელობა მქონია. ვფიქრობ, ჯერჯერობით ის მარაგი არ მაქვს დაგროვილი, რომელიც ჰოლივუდისთვის საკმარისი იქნება. ამიტომ უმჯობესია ჭკუით მოეკიდო საქმეს, ვიდრე ემოციით.

– ბატონმა კახიმ როგორ მიიღო შენი გადაწყვეტილება ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით?

– 2001 წელს ამერიკაში პაატა ციქურიშვილს რომ შევხვდი, ის მაშინ სტანისლავსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. შემომთავაზა დავფიქრებულიყავი და ამერიკაში გამეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. ვიფიქრებ-მეთქი ვუთხარი და თბილისში დავბრუნდი. თეთრი რაში, რომელზეც სტუდენტობის პერიოდიდან ვოცნებობდი, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. კახის რომ ყველაფერი ვუთხარი, სიმართლე გითხრა, არც შემეწინააღმდეგა და არც თანხმობა მომცა. ჩუმად იჯდა და მისმენდა. რამდენიმე დღის შემდეგ „ენტევეს“ არხმა, კულტურის ბლოკში გადმოსცა ინფორმაცია, რომ ამერიკაში სტანისლავსკის თეტრში „ფაუსტი“ დაიდგაო და უცებ პაატა ციქურიშვილთან ინტერვიუ აჩვენეს. შემთხვევით ცხოვრებაში არაფერი ხდება. ამ სიუჟეტამდე კახიმ კი იცოდა პაატას შესახებ, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ საკუთარი შვილის ბედი ენდო მისთვის. სიუჟეტი რომ ნახა, დარწმუნდა, ჩემი წასვლა გაამართლებდა და ეს უბრალო საქმე არ იყო. კარგი ბატონო, წადი, მაგრამ ოჯახის საქმე როგორ იქნებაო, მკითხა. ვუპასუხე, ოჯახსაც თან წავიყვან და იქაც ვიყოლიებ კიდევ ბავშვს-მეთქი. ასეც მოხდა, ჩემი უმცროსი ქალიშვილი ამერიკაში დაიბადა.

– როგორ მიგიღეს?

– ძალიან კარგად. ჩემი შემთხვევა მათთვის ექსტრაორდინარული იყო. მართალია, მათთან სხვა ეროვნების მსახიობებიც მუშაობდნენ, მაგრამ ამერიკაში მცხოვრებნი. სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მსახიობს რომ ეთამაშა მათ დასში, ასეთი შემთხვევა არ ჰქონიათ. ამერიკაში ჩემი პირველი სპექტაკლი „ჰამლეტი“ იყო, სადაც კლავდიუსი ვითამაშე. პრინციპში ეს ჩემი საჩვენებელი გამოსვლა იყო. სპექტაკლს დირექტორთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. პრესაშიც დაიწერა ამის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

– პრესამ როგორ შეგაფასა?

– გამოჩნდა ახალი სახე აქცენტით და ეს საინტერესოაო. ეს იყო მათი შეფასება. სპექტაკლის შემდეგ, უკვე ამ თეატრის მსახიობად გავფორმდი. მოგვიანებით, დავიშალეთ და მე და პაატამ ჩვენი თეატრი დავაარსეთ. ეს გახლავთ „სინეთიკის“ თეატრი, რომელიც ძალიან კარგად მიიღეს. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ამ თეატრის შესახებ დაწერეს „ნიუ-იორკ თაიმსში“ სტატია, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: „იმის იქით აღარაფერია.“ რაც უფრო გადის დრო, მით მეტი ინტერესი ჩნდება ჩვენდამი. „სინეთიკი“ ამერიკის მასშტაბით ძალიან ცნობილი გახდა და ჩვენი სპექტაკლების სანახავად სხვა შტატებიდანაც კი ჩამოდიან, ნიუ-იორკზე აღარ მაქვს ლაპარაკი.

– კრიტიკის ქარ-ცეცხლში არასდროს მოყოლილა „სინეთიკი?“

– როგორც წესი, ჩვენ შექსპირს ვდგამთ უსიტყვოდ. პირველი დადგმა „ჰამლეტი“ იყო. როგორც კი გაიგეს, შექსპირი უსიტყვოდ უნდა დაგვედგა, უნდა გენახა, რა ამბავი ატყდა. რა აღარ გვიწოდეს, ეს თავხედები, ლაწირაკები, რამდენს ბედავენ, მათ უნდათ, რომ ბიბლიას სიტყვები გამოაცალონო? ტელევიზიით გადაგვიარეს თავზე. ლონდონიდან „ბიბისიმ“ დარეკა, აბა, რას შვრებით, თქვენ მანდო. ავსტრალიიდანაც დარეკა ვიღაცამ, გადაირიეთ, რას შვრებითო. მიუხედავად ამისა, სპექტაკლი ძალიან კარგად მიიღო ყველამ და კრიტიკოსებმაც დადებითად შეაფასეს.

– მოკლედ, ძალიან წარმატებული ამერიკული კარიერა გაქვს.

– ამერიკული ქართული ხელწერით.

– მოდი, ახლა შენს ოჯახზე ვისაუბროთ. ამერიკაში მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობ. გვიამბე, მათ შესახებ.

– ირინკა 16 წლისაა და უკვე სცენაზე პარტნიორობასაც მიწევს. მამაშვილურის გარდა, ჩვენს შორის პარტნიორული ურთიერთობაც გახურდა. ამასთან ერთად, ძალიან კარგად სწავლობს. უმცროსი 7 წლის არის. პასპორტში ნატალი-ბელა უწერია, მაგრამ არც ერთს ვეძახით და არც მეორეს. ის ისეთი ტიპია, რომ სხვა სახელი აქვს – ტაშა. ძალიან სასაცილო ბავშვია. რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოდან, სადაც დედასთან ერთად იყო. მე და ირინკა ვერ დავხვდით, რადგან სპექტაკლი გვქონდა. თან ირინკა, მეორე სპექტაკლის ჩასატარებლად იმ დღესვე „თეთრ სახლში“ წავიდა და ობამასაც შეხვდა. პატარას საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ დრო არეული ჰქონდა და ადრე გაიღვიძა. მე ჯერ ნანახი არ მყავდა. თავზე პირველი ირინკას დაახტა. როგორც ჩანს, ირინკამ წინა დღის შთაბეჭდილებები გაუზიარა დას. „თეთრ სახლში“ რომ იყო და ობამა ნახა, ნახა ობამას ძაღლიც. მერე მე დამახტა თავზე, ობამასთან მინდა წასვლა და მისი ძაღლის ნახვა, რომ ვეთამაშოო. ჩემს შვილებს ჭკუა ეკეტებათ ძაღლებზე. სულ ამბობენ, სახლი რომ გვექნება ძაღლი უნდა ვიყიდოთო. ჰოდა, სახლსაც ამიტომ არ ვყიდულობ.

– გამოდის, რომ ძაღლის ბრალია, სახლი რომ არ გაქვს?

– ძაღლის ბრალია, თორემ სახლის ყიდვა უკვე 4 წელია მინდა. ძალიან ძნელია აქ ძაღლის მოვლა, მისთვის ცალკე ბიუჯეტი უნდა გქონდეს გამოყოფილი.

– მეუღლე რას საქმიანობს?

– ლიკა „ამერიკის ხმის“ ქართული განყოფილების წამყვანია. ამით არის დაკავებული და ძალიან დიდი ხალისით ეკიდება საქმეს.

– ირაკლი, ამერიკის მოქალაქე ხარ?

– პასპორტი ჯერ არა, მაგრამ „გრინ კარტა“ მაქვს. ამერიკაში არალეგალურად არასდროს ვყოფილვარ. სანამ „გრინ კარტა“ მექნებოდა, სპეციალური საბუთი მქონდა, რომლითაც თავისუფლად შემეძლო ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლა.

– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავ?

– შარშან ვიყავი ჩამოსული. ამჟამად კი, ჯერ-ჯერობით არ მაქვს ჩამოსვლის დრო. ძალიან მინდა, მარტო მე კი არა, თეატრიც ჩამოვიდეს და ქართველ მაყურებელს ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლები.


скачать dle 11.3