კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მუდმივად ვატარებ ეგრეთ წოდებულ „ჩოლკას“. მაინტერესებს, აუცილებელია თუ არა შუბლზეც გავიკეთო მაკიაჟი? შუბლი ხომ „ჩოლკით“ მაქვს დაფარული და რა საჭიროა ზედმეტად კანის დატვირთვა კრემებით?
პასუხი: როგორი ვარცხნილობაც არ უნდა გქონდეთ, თუ მაკიაჟს იკეთებთ, უნდა გაიკეთოთ მთელ სახეზე. თმა შუბლიდან რომც არ გადაგეწიოთ, მაინც შესამჩნევი გახდება განსხვავება (თუნდაც ფერში) შუბლსა და სახის დანარჩენ ნაწილს შორის, ანუ, არ იქნება ერთიანობის ეფექტი, რაც ვიზუალურადაც უსიამოვნოდ გამოჩნდება და თქვენც დისკომფორტს შეგიქმნით.
კითხვა: ყოველი დაბანის შემდეგ თმას ფენით ვიშრობ. აშკარად ვატყობ, რომ ცვენამ მიმატა და ბოლოჭამიები გამიჩნდა. არადა, ფენის გარეშე თუ გავიშრე, ჩემი თმა კატასტროფულ ფორმას იღებს. შეიძლება თუ არა ფენის მოხმარების პარალელურად თმის ძირების გასამაგრებელი საშუალებების გამოყენება?
პასუხი: ცნობილია, რომ თერმოხელსაწყოები თმას ძალიან აზიანებს. ამიტომ, გაშრობის ან დახვევის წინ თმის ძირებში შეიზილეთ სპეციალური თერმოდამცავი სპრეი, რომელიც დაიცავს თქვენს თმას ცვენისგანაც და ბოლოების გაყოფისგანაც.
კითხვა: ზაფხული ზღვაზე გავატარე და, შესაბამისად, ჩემმა თმამაც გარკვეული „სტრესები“ მიიღო მზისგანაც და ზღვის წყლისგანაც. როგორ მოვუარო თმას შემოდგომის პერიოდში?
პასუხი: იმისთვის, რომ თმამ აღიდგინოს ტენიანობა, სისტემატურად უნდა გამოიყენოთ სპეციალური შამპუნები და კონდიციონერები. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, შეაშველეთ ბუნებრივი დამატენიანებლები: ზღვის წყალმცენარეების ან ჰავაური კოჭას ფესვების ნახარში.
კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე პროფილაქტიკური დიეტა იმისთვის, რომ ცელულიტები არ გამიჩნდეს?
პასუხი: ასეთი დიეტა არსებობს და მისი მთავარი პრინციპია ცილების შემცველი, დაბალკალორიული კერძებისა და, შეძლებისდაგვარად, უმი ბოსტნეულის სალათების მონაცვლეობით მიღება. ცხადია, უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი კერძები, შემწვარ-მოხრაკული, ცხარე საჭმელები, ცომეული და ტკბილეული. და, რაც მთავარია, საღამოს 7 საათის შემდეგ არ იმსუნაგოთ.
რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს ასე ვერ შეიზღუდავთ, ამიტომ, ხანდახან (ვთქვათ, წვეულებაზე ყოფნის დროს) გამონაკლისის დაშვება შეიძლება, მაგრამ, ეს „გამონაკლისი“ არ უნდა მოხდეს ხშირად. თუ ამ ყველაფერს წყლის პროცედურებსა და მასაჟებსაც დაამატებთ, ცელულიტის პრობლემა არ შეგექმნებათ.