კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებს ინტელექტი სპერმის ხარისხზე და რა უნდა გაითვალისწინონ მამაკაცებმა საუნაში და აბაზანის მიღების დროს

უშვილობა თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. მიუხედავად უახლესი ტექნიკური თუ სამედიცინო მიღწევებისა, საქართველოში ეს პრობლემა უამრავ წყვილს აქვს. თუ რა ფაქტორები მოქმედებს სპერმის ხარისხზე და რატომაა საზიანო ტექნიკური პროგრესი ზოგ შემთხვევაში, ამის შესახებ ანდროლოგი შოთა ნიშნიანიძე გვესაუბრება.

– ბატონო შოთა, რომელი ფაქტორები განსაზღვრავს მამაკაცის სპერმის ხარისხს?
– მამაკაცის სპერმის ხარისხს განსაზღვრავს: 1) ნერვულ-ფსიქიკური ფაქტორი; 2) თანდაყოლილი და გენეტიკური მიზეზები; 3) ინფექციურ-ტოქსიკური ფაქტორი; 4) ეგზოგენური ინტოქსიკაციები; 5) ჩვეული ინტოქსიკაციები ალკოჰოლი, ნიკოტინი; 6) სამკურნალწამლო საშუალებების ჭარბი გამოყენება; 7) ალიმენტური ფაქტორი (კვება); 8) მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება; 9) ენდოკრინული და შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევა; 10) ტემპერატურის ზემოქმედება (სათესლეების ჩახურება, გამოწვეული ვიწრო საცვლებით, გაციებით, საუნაში სიარულით და სხვა); 11) სისხლის მიმოქცევის მოშლა; 12) ტრავმა; 13) მობილური ტელეფონი; 14) ინტელექტი და ასე შემდეგ.
– თუ შეიძლება, კონკრეტულად განმარტეთ, რატომ და როგორ მოქმედებს ეს მიზეზები სპერმის ხარისხზე?
– სათესლე ჯირკვლების ფუნქცია – ჰორმონოპოეზი, არ არის ავტონომიური პროცესი და დამოკიდებულია მრავალი სისტემის ნორმალურ მუშაობაზე. წამყვანი როლი ენიჭება სათესლეების ნეიროენდოკრინულ (თავის ტვინი – ჰიპოთალამუსი – ჰიპოფიზი – სათესლეები) რეგულაციას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეპროდუქციულ დარღვევათა გენეზში როგორც მოზარდებში, ისე მამაკაცებში. თუმცა, გასათვალისწინებელია ფარისებრი, თირკმელზედა და ასე შემდეგ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება და პათოლოგიის შემთხვევაში, უარყოფითი ზემოქმედება სათესლეების მუშაობაზე.
მამაკაცის სასქესო ჯირკვლის ძირითადი ფუნქციაა სპერმატოზოიდის წარმოქმნა (სპერმატოგენეზი).
სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და მიმდინარეობს ღრმა სიბერემდე. ერთი სპერმატოზოიდის მომწიფების პროცესი გრძელდება 74 დღეს. სპერმატოზოიდი მოძრაობის უნარს ინარჩუნებს 48 საათს.
– პროფესიული ნიშნით თუ შეიძლება რისკის ჯგუფის განსაზღვრა, ვთქვათ, იმ პროფესიებში, რომელიც მავნე გარემოსთან, უძრაობასთან ან დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული?
– ცივილიზაციამ ყველა სიკეთესთან ერთად ახალი თავსატეხი გაგვიჩინა. უკვე არსებული ორი მილიონი დასახელების ქიმიურ ნივთიერებას ყოველწლიურად 250 ათასი ახალი დასახელება ემატება და მათგან 500 მაინც პირდაპირ ჩვენზე გამოიცდება, ანუ პრაქტიკაში ინერგება წამლების, საკვების, პესტიციდების, საწარმოო შენაერთებისა და სხვათა სახით. ისინი კი, ვისაც პირდაპირი პროფესიული ურთიერთობა აქვს მთელ რიგ მავნე ქიმიურ ნივთიერებასთან, საერთოდ „რისკის ჯგუფს” წარმოადგენენ. აწეული რადიაციის ფონი, გარე სამყაროს მავნე, ფიზიკური თუ ქიმიური მუტაგენების ზემოქმედებით განპირობებულია განვითარების სხვადასხვა ანომალია, მათ შორის მრავალი გენეტიკური სინდრომი, რომელთა ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და თანამედროვე ეტაპზე მედიცინა უძლურია რამე შეცვალოს შვილიერების თვალსაზრისით.
ქრომოსომულმა დარღვევებმა (რაოდენობრივი, სტრუქტურული, გენური მუტაციები) შეიძლება შიდა და გარე სასქესო ორგანოების განვითარების რაოდენობრივი, სტრუქტურული, მდებარეობის ანომალიები გამოიწვიოს.
„რისკის ჯგუფს” მიეკუთვნება დიდი ქალაქის მკვიდრნიც. რადგანაც ათასგვარ ძრავათა გამონაბოლქვით მიმდინარეობს მასობრივი მოწამვლის უწყვეტი პროცესი, თანმხლები ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობით და თანაც, ყოველივე ეს ხდება ფსიქიკური დაძაბულობისა და გადაღლილობის ფონზე.
რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების უკანასკნელ ყოველწლიურ კონგრესზე ცნობილი გახდა 364 მამაკაცის გამოკვლევის შედეგები: მობილური ტელეფონის დღეში 4 საათზე მეტხანს გამოყენება აუარესებს სპერმის ხარისხს. ასეთი ნეგატიური ზემოქმედების მიზეზი შეიძლება იყოს ელექტრომაგნიტური რადიაცია ან აპარატის მიერ გამოყოფილი სითბო.
ამ მიმართულებით კიდევ მრავალი კვლევაა ჩასატარებელი. მამაკაცებს მაინც ურჩევენ, მობილური ტელეფონი შარვლის წინა ჯიბეში არ ჩაიდონ, არ ატარონ ქამარზე და უფრო ხშირად გამოიყენონ „ბენდს-ფრი“.
ამ ბოლო დროს სპერმის ხარისხზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების გრძელ სიას დაემატა კომპიუტერი. შავ სიაში მოხვდა ნოუთბუქი (ლეპტოპი), მისი უარყოფითი მოქმედება დაკავშირებულია არა ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან ან ფარულ რადიაციასთან, არამედ სითბოსთან. მუხლებზე დადებულ ნოუთბუქთან მუშაობა სამი გრადუსით წევს სათესლე პარკის ტემპერატურას, რაც შეიძლება, სპერმატოგენეზის მოშლის მიზეზი გახდეს.
მოერიდეთ მუხლებზე დადებულ ლეპტოპთან ხშირ და ხანგრძლივ მუშაობას.
არსებობს კიდევ ერთი არასასიამოვნო აზრი – რაც უფრო უზრუნველყოფილი და განათლებულია მამაკაცი, მით ნაკლები აქვს შანსი, დატოვოს შთამომავლობა. ეს ხომ არ არის მიზეზი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის შემცირებისა?! ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს.
– სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობა თუ განსაზღვრავს სპერმის ხარისხს?
– სპერმის ხარისხის განმსაზღვრელია მრავალი ფაქტორი: ხანგრძლივი თავშეკავება (იწვევს ანომალური სპერმატოზოიდების რაოდენობის მომატებას); იშვიათი სქესობრივი კავშირები (სქესობრივი კავშირის სიხშირე 1-3 ჯერ კვირაში, სხვადასხვა შეფასებით, ამ დროს ჩასახვის სიხშირე 32-84 პროცენტია).
ძალიან ხშირი ეაკულაცია (ფერტილობა ქვეითდება, როცა ინტერვალი სქესობრივ კავშირებს შორის ნაკლებია 12 საათზე და აღემატება 7 დღეს).
– რა შესაძლო გართულებებს იწვევს არანამკურნალები ინფექციები?
– მამაკაცის შარდის გამომტანი გზების ქვედა ნაწილის და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციები და ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, პროსტატიტი, ვეზიკულიტი, ეპიდიდიმიტი, ორქიტი) საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. მამაკაცის ნაყოფიერებაზე მათი ზემოქმედების მონაცემები წინააღმდეგობრივია. მიუხედავად ამისა, მიღებულია, რომ მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის ფიზიოლოგიაზე ეს დაავადებები მოქმედებს შემდეგი სახით: პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას ახდენენ სპერმატოზოიდებზე;
1) იწვევს სათესლე ჯირკვლების სეკრეციის დარღვევას, ირიბ ზემოქმედებას ახდენს სპერმატოზოიდების ფუნქციურ მდგომარეობაზე; 2) იწვევს ანთებას შემდგომი სკლეროზით ქსოვილებში, სადაც ფორმირდება ან გადაადგილდება სპერმატოზოიდი; 3) წარმოშობს ფერტილობის დამთრგუნველ იმუნოლოგიურ რეაქციებს.
დღეისათვის 25-მდე სახის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ) ცნობილი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა, კანდიდოზი, სიფილისი, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, მიკოპლაზმოზი, შიდსი და სხვა. სამწუხაროდ, სგგდ-ს პრობლემა კვლავ აქტუალურია, მისი სიხშირე მსოფლიოში სტაბილურად მაღალია და შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. ჩვეულებრივ სგგდ სქესობრივი გზით ვრცელდება. ზოგიერთი სგგდით დაავადებული ადამიანის სისხლი და საყოფაცხოვრებო ნივთები ახლო კონტაქტში მყოფ პირთა ინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თვითმკურნალობის ან არასპეციალისტთან მკურნალობის შედეგად, სგგდ გადადის ქრონიკულ ფორმაში და ხდება უნაყოფობის მიზეზი შემთხვევათა 60-70 პროცენტში, ასევე ზრდით ახალშობილთა პათოლოგიების განვითარების რისკ-ფაქტორს და ასე შემდეგ.
– კვების რაციონს რამდენად აქვს მნიშვნელობა?
– არასაკმარისი კვება, შიმშილი, სათესლე ჯირკვლებში ადრეულ ცვლილებებს იწვევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში, სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე და მოგვიანებითაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცილებს, შეუცვლელ ამინომჟავებს (არგინინი, ტრიპტოფანი, ლიზინი, მეტიონინი, ლეიცინი და სხვა) და ვიტამინებს (A, B, C, D, E, P, და სხვა). მათი შემცირება საკვებში იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას. ცვლილებები ვითარდება არა მარტო სათესლე ჯირკვლებში, არამედ ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ სისტემაში... ამრიგად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვებას სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ასევე მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც მომატებულ მოთხოვნებს უყენებს დასუსტებულ ორგანიზმს.
ჩვეული ინტოქსიკაციების დროს პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ალკოჰოლისა და ნიკოტინის ჭარბად გამოყენებას. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ახდენს არა მხოლოდ უშუალო, მავნე ზემოქმედებას სათესლეს პარენქიმაზე, არამედ ირიბ ზემოქმედებასაც – ღვიძლის და თირკმელების ანტიტოქსიკური ფუნქციის დაზიანების გამო, ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურაზე ტოქსიკური ზემოქმედების შედეგად.
– მნიშვნელოვანია თუ არა, რომ მამაკაცმა ჩაიტაროს რეგულარული გამოკვლევა, განსაკუთრებით ქორწინებამდე?
– ეს დღევანდელი რეალობაა და ჩვენი გაუთვითცნობიერების შედეგია. მამაკაცის უნაყოფობა მხოლოდ ტრაგიკული შედეგია, მისკენ მიმავალი გზები კი მრავალი დაავადებიდან მომდინარეობს. სწორედ ამ კერათა დროული განკურნებაა უპირატესად საჭირო, მით უმეტეს, მრავალი დაავადება სუსტად გამოხატული სიმპტომატიკით მიმდინარეობს, რასაც მამაკაცი ხშირად ყურადღებას არ აქცევს.

скачать dle 11.3