რატომ ვერ მოისყიდდა სალომე ქათამაძე „გოლდენ ტალანტის” ჟიურის და რის გამო თქვა მან უარი „ლა სკალაში“ სიმღერაზე
ბათუმის საერთაშორისო კონკურსის, „გოლდენ ტალანტის” მონაწილეები უკვე სტარტს იღებენ. საქართველოს სახე კი, ამ კონკურსში სალომე ქათამაძეა, რომელიც საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული ამბობს, რომ კონკურენტების ნამდვილად არ ეშინია. სალომეს, საოპერო კარიერაში წარმატებას თვით ხოსე კარერასი, ლუჩანო პავაროტი, მაყვალა ქასრაშვილი და ელენა ობრაზცოვა უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ, მან მაინც სხვა გზა აირჩია, თუმცა ისევ მუსიკალური განხრით. თუ როგორ ემზადებოდა ის ამ კონკურსისთვის, რატომ ვერ დაიკლო წონაში და რა მსხვერპლის გაღებას აპირებს მადონასთან დუეტის გამო, ამაზე თავად გვესაუბრება.
სალომე ქათამაძე: „გოლდენ ტალანტის” კონკურსისთვის, რომელიც ბათუმში 7-10 სექტემბერს ჩატარდება, საკმაოდ აქტიურად მოვემზადე. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი – რა მემღერა, როგორ დამეკლო, როგორ შემეცვალა იმიჯი და ასე შემდეგ. იმდენი ღამის გათენება მომიწია, რომ ვამბობ, ძილს გადავეჩვიე-მეთქი (იცინის).
– სალომე, რომელი სიმღერით აპირებ ამ კონკურსზე უცხოელი ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას?
– რეპერტუარი თავად შევარჩიე და კონკურსზე ვიმღერებ იგივე სიმღერას, რომლითაც შიდა შესარჩევ ტურზე გავიმარჯვე. ნაციონალურ ტურში კი ვიმღერებ გიგა კუხიანიძის სიმღერას, რომელიც მე მომიძღვნა და ისიც ინგლისურენოვანია.
– ამ კონკურსისთვის ერთგვარი მსხვერპლი უნდა გაგეღო და წონაში არც მეტი, არც ნაკლები, 25 კილოგრამი დაგეკლო. ამ მხრივ როგორ არის საქმე, შეძელი დაკლება?
– ამდენი ვერ მოვახერხე, სულ რაღაც, შვიდი კილოგრამი დავიკელი. ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა და იმდენს ვმუშაობდი, რომ არ მეჭამა, გავგიჟდებოდი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას აპროტესტებდა, ბებიაჩემი იყო. სულ მირეკავდა და მეკითხებოდა – ხომ არ ჭამე? რა ჭამე? ცხიმიანი ხომ არ იყოო (იცინის). მე კიდევ ვპასუხობდი, არა, არ მიჭამია-მეთქი. სინამდვილეში, კარგად დანაყრებული გახლდით. კი მიკრძალავდა ჭამას, მაგრამ ამ მსხვერპლზე ვერ წავედი და რა ვქნა? საერთაშორისო კონკურსების გამოცდილება მაქვს და იმედია ამ კონკურსზეც დიდ წარმატებას მივაღწევ. გრანპრის რომ ავიღებ, მაშინ სამყარო ნამდვილად ამოტრიალდება ჩემ თვალწინ და ბევრს დავუმტკიცებ ჩემს შესაძლებლობებს. წარუმატებლობისთვის მზად არ ვარ.
– კარგია, საკუთარ თავში დარწმუნებული რომ ხარ და გამარჯვების იმედი გაქვს.
– ნამდვილად მაქვს და ამას ხმამაღლა ვამბობ.
– როგორც ვიცი, თვით ხოსე კარერასი, ლუჩანო პავაროტი, მაყვალა ქასრაშვილი და ელენა ობრაზცოვა, თავის დროზე საოპერო სცენაზე დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ. რატომ თქვი ამაზე უარი?
– ბებიას ძალიან უნდოდა, საოპერო განხრით წავსულიყავი და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. მოსკოვში, მაყვალა ქასრაშვილთან ჩავიდა და სთხოვა, იქნებ ელენა ობრაზცოვას ვაჩვენოთ მისი მონაცემებიო. ის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა, მაგრამ უთხოვიათ, ფირი მაინც ნახეო. ამ ფირის ნახვის შემდეგ, მოისურვა ჩემი იქ ჩასვლა და ცხრა წლის ასაკში, სანკტ-პეტერბურგში ელენა ობრაზცოვას სახელობის კონცერტი მე, პატარა, პუტკუნა და „ჩოლკიანმა“ გოგონამ გავხსენი და დავხურე საოპერო სიმღერებით. აპლოდისმენტების ხმა რომ გავიგე, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. (იცინის). სხვათა შორის, სანკტ-პეტერბურგის ქუჩებში დიდი ბილბორდები იყო, სადაც მე და ელენა ობრაზცოვა ვიყავით ჩახუტებულები. ქუჩაში კი ყველა მცნობდა და ხან რას მაჩუქებდნენ ხოლმე და ხან – რას. ამის შემდეგ, ლუჩანო პავაროტისთან ერთად იტალიაში, „ლა სკალაში“ ვიმღერე, შემდეგ ხოსე კარერასისგან მქონდა მიწვევა, მაგრამ მე ოპერას მაინც სოული, როკი და პოპი მირჩევნია. რა ვქნა, ვერ დავდგები სცენაზე მკაცრი სახით და კორსეტში გამოწყობილი (იცინის). არაერთი მოწვევა მქონდა ხოსე კარერასისგან. მაყვალა ქასრაშვილმა მოასმენინა ჩემი ნამღერი. მან კი ჩემი კოორდინატები მოითხოვა. მისცეს, დარეკა ქუთაისის გამგეობაში და მიკითხა, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არ იცოდნენ ვინ იყო სალომე ქათამაძე. მაშინ ქუთაისში ბებიასთან ვცხოვრობდი.
– თუმცა, ბევრისთვის საქართველოში შენი სახელი მაინც არ იყო ცნობილი.
– გეთანხმებით, არ ვჩანდი, მაგრამ ახლა გამოვჩნდი და ვაპირებ, ყველა გავაოცო (იცინის).
– „გოლდენ ტალანტის” კონკურსანტები საკმაოდ ძლიერები არიან. არ მეთანხმები?
– მათ მონაცემებს გავეცანი და მინდა გითხრათ, არც ისე ძლიერი კონკურენტები არიან. თუმცა, მომეწონა და შედარებით ძლიერ კონკურენტად მივიჩნევ ესპანელ გოგონას და იტალიელ ბიჭს. მე ამ კონკურსიდან მხოლოდ გამარჯვებას ველი და აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. სხვა შანსი არ მაქვს. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბებოა და იმას რომ იმედი გავუცრუო, არ არსებობს. ამ კონკურსისთვის მზადებაში აღმოვაჩინე, რომ ხალხს ვჭირდები და მათი მხარდაჭერა ნამდვილი სტიმულია. 20 წლის ვარ და შემიძლია, ჩემი სიმღერით კიდევ ბევრს შევაყვარო თავი. მართალია, ჩემს მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც არიან და ამბობენ, ეს გოგო საიდანღა მოვიდაო, მაგრამ მათ ჯინაზე, ისეთებს ჩავიდენ კონკურსზე, სალაპარაკო რომ აღარ ჰქონდეთ. ბევრჯერ ყოფილა, სადღაც ვზივარ და ვიღაცისგან გამიგია, სალომე ქათამაძე რომ მონაწილეობს იმ კონკურსში, სხვები დაილიაო. მე ამას არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან არავის ადგილს არ ვიკავებ, მე მე ვარ და ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი.
– ისეთი ჭორი დადის, თითქოს სალომემ კონკურსის ჟიური მოისყიდა და საქმე ჩაწყობილი აქვსო.
– ეს ჭორი მეც გავიგე და ჩემმა ზოგმა ნაცნობმაც დაიჯერა. ბათუმში ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი მეგობრებთან ერთად, წინ თითო-თითო ჰოთ-დოგი გვედო და მივირთმევდით. ნაცნობი მომიახლოვდა და მითხრა: სალომე, გავიგე, საქმე ჩაგიწყვია „გოლდენ ტალანტში”, როგორ მოახერხეო. გავხედე და ვუთხარი: აბა, შემომხედე, როგორ ფიქრობ, ჩაწყობის ფული რომ მქონდეს, ეს ერთი ჰოთ-დოგი მედება წინ-მეთქი (იცინის). ჩაეცინა, ჰო, მართალი ხარო. ნუთუ ასეთი უნიჭო ვარ, ეს ჭორი რომ ააგორეს? გადავირიე. მართალია, ბევრჯერ დამწყვიტეს გული ასეთი ლაპარაკით, მაგრამ ამით კიდევ უფრო ვძლიერდები და ვხვდები, რომ სიმღერის გარეშე არ შემიძლია. „ჯეოსტარის” კონკურსიდან რომ გამოვვარდი, დეპრესიაში კი არ ჩავვარდი, არამედ ვთქვი, ვიმღერებ და, უფრო მაგარ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს დავხარჯავ-მეთქი. მსოფლიოს დაპყრობა დავგეგმე და დავიპყრობ კიდეც.
– ცნობილ მომღერალთან ხომ არ გეგმავ დუეტის ჩაწერას?
– დიდი სიამოვნებით ჩავწერ მადონასთან ერთად. მაგარი ქალია, ნამდვილი ისტორია.
– მის გამო გაიღებ მსხვერპლს და წონაშიც დაიკლებ?
– (იცინის). რასაკვირველია. ბევრი კილოგრამის დაკლება მომიწევს მადონასთან სიმღერისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს და ამ მსხვერპლზეც წავალ.