კოქტეილ-ფართიზე მოტოციკლეტით მისული ბაიკერი – ფილიპ ლიმის ახალი კოლექცია
ჩინური წარმოშობის კამბოჯელ-ამერიკელი დიზაინერი, რომელმაც პოპულარობა საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა, ახლა ანბანის მიხედვით დალაგებულ დიზაინერთა სიაში „ვოგის” ვებ-გვერდზე პირველ ადგილს იკავებს. სწორედ ფოტოთი მისი კოლექციიდან იხსნება გვერდი და 2011 წლისთვის, მისი ლეიბლის ბრუნვამ სამოც მილიონს მიაღწია. ტაილანდში დაბადებული ოცდაჩვიდმეტი წლის დიზაინერისთვის ეს მართლაც მასშტაბური მიღწევაა.
გოგონები მოტოციკლეტებზე – ფილიპ ლიმის ჩვენებაზე წარმოდგენილი უამრავი ბმულიდან ეს ყველაზე საინტერესო იყო. თუმცა, დამეთანხმებით, რომ „ბაიკერების” თემა, გასული სეზონიდან უკვე საკმაოდ მოძველდა და ინტერესს ნაკლებად იმსახურებს. მაგრამ, ამ მიმართულებაშიც კი, შეძლო შეექმნა ლიმს განსხვავებული და მიმზიდველი სტილი და რადგან ძვირადღირებულობაზე პრეტენზია არ ჰქონდა, მოდის კრიტიკოსებმაც დაინდეს ანუ „პედალს ფეხი ბოლომდე არ დააჭირეს“. ფილიპ ლიმმა ჩვენების დაწყებამდე, პოდიუმის კულისებში თვითონ განმარტა კოლექციის კონცეფცია: ეს არის ქალი, რომელიც სამსახურიდან სკუტერით, ველოსიპედით ან მოტოციკლით მიდის „კოქტეილ-ფართიზე”. როგორც ჩანს, მსოფლიო მეგაპოლისებში უზარმაზარი, დაუძლეველი საცობების გამო, მოტოციკლზე შემომჯდარი, მოდურად ჩაცმული ქალბატონების რიცხვმა იმატა, რამაც დიზაინერების დაინტერესება გამოიწვია ამ მოდურ-სპორტულ-ექსტრემალური თემით. მაგრამ, როგორ უნდა შექმნილიყო მსგავსი, ვიწროდ გამიჯნული ფუნქციონალური სტილი, ფორმის დაზიანების გარეშე?
ამ კითხვას მან პასუხი ულამაზესი, მოკლე, კოჭამდე შარვლებითა და „განიერი” პალტოებით გასცა, რომლებშიც გააერთიანა ფუნქციონალურად დატვირთული სპორტული ელემენტები და შიკი. ასე შექმნა იდეალური საშემოდგომო ურბანული გარდერობი. თეთრი აბრეშუმის ულამაზესი, საოცარი სილუეტის მქონე კაბა, კლასიკური ნეილონის ქურთუკები და აბრეშუმის ძალიან საინტერესო კონსტრუქციის კომბინეზონები, რომელთაც ყოველდღიურობისთვის ტყავის ან ნატის სახელოები ჰქონდა, ხოლო საღამოს წვეულებისთვის ბრონზეთი დაფერილი ულამაზესი კლასიკური ქსოვილით შექმნილი სახელოები.
ეს ყველაფერი კარგი იყო, თუმცა არც ძალიან დავშორებივართ იმ სეზონს, როცა მრავალი მსგავსი ტიპის ჰიბრიდის შექმნაზე გადავიდა ცნობილი დიზაინერი. მაგრამ, ფილიპ ლიმის შემთხვევაში იყო საკმაოდ საინტერესო მოდელები ძირითადად ზედატანებში. ორიგინალური იყო დიდი ნაქსოვი პალტო, ზემოდან დაკერებული სხვა ქსოვილის ჯიბეებით, გვერდით ჩაჭრილი კარდიგანები და სხვა. აბრეშუმის თეთრი კაბა, ბეისბოლისტის ტრიკოტაჟის ტანსაცმლის სტილში და ბისერებიანი სახელოებით უბრალო და ძალიან ლამაზი იყო.
ასეა იყო თუ ისე, შოუს უხერხული მომენტების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. როგორც ერთ-ერთი ცნობილი მოდის კრიტიკოსი ყვება, უხერხულობა განსაკუთრებით მაშინ გამძაფრდა, როდესაც პოდიუმზე შარვალი-სტაფილო და კვადრატული ფორმის შარვალი-ქვედაბოლო გამოჩნდა. ეს ის ფორმებია, რომელიც ყიდვისუნარიან მოდის მიმდევრებს არასდროს მოეწონებათ. მაგრამ, იაპონური მებრძოლი სულით ინსპირირებული ლიმი, რომელმაც ერთ-ერთ პალტოს იაკუძასთვის დამახასიათებელი სვირინგის ელემენტები დაახატა, ჯიუტად იმეორებდა, მოდა მხოლოდ კომერცია არ არისო.