კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შერჩა ხელში ჟორა შავგულიძეს საყვარელი ქალის ნაცვლად კოტე მარჯანიშვილის ცოლი და რატომ ჩაიცვა მან ცოლის ტანსაცმელი

კოტე მარჯანიშვილი მასზე, თურმე, დიდ იმედებს ამყარებდა. მაღალი, კარგი გარეგნობის, მორიდებული ახალგაზრდა – ეს გიორგი (ჟორა) შავგულიძე იყო, ადამიანი, რომელმაც თავიდანვე შეაყვარა მაყურებელს თავი. მასზე ბევრს არაფერს ვიტყვი. ამ არაჩვეულებრივ ადამიანზე ყველაფერს მისი დღიურის ფურცლებიდან გაიგებთ, რომელიც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლიზიკო ვაჩნაძემ დაწერა.
სხვისი ცოლი
1933 წელს კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში გაემგზავრა და ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. მის წასვლამდე აღადგინეს პიესა „ხატიჯე“. განახლებულ სპექტაკლში ხატიჯეს მე ვთამაშობდი, ხატიჯეს დედას – ელენა დონაური-ვაჩნაძე (მარჯანიშვილის მეუღლე), ხოლო ჩამოსულ ახალგაზრდა ინჟინერს – გიორგი შავგულიძე. ერთ დღესაც ხატიჯესა და ინჟინრის შეხვედრის სცენა უნდა გაგვევლო. მე უკვე ჩემს ადგილას ვიჯექი და ველოდი ჟორას. ჩვეულებრივ, დაგვიანებით შემოვიდა სცენაზე. რეჟისორმა გაბრაზებით გამოსძახა, – რა ამბავია, ბატონო, ახლა მაინც მოდი დროულად, ამისთანა შეყვარებული გელოდებაო. ეს ფრაზა ორივეს გულში მოგვხვდა. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ სცენიურ რომანზე არ იყო ნათქვამი. საღამოს უკვე კოსტიუმებში გვქონდა რეპეტიცია. მე და ელენეს ერთნაირი, გრძელი, შავი კაბები გვეცვა და სახეზე შავი ჩადრები გვქონდა ჩამოფარებული. ელენე მორჩა გრიმს და კულისებში ჩავიდა, მაგრამ მალევე ამოტრიალდა და სიცილით მითხრა, – ჩადი კულისებში, შავგულიძე გელოდებაო. გამიკვირდა, რადგან მალე ჩვენი სცენა იწყებოდა – ნეტავ, რა უნდა-მეთქი. ჩავედი. საშინელი აღელვებული დამხვდა. თურმე, ელენე ზურგით მდგარა კულისებში, ჟორას სიბნელეში ვერ გაურკვევია, ვინ იყო. როცა ელენე შემობრუნებულა, ჟორა მოხვევია. ელენეს მისთვის მაგარი სილა გაუწნავს სახეში, მაგრამ მალევე მიმხვდარა თავის შეცდომას, გაუცინია და უთქვამს, – არა უშავს, ხდება ხოლმეო. ჟორამ კი ჩემთან ასე გაიმართლა თავი – მინდოდა, დილის რეპეტიციაზე დაგვიანებისთვის ბოდიში მომეხადა შენთვისო. განა ბოდიშის მოსახდელად მოხვევა იყო საჭირო-მეთქი. შემდეგ შემეხვეწა, ელენე დაარიგე, ეს ამბავი კოტეს არ უთხრასო. ელენეც შემპირდა, არაფერს ვეტყვიო, მაგრამ მეორე დღეს კოტემ ორივე კაბინეტში გამოგვიძახა. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა. კარის წინ ერთმანეთს ჩურჩულით ვეუბნებოდით – არა შენ წადი წინ, არა შენო. გაიღო კარი და თვითონ კოტემ შეგვიყვანა თავის კაბინეტში. მოუბრუნდა ჟორას და ვითომ გაბრაზებით უთხრა: „შენ რა გგონია, ყველა ვაჩნაძეს შეიძლება მოეხვიო?“ – მერე მოფერებით გვითხრა. მაცადეთ, ჩამოვალ მოსკოვიდან და თეატრში მოგიწყობთ დიდ ქორწილსო. როგორ ველოდით იმ დღეს, მაგრამ... მალე ამ დიდებული ადამიანის ცხედარს მთელი საქართველო დასტიროდა.
განრისხებული ქმარი
მინდა, ერთი პატარა ამბავი გავიხსენო, რომელიც ახლა სიამოვნებას მგვრის, ხოლო მაშინ სირცხვილით ვეღარ ვუყურებდი თვალებში უშანგი ჩხეიძეს. „ყვარყვარე თუთაბერში“ ჟორა თამაშობდა ერასტის, მე – გულთამზეს. ერთ-ერთ სცენაში გულთამზე და ერასტი შერბიან წისქვილში. ერასტის მოსდევენ ჟანდარმები, გულთამზე ერასტის წისქვილის უკან მალავს, თვითონ კი გამომწვევად ეძახის ახალშემოსულ ყვარყვარე თუთაბერს და შორიდან ეალერსება, რადგან უნდა, ერასტის ააცილოს მისი ყურადღება. ყვარყვარე გულთამზეს მუხლზე დაისვამს და დაუწყებს ხვევნა-კოცნას. ერასტი ვერ მოითმენს, გადმოხტება საფარიდან და ყვარყვარეს გვერდით ისვრის. რამდენიმე სპექტაკლის შემდეგ შევამჩნიე, რომ როდესაც უშანგი თამაშობდა ამ სცენას, ჟორა ბოლომდე არ გვაცლიდა, ალერსის დაწყებისთანავე გადმოხტებოდა ხოლმე სცენაზე. ერთხელაც ვუსაყვედურე – კი მაგრამ, რატომ არ უცდი რეპლიკას, სცენას მიფუჭებ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაილაპარაკა, „კარგი ბატონო, დაგაცდითო“. იმ საღამოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეპლიკაც ითქვა, მაგრამ ჟორა აღარ გამოვიდა, ჩამოვარდა უხერხული პაუზა. ატყდა კულისებიდან კარნახი – „ჟორა, გადი, გადი“! მაშინ კი გადმოხტა სცენაზე. მეც და უშანგიც აქეთ-იქით გვისროლა. უშანგიმ ჰკითხა: რა მოხდა, ჟორა, რეპლიკა რატომ ვერ გაიგეო. ჟორამ ნიშნისმოგებით გადმომხედა და უპასუხა: „ამან მთხოვა, გვაცალე ალერსიო და...“ უშანგი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ სცენური რომანი ჩვენს პირად ცხოვრებაში იყო შემოჭრილი. გავიდა რამდენიმე დღე. მე და ჟორა მსახიობთა ფოიეში ვსხედვართ. ხელში პორტსიგარი ეკავა, რომლის კოლოფზეც ჩემი სურათი ჰქონდა მიკრული. ამ დროს გამოიარა უშანგიმ, ჩვენ წინ შეჩერდა, ჟორას პორტსიგარი გამოართვა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, გახსნა და ჩემი სურათი რომ დაინახა, ღიმილით უთხრა, – საღამოს რეპლიკას ადრე ვიტყვიო.
ბნელ ოთახში
1934 წელს დავქორწინდით. შეგვეძინა ორი ვაჟი – ტყუპები. ბავშვები მოგვინათლა მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მხატვარმა პეტრე ოცხელმა. საღამოს სპექტაკლის შემდეგ ჟორა თავის მეგობრებთან ერთად მოვიდა სამშობიაროში. ამ დროს ბავშვებს ეძინათ, მაგრამ აღარ მოეშვა ექთანს, ბავშვები მაჩვენეთო, – სთხოვდა. ექთანმაც გამოუყვანა ორივე ბავშვი. ჟორას იქამდე არ ენახა ახალდაბადებულები და საშინლად არ მოეწონა. მე კი ძალიან მეწყინა, შვილებს ასე ცუდად რომ შეხვდა. ამის შემდეგ კიდევ აღარ მოუსურვებია ბავშვების ნახვა. მერე კი, სიამოვნებით და სიამაყით ყვებოდა მეგობრებში ბავშვების ამბებს. სახლში რომ მოვიდოდა, ეზოდან დაიძახებდა „ძმები შავგულიძეები აქ ცხოვრობენ?!“ მაშინ, წულუკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, უსარკმელო, ბნელ, თერთმეტ კვადრატულ ოთახში. ძალიან ძნელი იყო ბავშვების იმ პირობებში გაზრდა. საწოლებს ვერ ვშლიდით. დავიწყე განცხადებების წერა, ვისთვისაც კი შეიძლებოდა რომ მიმეწერა, მაგრამ აღმოჩნდა, ადგილამდე არ აღწევდა. ამ გაჭირვებას ერთი ბავშვი შეეწირა. ასე ვცხოვრობდით 1935 წლიდან 1949 წლამდე.
ბებოს ზღაპრები
ჟორას ძალიან უყვარდა ზღაპრები, რომლებსაც ბებიაჩემი ნუკრის ძილის წინ უყვებოდა. ჟორა ჩააცივდებოდა – ბებო, მოგვიყევი ზღაპრებიო. საწყალი ბებიაჩემი კახურად შეუტევდა – ქა, შენ რაღა დაგემართა, დღისით ვის გაუგია ზღაპრები, საცვალი დამეკარგებაო... მაგრამ ვინ ეშვებოდა? აი, ასეთი ბავშვური ხასიათი ჰქონდა. თუ რამეზე გაბრაზდებოდა, ადვილად ეცვლებოდა გუნება. ერთი ძალიან განიერი, ძველებური ხის საწოლი გვქონდა. მეტი არც არაფერი ეტეოდა ჩვენს ოთახში. ხშირად მამა-შვილი მთხოვდნენ, რამე წაგვიკითხეო. ოღონდ ორივე სახლში ყოფილიყვნენ და მეც დიდი სიამოვნებით ვთანხმდებოდი. ჩავეწყობოდით საწოლში და დავიწყებდით ხმამაღლა კითხვას. ისე ვერთობოდი ამ კითხვით, სანამ ხმა არ ჩამეხრინწებოდა, არ ვჩუმდებოდი. ვერ ვიგებდი, როდის ამოუშვებდნენ ფშვინვას. მერე გაიღვიძებდნენ, მაგრამ ნახევრად მძინარეები მეტყოდნენ – განაგრძეო. სულ უნდა ყოფილიყო ცხოვრებით კმაყოფილი. არ უყვარდა, თუ ბავშვს რამისთვის დავსჯიდი. ერთხელ ნუკრი სკოლის ნაცვლად სუხიშვილების რეპეტიციაზე წასულა. მეორე დღეს მასწავლებელმა შემომითვალა, ნუკრი ხშირად აცდენს გაკვეთილებს და, თუ კლასშია, მაშინაც სულ ხატავსო. შინ რომ მოვიდა, დავსაჯე. მამამისმა ვერ აიტანა მისი ტირილი და გაბრაზებულმა ჰკითხა, – ახლა ვინ უფრო გიყვარსო. ბავშვი მიუხვდა ეშმაკობას და ტირილითვე უპასუხა – დედაო. იმ დღეს ჟორა გვიან მოვიდა შინ და კიდევ არ იყო დამშვიდებული, იმდენად ეწყინა ბავშვის ეს გულუბრყვილო პასუხი.
გასაღები
ომის დამთავრების შემდეგ თითქმის ყველას გამოუსწორდა მდგომარეობა და უბინაოდ არც ერთი მსახიობი აღარ იყო, ჩვენ გარდა. წინ გვქონდა აივანი, რომლის საშუალებითაც მეზობლები საერთო სამზარეულოში გადიოდნენ. მეზობლების თანხმობით, ჩვენს კართან პატარა ადგილი შემოვიღობეთ მინით, მაგრამ თავზე მეხანძრეები დაგვადგნენ და გვითხრეს, საღამომდე დაგვეშალა ტიხარი. აკაკი ხორავას მივმართეთ (იმ დროს აკაკი ხორავა დეპუტატი იყო – ავტორი). ჯერ იფიქრა, იფიქრა, მერე განცხადება დამაწერინა, რის შემდეგაც ეს ორი კვადრატული დერეფანი დაგვიტოვეს. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ცეკას პირველი მდივნისთვის, კანდიდ ჩარკვიანისთვის მიმეწერა წერილი. მისი შვილი ჩვენი შვილის კლასელი იყო. ერთ დღესაც ნუკრი დავარიგე, ჩარკვიანს წიგნი სთხოვე, ვითომ გაკვეთილი უნდა მოინიშნო, კონვერტი წიგნში ჩაუდე და უკან დაუბრუნე. რომ დაინახავს მამამისის სახელზეა, უთუოდ გადასცემს-მეთქი. ასეც მოხდა. გავიდა ერთი კვირა და აღმასკომიდან ჟორას სახელზე გამოძახება მივიღე. შევედი თუ არა კაბინეტში, მაგიდასთან მჯდომმა კაცმა გასაღები დამიდო და რაღაც ქაღალდზე ხელი მომაწერინა. მერე ქაღალდი გამომიწოდა. ვერ გავიგე, რაში იყო საქმე. აიღეთ გასაღები, მართალია, ორი ოთახია, მაგრამ ჯერჯერობით ეს იყოსო, – მითხრა. ვერ აგიწერთ იმ წუთას რა დამემართა. უცებ გამოვვარდი სახლში. ჟორა აივანზე იდგა და მელოდა. შემომხედა, გაეცინა „რას ჰგავხარ, ქალო“?! ორდერი გავუწოდე, ბინა მივიღეთ-მეთქი. სანამ გასაღები არ ვაჩვენე, არ დამიჯერა.
ძვირად ღირებული ვახშამი
მითხრა, მოდი, მე და შენ ეს ამბავი აღვნიშნოთ. პლეხანოვის ბაღში წავიდეთ და სურათის ნახვის შემდეგ, იქვე, რესტორანში სავახშმოდ შევიდეთ, ბევრი არ დაგვიჯდება, დიდი-დიდი ასი მანეთიო. წავედით. ყველაფერი მოატანინა. კარგა ხანს ვისხედით. ბოლოს ჟორამ ანგარიში მოითხოვა, ქვითარი ჩემკენ გადმოაგდო, დავხედე შემეშინდა. ყველაფერი ჩამშხამდა – ჩვენზე 230 მანეთი იყო. თავი არ მომჭრა ახლა, ხომ წამოიღე, ქალო, ფულიო, – მითხრა. რაღას ვიზამდი, გადავიხადე და წამოვედით. მოდი, ფეხით წავიდეთო. გადამხვია ხელი და სიმღერა წამოიწყო, ვითომ მთვრალები ვართო. თან, ვიცინოდით, – ხვალ, ალბათ, გეტყვიან, ჟორა ვიღაც ქალთან ხელგადახვეული მიდიოდაო. პლეხანოვზე ცხოვრობდა კაკო კვანტალიანი – ჟორას უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანი. თურმე, კაკოს მართლა უთქვამს თეატრში, წუხელ ჟორა დავინახე, ერთი გოგო ჰყავდა ჩაბღუჯულიო. აი, ამისთანა ჭორებს გაიგებს კაცი, მოდი და დაიჯერეო, – მითხრა.
ქმარი კაბაში
1958 წელს მარჯანიშვილის თეატრი საგასტროლოდ ქუთაისში წავიდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ წვეულებები იმართებოდა. სასტუმროში ვცხოვრობდით. ყოველ დილას, ავდგებოდით თუ არა, კარზე კაკუნი ისმოდა, ვიღაც მოპატიჟე იყო მოსული ჟორას წასაყვანად. ჟორაც მიდიოდა. მე და ნუკრის მარტო გვიხდებოდა სადილად წასვლა. ჟორამ გაიგო ჩვენი გასაჭირი, შეწუხდა და გაგვაფრთხილა, – თუ ვინმე მოვიდეს ჩემს წასაყვანად, უთხარით, არ არისო. როგორც კი კარზე კაკუნი იქნება, კარადის უკან შევძვრები, რომ შემოვლენ, ვერ დამინახავენო. ჟორა მართლა იმალებოდა კარადის უკან. ბევრჯერ ჩვენივე მსახიობები შეგვრჩენია ხელში. ერთ ორშაბათს ძალიან ვიჩხუბეთ მე და ჟორამ. სასწრაფოდ ჩავიცვი და გავედი სახლიდან. ისე ვიყავი გაბრაზებული, საღამომდე არ მივედი შინ. საღამოს შევდივარ და ვხედავ, ტახტზე ზის ვიღაც უშნო, უცნაურად გამოწყობილი ქალი შლაპით. რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, მომეხვია და საოცარი ნაზი ხმით მითხრა: „ოოო, დოროგაია, ნაკანეც!..“ ეს ჟორა იყო ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილი, მაგრამ ფეხზე თავისი ფეხსაცმელები ეცვა, რაც კიდევ უფრო აუშნოვებდა. ტუჩებზე წითელი პომადა წაესვა, ამდენ ხანს გამოწყობილი იჯდა და მელოდა, მით უმეტეს, არ იცოდა, როდის მოვიდოდი. ისეთი მასკარადების მოწყობა უყვარდა.
რას უგრძნობდა გული
ჟორას უყვარდა ეკლესიაში შესვლა. ხშირად შედიოდა დიდუბის პანთეონში და ათვალიერებდა საფლავებს. ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. ნუკრი ჯერ კიდევ სამხატვრო ტექნიკუმის მოწაფე იყო, პლასტელინისგან ძერწავდა. ერთხელაც მამამისმა შეაჩერა მუშაობის დროს. მისი ნახელავი ხელისგულზე დაიდო და აღტაცებით წამოიძახა: „ამას ხელი აღარ ახლო! შესანიშნავია ძეგლად, ჩემი ძეგლი სწორედ ეს უნდა იყოსო“. ნუკრის გაეცინა და შეხუმრებით უთხრა: მოიცა, მამა, სანამ ტექნიკუმს და აკადემიას დავამთავრებ, რამდენი რამე მოგეწონება, მერე აირჩიეო. ჟორა არ მოეშვა – რა მასალა მოუხდება ამას, რაში უნდა გამიკეთოო. ასე მოესიყვარულა ესკიზს, შეახვია და შეინახა კარადის თავზე. ხანგამოშვებით მოიკითხავდა ხოლმე. სულ მოუსვენრად იყო, შიშით ვერ დამიძინია, ისეთი სიზმრები მესიზმრებაო. 1959 წელი იყო. უცებ მოიკითხა, სად არის ჩემი ძეგლიო, ჩამომაღებინა და დიდხანს ატრიალა. საბოლოოდ, შვილმა მალე შეუსრულა სურვილი და ნაადრევად დაადგა ძეგლი მის საფლავს. იმ საშინელ დღეს, 13 აპრილს გადაღება ჰქონდა ფილმში „განაჩენი“. კინოსტუდიაში წასასვლელად ემზადებოდა. რაღაც ჩაფიქრებული იდგა. ცოტა ჩქარა, მეც სპექტაკლზე ვაგვიანებ-მეთქი. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ მკითხა: რამდენი ხანი გავიდა, რაც ავად ვიყავიო (ორი თვე ფუძის ძვლის მოტეხილობით იწვა საავადმყოფოში). ოჰ, შვიდი წელია, ახლა გამოტირებული გვეყოლებოდი-მეთქი. ის წავიდა კინოსტუდიაში, მე – სპექტაკლზე. პირველ მოქმედებაში მე გამოვდიოდი, მეორეში – მედეა ჯაფარიძე. მოვრჩი, გრიმი მოვიცილე და ველოდები მედეას, რადგან ბილეთები გვქონდა და კინოში მივდიოდით. უცებ შემოვარდა მედეა, უკან ქალები მოჰყვებოდნენ. ჟორაო, – რომ თქვა, მეტი აღარაფერი მახსოვს. თურმე ჩემი სცენაზე ყოფნისას მომხდარა ეს ამბავი. ტრამვაიმ გაიტანა.
P.S. 1974 წლის 2 აპრილს დაიბადა პატარა გიორგი შავგულიძე. იგი სახლში შემოვიდა იმ დღეს, როცა წლების წინ მისი პაპა სამუდამოდ გავიდა სახლიდან. ათი წლის წინ უმცროსი გიორგი შავგულიძე მოკლეს.

скачать dle 11.3