რატომ არ დაუშვებს რუსეთი, რომ აფხაზეთი აღიარონ ევროპისა და ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა
საქმე ისე გაგვიხდა, რომ ენგურს გადაღმა მიმდინარე პროცესების შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით და გადმოცემით თუ გავიგებთ. ხოლო, რაკი, სულ რაღაც, ერთ თვეში სოხუმში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან (მართალია, არც ერთი კანდიდატი არ გამოირჩევა, მაინცდამაინც, საქართველოსადმი ლტოლვითა თუ ქართველების სიყვარულით), პაატა ზაქარეიშვილს მაინც ვთხოვეთ აფხაზი საზოგადოების საარჩევნო ვნებათაღელვის შესახებ აზრის გაზიარება.
– ვინ არის აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე რეალური კანდიდატი და რა დოზით ერევა ამ პროცესში კრემლი?
– კრემლი არ ერევა, იმიტომ რომ ის მართავს სიტუაციას და ყველაფერი კრემლის სცენარით მიდის. ამდენად, მოსკოვს არ ჰყავს თავისი გამოკვეთილი კანდიდატი. უფრო ზუსტად, ჩემი აზრით, მათი გამოკვეთილი კანდიდატია ბაღაფში: მან მოახერხა და დაარწმუნა კრემლი, რომ ჯობია, მასზე ჩამოვიდნენ ფსონს. ამიტომ მე მგონია, რომ კრემლი მშვიდადაა, რადგან დარწმუნებულია, რომ ბაღაფში გაიმარჯვებს.
– ჩვენ გვახსოვს, როგორი ვითარება იყო ბაღაფშის პირველი არჩევნების წინ, მაშინ მოსკოვის გამოკვეთილი კანდიდატი ხაჯიმბა იყო. როგორ მოახერხა ბაღაფშმა ხაჯიმბას დაჩრდილვა და კრემლის უპირობო ფავორიტად ქცევა?
– ყველა საკითხი, რომლებიც აინტერესებდა კრემლს, ბაღაფშმა დიდი რუდუნებითა და მოთმინებით შეასრულა. აფხაზეთის აღიარება, რუსეთის მიერ აფხაზეთში ჯარების შეყვანა, საქართველოს ჩათრევა საომარ მოქმედებებში, ამ ყველაფერში ბაღაფშმა ჰარმონიულად აუბა მათ მხარი. ბაღაფშს ხომ შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია?
– როგორ? რა უნდა ეთქვა თუ ექნა?
– არ გვინდა ასეთი მასშტაბის ოკუპაცია, გვინდა დამოუკიდებლობა და არა რუსული ჯარებიო. მოგეხსენებათ, საომარი მოქმედებების დაწყებამდე შეიყვანა რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები. ანუ ბაღაფშმა მაქსიმალურად გაუგო რუსეთს და ყველაფერს აკეთებდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. რუსეთს, მართალია, შეუძლია, იპოვოს უკეთესი კანდიდატიც, მაგრამ ბაღაფშიც არ არის ცუდი და ამასთან რუსეთი იძულებულია, აღიაროს ის პოპულარობა, რაც ბაღაფშს აქვს აფხაზეთში. ფაქტია, რომ ბაღაფშის დროს აღდგა აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობა, ანუ კოდორი დაუბრუნდა აფხაზეთს.
– სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ყველამ აღიდგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა, ვინც ჩვენ გვედავებოდა.
– ეს მათი დამსახურება არ არის, ეს ჩვენი ბრალია და ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ბაღაფშის დროს არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, არადა ვერავინ იოცნებებდა კოდორის დაბრუნებაზე, არამედ დაიწყო საერთაშორისო აღიარება. აფხაზეთი აღიარა გაეროს უშიშროების საბჭოს წამყვანმა წევრმა სახელმწიფომ. მას მხარი დაუჭირეს ნიკარაგუამ და ვენესუელამ. ჩვენ შეიძლება, დავცინოთ ბოღმანარევი სიცილით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ აღიარეს აფხაზეთი. კვიპროსი, რომელსაც აღიარების ათასჯერ უფრო მეტი საფუძველი ჰქონდა, 1974 წლიდან მოყოლებული არავინ აღიარა, თურქეთის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ, თუნდაც, ისლამურ სამყაროში თურქეთს არაერთი მოკავშირე ჰყავს. ამ შემთხვევაში კი უცბად აღიარა სამმა სახელმწიფომ და არის ლაპარაკი, რომ ვიღაც-ვიღაცეებიც ამზადებენ აღიარებას. ეს ყველაფერი კი ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს მოხდა. ბუნებრივია, ასეთ დროს, ვინც უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, ის აუცილებლად იქნებოდა რეალური კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ამიტომაც აქვს ბაღაფშს რეალური შანსი, რომ კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ უკმაყოფილებაა, რადგან კორუფციას არათუ ვერ მოერია, პირიქით, მეტად გააღრმავა, საზოგადოებისთვის აღიარება და ტერიტორიული მთლიანობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ამიტომაც ის უალტერნატივო კანდიდატია.
– სულ ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს პრეზიდენტობისთვის, თუ უალტერნატივო ბაღაფშია, სხვები რატომღა წუხდებიან? აფხაზეთისთვის დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელად?
– ჯერჯერობით დასრულებულია მხოლოდ კანდიდატების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერების წარდგენა. სულ ხუთი კანდიდატია: ბაღაფში, ხაჯიმბა, ბუთბა, გამბა და არძინბა. გახსოვთ, სააკაშვილის პირველი არჩევნების დროს პრეზიდენტობის რამდენი კანდიდატი იყრიდა კენჭს?! თუ არ ვცდები, რვა. იმიტომ იყრიდნენ კენჭს, რომ თავი გამოეჩინათ. გამბა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კატეგორიის ადამიანია: უნდა, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თვითონაც რაღაცას წარმოადგენს. ხაჯიმბამ, რატომღაც, უარი თქვა, რომ მისი კანდიდატურა ოპოზიციურ პარტიას, „ფორუმ ნაროდნოგო ედინსტვას“, წარედგინა, ამიტომ ის წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ თამაშია, რათა შემდეგ ხაჯიმბამ ქულები მოიმატოს: ის წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა, შემდეგ კი „ფორუმ ნაროდნოგო ედინსტვა“ მას მხარს დაუჭერს. გამბაც და არძინბაც საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს, ანუ მათ სჭირდებოდათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება. რაც შეეხება ბუთბასა და ბაღაფშს: მათ წარადგენენ პარტიები. ბაღაფშის პარტიაა „ედინაია აფხაზია“, ბუთბას – „პარტია ეკონომიჩესკოგო რაზვიტია“.
– პროგრამები თუ აქვთ, თუ ჩვენებივით „ოქროს სარაიებს“ გვპირდებიან, თავისას რომ აიშენებენ მერე?
– პროგრამები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. 12 ნოემბრამდე უნდა გაიარონ კანდიდატებმა რეგისტრაცია. პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს – ბაღაფშსა და გამბას, შეეძლოთ რეგისტრაციის გავლა, მაგრამ შეყოვნდნენ. როგორც ჩანს, ელოდებოდნენ, ვის წარადგენდნენ საინიციატივო ჯგუფები. ახლა უკვე ცხადია, რომ ამ ხუთი კანდიდატის გარდა, არავინ იქნება. ამათგან რომელიმე შეიძლება, გაიცხრილოს კიდეც, მაგალითად, ყალბი აღმოჩნდეს ხელმოწერები.
– თვითმარქვიაა თუ მხოლოდაღიარებული, საქართველოს ტერიტორიის მიერ ნაშობი სამი პრეზიდენტიდან ყველაზე წარმატებული, მგონი, მაინც ბაღაფშია. კიდევ რით შეუძლია მას, ასიამოვნოს რუსები, რომ მისი პოლიტიკური კარიერა კიდევ უფრო გაბრწყინდეს?
– რუსეთს სჭირდება აფხაზეთის სრული ათვისება ოლიმპიადისთვის. ბაღაფში მათ დაჰპირდა ერთ რამეს: რაც გინდათ, იმას გავაკეთებ. არ მგონია, რომ კონკრეტული შეპირებები იყოს, უბრალოდ ბაღაფში რუსეთს ხელს არაფერში შეუშლის და სწორედ ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა. ოლიმპიადის დროს რუსეთს სჭირდება, რომ აფხაზეთის, ანუ საქართველოს მხრიდან, ჰქონდეს აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია და აფხაზები რუსებს ამაში ხელს არ შეუშლიან.
– 2008 წლის აგვისტომდე გასაგები არ იყო, რომ კოდორის ხეობაში სამხედრო კონტინგენტის შეყვანას საშინელი შედეგი მოჰყვებოდა? მით უმეტეს, რუსები და აფხაზები ამას ხელზე იხვევდნენ. ის ხომ საერთოდ კომიკურია, რომ იმ კონტინგენტმა ისე დატოვა კოდორი წამლად არ გაუსვრია ერთი ტყვია?
– ეს ჩემთვის და თქვენთვის იყო გასაგები, მაგრამ, ვინც საჭირო იყო, მისთვის არ იყო გასაგები.
– ეს იმიტომ ვთქვი, რომ მეკითხა, რატომ არ თქვა ტალიავინის კომისიამ აფხაზების ბრალის შესახებ არაფერი?
– რატომ? კომისიის დასკვნაში ლაპარაკია, რომ კოდორში შესვლა გაუმართლებელი იყო.
– მაგრამ კონკრეტული ბრალდება, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოახდინა კოდორის ოკუპაცია, არ თქმულა?
– ამ დასკვნას ძალიან ბევრი ნაკლი აქვს და მისი უპირველესი ნაკლი ისაა, რომ მან საქართველოც დაინდო და რუსეთიც, ანუ ბევრ რამეში სიმართლე არ თქვა. ჩემთვის ეს ნაკლია და მიანიშნებს იმაზე, რომ დოკუმენტი პოლიტიკურია და არავის წყენინება არ უნდოდათ. მან მხოლოდ უეჭველი ფაქტები დაადგინა: მაგალითად, ვინ გაისროლა პირველმა, ანუ ის, რაც ყველამ დავინახეთ და ისედაც ვიცოდით. მაშინ, როდესაც ის, რაც ყველას არ დაუნახავს, მაგრამ მოხდა, არ გამოუძიებიათ, მაგალითად, 3 ივლისს სანაკოევზე განხორციელებული ტერაქტი, საიდანაც დაიწყო ესკალაცია. არადა, იმაზე ლაპარაკობენ, 1801 წელს რუსეთმა საქართველო მიიერთაო და იმის შესახებ, რამაც გამოიწვია საომარი მოქმედებების ესკალაცია, ხმას არ იღებენ.
– არც იმაზე, რომ 7 აგვისტომდე ქართველი სამშვიდობოები დახოცეს, თითქოს მხოლოდ რუსი სამშვიდობო იყოს ადამიანი და ქართველი – არა?!
– არაფერს ამბობენ არც იმაზე, რა მოხდა 7 აგვისტოს სააკაშვილის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გაცემის შემდეგ. მე ჩემი მტკივა და ამიტომაც ყოველთვის ქართულ მხარეს ვაკრიტიკებ. რადგან, თუ მხოლოდ რუსეთი ვაკრიტიკეთ, არაფერი გამოვა. ერთი სიტყვით, ამ კომისიამ დაინდო როგორც რუსეთი, ისე საქართველო და ამ ფონზე არ გადაუარა არც სოხუმს და არც ცხინვალს. ამდენად, ეს პოლიტიკურად კორექტული დოკუმენტია.
– რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშესახები შედეგი არ მოჰყვება.
– შედეგი იქნება ის, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის პოლიტიკას და ის იქნება დაფუძნებული ამ დოკუმენტზე.
– თუმცა ჩვენთან იმედოვნებენ, რომ 50 წლის შემდეგ მსოფლიოს ენდი გარსიას მიერ შესრულებული მიხეილ სააკაშვილი ემახსოვრება და არა ტალიავინის კომისიის დასკვნა? თქვენც გაქვთ ეს იმედი?
– მე იმედი მაქვს, რომ 50 წლის შემდეგ ენდი გარსია ემახსოვრებათ და არა სააკაშვილი.
– ამჯერად ვის მხარეს არის აფხაზეთში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებები?
– იცით, რომ „ამცაჰარა“ ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ბაღაფშს, მეორე, „არუა“ კი – არძინბას. ახლაც ასეა: „ამცაჰარა“ ისევ ბაღაფშის მომხრეა, „არუა“ – ხაჯიმბასი. ოღონდ არ მგონია, რომ მათ შორის რაიმე დაპირისპირება მოხდეს, იმიტომ რომ ამის ნიშნები არ ჩანს.
– გალის ქართველი მოსახლეობა რა როლს ასრულებს აფხაზურ არჩევნებში? აქამდე „ფორმა ნომერი ცხრით“ აძლევდნენ ხმას. ახლა რით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ამის სურვილი ექნათ?
– ახლა მხოლოდ აფხაზეთის პასპორტებითაა შესაძლებელი არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამიტომ გალის მოსახლეობა, ფაქტობრივად, გამოთიშულია არჩევნებიდან, რადგან გალში მხოლოდ 4 000-მდე ადამიანს აქვს აფხაზური პასპორტი.
– არ აიძულებენ, აიღეთო?
– არა, პირიქით, მიიღეს კანონი, რომ გალელმა ქართველებმა ვეღარ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ბაღაფში ისედაც გამარჯვებულია და მას აღარ სჭირდება ქართველების ხმები. კანონი სწორედ გალელების გასანეიტრალებლად მიიღეს: არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის, ვისაც ექნება აფხაზური პასპორტი.
– სერგეი შამბა ბევრს და ხშირად ლაპარაკობს იმაზე, რომ აფხაზებს დემოკრატიის იქით სხვა გზა არ აქვთ. თუ გალელებს არჩევნებიდან გამოთიშავენ, როგორც შეუქმნიან თავიანთ არჩევნებს დემოკრატიულ იმიჯს?
– დემოკრატიული არჩევნების იმიჯს იმით შეიქმნიან, რომ არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებენ. ისინი ამბობენ, ვაძლევთ ქართველებს პასპორტებს, გვეუბნებიან, რატომ აძლევთო; არ ვაძლევთ, რატომ არ აძლევთო და ამ შემთხვევაში აფხაზებს სწორი პოზიცია აქვთ. მეორე მხრივ, გალელებს ეშინიათ პასპორტების აღების, იმიტომ რომ მათ შემდეგ მოღალატეებს უწოდებენ. აფხაზეთში ახლა უკვე შეწყვეტილია აფხაზური პასპორტების გაცემა, იმიტომ რომ ოპოზიციამ გაილაშქრა ბაღაფშის წინააღმდეგ, თორემ ჰქონდათ სურვილი, რომ ყველა გალელისთვის ავტომატურად მიეცათ მოქალაქეობა.
– ოპოზიციამ რატომ დაბლოკა ეს სურვილი, რომ ბაღაფშს არ მიეღო ხმები?
– დიახ, რომ ბაღაფშს არ მიეღო. ამდენად, საქმე არც ისე იოლადაა, როგორც ამას ჩვენი პროპაგანდა წარმოაჩენს. გვეუბნებიან, გალელებს პასპორტიზაციას აძალებენო და კადრში რუსულ პასპორტებს აჩვენებენ. ეს სასაცილოა: ქართველები ოცნებობენ რუსულ პასპორტებზე. 2 000 – 3 000 აშშ დოლარი ღირს რუსული პასპორტის შოვნა კორუფციული გზით. ეს იმ ანეკდოტს ჰგავს: ბებია რომ აფრთხილებს ნარკომან შვილიშვილს, იმ სადარბაზოში არ შეხვიდე, თორემ იქ მორფს გაგიკეთებენო და შვილიშვილი ეკითხება, სად არის, ბებია, ის სადარბაზოო. ქართველები ოცნებობენ, ოღონდ რუსული პასპორტი ავიღოო, ჩვენები კი აცხადებენ, აძალებენ რუსული პასპორტების აღებასო. ქართველებს აფხაზეთში აფხაზურ პასპორტებს სთავაზობენ, თუმცა ივლისიდან ეს პროცესი შეწყდა. არჩევნების შემდეგ, ალბათ, გააგრძელებენ.
– აფხაზური პასპორტი არის გზა რუსული პასპორტისკენ?
– ეს ძალიან რთულია. როდესაც ლავროვი სოხუმში ჩავიდა, თუ მიაქციეთ ყურადღება, რა დოკუმენტს მოაწერეს ხელი? აფხაზეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, აფხაზური პასპორტებით შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მათ უარი ეთქვათ რუსულ პასპორტებზე. რუსებს ურჩევნიათ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე აფხაზური პასპორტებით შეუშვან ადამიანები, ვიდრე რუსული პასპორტები დაურიგონ, იმიტომ რომ რუსულ პასპორტს უამრავი რამ მოჰყვება: პენსიები, სოციალური დახმარებები, აფხაზურ პასპორტს კი არაფერი მოჰყვება, გარდა გადაადგილებისა. აღიარების შემდეგ რუსეთმა შეცვალა პოლიტიკა და მას აღარ აძლევს ხელს, რომ აფხაზეთში რუსეთის ბევრი მოქალაქე იყოს, რადგან შემდეგ ისინი გადადიან რუსეთში და იქ ცხოვრობენ.
– სოციალური მდგომარეობა თუ შეიცვალა აღიარების შემდეგ?
– ამბობენ, რომ არსებითად შეიცვალა: მშენებლობებია, ხელფასებმა და პენსიებმა მოიმატა, ყველა სკოლაში რემონტი გააკეთეს, გათბობა გაიყვანეს, გზები იგება გალიდან სოხუმამდე. გაგრა ძალიან გაალამაზესო.
– მიწის კანონი რა მდგომარეობაშია? არააფხაზეთის მოქალაქეს ისევ არ შეუძლია აფხაზეთში საკუთრების შეძენა და გაფორმება?
– კანონი ისევ ამ მდგომარეობაშია, ამიტომაცაა აუცილებელი, რომ ჩვენმა გალელებმა აიღონ აფხაზური პასპორტები და ჩაერთონ ამ პროცესებში. ჩვენ მათ მოღალატეები კი არ უნდა ვეძახოთ, არამედ შევუთვალოთ, რომ აიღონ აფხაზური პასპორტები. როდესაც გალელები ზუგდიდში გადმოდიან, მათ ჯიბეში უდევთ ქართული პასპორტი და ამიტომაც რუსები და აფხაზები „წეწავენ“ ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამდენად, მირჩევნია, რომ გალელებმა ქართული დოკუმენტები დამალონ, როდესაც ზუგდიდში გადმოდიან, ჯიბეში მხოლოდ აფხაზური პასპორტი აქვთ და ეს ქართულმა მხარემ მიიღოს, როგორც მოცემულობა. მაგალითად, მე ვარ მოწმე, როდესც აფხაზები გადმოდიან ზუგდიდში, ქართულ საგუშაგოზე მათ აფხაზური პასპორტებით ატარებენ რეგისტრაციაში. ასევე უნდა მოიქცნენ გალელი ქართველების შემთხვევაშიც.
– პირადად მე გეთანხმებით, მაგრამ მკაფიოდ ავუხსნათ მკითხველს, რატომ გვირჩევნია, რომ აფხაზეთის ქართველებმა აფხაზური პასპორტები აიღონ?
– ჯერ ერთი, ვისაც აფხაზური პასპორტი აქვს, ისინი მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, ანუ ქართველი მოსახლეობა არსებითად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში; მეორე, თქვენც თქვით და მეც ვადასტურებ, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს. მით უმეტეს, რომ აფხაზეთში ძალიან იზრდება ფასები უძრავ ქონებაზე და ქართველ მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს უძრავი ქონების ბაზარში. მესამე, აფხაზურ პასპორტებს მოჰყვება დახმარებები და, რაც მთავარია, უფრო მეტად მოხდება მათი ინტეგრაცია აფხაზ საზოგადოებაში, რაც ცუდი არ არის. აფხაზები ცოტანი არიან და ნუ გვეშინია! აფხაზეთში ქართველი მოსახლეობა მეტი თუ არა, იმდენივეა, რაც აფხაზი.
– თქვენი დემოგრაფიული მონაცემები როგორია?
– იქ, დაახლოებით, 55 000-60 000 ქართველია, თუ რუსეთმა ჩაკეტა გალის საზღვარი, შეიძლება, ქართველები აქეთ გადმოვიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით იქ არიან. დაახლოებით ამდენივეა აფხაზი, სომეხი – 45 000: სომხები ქართველებსა და აფხაზებზე ნაკლები არიან. რუსები 16 000-ზე მეტი არ არიან.
– მართლაც, რეალურია, რომ ენგურზე კედელი ააშენონ საზღვრად?
– რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს არსებითია. რიო-დეჟანეირომ მიიღო 2018 წელს ოლიმპიადის ჩატარების უფლება და იქ უკვე ჩაატარდა პირველი მკაცრი ოპერაცია კრიმინალის წინააღმდეგ. 2018 წელს უსაფრთხოდ რომ ჩავატაროთ ოლიმპიადა, დღესვე უნდა დავიწყოთ ამისთვის მზადებაო. ასევე იქცევა რუსეთიც: 2014 წელს ოლიმპიური თამაშები უსაფრთხოდ რომ ჩაატარონ, ახლავე იწყებენ ზრუნვას. ამიტომ აუცილებლად ააშენებენ ენგურზე სახელმწიფო საზღვარს, იქნება მავთულხლართები, ბეტონის კედლები და საზღვარი ჩაიკეტება.
– ცნობილია, რომ ლუკაშენკოს რუსეთმა ააღებინა ხელი აფხაზეთის აღიარებაზე, რატომ ეძებს რუსეთი მოკავშირეებს შორს?
– იმიტომ, რომ ისინი შორს არიან და ვერ დაეხმარებიან აფხაზეთს. რუსეთს აფხაზეთი მონად სჭირდება, ამიტომ აღიარებას იღებს ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც აფხაზებს ვერ დაეხმარებიან. რუსეთი ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენს, რომ თურქეთმა აღიაროს აფხაზეთი, იმიტომ რომ მაშინ თურქეთი პირდაპირ დაეხმარება აფხაზეთს. ასევე, დაუშვებელია რუსეთისთვის, რომ უკრაინამ აღიაროს აფხაზეთი. არც დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნების აღიარებითაა დაინტერესებული: თუ აღიარებ, უნდა დაეხმარო კიდეც, რუსეთს კი ეს ხელს არ აძლევს, რადგან მათ გარდა, არავინ არ უნდა პატრონობდეს აფხაზეთს.
– ჩვენდამი როგორი დამოკიდებულებაა აფხაზეთში?
– ეცოდებათ საქართველო. ხვდებიან, რომ ჩვენმა შტერულმა პოლიტიკამ დააზიანა საქართველო. გული არ მოუწევთ ჩვენკენ, მაგრამ ვებრალებით.
– ვეღარ ვიხსენებ, რომელი, მაგრამ ერთი კლასიკოსი ამბობდა, რომ შეცოდება სიყვარულის ნიშანია.
– ყოველ შემთხვევაში, ის ზიზღი, რომელსაც ჩვენ მიმართ განიცდიდნენ, აღარ აქვთ.