ევროპული ფეხბურთის რომელი სუპერკლუბები მოხვდნენ „ფეისბუქის” ათ ყველაზე პოპულარულ კლუბს შორის
გერმანულმა სპორტულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ „სპორტბილდმა” პლანეტის ათი საფეხბურთო კლუბისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ რეიტინგის შედგენისას, გამოყენებულ იქნა კლუბების არა სპორტული მიღწევები, არამედ ის, თუ ვის რამდენი „Like” აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე”. ტოპ-ათეულში ოთხი ინგლისური, სამი თურქული, ორი ესპანური და ერთი იტალიური კლუბი მოხვდა. ყველაზე პოპულარული არაევროპული კლუბი კი „ფეისბუქში” არგენტინული „ბოკა ხუნიორსი” აღმოჩნდა, რომელსაც 2 420 000 „დამლაიქებელი” ჰყავს. უცხოური კლუბების მსგავსად, ჩვენ ქართული კლუბების მხარდამჭერთა რაოდენობითაც დავინტერესდით და მასალის მომზადების მომენტში „დინამო” თბილისს – 3 053, ქუთაისის „ტორპედოს” 1 122, „ვით ჯორჯიას” – 322, „ზესტაფონს” – 209, „გაგრას” – 130, ხოლო საქართველოს ჩემპიონატის დებიუტანტ გუნდს, მარტვილის „მერანს” კი 41 „Like” ჰქონდათ ანგარიშზე.
„ბარსელონა” (ესპანეთი) –
19 001 639 „Like”
ახალ საფეხბურთო სეზონს კატალონიური სუპერკლუბი არნახულად გაძლიერებული შეხვდა. „არსენალიდან” გადმოსული სესკ ფაბრეგასი და ჩილელი ალექსის სანჩესი, მსოფლიოს საუკეთესო კლუბ „ბარსელონას” შეტევის ხაზს, რომელიც ისედაც საუკეთესოა ევროპაში, კიდევ უფრო გააძლიერებენ. ხოსე გუარდიოლას გაწვრთნილი გუნდი ყველა არსებული ტურნირის უმთავრესი ფავორიტია და აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ „ბარსას” ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს სოციალურ ქსელში.
„მანჩესტერ იუნაიტედი”
(ინგლისი) – 18 229 717 „Like”
2011 წლის 6 ნოემბერს ზუსტად 25 წელი შესრულდება, რაც სერ ალექს ფერგიუსონი სათავეში უდგას „მანჩესტერ იუნაიტედს” და ამ ხნის განმავლობაში კლუბმა არნახულ წარმატებას მიაღწია ინგლისის ჩემპიონატშიც და საერთაშორისო არენაზეც. წლევანდელ სეზონში „წითელი ეშმაკები” კვლავ ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად ითვლებიან, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყებამდე კლუბის წამყვანმა ფეხბურთელებმა – ედვინ ვან დერ საარმა და პოლ სქოულზმა კარიერა დაასრულეს. კლუბს განსაკუთრებულად არც სატრანსფერო ბაზარზე უაქტიურია, თუმცა ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას და ინგლისის ნაკრების შემტევის, ეშლი იანგის გადმოყვანა აქტივში ნამდვილად მნიშვნელოვანია.
„რეალ მადრიდი” (ესპანეთი) – 18 116 501 „Like”
მადრიდული კლუბის ჯერჯერობით ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია, 30 მილიონ ევროდ ნაყიდი პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაუ პორტუგალიური „ბენფიკიდან”. ჟოზე მაურინიოს მიერ დამოძღვრილი სამეფო გრანდი, კატალონიური „ბარსელონას” უმთავრეს კონკურენტად ითვლება ესპანეთის ჩემპიონატში და ასევე, წელს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების, ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია. საუცხოო შეტევის ხაზით მადრიდელები ევროპულ ოლიმპზე დაბრუნებას გეგმავენ.
„არსენალი” (ინგლისი) – 7 262 710 „Like”
წლევანდელი სეზონი „არსენალის” არსებობის ისტორიაში, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე იქნება. გუნდი დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა – გაელ კლიშემ, სესკ ფაბრეგასმა; თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს დატოვებენ ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი და ასევე ემანუელ ებუე. საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ცნობა, რომ არსენ ვენგერიც ბოლო დღეებს ითვლის კლუბში. კლუბის ქომაგებმა უკვე არაერთხელ მოითხოვეს ხელმძღვანელობისგან გუნდის გაძლიერება. თუმცა, ერთადერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც „არსენალში” ჩაირიცხა, კოტდივუარელი ფორვარდი ჟერვინიოა, რომლის იმედზე ყოფნა კლუბის ქომაგებს სახიფათოდ ეჩვენებათ.
„ჩელსი” (ინგლისი) – 6 912 142 „Like”
ლონდონელი „არისტოკრატები” ახალ სეზონს განახლებული სამწვრთნელო შტაბით შეხვდნენ. რომან აბრამოვიჩის მილიონებმა კლუბში ბოლო დროის ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული პორტუგალიელი სპეციალისტი – ანდრე ვილაჟ-ბოაში მოიყვანა. სწორედ მას უკავშირდება კლუბის ქომაგთა იმედი, რომ გუნდი საბოლოოდ, მოახერხებს გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგაში. სხვათა შორის, კონკურენტ ინგლისურ კლუბებთან შედარებით, „ჩელსიმ” საზაფხულო სატრანსფერო პერიოდში ყველაზე ნაკლებად იაქტიურა.
„ლივერპული” (ინგლისი) – 6 804 978 „Like”
„ლივერპული” წლევანდელი პრემიერლიგის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია და სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობა გამოიჩინა. ურუგვაელი ლუის სუარესი კლუბში თავიდანვე საკვანძო ფიგურად იქცა, ამას დაუმატეთ შოტლანდიელი შემტევი ჩარლი ადამი, რომელიც პრემიერლიგის გასული გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა გახლდათ და პლუს ამას „ლივერპულის” ძველი გვარდია, სტივენ ჯერარდის ხელმძღვანელობით. კენი დალგლიშს ყველა პირობა აქვს, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუპოვოს ლეგენდარულ კლუბს.
„გალათასარაი“ (თურქეთი) – 5 901 445 „Like”
თურქული სუპერკლუბი „ფეისბუქში” დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „გალათასარაი” მნიშვნელოვნად გაძლიერდა – ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა, ჩეხი მცველი ტომაშ უიფალუში, ნახევარმცველი ემანუელ ებუე „არსენალიდან”. გარდა ამისა, კლუბში ირიცხებიან მილან ბაროში და იოჰან ელმანდერი – ევროპის მასშტაბით მაღალი დონის ფორვარდები. ახალი სეზონის დაწყებამდე, კლუბი თურქულ ფეხბურთში მომხდარი კორუფციული გარიგებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე აღმოჩნდა და წარსულში, კლუბის კაპიტანი – უმით კარანი ამჟამად დაპატიმრებულია ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო.
„მილანი” (იტალია) – 5 398 663 „Like”
ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მსოფლიო ფეხბურთში, რომელსაც თანამედროვე პოლიტიკისა და სკანდალური ქრონიკების ოდიოზური ფიგურა, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ფლობს, მილანური სუპერკლუბი გასული სერია A-ს გათამაშების ტრიუმფატორი გახდა. წელს კი მასიმილიანო ალეგრის მიერ გაწვრთნილი „როსონერები” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულის დაბრუნებისთვის იბრძოლებენ. ამაში მათ გუნდში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ყოფნა აუცილებლად დაეხმარება.
„ფენერბაჰჩე” (თურქეთი) – 4 705 911 „Like”
წლევანდელ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის ნაცვლად, თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი სულ სხვა საქმით იყო დაკავებული. საქმე ისაა, რომ თურქულ ფეხბურთში ახლახან მომხდარი კორუფციული სკანდალის გამო, რამდენიმე საფეხბურთო ჩინოვნიკი დააკავეს და მათ შორის „ფენერბაჰჩეს” პრეზიდენტი, თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა – აზიზ ილდირიმიც. სკანდალების მიუხედავად, „ფენერი” მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება თურქეთში და ევროპაში.
„ბეშიქთაში” (თურქეთი) – 2 754 635 „Like”
რეიტინგში თურქული სუპერლიგის კიდევ ერთი კლუბია, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარობით მეათე პოზიციაზე იმყოფება. კლუბის ღირსებას „რეალ მადრიდის” ექსვარსკვლავი, გუტი იცავს და მისი მოსვლით კლუბში ინტერესი თურქული კლუბის მიმართ ერთიორად გაიზარდა. ამას „ფეისბუქში” მის მხარდამჭერთა რიცხვის მატებაც მოწმობს.