კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება სტიქიური უბედურების ზონა მხოლოდ საქართველოს ქართველებით დასახლებული რეგიონები

თითქოს ოკუპანტები არ გვეყოფოდა, როგორც გაჭირვებულ კაცს, სტიქიური უბედურებებიც აღმართში მოგვეწია (ყველა სიკეთესთან ერთად, წყალდიდობებს, მეწყრებსა და ღვარცოფებს, ახლა უკვე მიწისძვრაც დაემატა). ხელისუფლება დაზარალებულებს დახმარებასაც ჰპირდება და თავის აქტიურ მუშაობას (ჯერჯერობით მხოლოდ მოთათბირების დონეზე) აქტიურადვე აშუქებს ელმედიით. მეორე მხრივ, თუ მოხშირებული სტიქიური უბედურებებით ვიმსჯელებთ, ისიც აშკარაა, რომ მთავრობას პრევენციული ღონისძიებებისთვის ფული, რატომღაც, ენანება (მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, საღვარცოფე ხევის გაწმენდა შეუდარებლად იაფი ჯდება, ვიდრე იქ მომსკდარი ღვარცოფის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ საღვარცოფე ხევის გაწმენდა ვერანაირი ტექნოლოგიით ვერ გაფიარდება, ჩნდება ეჭვი, რომ „ქარის წისქვილებთან“ (და მერე რა, რომ მდინარის კალაპოტი თუ მეწყრული სხეული „ქარის წისქვილი“ არ არის) ბრძოლას იქ, ზემოთ, სტიქიის შემდეგ აქტივობები ურჩევნიათ (რომლის ფიარიც ადვილი და ხელშესახებია). როგორ აისახება სტიქიური უბედურებები სამომხმარებლო ბაზარზე, განსაკუთრებით, დასავლური ფულადი ინიექციების შემცირების ფონზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი გვესაუბრება.



– არც ბუნებამ დაიშურა ჩვენთვის სტიქიური უბედურებები. მოსახლეობისთვის, რომლის უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ძალიან აქტუალურია, ამის ფონზე ხომ არ გაიზრდება ფასები საკვებ პროდუქტებზე, ანუ კარტოფილი თუ მაინც გვექნება, ნაკვერჩხალში რომ შევყაროთ?

– ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანი ნელ-ნელა კარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რომლებითაც უფალმა ის ცხოველთა სამყაროსგან გამოარჩია, მაგრამ, რა არის ყველაზე უფრო დიდი ამოცანა, თუნდაც, რიგითი ქართველისთვის? გამოეკიდოს ცაში წეროს და გადაუდებელ ამოცანად დაისახოს, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავხდეთ ევროპული ტიპის სახელმწიფო თუ გადაარჩინოს გენოფონდი?

– მეორე, ალბათ.

– ებრაელების ორიათასწლიანმა ისტორიამ ამ კითხვას პასუხი გასცა: ამ ხალხმა რას არ გაუძლო იმისთვის, რომ გადაერჩინა თავისი ერი და გენოფონდი. მეორე მხრივ, შესაძლოა, ამ თვითგადარჩენის პროცესში დაკარგო ის მთავარი, რის გამოც ამ ყველაფერს უძლებ. მაგალითად, მესხეთში ბუხარს ჯვარი შიგნიდან ჰქონდა გაკეთებული; თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღესაც კი, ქართველები, როდესაც მჭადს აცხობენ, ზემოდან ხელით ასვამენ ჯვარს, ანუ, უნდა გადარჩე, მაგრამ ისე, რომ არ გადაგვარდე. ვინ გაიგონა საქართველოს სიღარიბე? ეს ნონსენსია! მართალია, არ გაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაფერი გვაქვს ამის გარდა. შეხედეთ ბიომრავალფეროვნებას: ოკეანე არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ზღვა. თუმცა, მეორე პარადოქსია, რომ ზღვა გვაქვს და საზღვაო ქვეყანა არ ვართ. ძალიან უცხონი ვართ ჩვენ და ზღვა ერთმანეთისთვის. გუბაზ სანიკიძემ თქვა ძალიან ლამაზად: ქართველსა და პორტუგალიელს შორის ის განსხვავებაა, რომ ქართველი ზღვაში წელამდე შევიდა, პორტუგალიელი კი – იაპონიამდეო. გინდა-არ გინდა, დანანებით უნდა გაიხსენო, რომ ზღვა ყოველთვის ჩვენთან იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით ზღვასთან. თუნდაც, სამზარეულოს გადახედეთ, კახეთსა და ქართლს არ ვგულისხმობ, ჩავიდეთ ბათუმში და ვნახოთ, უკავია ზღვას თავისი ადგილი სამზარეულოში?! ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ზღვა გვაქვს, ვულკანიც, თუმცა არ ვიცი, რაში გვჭირდება; უდაბნოც, ნახევრად უდაბნოც, მშრალი სუბტროპიკებიც, მყინვარებიც, – ერთი სიტყვით, ყველანაირი ზონა; აგრარული თვალსაზრისით, საოცარი მიწები გვაქვს, მეორე ამბავია, რომ ამ ყველაფრის 20 პროცენტს ძლივს იყენებ. მაგალითად, იაპონიას არაფერი არ აქვს, არც წიაღისეული, მაგრამ აქვს ყველაზე მთავარი.

– რუხი ნივთიერება.

– უფალმა მათ გონი მისცა და იყენებენ. გონი ჩვენც მოგვცა უფალმა, მაგრამ ბოლო შტრიხი გვაკლია: იმის მიხვედრა გვიჭირს, რაში გამოვიყენოთ ეს გონი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ გვაქვს ბრწყინვალე ქვეყანა და არ გვაქვს სახელმწიფო. ეს ერთგვარად განაპირობა გარეშე ფაქტორებმა, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ჩვენ ვართ: ჩვენი თავმოუბმელობა და ძალიან დაბალი ორგანიზაციული შესაძლებლობები. ნონსენსია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს მარაგები, მაგრამ ამის მაგალითი ჩვენ ვართ. სტიქია ახსენეთ: სხვა წლებში ასე მასობრივად რატომ არ გადმოდიოდა მდინარეები კალაპოტებიდან? იმიტომ, რომ კალაპოტს პერიოდულად გაწმენდა უნდა. როდესაც კალაპოტი ამოვსებულია, სად წავა ის მასა, რომელიც პერიოდულად ჩამოედინება მყინვარებიდან?! ისევ აქ არ უნდა ჩაიაროს და, თუ კალაპოტი გაწმენდილი არ იქნა, თან წაგვიყოლებს. მოსახლეობას ნაკლებად მოეთხოვება ამაზე პასუხი, მაგრამ ჩვენ ახლა გავდივართ მთავარ გამოცდას: ვართ ის ხალხი, რომლებსაც აქვთ შინაგანი მუხტი და რესურსი იმისა, რომ სახელმწიფოდ შედგეს?! ამაზე მზა პასუხი, მგონი, არ არსებობს. ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მონდომებაზე. ბედნიერი ვიქნებოდი, დავთანხმებოდი მიშა სააკაშვილის ეგზალტირებულ განაცხადს, რომ ჩვენ ავაშენეთ სახელმწიფო, მაგრამ სად არის ეს სახელმწიფო? არც ერთ მეზობელთან არ გვაქვს საზღვარი დადგენილი; არ ვიცით მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა. ბუნება პერიოდულად რაღაც სიგნალებს გვაძლევს მიწისძვრისა თუ სხვა კატაკლიზმების სახით, მაგრამ, თუ მიწისძვრას ვერც პროგნოზირებას უკეთებ და ვერც პრევენციას, ღვარცოფების პრევენცია ხომ შეგიძლია?! ბოლოს და ბოლოს, იმ სოფლებში არის მხცოვანი მოსახლეობა, ჰკითხე და გეტყვიან.

– არსებობს სპეციალური სამსახური და მათ ყველაფერი გამოკვლეული აქვთ.

– საქმე ისაა, რომ ამ ხელისუფლებას ნარცისიზმის მწვავე ფორმამ დარია ხელი და, მგონი, ებრაელების წყევლამაც უწია: თვითონ არ იციან და სხვების არ ესმით. ორი ბოთლი ლუდის ქურდობის გამო ადამიანს ციხეში სვამ, ვიღაცას ზიანი მიადგაო, მოდი, დავთვალოთ, რა ზიანი მიადგა მოსახლეობას სტიქიური უბედურებებით და ის მოსახლეობა გრენლანდიელი ხომ არ არის?! თუ რაიმე დააკლდა, მათ ოჯახებს დააკლდა, მაგრამ ოჯახის დანაკლისი ხომ ქვეყნის დანაკლისია და ვინ უნდა ზღოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი? ისიც ჭეშმარიტებაა, რომ მსგავსი კატაკლიზმების პრევენციაზე გაწეული ხარჯი ბევრად ნაკლებია იმ ხარჯთან შედარებით, რაც შემდეგ კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციოდ უნდა გაიღო. ყაზბეგის რაიონში მეწყერი ამოძრავდა და დასახლებები მოწყვიტა. ჩვენ კიდევ ეს გვინდოდა? ნახეთ, რას წერს ოსურენოვანი პრესა ჩრდილო კავკასიაში? აშკარად განიხილავენ ჯვრის უღელტეხილის აქეთ მდებარე ტერიტორიას თავისად.

– ხელისუფლება პრევენციაზე ფულს, ალბათ, იმიტომ არ ხარჯავს, რომ ამის შედეგის ტელევიზიით ჩვენება გაჭირდება, სამაგიეროდ, მეწყრების დაძვრისა და მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლის შემდეგ მისი ფუსფუსი ადვილად დასანახავია. თავადაც თქვით, მიწების 20 პროცენტი დაუმუშავებელია. რა მნიშვნელობა აქვს, არ დაამუშავებ თუ წყალი და მეწყერი წაიღებს?

– ვიდრე ეკლესიაში წახვალ და შენ სიმაღლე სანთელს დაანთებ, იქნებ მანამდე პატრიარქის ეპისტოლეები მაინც წაიკითხო?! ჩვენთან ფორმა და შინაარსი ერთმანეთს ასცდა. დღეს ეკლესიაში ისინი უფრო დარბიან, ვისაც ამ ქვეყნის დაქცევაში ყველაზე მეტი წვლილი მიუძღვის. როდესაც ძალიან ცუდად ხარ, იქნებ, მაშინ მაინც დაფიქრდე, რომ შენშია მიზეზი. ღმერთმა რაკი გაგაჩინა, მოგცა კიდეც უნარები და ეს უნარები უნდა გამოიყენო. თვითმკვლელობაა ერთ-ერთი უპატიებელი ცოდვა, იმიტომ რომ, თუ უფლის მიერ მონიჭებულ უდიდეს საჩუქარზე – სიცოცხლეზე ამბობ უარს, უფალი არ გპატიობს. მეორე უდიდესი ძღვენი, რაც უფლისგან მიიღე და ყველა ცოცხალი არსებისგან განგასხვავებს, ეს არის გონი და თუ გონს არ იყენებ, არანაკლებ უპატიებელი ცოდვაა და მართლაც იმსახურებ მოსპობას. ძალიან მაღიზიანებს ხოლმე, როდესაც უამრავი ჩემი თანამემამულე ცდილობს, თავისი გასაკეთებელი სხვას გადააბაროს. მესმის, რომ ეს კომფორტული პოზაა: თუ სხვისი რჩევითა და მითითებით მოგივა მარცხი, პასუხისმგებლობასაც იმას აკისრებ. ამ დროს კი მთავარი დანაშაული მაშინ დაუშვი, როდესაც შენი გადასაწყვეტი სხვას გადააწყვეტინე. თუ იმის პრეტენზია გვაქვს, რომ ქართველები ვართ და საქართველო ჩვენია, კეთილი ვინებოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს წილ საქართველოზე.

– მე ცოტა პროზაული შტრიხი უნდა შევიტანო ჩვენს საუბარში: აისახება სტიქიური უბედურების შედეგები ჩვენ მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებზე? ჩვენ სომალი არ ვართ იმ ერთადერთი მარტივი მიზეზით, რომ მიწაა ნაყოფიერი, სომალელებს კი, უბრალოდ, არ გაუმართლათ.

– ისიც ჩვენი ბედოვლათობის ინდიკატორია, რომ ის მიწები, სადაც კატასტროფები ნაკლებად ხდება, სხვებს დავუთმეთ და ის, რომ მათი ინტეგრაცია ჯეროვნად ვერ ხდება, ესეც ჩვენი ბრალია. მეტსაც გეტყვით, იმ ქართველებს, ვინც იქ ჩავასახლეთ, ძალიან უჭირთ ადაპტაცია, თუმცა მიწა ისეთია, უკუღმა დარგავ, წაღმა ამოვა. არ მინდა ამაზე, დიდი აქცენტი გავაკეთო, იმედია, დროთა განმავლობაში თავად მიხვდებიან რაღაც-რაღაცეებს. მხოლოდ იმით ყელყელაობა, რომ მაგარი ვარ, რადგან ქართველი ვარო, ხეირს არ დაგვაყრის. მაგარი უნდა იყო შენი საქმეებით და შენი საქციელით და არა იმიტომ, გენეტიკურად ქართველად გაჩნდი. ესეც ჩვენი სახელმწიფოს შეცდომაა, რომ არ გაგვიაზრებია არც მიგრაციული პროცესები და არც ურბანული პოლიტიკა დაგვიგეგმავს, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი მიგვეღო. დიდი ჭკუა არ უნდოდა იმის მიხვედრას, რომ ხევსურებისთვის, რომლებიც გარდაბანში ჩაასახლეს, ქათმები არ უნდა მიგეცა მოსავლელად. ხევსური და მექათმე ცოტა შორსაა ერთმანეთისგან და, ბუნებრივია, ამას დიდი სიკეთე არ მოჰყოლია. ისიც პარადოქსია, რომ მეტალურგიული ქარხანა, იმის ნაცვლად, რომ თვითონ ყოფილიყო ჯართის შემსყიდველი და პროდუქციის გამომშვები, დღეს ჯართად იჭრება და იყიდება. მაგალითად, წალკიდან თუ ბაკურიანისკენ გადახვალთ, ზღაპრული ადგილები შეგხვდებათ, რომლებიც ცარიელია, იქიდან ხომ არავის გამოვუყრივართ?!

– ჯერჯერობით არა.

– ვის მოვთხოვოთ ამაზე პასუხი: რატომ დავცალეთ ტერიტორია? ავიღოთ, თუნდაც, ჯავახეთი. ბევრი ხალხური ლექსი არსებობს: „მე ჯავახეთს რა მიჭირდა, მთვარე იდგა მზესავითა, კალმახი და ჭვავის პური წინ მეყარა მზესავითა“. აბა, დავთვალოთ, რამდენი ქართული სოფელი გვაქვს ჯავახეთში? ერთი! ვისი ბრალია? ისევ გუბაზს მივადექი: პატარა ბავშვს დედა ძალით პირს ვერ გაახსნევინებს, თუ ბავშვს ჭამა არ უნდა, ჩვენ კი ამდენი „გვაჭამეს“. ესე იგი, გვინდოდა და „ვჭამეთ“, ამიტომ არ არის კარგი პირღიაობა. ახლა მუხრან მაჭავარიანს დავესესხები: „სულ ყველაფერზე თავის კანტური, საქციელია არაქართული“. ჩვენ კი სულ ვაკანტურებთ და ვაკანტურებთ.

– ზამთარში მშიერ კუჭზე მოგვიწევს თავების კანტური?

– ის ტერიტორიები, რომლებზეც მოხდა კატაკლიზმები, დიდი არ არის, მაგრამ რა ქნას იმ მოსახლეობამ, რომლებმაც ზარალი განიცადეს?! არჩევნების წინ მიუგდებენ თითო ტომარა ფქვილს და ეგ იქნება.

– ჩვენი არსებობის მთავარი წყარო დასავლური ფულადი ინიექციებია, კიდევ მიიღებს ხელისუფლება მას?

– ძალიან დიდი ნაწილი უკვე მიიღეს, ბევრი აღარც დარჩათ მისაღები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა კვლევები დახმარებების ხარჯვის შესახებ. ამის გამოქვეყნების შემდეგ არც ერთი თავმოყვარე ხალხი თავის ხელისუფლებას 22 საათსაც არ გააჩერებდა. ამ ხელისუფლებამ ძალიან კარგად ისწავლა, როგორ შთანთქას ნებისმიერი რესურსი. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა დააყენონ ფეხზე, არქივებიდან 50 წლის წინანდელი პროექტები ამოიღეს და იმათ განხორციელებას შეუდგნენ. არადა, რაც უფრო მასშტაბურია პროექტი, მით უფრო ადვილია იქიდან თანხის მოპარვა. თითქოს იმ პროექტისთვის ითხოვენ კრედიტებსა და დახმარებებს: ეს იქნება რკინიგზის თბილისისთვის გვერდის ასაქცევი პროექტი თუ ვერეს ხეობაში მაგისტრალი, რომელიც ვერაფერს მატებს თბილისის სატრანსპორტო კვანძს, რადგან ვერაფრით აკავშირებენ გმირთა მოედანთან. პროექტები კარგია, მაგრამ, როდესაც შენი ყოველი მეორე მოქალაქე, თუ მეტი არა, გეუბნება, რომ ოჯახის გამოსაკვები რესურსი აღარ აქვს, რა მასშტაბური პროექტები აგიტყდა?! მეორე მხრივ, თუ ამ უცხოურ დახმარებებს კონკრეტულ მისამართს მისცემ, უფრო რთულია ამ თანხების ჯიბეში გადატანა, თუმცა არც ეს არ უჭირს. გაიხსენეთ, მიშა სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 20-20 ლიტრი საწვავი რომ უნდა დაერიგებინათ გლეხებისთვის და ყველამ კარგად ვიცით, რომ 18-18 ლიტრი დარიგდა. მაგრამ, ვიმეორებ, მთავარი პრობლემა ჩვენშია. დეგრადირებულ ნიადაგზე კარგი ბაღის გაშენება, კარგი მოსავლის მოყვანა ჭირს. ამბობენ, მთავრობა არ გვივარგა, მაგრამ ოპოზიციაც არ გვივარგაო, მაგრამ, ვინ გაზარდა ეს მთავრობა და ოპოზიცია?! კარგი პატრონის ხელში, როგორც წესი, მამული მოვლილია. მეორეც, იმ ნიადაგზე, რომელზეც მოსავალი მოჰყავთ, პერიოდულად ზრუნავენ, რომ ნაყოფიერება შეინარჩუნოს. მხოლოდ მტერმა შეიძლება, მიმართოს მტაცებლურ მეთოდებს: ბოლომდე ამოიღოს მთელი რესურსი, შემდეგ ხელი დაგიქნიოს და წავიდეს. უკანასკნელი წლების განმავლობაში კი რის მომსწრე ვართ? ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს მოსახლეობის, თუ მატერიალურ მდგომარეობას ვერ უუმჯობესებს, თუნდაც, ცნობიერების ამაღლებაზე, პირიქით, გეგმაზომიერად ცდილობს მათ გამოყეყეჩებას და ხელისუფლების მთავარი სამიზნეა პენსიონერები და მოზარდები. ეს წარმოუდგენელი დანაშაულია ერის წინაშე. თითქოს ვართ ხალხი, მაგრამ ვერ ვართ საზოგადოება: ჩვენ რომ საზოგადოება ვიყოთ, ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა. არ არის აუცილებელი, ადამიანს შუბლზე ეწეროს, რომ მტერია; შენ უნდა მიხვდე, რომ მტერია. არ გეუბნები, შუბი აიღე და გულში აძგერე-მეთქი, მაგრამ იმდენი მაინც მოახერხე, რომ მტერს არ ჩააბარო საქვეყნო საქმეების გაძღოლა?! თუ ამ მთავარ ამოცანას ვერ გავართმევთ თავს, ნუ გაგვიკვირდება, რომ ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ვიდრე ვართ. ხშირად ამბობენ, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოსო. ფანტაზიას ნუ შევზღუდავთ, ბევრად უარესიც შეიძლება! ნურავინ ელის, რომ ხვალ ან ზეგ მოვა გმირი და გადაგვარჩენს, ვერც ერთი გმირი ვერ გადაგვარჩენს, თუ საამისო ნიადაგი არ არის. მით უფრო, რომ ოცდამეერთე საუკუნე თავისთავად გამორიცხავს, რომ ერთეულმა გმირებმა გადაწყვიტონ ერის ბედი. ერთეულებს შეუძლიათ ქვეყნის დაქცევა, მაგრამ შენება მხოლოდ მასებს და მასების ნებაზე აგებულ სწორ პოლიტიკას შეუძლია. ღმერთი ეხმარება მას, ვინც ეხმარება საკუთარ თავს.


скачать dle 11.3