ვისთვის და რატომ არის „უკანასკნელი გმირის“ გამარჯვებული, თამუნა ჭანტურიშვილი ქალღმერთი და რაში ეჯიბრება ის მუდმივად მეუღლეს
უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პროექტი „უკანასკნელი გმირი“ „რუსთავი 2-ის“ ეთერში იხილა მაყურებელმა. პროექტი საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ორი მონაწილისთვის. თამუნა ჭანტურიშვილმა და – გიორგი ჯერენაშვილმა ერთმანეთი „უკანასკნელ გმირში“ გაიცნეს და მათი ურთიერთობა მალე ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. თამუნა ამ პროექტის გამარჯვებულია, რითიც დღემდე ძალიან ამაყობს. თამუნა და გიორგი პრესის ფურცლებზე თითქმის 4 წლის განმავლობაში არ გამოჩენილან. ცხადია, ამ პერიოდში მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ პოპულარული პროექტის, პოპულარული გმირები, ამაზე უკვე თავად გვიამბობენ.
თამუნა ჭანტურიშვილი: ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი სიახლეა, უფრო პროფესიული თვალსაზრისით. შევიცვალეთ სამუშაო ადგილები. კარიერული წინსვლა არის. პირადს რაც შეეხება, ჩვენს ურთიერთობაში არა მგონია, რამე შეცვლილიყო. სავარაუდოდ, სიახლე, რაც მოსალოდნელია და ყველა ამას გვეკითხება, ეს ბავშვია, მაგრამ შვილი ჯერ არ გვყავს. ყველა გვგულშემატკივრობს და გვეუბნებიან, რომ პატარა „გმირები“ აუცილებლად გვეყოლებიან.
გიორგი ჯერენაშვილი: ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე და თამუნა დავქორწინდით. შევეცადეთ, ერთად გვემოგზაურა. რამდენიმე ქვეყანაში ვიყავით, მათ შორის, ინდოეთში, საფრანგეთში, ინგლისში. ვცდილობთ, მოგზაურობით ჩვენი ცხოვრება გავამრავალფეროვნოთ. მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, ამიტომ ვცდილობთ, შვებულების დროს ისეთ ქვეყანაში წავიდეთ, სადაც ყველაფერს დავივიწყებთ. ამ მხრივ ინდოეთი ძალიან გამოგვადგა. მოკლედ, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენთან ისეთი არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ერთი, რასაც ვამჩნევ, ისაა, რომ ჩვენი ურთიერთობა ამ ოთხ წელიწადში უფრო გამყარდა და გაძლიერდა. მართალია ჯერ პატარა „გმირები“ არ გვყვანან, მაგრამ ვხედავ, რომ უფრო ძლიერი ოჯახი გვაქვს, ვიდრე თავიდან გვქონდა. დანარჩენი, ისეთი არაფერი. საქართველოში ახლახან ჩამოვედი. 4 თვეზე მეტით წასული ვიყავი. ჩემს კარიერულ წინსვლაზე ვფიქრობდი და აქედან გამომდინარე, ვიმყოფებოდი ამერიკაში.
– თქვენს კარიერაში რა ხდება?
თამუნა: გიორგი ადრე ამერიკის საელჩოში მუშაობდა, მერე კერძო ორგანიზაციაში გადავიდა, იქიდან კი სახელმწიფო სტრუქტურაში აღმოჩნდა. მეც კერძო კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა კი ნაწილობრივ სახელმწიფო სტრუქტურაში ვარ – განათლების სისტემის ერთ-ერთ პროექტში ვმუშაობ. ორივე ძალიან დატვირთულები ვართ და ჩვენთვის დღის ძირითადი ნაწილი, განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, სამსახური გახდა.
– ოთხ თვეზე მეტი ერთად არ იყავით იმის გამო, რომ გიორგი ამერიკაში იყო. არ გაგიჭირდათ?
– სამსახურში დატვირთული გრაფიკით მუშაობამ ცოტა შემიმსუბუქა გიორგის თბილისში არყოფნა. ისე გვიან ვბრუნდებოდი სამსახურიდან, ერთადერთი, რისი თავიც მქონდა, დაძინება იყო. დრომ მართლა საოცრად სწრაფად გაირბინა.
გიორგი: საყვარელი ადამიანის გარეშე ამდენ ხანს ყოფნა რთული იყო ჩემთვის. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმოგზაურე ამერიკის სხვადასხვა შტატში. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი თამუნას ვერ ვანახე, მაგრამ არ არის პრობლემა, მერე ერთადაც წავალთ.
თამუნა: გიორგის აქ არყოფნაში მეც ვიყავი ქვეყნიდან გასული. ორი კვირის წინ ლიტვაში ჩვენი მეგობრის, შორენას ქორწილში ვიყავი, რომელიც ასევე „უკანასკნელი გმირის“ მონაწილე იყო. მერჩივნა ქორწილში გიორგისთან ერთად ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა.
– თავად თქვენ საკმაოდ ორიგინალური, სიურპრიზებით სავსე ქორწილი გქონდათ. დღემდე ისეთივე ორიგინალურად გრძელდება თქვენი ცხოვრება?
გიორგი: მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც ვცდილობთ, ორიგინალურები ვიყოთ, შეძლებისდაგვარად.
თამუნა: რთულია ორიგინალურობის შენარჩუნება, როცა მთელი დატვირთვით ვმუშაობთ. თუ დრო გვაქვს, მოგზაურობაში მას მართლაც ორიგინალურად ვატარებთ. შეიძლება, ორიგინალურობა სწორედ ის არის, რომ პროექტში შექმნილი ოჯახი დღემდე მყარია და ორ ადამიანს ისევ ერთმანეთი უყვარს. რატომღაც, ბევრი მეკითხება, ისევ ერთად ხართო? შეიძლება, იმის მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენი დაქორწინება, უბრალოდ, შოუსთვის იყო გაკეთებული.
– ქუჩაში დღემდე გცნობენ?
გიორგი: ძირითადად მანქანით მიწევს გადაადგილება და შემთხვევით ხალხთან არ მაქვს კონტაქტი. სამსახურებრივი ურთიერთობის დროს კი, ხალხი ნაკლებად გამოხატავს ემოციებს, ან შეიძლება მითხრან, რომ საიდანღაც ვეცნობი. თამუნას კი, მგონი, დღემდე ცნობს ხალხი. რამდენიმე დღის წინ, სტუმრად მივდიოდი. მანქანა რომ გავაჩერე, იქვე ხელოსნები მუშაობდნენ, მილს აკეთებდნენ ქუჩაში. მათ მიცნეს.
თამუნა: ამას წინათ, აეროპორტში ვხვდებოდი უცხოელების ჯგუფს. ქალი მოვიდა, წინ დამიდგა და მკითხა, თქვენ თამარი ხართ, არაო. მერე მომიყვა, თუ როგორ გვგულშემატკივრობდა და როგორ ვუყვარვართ. ძალიან ხშირად ხდება ასე, რაც მსიამოვნებს. ხანდახან მიკვირს, ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ რომ ახსოვს „უკანასკნელი გმირი“ მაყურებელს.
გიორგი: ხან მიკვირს, ადამიანებთან, რომლებთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მაქვს, ცოტა არასერიოზულად აღმიქვამენ. რადგან ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა, ვერ წარმოუდგენიათ როგორ ვმუშაობ ძალიან სერიოზულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. რაღაც ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან და ეს ძალიან სამწუხაროა. ადამიანისთვის ცალკე ცნებაა, პროფესია და მისი ცხოვრების წესი. მე რომ კოსტიუმს ვიხდი და ჰალსტუხს ვიხსნი, სხვა ადამიანი ვარ. ცხოვრებაში ძალიან ექსტრემალი ვარ, სამსახური კი ჩემი პროფესიაა.
თამუნა: ჩემთან პირიქით არის. უცხოელებთან ვმუშაობ და ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ ჯგუფთან მუშაობისას, არ ვიცი საიდან, მაგრამ გაიგეს, რომ ამ პროექტის მონაწილე და გამარჯვებული ვიყავი. ისე გაოცდნენ და გაუხარდათ, ვერ გადმოგცემთ. ამერიკაში ეს პროექტი ძალიან პოპულარულია და მათთვის ამ პროექტში გამარჯვებული რაღაც „ისეთი“ ჰგონიათ. აღტაცებულები არიან და როგორც ქალღმერთს მგონი, ისე მიყურებენ. უამრავ კითხვას მისვამენ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, ამ პროექტში გამარჯვება უცხოელებში დადებით იმიჯს მიქმნის.
– გადახვედით იმ ბინაში, რომელიც საჩუქრად გადმოგცეს, როგორც პროექტში გამარჯვებულს?
გიორგი: ბინასთან დაკავშირებით ძალიან კურიოზული სიტუაციები იყო. დიდხანს ველოდეთ და მგონი, დაავიწყდათ, რომ ჩვენთვის უნდა გადმოეცათ. ძირითადად, ტელეკომპანიას ვეხმიანებოდით, რომლებმაც ბოლოს გვირჩიეს, პირდაპირ სამშენებლო კომპანიაში მივსულიყავით. მივედი, როგორც სამოქალაქო პირი, ზარი დავრეკე, კარი დაცვის სამსახურის წევრმა გამიღო, რომელმაც, მგონი, არც მომისმინა. კარი მიიხურა და არ შემიშვა. მერე დამამტკიცებელი კომუნიკაციების გამოყენებაც დამჭირდა. საბოლოოდ, ბინა მოგვცეს, თუმცა ოთახი ჩამოაჭრეს და „ზალა“ გადმოგვცეს, რომელიც ჩვენ კარგად გავაკეთეთ. თუმცა, ჯერ დასრულებული არ არის.
თამუნა: ალბათ, იმიტომ გაგვეწელა ამ ბინის მიღების პროცესი, რომ სახლი გვაქვს, სადაც ვცხოვრობთ. რომ არ გვქონოდა, ალბათ, უფრო ვიაქტიურებდით. არაჩვეულებრივი ორი ოთახი გავაკეთეთ. სამზარეულო ბარით გადავტიხრეთ. ბინა, რომელიც პროექტში გამარჯვებისთვის გადმომცეს, დღეს ჩაკეტილია და გასაღები საპატიო ადგილას გვიკიდია. არც გაგვიყიდია და არც ვფიქრობთ ამაზე. უბრალოდ, ველოდებით როდის გავარემონტებთ.
– აზარტულები თუ ხართ ცხოვრებაში?
– ძალიან აზარტულები ვართ. ყველა საქმეს, რასაც ვაკეთებ, აზარტით და ძალიან დიდი ენერგიით ვეკიდები. შეიძლება ასაკთან ერთად, ამ ენერგიისგან ნელ-ნელა დავიცალო, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვინარჩუნებ და მომყვება. შეჯიბრის მომენტი ყოველთვის მაქვს და მინდა, იმაზე უკეთ გავაკეთო, ვიდრე იმ ეტაპზე ვაკეთებდი. ერთმანეთსაც სულ ვეჯიბრებით მე და გიორგი. ჩოგბურთს ერთად ვთამაშობთ, ვცურავთ, ვცეკვავთ. ცეკვისას არა, მაგრამ სხვა დანარჩენის თამაშის დროს, სულ ვეჯიბრებით ერთმანეთს.
– მერე ვინ იგებს?
გიორგი: თამუნა. ისეთი აზარტულია, არ უნდა წააგოს, თორემ... სხვათა შორის, კაზინოში არასდროს ვყოფილვარ და ახლა ამერიკაში რომ ვიყავი, ატლანტიკსითიში წავედი, რომელიც თითქმის ისეთივე ქალაქია, როგორიც ლას-ვეგასი, მხოლოდ მცირე მასშტაბით. იქ არის ატლანტის ოკეანე, პლაჟი და კაზინოები, სხვაგან ვერსად წახვალ. დიდის ამბით კაზინოში შევედი, სადაც ძალიან დიდხანს დავრჩი. მივხვდი, რომ არც ისეთი აზარტული ვარ, როგორიც მეგონა. მინდოდა, თავი გამომეცადა. რა თქმა უნდა, ვითამაშე, მოვიგე კიდეც, წავაგე კიდეც. იქ მივხვდი, რომ აზარტული თამაშების მოყვარული არ ვარ. აი, საქმის მიმართ ნამდვილად ვარ აზარტული. ანუ, მოვალეობის მოხდის მიზნით, უბრალოდ, არაფერს ვაკეთებ.
თამუნა: კაზინოს და ტოტალიზატორს არც ერთი არ ვეკარებით, არ გვაინტერესებს. რაც შეეხება სპორტს, სიამოვნებით.
გიორგი: ინტერვიუს დასასრულს, მინდა, „უკანასკნელი გმირის“ ყველა მონაწილე მოვიკითხო, რადგან არ მაქვს საშუალება ყველას პირადად დავურეკო და მოვიკითხო.