რაში ვერ ჩაითრია ბიძინა ბარათაშვილმა ერთადერთი შვილი და რატომ დაკიდა ის ლას-ვეგასში 120-ე სართულზე
ისინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მამა-შვილი არიან – საერთო თვისებებით, გატაცებებითა და ჩვეულებებით. უკვე 25 წელია, ისინი ერთ ბანაკში „მოხვდნენ”, სადაც ერთმანეთს დიდი სიყვარულით ანებივრებენ – ბიძინა ბარათაშვილი ერთადერთ ქალიშვილს ელენეს სიურპრიზებს არ აკლებს და სანაცვლოდაც ყოველთვის იგივეს იღებს.
ბიძინა ბარათაშვილი: როცა ელენე დაიბადა, 25 წლის ვიყავი. ბიჭს ველოდებოდით. ყველა ექიმი ამბობდა, ბიჭია, ბიჭიაო, მაგრამ ელენემ სიურპრიზი მოგვიწყო. ეს იყო მისი პირველი სიურპრიზი.
– ელენე, ალბათ, ძალიან ნებიერა იყო.
ელენე: ისე მოხდა, რომ როგორც დედის, ასევე მამას მხრიდან, თითქმის ყველასთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი. თავს ბებია-ბაბუების დიდი არმია მეხვია, ბებიაჩემის ბებიაც კი ცოცხალი იყო. ის თურმე ხუმრობდა კიდეც: ეს ბავშვი ჩემი ნათესავი აღარ არისო (იცინის).
ბიძინა: მე არასდროს ვყოფილვარ მკაცრი და სპარტანული აღზრდის მომხრე. იმის მიუხედავად, რომ ბიჭი ვიყავი და საკმაოდ ბევრ პრობლემას ვუქმნიდი ჩემს მშობლებს, ხელით არავინ შემხებია. ბავშვს თუ ნორმალურად აუხსნი, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, პრობლემებიც აღარ ჩნდება. ელენეს ჰქონდა ყველაფერი, რაც უნდა ჰქონოდა, ალბათ, ცოტა მეტიც. მაგრამ, მას ეს ბოროტად არასდროს გამოუყენებია.
ელენე: ჩვენ ისე ვგავართ ხასიათით ერთმანეთს, დედა სულ ამბობს ხოლმე: მამაშენის კუდი ხარო. მამა ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, არასდროს მქონია იმის განცდა, მისთვის რამე დამემალა, იმიტომ რომ არ გამბრაზებოდა. ბიძინა ძალიან ლიბერალი მამაა, უნდა გენახათ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მეგობრებთან – კარტის თამაშს გვასწავლიდა, გვეთამაშებოდა.
– შვილს კარტის თამაშს ასწავლიდით?
ბიძინა: კი. ხანდახან მავნე ზეგავლენას ვახდენდი მასზე (იცინის). ასეთ ზეგავლენათა რიცხვში შედიოდა ის ცდუნებებიც, რომელსაც ელენეს ვუჩენდი, როცა სკოლაში სწავლობდა. გადასარევი მოსწავლე იყო, ფრიადოსანი, კარგი ყოფაქცევით. რამდენჯერმე დავპირდი: რა არის, სულ მაღალ ნიშნებს რომ იღებ, არც შატალოზე დადიხარ. ერთი დაბალი ნიშანი სამი ლარი ეღირება, შატალო კი ხუთი ლარი-მეთქი. ნანა ამას ახლაც რომ იგებს, თავს იკლავს. (იცინის).
ელენე: ამ მავნე გავლენის წყალობით, გადასარევი ჰობი ჩამომიყალიბდა – ძალიან აზარტული ვარ, მიყვარს კარტი. ჩემი აზარტულობა ბიძინას „მხარეა”, ასევე ბავშვობიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი. ამ მხრივ ბიძინასთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ჯერ კიდევ პატარა მომაქცია ფეხბურთის ტყვეობაში. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო არგენტინა, მაგრამ ვიცოდი, რომ ცისფერი თეთრი ზოლებით კარგები – ჩვენები არიან (იცინის). ჩვენი გზები გაიყო კლუბების შემთხვევაში, ერთადერთი რაშიც ბიძინამ თავისი გავლენის ქვეშ ვერ მომაქცია საფეხბურთო კლუბებია. მე „ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, ბიძინა – „რეალის”, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს ბავშვის „ბედიც.“ ის არგენტინის ნაკრების ფანი იქნება, უკვე ბოდიც კი შევუკვეთეთ ინტერნეტით, არგენტინის მაისურის ფერებით, რაზედაც დედაჩემი ძალიან აღშფოთდა, ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და მასზე ძალადობას ახდენთო.
ბიძინა: ოღონდ პირველი საჩუქრის ფინანსური უზრუნველყოფა მე შემეტენა (იცინის).
– ბიჭი ჩნდება თქვენს ოჯახში?
– კი, ასე ვიცით, მაგრამ მეც ასე ვიცოდი ელენესთან დაკავშირებით. ვნახოთ, თუ ელენემ კიდევ ერთი სიურპრიზი არ მოგვიწყო.
– ელენემ მაშინაც მოგიწყოთ სიურპრიზი, როცა გათხოვდა?
– ერთი მხრივ კარგი იყო, ისეთ პერიოდში რომ გათხოვდა, მე აბსოლუტურად ვერ აღვიქვი და ვერ მოვასწარი ნერვიულობა. შვიდი ნოემბრის მოვლენებიდან 4 დღე იყო გასული და ელენეს ჯვრისწერის დროს, მე პიტერ სემნევთან ვიყავი მოლაპარაკებაზე. ამათ საერთოდ უცნაური ქორწინება გამოუვიდათ – ჯერ ჯვარი დაიწერეს, მერე საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ და ბოლოს ქორწილი გადაიხადეს. მე საქორწინო მოგზაურობა ქორწილის შემდეგ ვიცი, ამათთან კი ეს რიტუალები აირია – ელენემ საკუთარ ნიშნობაზეც კი დაიგვიანა, გამოცდა ჰქონდა და მოსვლა ვერ მოასწრო.
– სიძე, ალბათ, კარგად „გადაამოწმეთ“?
– სიძე ვნახე, მომეწონა. ისიც კარგად მახსოვს, პირველად რომ მოვიდა ჩვენთან, ძალიან ბევრი ვარდი მოიტანა. ვიხუმრე, მხატვარი ხომ არაა, სახლი ხომ არ გაყიდა და იმ ფულით მოიტანა ეს ვარდები-მეთქი. მაინტერესებდა, კიდევ რამე დარჩათ თუ არა, მაგრამ რომ გადავამოწმე, დავმშვიდდი. ეს ხუმრობით, ჩემთვის მთავარი იყო, ჩემი სიძე ისეთი ოჯახიდან ყოფილიყო, ისევ ჩემი წრის რომ იქნებოდა. მე არ ვამბობ, ვიღაცაზე უკეთესები ვართ, ან უარესები-მეთქი, უბრალოდ, კარგად გვესმის ერთმანეთის და ურთიერთობაც უფრო კომფორტულია.
ელენე: ჩემს პირად ცხოვრებაში ბიძინას ჰქონდა მთავარი „მოთხოვნა,” შენი ქმარი ნუ იქნება ქურდი, ნარკომანი და ისეთი მშობლები ჰყავდეს, დაველაპარაკოო. სამივე პირობა შევუსრულე (იცინის).
– ელენე, შენი ოჯახის წევრთა უმეტესობა ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, შენ რატომ არ აირჩიე ეს გზა?
– ჩემი არჩევანით ოჯახური დინასტიის ტრადიციას ცოტა არ იყოს, ვუღალატე. ამით ბიძინა თავის დროზე ცოტა უკმაყოფილოც კი იყო. ირგვლივ სულ ჰუმანიტარები მყავდა, მე კი ეკონომიკური პროფილი ავირჩიე და წავედი ბიზნეს-სკოლაში. ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა, რაც ჩემგან ცოტა უკვირდათ. ბიძინა არითმეტიკისთვის არ არის.
ბიძინა: თვლა მეც კარგად ვიცი, მაგრამ მათემატიკის სიღრმეები ჩემთვის ბოლომდე ჩინურად დარჩა. ელენეს არჩევანი უფრო იმიტომ გამიკვირდა, რომ ბავშვობიდან დაჰყვებოდა დედაჩემს კონცერტებზე. უყვარდა კულისები, საზოგადოებაში ტრიალი მოსწონდა. ამიტომაც მეგონა, რომ ხელოვნებას დაუკავშირებდა თავის ცხოვრებას. ასეთი პერიოდი მე თვითონაც გამომივლია. ჩემებს ძალიან უნდოდათ, მეცნიერებას გავყოლოდი. თავიდან ასეც იყო, ლექტორი ვიყავი, კათედრაზე ვმუშაობდი. მაგრამ, ერთ დღეს მოვიტანე სახლში ასპირანტურის დამთავრების დიპლომი, და მე წავედი, ჩემი საქმე უნდა გავაკეთო-მეთქი, – გამოვაცხადე, როცა შენ თვითონ გაქვს ასეთი რამ ჩადენილი, შვილთან ვეღარ დაიწყებ უკუღმა რაღაცეების მტკიცებას.
– ეგებ თქვენც გინდოდათ, რომ შვილს ეკონომისტის მშვიდი ცხოვრება ჰქონოდა.
– არა, არც მინდოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ელენეს ბუღალტრის ცხოვრება არ ექნებოდა. ელენემ დაამთავრა თავისი ბიზნეს-ფაკულტეტი, მაგრამ დღეს ძალიან აქტიურ სამსახურში მუშაობს, „მარიოტის” ფიარსა და მარკეტინგშია, სულ „ივენთებსა” და გადარბენებზე. მე მგონია, რომ ის ცხოვრება, რაც მე მაქვს, ძალიან საინტერესოა. ელენემაც კარგად იცოდა ამ ცხოვრების „ხიბლი”. სხვათა შორის, ძალიან ბევრი კარგი რჩევა მოუცია ჩემთვის, რასაც უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივუყვანივარ. ჩემთვის მძიმე პერიოდში, როდესაც ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, მე სახლში ნანასთან და მასთან ვსაუბრობდი ამ თემაზე. მეორე დღეს ელენემ საჭირო დროს მომწერა ასპროცენტიანი მხარდაჭერის მესიჯი – „მიდი, მამა, მიაწექი“. ამ ფრაზამ ბევრი რამ სხვანაირად შეცვალა. ჩვენ მრავალ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ერთნაირი ხედვა, გემოვნება – მოგვწონს ერთნაირი ფილმები. ის მუსიკა, რაც მე მომწონს, ელენესთვისაც მისაღებია და არ გამომირთავს, ოღონდ, არა ზრდილობის გამო. ერთადერთი რაშიც ვერ ჩავითრიე, ტელევიზიაა.
– სამოგზაუროდ დადიხართ ერთად?
ელენე: ძალიან ბევრ ქვეყანაში ვართ ერთად ნამყოფი. ბიძინასთან ერთად სადმე წასვლა დიდი კომფორტია, ოღონდ იმდენს დადის და შენც იმდენს გატარებს, სანამ ქანცი არ გაგძვრება. თვითონ არ იღლება, ყველა მუზეუმის კუთხე-კუნჭული უნდა ნახოს.
ბიძინა: ელენე, ჩემგან განსხვავებით, გიჟდება ატრაქციონებზე. ეს ის თემაა, რაშიც ერთმანეთს ვერ ვემთხვევით. ერთხელ ამერიკაში დავჯექი ამერიკულ „გორკებზე“ და მას შემდეგ ატრაქციონებს არ გავკარებივარ. ნახევარი საათი დაკიდებული რომ იქნები, ეს როგორ უნდა მოგეწონოს? ელენეს შეუძლია დაჯდეს ყველაზე საშინელ ატრაქციონზე. ნანა ჰყავს ამ საქმეში მხარდამჭერი.
საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ ლას-ვეგასში, თბილისიდან დავუჯავშნე სასტუმრო, სადაც 120-ე სართულის თავზე ატრაქციონია მოწყობილი. ამ სასტუროში ადრე მეც ვიყავი ნამყოფი. მახსოვს, მერვე სართულზე ვცხოვრობდი და უცებ კივილი გავიგონე. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გარეთ გავიხედე – უცებ გადმოვარდა რელსი ცარიელ სივრცეში, რომელზეც კატასტროფული სიჩქარით დაეცა ვაგონი, ამის შემხედვარე ძალიან გაოცებული დავრჩი. მე ელენე საქორწინო მოგზაურობაში გავუშვი. ამან კი მოახერხა და ამ ატრაქციონზეც დაჯდა.
– ბიძინა, ალბათ, მოუთმენლად ელოდებით ბაბუობას?
– ველოდები და არ დაგიმალავთ, ცოტა ვღელავ კიდეც. ჩემი მეუღლე სულ მეუბნება, როგორ შეგიძლია, რთულ პერიოდებში, სხვა რამეზე კონცენტრირებაო? რამდენიმე წლის წინ, როცა ძალიან დაძაბული დღეები მქონდა, ვიღებდი წიგნს და ვიწყებდი კითხვას, რაც ნანასთვის წარმოუდგენელი იყო, მე შემიძლია, გავეთიშო ყველაფერს. ბავშვს სექტემბრის დასაწყისში ველოდებით, როგორც ვატყობ, უკვე ის დროა, „გათიშვა” დავიწყო (იცინის).