როგორ ცდილობდნენ რუსი დიპლომატები და სამხედროები, გიორგი მეთორმეტისგან რუსეთისთვის სასურველი დოკუმენტის გამოძალვას
რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ბაგრატიონთა უძველესი სამეფო დინასტიის შეწყვეტა (1801-1802) საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ფურცელია. ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის უკანასკნელი წლების ისტორიაში ცხადად ჩანს, თუ რა ვერაგული და მზაკვრული მეთოდებით ამზადებდა რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული გვიამბობს.
– მიჩნეულია, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება დააჩქარა გიორგი მეთორმეტის უუნარობამ და მის მიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დაშვეულმა საბედისწერო შეცდომებმა. იზიარებთ თუ არა ამ შეხედულებას?
– ზოგადად, ასეთი შეხედულება სწორია და მისი უარყოფა შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია, რამდენიმე საკითხის გარკვევა. გიორგი მეთორმეტე რომ სამეფო ტახტზე მამის, ერეკლე მეორის, ღირსეული მემკვიდრე ვერ იქნებოდა, ეს მის გამეფებამდე (1798) კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი. ერეკლე მეორის მრავალრიცხოვან შვილთაგან, რამდენიმე მაინც, გიორგიზე უფრო ღირსეული მეფე იქნებოდა, მაგრამ გიორგი, ძმებს შორის, უფროსი იყო და სამეფო ტახტიც მან დაიკავა. აღსანიშნავია, ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი: გიორგი მეთორმეტემ, ფაქტობრივად, გავერანებული სამეფო ჩაიბარა. მოშლილი იყო ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა. კრწანისის ომის შემდეგ, პრაქტიკულად, აღარ არსებობდა ქართული ჯარი. დაცარიელებული იყო ხაზინა. გრძელდებოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თარეში. ამ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ეფექტურად მოქმედებდა რუსეთის ჯაშუშთა ქსელი. რუსი სამხედროები და დიპლომატები უცერემონიოდ ერეოდნენ ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებში. ცხადია, ასეთი მძიმე მემკვიდრეობის დაძლევა გიორგი მეთორმეტეს არ შეეძლო. ის როგორც ადამიანი და როგორც მეფე, ამისთვის მზად არ იყო. ასე რომ, გიორგი მეთორმეტეს უნდა მოვკითხოთ ის შეცდომები, რაც მან საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დაუშვა, მაგრამ ამავე დროს, იგი ერთპიროვნულად არ აგებს პასუხს, იმ კატასტროფაზე, რომლისკენაც ქართლ-კახეთის სამეფო, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, მიექანებოდა.
– მაინც რა შეცდომები დაუშვა გიორგი მეთორმეტემ?
– გიორგი მეთორმეტემ ვერ მოაგვარა ურთიერთობა ერეკლე მეორის ქვრივთან, დედოფალ დარეჯანთან და მრავალრიცხოვან ძმებსა და ძმისშვილებთან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც ძმებს გადაუდგამთ ნაბიჯი გიორგისთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, მაგრამ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ალექსანდრე, იულონ და ვახტანგ ბატონიშვილებთან ჩამოვარდნილ უთანხმოებაში, გიორგი მეთორმეტე იყო დამნაშავე. ძმებთან გიორგი მეთორმეტის დაძაბული ურთიერთობა დამთავრდა იმით, რომ ერეკლე მეორის შვილები და შვილიშვილები სამეფო კარზე აღარ ჩნდებოდნენ. ქართლ-კახეთის მეფე, პრაქტიკულად, მარტოდ-მარტო აღმოჩნდა უამრავი სირთულის წინაშე. გიორგი მეთორმეტე ტახტზე უკვე სერიოზულად ავადმყოფი ავიდა. როგორც დგინდება, იგი დიაბეტით იყო ავად. სენი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რამაც ისედაც ეჭვიან მეფეს, საერთოდ დაუნგრია ფსიქოლოგია. რაც, მაგალითად, იმით გამოიხატა, რომ თბილისშიც კი, მეფე დაქირავებულ ლეკთა დიდი რაზმის თანხლებით გადაადგილდებოდა ხოლმე. გიორგის ასეთი მდგომარეობა კარგად გამოიყენეს რუსმა დიპლომატებმა და სამხედროებმა.
რუსი სამხედროები და დიპლომატები დღენიადაგ ცდილობდნენ, კიდევ უფრო დაეძაბათ ქართლ-კახეთის მეფის ურთიერთობა დედოფალ დარეჯანთან და ძმებთან. ავადმყოფ გიორგი მეთორმეტეს რუსები გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ: დედოფალი დარეჯანი და შენი ძმები შენს შემდეგ ტახტის კანონიერი მემკვიდრის დავითის (გიორგი მეთორმეტის უფროსი ვაჟი) ტახტზე ასვლას არ დაუშვებენ, დედოფალი დარეჯანი იულონ ბატონიშვილის გასამეფებლად ემზადებაო. რუსები გიორგი მეთორმეტეს პირდაპირ ეუბნებოდნენ: დავით ბატონიშვილის ტახტზე აყვანა მხოლოდ რუსეთის თანადგომით იქნება შესაძლებელიო. მათი ჩანაფიქრი ასრულდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გიორგი მეთორმეტემ საერთოდ შეწყვიტა დარეჯან დედოფალთან და ძმებთან ურთიერთობის მოგვარებაზე ფიქრი და მთლიანად რუსეთს მიენდო.
– რა მოიმოქმედა ამის შემდეგ რუსეთის სამეფო კარმა?
– პეტერბურგიდან, ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მყოფ რუს დიპლომატებსა და სამხედროებს, საიდუმლო მითითება მისცეს: ნებისმიერი გზით, გიორგი მეთორმეტისთვის გამოეძალათ დოკუმენტი, რომელიც ძალას დაუკარგავდა გეორგიევსკის ტრაქტატს და საფუძველი გახდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს უმტკივნეულოდ გაუქმებისა.
– კონკრეტულად, რა შინაარსის უნდა ყოფილიყო რუსებისთვის სასურველი დოკუმენტი?
– გეორგიევსკის ტრაქტატი არ ითვალისწინებდა მეფობისა და კათოლიკოსპატრიარქობის გაუქმებას ქართლ-კახეთში. მეფე და კათოლიკოს-პატრიარქი უპირობოდ უნდა დარჩენილიყო მომავალშიც. ქართლ-კახეთის სამეფო რჩებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც შედიოდა რუსეთის მფარველობაში. ამჯერად, რუსებს სურდათ, გიორგი მეთორმეტეს ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის ძალითაც მეფე და მისი მემკვიდრეები, ნებაყოფლობით აიღებდნენ ხელს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე და ქართლ-კახეთის სამეფო იქცეოდა რუსეთის იმპერიის ნაწილად. ცხადია, გიორგი ყოველივე ამას არ დასთანხმდებოდა, თუმცა რუსები იმედს არ კარგავდნენ. 1799 წლის 7 სექტემბერს რუსი დიპლომატებისა და სამხედროების გავლენით, გიორგი მეთორმეტემ ქართლ-კახეთის სამეფოს დიპლომატიურ მისიას (გარსევან ჭავჭავაძეს, გიორგი ავალიშვილს, რევაზ ფალავანდიშვილს) პეტერბურგში შემდეგი დავალება მისცა: ყველა ღონე ეხმარათ, რათა ქართლ-კახეთის სამეფო, რაც შეიძლება, სწრაფად მიეღოთ რუსეთის იმპერიის მფარველობაში. რუსი ისტორიკოსების მიერ გავრცელებული მცდარი ვერსიის საწინააღმდეგოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მეთორმეტეს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება არ მოუთხოვია. მეფე მხოლოდ მფარველობაში („პოკროვიტელსტვო”) მიღებას ითხოვდა. ამაზე მტყველებს ისიც, რომ რუსეთის იმპერატორისგან გიორგი მეთორმეტე ქართლ-კახეთში სამეფო დინასტიის შენარჩუნების თაობაზე წერილობით გარანტიას ითხოვდა. მეფე იმასაც აღნიშნავდა, რომ მასა და მის შვილებს სამუდამოდ უნდა შენარჩუნებოდათ მთელი ქონება.
– როგორც ვხედავთ, რუსებისთვის მაინცდამაინც მისაღები არ ყოფილა გიორგი მეთორმეტის მიერ ელჩებისთვის მიცემული დავალება.
– ცხადია, სწორედ ეს აღიზიანებდა რუსეთის საიმპერატორო კარს, რაც დღესაც, ძალზე აღიზიანებს რუს პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებს. მიუხედავად გიორგი მეთორმეტის ამგვარი პოზიციისა, რუსული მხარე იმედს მაინც არ კარგავდა. გიორგი მეთორმეტის ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მეფის საწოლთან, სამეფო სახლის წევრების ნაცვლად, რუსი დიპლომატები და სამხედროები ტრიალებდნენ. სწორედ მათი უშუალო მონაწილეობით, 1800 წლის 24 ივნისს, გიორგი მეთორმეტემ ხელი მოაწერა იმპერატორ პავლე პირველისთვის გასაგზავნ დოკუმენტს – ეგრეთ წოდებულ, „სათხოვნ პუნქტებს”. მართალია, ქართლ-კახეთის მეფე წერდა, რომ იგი შეასრულებდა რუსეთის იმპერატორის მიერ გამოცემულ ყველა კანონსა და ბრძანებას, მაგრამ ამასთან ერთად, სავსებით ნათლად ითხოვდა, რომ ქართლ-კახეთს უნდა ჰყოლოდა თავისი მეფე – ჯერ პირადად გიორგი მეთორმეტე, ხოლო შემდეგ, მეფობა სამუდამოდ უნდა შენარჩუნებოდათ მის მემკვიდრეებს.
– გიორგი მეთორმეტის „სათხოვარი პუნქტებიდანაც” ირკვევა, რომ რუსებს მეფე ამჯერადაც ვერ დაუთანხმებიათ მეფობის გაუქმებაზე.
– სწორედ, ასეა. რუსების ერთადერთი მონაპოვარი, ამ შემთხვევაში, იყო ის, რომ ტერმინი „მფარველობა” („პოკროვიტელსტვო”), შეიცვალა ტერმინით „ქვეშევრდომობა” („პოდდანსტვო”). თუმცა, ეს უარყოფითი მომენტი სრულიად გააქარწყლა „სათხოვარი პუნქტების” მოთხოვნამ ქართლ-კახეთში მეფობის სამუდამოდ შენარჩუნების თაობაზე. იმ ეპოქაშიც და შემდგომაც, მეფისა და სამეფო დინასტიის არსებობა, ქვეყნის სუვერენობის უპირველესი დამადასტურებელი ნიშანი იყო. ეს კარგად იცოდნენ რუსებმაც და გიორგი მეთორმეტემაც.
– ამის შემდეგ რა მოიმოქმედა მიზნის მისაღწევად რუსეთის საიმპერატორო კარმა?
– შექმნილი საერთაშორისო ვითარება რუსეთს აიძულებდა სწრაფად ემოქმედა. ქართლ-კახეთის მეფესთან ორწლიანმა ურთიერთობამ, ინტრიგების ხლართვამ და შანტაჟის პოლიტიკამ, შედეგი არ გამოიღო. გიორგი მეთორმეტე მეფობის გაუქმებაზე არ თანხმდებოდა. სამაგიეროდ, რუსებისთვის დამაიმედებელი იყო ის, რომ გიორგი მეთორმეტის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, მისი დღეები დათვლილი იყო. პეტერბურგში მშვიდად დაელოდნენ გიორგი მეთორმეტის აღსასრულს (1800 წლის 28 დეკემბერი) და მეფის გარდაცვალების შემდეგ, დავით გიორგის ძის სამეფო ტახტზე ასვლა აღარ დაუშვეს.
– რა ძალა ჰქონდათ რუსებს ისეთი, რომ დავით გიორგის ძის ტახტზე ასვლა არ დაუშვეს?
– რუსებმა ისარგებლეს იმით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით, დავით გიორგის ძეს ტახტზე ასვლისთვის დასტური რუსეთის იმპერატორისგან უნდა მიეღო – იმპერატორს დავითისათვის სამეფო ნიშნები უნდა გამოეგზავნა. რუსებმა ეს პროცესი თვეების განმავლობაში გააჭიანურეს და პრაქტიკულად, დადგა უმეფობის ხანა. ქართლ-კახეთის სამეფოში ვითარებას სულ უფრო და უფრო მეტად აკონტროლებდა რუსეთის ჯარის სარდალი გენერალი ივანე ლაზარევი და რუსეთის წარმომადგენელი ქართლ-კახეთის სამეფო კარზე – პეტრე კოვალენსკი. 1779 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე შემოსული რუსთა ჯარის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 1801 წლის 12 სექტემბერს, იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ ხელმოწერილ მანიფესტს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ, რუსები მაინც საიდუმლოდ ინახავდნენ. ეს მანიფესტი ხელმოწერიდან 6 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს იქნა წაკითხული რუსის ჯარის მიერ ალყაშემორტყმულ სიონის საკათედრო ტაძარში. ამ დროისთვის რუსეთის ჯარი აკონტროლებდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე. ასე დასრულდა რუსეთის ფარული ომი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისთვის.