რა უცნაურობით გამოირჩევა ლიბიის ტანჯული დიქტატორი მუამარ კადაფი და რის გამო შეიცვალა დაბადების თარიღი ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ
მსოფლიოში უამრავი ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელთაც ისეთივე მიდრეკილებები და ჰობი აქვთ, როგორიც ჩვეულებრივ ადამიანებს. მათი უმეტესობა საფოსტო მარკების ან სიგარებისა და საფეხბურთო მატჩების ბილეთების შეგროვებით არის დაკავებული, თუმცა, მათ შორისაც მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც გაცილებით ეგზოტიკური საქმით არიან გატაცებულნი, ამჯერად გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი 10 პოლიტიკოსისგან შემდგარ რეიტინგს, რომელთა გატაცებების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
ვიქტორ იუშჩენკო
უკრაინის ექსპრეზიდენტი და ამჟამად ოპოზიციაში გადასული ვიქტორ იუშჩენკო მეფუტკრეობით არის გატაცებული. თუმცა, მისი ეს გატაცება უფრო ჰობია ვიდრე უცნაურობა, რომელთა მთელ „არსენალს“ ფლობს „ნარინჯისფერი” რევოლუციონერი. დასავლური პრესა მისი უცნაური ჩვევებიდან ერთს გამოარჩევდა: უკრაინის ექსლიდერს პუნქტუალობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრებზე, მუდამ აგვიანებდა.
იულია ტიმოშენკო
უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ კიდევ ერთი ლიდერი, უკრაინის ექსპრემიერი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო მსოფლიოში განთქმული დიზაინერების ძვირად ღირებული ტანსაცმლისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა, რის გამოც ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, განსაკუთრებით კი ეტიკეტის დარღვევის გამო – ხშირ შემთხვევაში, ტიმოშენკოს ზედმეტად „გულახდილი“ საღამოს კაბები და ქვედაბოლოები აშკარად არ ჯდებოდა პოლიტიკური ეტიკეტის ფორმატში. იულია პრემიერობის დროს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალ-პოლიტიკოსთა რეიტინგებში ლიდერობდა, ხოლო ამჟამად მას თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ „ყველაზე სექსუალური ქალი-პატიმრის“ ტიტული. გარდა მოდის ტენდენციებისა, ტიმოშენკოს ბოლო ხანებში კიდევ ერთი გატაცება გაუჩნდა – „ეფლის” პლანშეტური კომპიუტერი „აიპოდი”, რომლითაც იგი აბსოლუტურად ყველგან ჩნდებოდა და ცნობებს საკუთარ თავზე „ტვიტერის” საშუალებით ავრცელებდა. უცნობია, მიუწვდება თუ არა ხელი ტიმოშენკოს ციხის საკანში „აიპოდამდე”.
ანგელა მერკელი
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ჩაცმის მოკრძალებული სტილით არის ცნობილი, ისევე, როგორც ევროპელ პოლიტიკოსთა უმეტესობა, თუმცა, ანგელა სხვადასხვა სახის ნივთის, მათ შორის ტანსაცმლისა და კონსერვის ქილების ყიდვისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა მათგან. არაერთი ანალიტიკოსი კანცლერის ამ უჩვეულო ქცევას შემდეგნაირად ხსნის: მერკელი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იზრდებოდა, სადაც დეფიციტი მაღაზიებში ხშირი მოვლენა იყო და სწორედ დეფიციტისადმი შინაგანი შიშით აიხსნება მისი ეს უცნაური ქცევა.
ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ექსპირველი ლედი ჰილარი კლინტონი სპირიტიზმით არის გატაცებული. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი სეანსის დროს, მან გარდაცვლილ ელეონორა რუზველტთან დაამყარა კავშირი და ისაუბრა კიდეც სხვადასხვა საჭირბოროტო თემაზე. სხვათა შორის, ამერიკული საზოგადოება პოლიტიკოსთა მსგავს უცნაურ გატაცებებს მშვიდად უყურებს და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
ჯორჯ ბუში-უმცროსი
ამერიკის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში რეიტინგში თავისი გასტრონომიული მიდრეკილებების გამო მოხვდა. ცნობილია ბუშის სისუსტის შესახებ სწრაფი კვების პროდუქციის მიმართ. ტეხასელ ჯორჯს განსაკუთრებული გართულება აქვს უცნაურ კერძზე – ეს არის პიცისა და ჩიზბურგერის ერთგვარი ნაზავი. გარდა ამისა, პრეზიდენტობის პერიოდში ბუში ამერიკელი პოლიციელების საყვარელი ტკბილეულის – ფუნთუშების სიყვარულში იყო შემჩნეული და ერთხელ მას ყელშიც კი გადასცდა ერთი ასეთი ფუნთუშის ლუკმა.
ბარაკ ობამა
ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს ერთი მავნე ჩვევა: ობამა ქალების მიმართ ფამილარობაშია შემჩნეული – ხშირად სრულიად უცნობ მანდილოსნებს „ძვირფასოთი” მიმართავს. ერთი შეხედვით, კანონგარეშე ამაში არაფერია, თუმცა, ამერიკული კანონმდებლობა ცნობილია, როგორც ფემინისტების დამცველი და, თუკი მავანი ქალბატონი ობამას „ძვირფასოს” სხვანაირად გაიგებს, მას ყველა უფლება ექნება, პრეზიდენტს არშიყობაში დასდოს ბრალი.
მუამარ კადაფი
ლიბიელი დიქტატორი მუამარ კადაფი, რომელსაც იმდენად უსიამოვნო პერიოდი უდგას ცხოვრებაში, რომ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, ცნობილია მრავალცოლიანობით. მას პირადი დაცვაც კი სპეციალურად გაწვრთნილი ქალი-მეომრებისგან ჰყავს. თუმცა, მისი უცნაურობებიდან დასავლეთში ერთს გამოარჩევენ: კადაფი უარს აცხადებს კომფორტულ აპარტამენტებში ცხოვრებაზე და ბედუინების კარავს აფარებს თავს. უცხოეთში ვიზიტების ან უდაბნოში მოგზაურობის დროს იგი სწორედ ასეთი კარვებით სარგებლობს.
უგო ჩავესი
ვენესუელის ქარიზმატულ პრეზიდენტს, უგო ჩავესს, უცნაური ჩვევების მთელი კრებული აქვს: კოკაინის შემცველი, კოკის ფოთლების ღეჭვა, რასაც იგი ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა მიაჩვია; შობაზე საჩუქრების ჩუქების ტრადიციის წინააღმდეგ გალაშქრება; ასევე, უწმაწური სიტყვების ხშირად გამოყენება; დასავლეთში კი მის ყველაზე უცნაურ ქმედებად და ექსტავაგანტურ ინიციატივად მიაჩნიათ დაახლოებით ერთი წლის წინ წამოყენებული იდეა – შეიზღუდოს შუქის ანთება საპირფარეშოში ყოფნის დროს და, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, მოსახლეობამ ტუალეტში ფარნებით იაროს.
ალექსანდრ ლუკაშენკო
დასავლეთში „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად” წოდებულ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, გავრცელებული ცნობის თანახმად, დაბადების თარიღი აქვს შეცვლილი: პასპორტის მიხედვით, ლუკაშენკო 30 აგვისტოს არის დაბადებული, თუმცა, 2009 წელს მან განაცხადა, რომ 31 აგვისტოს დაიბადა, ანუ იმავე რიცხვში, როცა მისი უმცროსი ვაჟი გაჩნდა. ლუკაშენკოს ამ უცნაური სურვილის შემდეგ მისი დაბადების თარიღი ყველა ოფიციალურ დოკუმენტსა და წყაროში გადაკეთდა.
კიმ ჩენ ირი
ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია დასავლური კინემატოგრაფი და მხოლოდ მათ ლიდერს, უკვდავ კიმ ჩენ ირს აქვს საშუალება ეზიაროს კინოშედევრებს. ბელადი განსაკუთრებით ყოფილა გატაცებული ჰონკონგური კინემატოგრაფით და, 70-იანი წლების ბოლოს, მისი უშუალო ბრძანებით ჰონკონგიდან ვარსკვლავი მსახიობი ჩოი იუნ ჰი და მისი მეუღლე გაუტაცებიათ ჩრდილოკორეულ სპეცსამსახურის თანამშრომლებს, რათა ამ უკანასკნელებს ბელადის მიერ დაწერილი სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ეთამაშათ. ათწლიანი „ტყვეობის” განმავლობაში მსახიობებმა შვიდ ფილმში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც გაქცევით უშველეს თავს „სტუმართმოყვარე” ჩრდილოეთ კორეიდან.