კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე უთხრა ბერიას უარი ქართველმა პრიმა ბალერინამ, ქეთევან ნადარეიშვილმა და როგორ დასაჯეს ის

გასული საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველოში სევდიანი, თუ ტრაგიკული არა, ისტორია გადახდა თავს ორ შესანიშნავ ადამიანს – ქართველ ბალერინას, ქეთევან ნადარეიშვილს და ინგლისელ გენერალს – გორდონ რედვერდს უეის. საბჭოთა რეჟიმი ამ ნიჭიერ და უმშვენიერეს ბალერინას იმის გამო სდევნიდა, რომ მან მეუღლედ კაპიტალისტური ქვეყნის წარმომადგენელი აირჩია. ქეთევანმა დიდი ტანჯვა-წამება გამოიარა, როგორც ფიზიკური, ისე მორალური. მრავალი წლის განმავლობაში მას თბილისში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ. ეს ისტორია ბალერინას ძმისშვილმა, ნელი ნადარეიშვილმა გვიამბო.

ნელი ნადარეიშვილი: ქეთევანის საბალეტო კარიერა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო. თავდაპირველად, მარია პერინას საბალეტო სტუდიაში ცეკვავდა. ის ინტელიგენტურ ოჯახში იზრდებოდა. მამა – მელიტონ ნადარეიშვილი, რუსეთის სამეფო კარის მრჩეველი იყო, დედა – ნატალია მურაშკინა, მუსიკის სპეციალისტი. შეძლებული ოჯახი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მელიტონ ნადარეიშვილის დაპატიმრების საშიშროება გაჩნდა. მისი ნახევარძმა, გიორგი გვაზავა, ემიგრაციაში წავიდა. ქეთევანის სწავლის საფასურის გადახდა ოჯახს გაუჭირდა და გოგონა სტუდიიდან გამოიყვანეს. ორი კვირის შემდეგ, ოჯახს თავად მარია პერინა ეწვია და სთხოვა, გოგონა სტუდიაში დაებრუნებინათ. 14 წლისას მამა გარდაეცვალა. იმ პერიოდში უკვე კავშირგაბმულობის ტექნიკუმში სწავლობდა. დედამ თხოვა, თუ მაინცდამაინც არჩევნის წინაშე დადგებოდა, ტექნიკუმი არ მიეტოვებინა. ქეთომ პირობა შეასრულა, მაგრამ დედას ხშირად ატყუებდა, ტექნიკუმში მივდივარო და თეატრში იპარებოდა. ერთ მშვენიერ დღეს სტაჟიორად ჩაეწერა. მისი პირველი სპექტაკლი „ოფელია“ იყო, სადაც წამყვანი პარტია იცეკვა. ამის შესახებ კი დედამისმა მაშინ გაიგო, როცა სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები მიუტანა.
– როგორც ვიცი, ქეთევან ნადარეიშვილი კარიერის დასაწყისშივე დაინვალიდდა და ვეღარ ცეკვავდა.
– 1932 წელს ლენინგრადიდან თბილისში გასტროლებზე ვახტანგ ჭაბუკიანი ჩამოვიდა. ქეთევანმა მას პარტნიორობა გაუწია „დონ კიხოტში“. ქეთევანმა თავისი პარტია იმდენად კარგად შეასრულა, რომ ლენინგრადში გადასვლა შესთავაზეს. მალე ავად გახდა. მუხლის სახსრების ანთება დაემართა. ლენინგრადელმა ექიმებმა ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, რის შემდეგაც ცეკვას ვეღარ შეძლებდა. ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თბილისში დაბრუნდა. ყოველ საღამოს დედამისს ჯოხით ხელში ბოტანიკურ ბაღში სასეირნოდ დაჰყავდა. ერთ-ერთი სეირნობისას, აზერბაიჯანელი, ვინმე ალიბეგი შეხვდათ, რომელიც ქეთოს გასაჭირით დაინტერესდა. ეს კაცი მკურნალი აღმოჩნდა და მას სრულ განკურნებას დაჰპირდა. მართლაც უცნაური ბალახეულობისა და ღორის ქონის მალამოთი მალე განკურნა.
– მისი ცხოვრების ისტორიას საფუძვლად ტრაგიკული სიყვარული უდევს – მას თავდავიწყებით შეუყვარდა ახალგაზრდა ინგლისელი გენერალი და ამის გამო მწარედ დაისაჯა. რატომ მოხდა ასე?
– 1939 წელს მამიდაჩემი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. 1941 წელს საბჭოთა კავშირში ბრიტანეთის სამხედრო მისია ჩამოვიდა. შტაბ-ბინა თბილისში, სასტუმრო „თბილისში“ დაიდეს. ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლობა ხშირად ესწრებოდა ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლებს. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ ქეთოსთან მეზობლის გოგონა მივიდა და უთხრა: ჩემს ინგლისელ საქმროს და მის მეგობრებს შენი გაცნობა სურთო. ჩაბნელებულ ფოიეში მასთან რამდენიმე ფორმიანი მამაკაცი მივიდა. ერთ-ერთმა წითელი ვარდების თაიგული გადასცა. ეს გენერალი გორდონ რედვერდს უეი იყო. მას ახლობლები ჯიმის ეძახდნენ. მას შემდეგ უეი მის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა. გენერალს ხშირად უხდებოდა ირანში გამგზავრება. ერთხელაც, ირანიდან რომ დაბრუნდა, ქეთოს ცოლობა შესთავაზა და სთხოვა, მისთვის დედამისი გაეცნო. დედაც დასთანხმდა, თუმცა ამ ქორწინების ძალიან ეშინოდა. უეი ექვსი თვის განმავლობაში ითხოვდა ქორწინების ნებართვას საბჭოთა ხელისუფლებისგან. როგორც კაპიტალისტური და კომუნისტური ქვეყნების მოქალაქეებს, ოფიციალურად დაქორწინების უფლება არ ჰქონდათ. უეიმ სტალინს მიმართა განცხადებით და რამდენიმე ხნის შემდეგ ქორწინებაზე უფლება მიიღო. მოგვიანებით, კუიბიშევის ოლქში პირველი სექტემბრით დათარიღებული მისი წერილი აღმოაჩინეს, სადაც ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოლოტოვს სთხოვს, დართოს ნება, გადმოკვეთოს საზღვარი, რათა ქართველ ქალბატონზე იქორწინოს. მან ვიზა მიიღო და თბილისში ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში ქეთოს სახლში ცხოვრობდა და მერე ისევ ირანში წავიდა. 1943 წელს დიდი ბრიტანეთის მისია საბჭოთა კავშირში დაიხურა. მიზეზი პრესაში გამოქვეყნებული სტატია გახდა, რომლის მიხედვითაც, მისიის წევრები საბჭოთა მოქალაქეებზე ცუდ გავლენას ახდენდნენ. უეი ირანში დაბრუნდა, სადაც ის პოლონეთის ჯარს ხელმძღვანელობდა (ოფიციალურად, ის საქართველოში ბოლოს 1944 წელს ჩამოვიდა – ავტორი). დაისვა საკითხი მამიდაჩემის ბრიტანეთში წასვლის შესახებ. მოლაპარაკებები უშუალოდ ბერიასთან მიმდინარეობდა. მაშინ უეიმ ქეთოს უთხრა: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთმანეთს ვეღარასოდეს შევხვდებით. ჩვენსა და თქვენს ქვეყანას შორის ურთიერთობა იძაბება და, თუ წამოხვალ, ჯობია, ახლა წამოხვიდეო. ქეთოს ვერ წარმოედგინა, როგორ მიეტოვებინა დედა ბედის ანაბარა, თანაც ოთხივე ძმა ფრონტზე ჰყავდა.
– მართალია, რომ მათ დაშორებაში დიდი წვლილი ბერიას მიუძღვის?
– 1945 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში „დონ კიხოტი“ გადიოდა, სადაც ჩელიტას როლს პრიმა ბალერინა, ელენა დიმიტრიადი ასრულებდა. თეატრის ადმინისტრაციამ, სრულიად მოულოდნელად, ქეთოს წამყვანი პარტიის შესრულება სთხოვა, რადგან ბერია იყო ჩამოსული და სპექტაკლში მისი ხილვა სურდა. მამიდამ ამაზე უარი განაცხადა, რადგან ეს მისთვის მოულოდნელი წინადადება იყო. ადმინისტრატორი მას კიბეზე დაეწია და უთხრა: ქეთო, იცოდე, მერე არ ინანოო. ორი კვირის შემდეგ ქეთო ცეკაში გამოიძახეს. არჩევნის წინაშე დააყენეს – წინ ქორწინების მოწმობა და პარტიის ბილეთი დაუდეს. მან პარტიის ბილეთი დატოვა და ულაპარაკოდ გავიდა ოთახიდან. 1946 წელს პოპულარული ბრიტანელი ჟურნალისტი – რობერტ სტერნი საქართველოში ჩამოვიდა და ქეთევანს ჯიმისგან გამოგზავნილი წერილი და გამჭვირვალე ყუთში ჩადებული ორქიდეა გადასცა. ის წერდა: „საყვარელო, ვიყიდე ძალიან დიდი სახლი, მაგრამ ამჟამად ჩემს იახტაზე ვცხოვრობ, რადგან იმ სახლში უშენოდ შესვლა არ მინდა“. ქეთევანიც დარწმუნებული იყო, რომ საყვარელ ქმარს მალე შეხვდებოდა. ჯიმის ვერ გაეგო ერთი რამ – რატომ უნდა მოეხსნა რუსეთს ქართველისთვის მოქალაქეობა, როდესაც საქართველოს თავისი ხელისუფლება ჰყავდა. ერთ დღეს ქეთო რეპეტიციიდან სახლში შუადღეს დაბრუნდა. უნდა ესადილა, როცა კარზე ბრაგაბრუგი ატყდა. სახლში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე კაცი შეიჭრა. უთხრეს, უშიშროების მინისტრი რაფავა ნახევარი საათით გიბარებსო. მამიდა უშიშროებაში წაიყვანეს. რაფავას კაბინეტში რომ შევიდა, მაშინვე ფურცელი და კალმისტარი მიაჩეჩეს ხელში და უბრძანეს, დაეწერა განცხადება, რომ მეუღლე არ უყვარდა და ეს ქორწინება ყალბი იყო. ქეთომ უარი განაცხადა. რაფავამ მოსაფიქრებლად ოთხი საათი მისცა და კაბინეტი დატოვა. როდესაც უკან დაბრუნებულმა მინისტრმა ნახა, ქეთოს განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, თავის ხელქვეითებს ის ოთხი სართულით ქვემოთ, მიწისქვეშა სარდაფში ჩააყვანინა. იმ დღიდან მოყოლებული თითქმის ყოველ საღამოს ელექტროსკამზე სვამდნენ. სხეულის ყველა ადგილიდან სისხლი სდიოდა. უგონოდ მყოფ ქალს მაინც გაუგია, უშიშროების თანამშრომელი ქალები როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს – ალბათ, დიდი ძაბვა მოგვივიდაო. რვა თვის შემდეგ, ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სამი თვე დაჰყო. შემდეგ როსტოვის ციხეში გადააგზავნეს, მოგვიანებით კი – ციმბირში. ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
– ასეთი გავლენიანი ოჯახის შვილს და სახელგანთქმულ ბალერინას რატომ არავინ დაეხმარა?
– კოლონიის უფროსმა მის საქმეს რომ გადახედა, ზუსტად ვერ გაიგო, რა დანაშაულისთვის იჯდა და დაჰპირდა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ სტალინს მისწერდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მამიდა კოლონიის უფროსთან თავად მივიდა. უფროსმა ქეთოს ფურცელი უჩვენა, სადაც ეწერა: „განაჩენი უცვლელი დარჩეს“, ბოლოში კი წითელი ფანქრით სტალინის ხელმოწერა იყო. ეს მისთვის დაუჯერებელი გახლდათ, რამდენადაც ნებართვა ქორწინებაზე სწორედ სტალინისგან მიიღო. 2 500 პატიმარ ქალს შორის ერთადერთი ქართველი ქეთევან ნადარეიშვილი იყო. კოლონიაში მან თექვსმეტკაციანი საბალეტო დასი შექმნა. ძალიან უკვირდა, დედა წერილებს რომ აღარ სწერდა, მაგრამ ვერაფერს იგებდა მის შესახებ. 1952 წელს ქეთო სახლში დაბრუნდა და მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ დედამისი აღარ იყო.
– ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება?
– იმისთვის, რომ ქეთოს უწინდებური ფორმა დაებრუნებინა, ვახტანგ ჭაბუკიანმა მას თეატრში მის მასტერკლასებზე სიარული შესთავაზა. რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, მორიგემ თეატრში აღარ შეუშვა. ბრძანება კი თეატრის მაშინდელმა დირექტორმა, შალვა მშველიძემ გასცა. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ აღარ იცოდა, როგორ ეცხოვრა. ერთხელ, ქუჩაში შემთხვევით ბალეტმაისტერი დავით ჯავრიშვილი შეხვდა და მისი ცხოვრებით დაინტერესდა. მან შესთავაზა 31-ე საავიაციო ქარხანაში მუშაობა, სადაც მუშების ბავშვები უნდა ემეცადინებინა. ამ წინადადებას სიხარულით დასთანხმდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე, საერთოდ ქალაქში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. უშიშროების მინისტრმა რუხაძემ ბრძანება გასცა, ქეთევან ნადარეიშვილი არავის შეეწუხებინა და მთელი სამი თვე მართლაც თავისუფლად ცხოვრობდა. სამი თვის შემდეგ რუხაძე დააპატიმრეს. მის ადგილზე ვინმე კოჭლავაშვილი მოვიდა. მან კი პირველი, რაც გააკეთა, ქეთოს ქალაქიდან გასახლების ბრძანება გასცა. ერთი თვის შემდეგ ის საცხოვრებლად გორში თავის ბიძაშვილთან, გულნარა ნადარეიშვილთან გადავიდა, რომელსაც მალულად შეატყობინეს, რომ თავისთან ცხოვრების უფლება არ დაერთო, თორემ პრობლემები შეექმნებოდა. მას ნაქირავები ჰქონდა მოხუცი ქალბატონისგან ბინა, სადაც ქეთო რამდენიმე ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სახლში დაბრუნების იმედი მიეცა. მართლაც ერთ თვეში ძმამ ჩააკითხა გორში და თბილისში ჩამოიყვანა. ისევ პრობლემები შეექმნა. აიძულეს, თუ თბილისში ცხოვრებას გადაწყვეტდა, განცხადება დაეწერა განქორწინებაზე. ამჯობინა, განცხადება დაეწერა და ეს მისი ოჯახისთვის უკეთესი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მისი ქმრისგანაც არაფერი ისმოდა. ამის შემდეგ თეატრში მუშაობის უფლება დართეს, მაგრამ პრიმა ბალერინას სტატუსი ჩამოართვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჭაბუკიანმა ძალიან შეუწყო ხელი, ყველაფერში დაეხმარა, ვერ შეძლო თბილისში ცხოვრება. როგორც უკვე აღვნიშნე, გორში ცხოვრობდა. იქ განახორციელა რამდენიმე დადგმა თეატრში და დაემართა შეტევა. ბიძაჩემმა ჩამოიყვანა. მოხდა ისე, რომ ასათიანზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ძლიერი ქალი იყო. საინტერესოა, 1960 წლით დათარიღებული უეის წერილები, რომელიც პარიზში აღმოჩნდა. გენერალი ქეთევანის ბიძაშვილს, მზია გვაზავა-თაქთაქიშვილს წერდა. „მადლობელი ვარ, რომ ქეთო არ მადანაშაულებს იმის გამო, რაც მე მას გავუკეთე“. მან 1960 წლამდე არ იცოდა, ქეთევანს რა შეემთხვა. ჯიმი დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა იმ პერიოდში, როდესაც ქეთევანი ციხეში იჯდა.
***
1956 წელს ქეთევან ნადარეიშვილს რეაბილიტაცია შეეხო. თავიდან გადახედეს მის საქმეს და დაასკვნეს, რომ ქართველი პრიმა ბალერინა დამნაშავე სულაც არ ყოფილა. მეუღლე არასდროს დავიწყებია, სულ ეძებდა და მის მოლოდინში იყო. თუ ვინმე ლონდონში მიდიოდა, ყველას წერილს ატანდა. აშკარა იყო, რომ მის გამო გარისკვა არავის უნდოდა და წერილი ადრესატამდე არ მიჰქონდათ. ისევე, როგორც ჯიმი აგზავნიდა ქეთევანის სახელზე წერილებს და ამანათებს, მაგრამ ისინი ადრესატამდე არასდროს აღწევდა. 1981 წელს გორდონ რედვერს უეი, მეტსახელად ჯიმი, 80 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა, 14 წლის შემდეგ კი ქეთევან ნადარეიშვილი – სისხლძარღვების შევიწროებით. ამ უიღბლო სიყვარულის შესახებ კინორეჟისორმა დავით ცინცაძემ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება გადაწყვიტა. სცენარის ავტორები არიან ერლომ ახვლედიანი, ქეთევან პატარაია და ნელი ნადარეიშვილი. მათთან ერთად ორი ბრიტანელი სცენარისტიც მუშაობს. აგრეთვე, არსებობს სცენარი დოკუმენტური ფილმისთვის, რომელიც სავარაუდოდ, სამნაწილიანი უნდა იყოს. მხატვრული ფილმი, რომელსაც მალე გადაიღებენ, საქართველოს, ამერიკისა და ინგლისის ერთობლივი ნამუშევარი იქნება. ინგლისის მხარემ რეჟისორს მთავარი როლის შესასრულებლად ჯენიფერ კოლინი შესთავაზა. 2003 წელს კი, გერმანიაში, ქალაქ ლინდაუსში ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა წიგნი სახელწოდებით „სოსოს ქსელში“, რომლის ავტორები ლან ავფორდი და ტამარა ბრეუსია. წიგნი მოგვითხრობს კომუნისტური იმპერიის მიერ შერისხულ და გაუბედურებულ ოჯახებზე, კერძოდ, იმ ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც ვერ მოერგნენ ბოროტების იმპერიის ჩარჩოებს.

скачать dle 11.3